მიშათი შეპყრობილები - კვირის პალიტრა

მიშათი შეპყრობილები

დღეს ქართველები ორ კატეგორიად იყოფიან: მიშისტები და ანტიმიშისტები. გინდა ერთი იყავი, გინდა მეორე, მაინც მიშას გარშემო ტრიალებ. გინდა აქე, გინდა ლანძღე, მიშას ხსენებას ვერ ასცდები.მიშა ყველგან არის: ტელევიზორში, რადიოში, გაზეთში, სამსახურში, ქუჩაში, სახლში, სამზარეულოში, საძინებელში... გულში, თავში, მიკროფონის თავზე თუ კალმის წვერზე.

ზოგი ამბობს: მიშამ აგვაშენაო, ზოგიც - მიშამ დაგვაქციაო; ზოგი - მიშას უნდა ვაცალოთო, ზოგი - მიშას არ უნდა ვაცალოთო; ზოგი - გადავირჩიოთო, ზოგი - ჩამოვაგდოთო; ზოგი - ძეგლი დავუდგათო, ზოგი - გავასამართლოთო.

ხელისუფლებაში თავს იმტვრევენ, მიშას მმართველობა როგორ გაახანგრძლივონ, ოპოზიციაში - როგორ შეკვეცონ. ნაციონალური მოძრაობა მიშას გარშემო ბრუნავს, ოპოზიცია - მიშას ირგვლივ, ზოგი ახლო ორბიტაზე, ზოგიც შორეულზე. თუმცა მათი მამოძრავებელი სწორედ მიშას მიზიდულობის ძალაა. არა, მიშა მთლად მზე ვერაა! არ ანათებს, მხოლოდ წვავს, მაგრამ თავის ირგვლივ ტრიალს მაინც ყველას აიძულებს. ოპოზიცია სწორედ მიშასთან დამოკიდებულების მიხედვით იყოფა კატეგორიებად: ვინც ახლოს ბრუნავს, კონსტრუქციულია, ვინც შორიდან უვლის - რადიკალური. ვინც გადარჩევით ემუქრება - ზომიერი, ვინც ჩამოგდებით - დესტრუქციული.

KvirisPalitra.Geსალაპარაკო თემებია: მიშას ჩაცმულობა, მიშას ჭამა, მიშას მასაჟისტები, მიშას ქალები, მიშას ჰალსტუხი, მიშას ცხვირი და თქვენ წარმოიდგინეთ, მიშას გენიტალიებიც, რომლითაც დაკიდებას მას პუტინი დაჰპირდა და ეს დაპირება თავად მიშას ისე მოეწონა, რომ წამდაუწუმ იმეორებს.

არ გჯერათ? უყურეთ "საკანი #5"-ს და თავად დარწმუნდებით. ეს ყველაზე უკეთ იქ იგრძნობა. მიხოოო! - იყვირებს უცნობი და იწყება!

არ ილევა იმ პირთა რიცხვი, რომლებიც მზად არიან, ღამის სამ საათამდე მიშაზე ილაპარაკონ, თან სულ ერთი და იგივე. ხედავთ, მეც რამდენი დავწერე მასზე? რა თქმა უნდა, მეც მიშათი შეპყრობილი ვარ. სხვანაირად როგორ შეიძლება, - მეც ხომ ქართველი საზოგადოების ნაწილი ვარ! იმ კვირაში, როდესაც მიშა რაიმე ორიგინალურს არ ჩაიდენს, ან რაიმე სასაცილოს არ იტყვის, ჩემი "ფიქრებიც" სრულყოფილი ვერ გამოდის ხოლმე.

ქედმაღლობა პოლიტიკაში

წარმოიდგინეთ, თქვენ ყიდით სახლს საბაზრო ფასთან შედარებით საკმაოდ ძვირად. თქვენთან მოდის მყიდველი