"დემოკრატიის სირცხვილად" მონათლული დოკუმენტი? - კვირის პალიტრა

"დემოკრატიის სირცხვილად" მონათლული დოკუმენტი?

პარლამენტარ გია თორთლაძის "პატრიოტის აქტში" ოპოზიციის უმრავლესობამ განსხვავებული შეხედულების მქონე პირთა შეზღუდვის ბერკეტი დაინახა. დეპუტატის ინიციატივას მისივე თანაფრაქციელი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაუპირისპირდა.თავის დროზე "პატრიოტის აქტი" ამერიკული დემოკრატიის სირცხვილად მოინათლა და საინტერესოა, რატომ ცდილობს თორთლაძე პარლამენტის მსჯელობის საგნად აქციოს "დემოკრატიის სირცხვილად" მონათლული დოკუმენტი? ამის თაობაზე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ექსპერტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბესიკ ალადაშვილმა:

- აქამდე ლუსტრაციის კანონის მიღებაზე იყო ლაპარაკი, ბოლო დროს პრიორიტეტი "პატრიოტის აქტს" მიენიჭა. რატომ გადაწყდა ლუსტრაციის ნაცვლად პატრიოტის აქტის მიღება?

- ლუსტრაციის  კანონი და "პატრიოტის აქტი" აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ლუსტრაციის კანონი გულისხმობს საარქივო მასალების საფუძველზე სპეცსამსახურების იმ თანამშრომლების გამოაშკარავებას, რომლებიც რომელიღაც ძველი სისტემის დროს მუშაობდნენ და დღესაც ინარჩუნებენ აქტივობას. "პატრიოტის აქტი" კი არის სპეცსამსახურებისთვის დამატებითი ფუნქციების მინიჭება. ჩემი აზრით, ლუსტრაცია საჭიროა, ოღონდ მსუბუქად, გამწვავების გარეშე. ამის საუკეთესო მაგალითია გერმანია, პოლონეთი. ბატონმა თორთლაძემ კი რატომღაც მაინცდამაინც ლიტვის მაგალითი აიჩემა მაშინ, როდესაც ლუსტრაციას ამ ქვეყანაში საუკეთესო შედეგი არ მოჰყოლია.

ალბათ, მკითხველს ახსოვს პროფესორი კაზიმირა პრუსკენე, რომელიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში ცნობილი იყო ანტისაბჭოთა გამოსვლებით. როდესაც ლანდსბერგისი ლიტვის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გახდა, პრემიერ-მინისტრად კაზიმირა პრუსკენე დანიშნა. 1991 წელს, ლუსტრაციის კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, კაზიმირა პრუსკენეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გახსნილი არქივების საფუძველზე კა-გე-ბესთან თანამშრომლობა დასდეს ბრალად და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ის პოლიტიკას დაუბრუნდა. ორიათასიანი წლების დასაწყისში ვილნიუსის სასამართლომ დაადგინა, პრუსკენე კა-გე-ბეს თანამშრომელი არ ყოფილაო და იგი სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. 2004 წელს პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა ვალდას ადამკუსმა მცირე უპირატესობით მოუგო. ორიოდე თვის წინ კი ლუსტრაციის კანონის საფუძველზე კვლავ დაადგინეს, - პრუსკენე კა-გე-ბეს აგენტიაო.

- ანუ ლუსტრაციის კანონის ამოქმედებამ ლიტვაში აბსურდული ვითარება შექმნა?

- გეთანხმებით. არქივები, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დარჩა, იმდენად არასაიმედოა, რომ ნებისმიერ აგენტს დამალავ და ნებისმიერ პატრიოტს დაადანაშაულებ აგენტობაში. 1988-89 წლიდან, როდესაც სოციალისტური ბანაკის დაშლა მზადდებოდა, გერმანელებმა ამერიკელების დახმარებით (ეს, ძირითადად, ამერიკელების ოპერაცია იყო) მოახერხეს შტაზის (გერმანიის საიდუმლო სპეცსამსახურის) არქივების გატანა კა-გე-ბეს ფილიალებიდან. სხვა სოციალისტური ქვეყნებიდან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან კა-გე-ბემ მოასწრო არქივების გაზიდვა რუსეთში. დღეს არქივები ეფ-ეს-ბეს განკარგულებაშია.

გამსახურდიას მოსვლა და სამოქალაქო ომის პერიოდი თბილისში კა-გე-ბეს შენობის დაწვას დაემთხვა. კაცმა არ იცის, აგენტურის შესახებ მასალები დაიწვა თუ გაიზიდა. როდესაც არა გვაქვს სანდო დოკუმენტაცია, როგორ შეიძლება ვინმე აგენტობაში დაადანაშაულო?

ამ მასალების შესასწავლად რუმინეთში, პოლონეთსა და გერმანიაში საზოგადოებრივი ინსტიტუტები შექმნეს, თორთლაძე კი სახელმწიფო კომისიის შექმნას ითხოვს, რაც შეცდომად მიმაჩნია. სახელმწიფო სტრუქტურა, ცხადია, არ იქნება დაინტერესებული საკუთარ თავზე სიმართლე გაამხილოს და თუ ამ დოკუმენტაციის შესწავლის პრეროგატივას სახელმწიფო კომისიას მივცემთ, ფაქტობრივად, მგელს შევუშვებთ ცხვრის ფარაში.

თორთლაძის ინიციატივის თანახმად, 90-იან წლებში ვინ ჩაგვინერგეს, ამის გამოსავლენად შს სამინისტრომ საპარლამენტო კომისიას უნდა გადასცეს ცნობები. შემდეგ კომისიის გადაწყვეტილებით ვიღაცამ უნდა მოძებნოს გაბნეული, დამწვარი საარქივო მასალები. ასეთ დროს გაყალბება ძალზე ადვილი იქნება. მიმაჩნია, რომ საპარლამენტო კი არა, საზოგადოებრივი კომისია უნდა შეიქმნას, სადაც დაინტერესებული პირები არ იქნებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლუსტრაციის კანონის მიღება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი გახდება.

რაც შეეხება "პატრიოტის აქტს", თავად აშშ-ისთვის იყო გამოცდა დემოკრატიაში. იგი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 40-45 დღეში მიიღეს. აქტი გულისხმობდა აშშ-ის სპეცსამსახურებისთვის დამატებით 12 ფუნქციის მინიჭებას ან ძველი ფუნქციების განახლებას და სპეცსამსახურებისთვის ხელ-ფეხის გახსნას. დამატებით ფუნქციებში შედის ელექტრონული თვალთვალი (ვიდეოკამერით, სპეციალური ე.წ. "ჟუჩოკებით" პირის გადაადგილების დადგენა, მოსასმენი აპარატურის დაყენება),  სპეცსამსახურებს ასევე მიეცათ ინტერნეტში ოპერატიული დაკვირვების საშუალება. კომერციული კავშირგაბმულობის საშუალებები ვალდებული არიან ინფორმაცია მიაწოდონ სპეცსამსახურებს, საიდან გავიდა და საიდან შევიდა ზარი. სახელმწიფო საკრედიტო მომსახურების ყველა ობიექტი ვალდებულია კლიენტებზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ გასცეს, ავტომატურად იშიფრება ტელეფონის ავტომოპასუხეები...

"პატრიოტის აქტის" გამო ბუშის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგა აშშ-ში. ეს პიროვნების თავისუფლების შეზღუდვად მიიღო ამერიკელმა საზოგადოებამ. 11 სექტემბრის შოკმა რომ გაიარა, ამერიკელები  მიხვდნენ, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც მათ ზღუდავდა, ის იყო, რომ სპეცსამსახურებს ბინების გაჩხრეკა ორდერის გარეშე შეეძლოთ. ვიცი, რომ თორთლაძის ინიციატივაც აშშ-ის "პატრიოტის აქტიდან" არის გადმოწერილი.

- თორთლაძის ვარიანტში არ არის ბინების ჩხრეკისა და მოსმენების ნებართვა.

- ისე, ახლა ჩვენც გვისმენენ და ღმერთმა კარგად მოახმაროთ ეს ინფორმაცია, მაგრამ იქ არის ყველაზე მთავარი მუხლი საფინანსო გადარიცხვებზე. ამ მუხლის თანახმად, საფინანსო და საბანკო სტრუქტურის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სპეციალურ სამსახურებს შეატყობინოს ყველა საეჭვო გადარიცხვის შესახებ ისე, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება.

- ფიქრობთ, რომ ეს ოპოზიციის გაკონტროლების საშუალებად იქცევა?

- რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ყველაზე მეტად აინტერესებს პოლიტიკური ოპონენტების ფინანსური შემოსავლები.

ყველაფერი ის, რაც "პატრიოტის აქტში" ჩაიწერა, აქამდე ოპერატიულ-სამძებრო კანონის თანახმად კეთდებოდა. ერთადერთი სიახლე საფინანსო ოპერაციების გაკონტროლებაა. ვიღაც "ჭკვიანს" აზრად მოუვიდა ოპოზიციის ფინანსური შემოსავლების გაკონტროლება "პატრიოტის აქტით". მკითხველმა თვითონ გააკეთოს დასკვნა, ვის სურვილს ახმაურებს გია თორთლაძე.

p.s ორი წლის წინ მოშიმშილე ოპოზიციონერი გია თორთლაძე, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ "პატრიოტის აქტით" თანამებრძოლებს გამოუცხადებდა ბრძოლას.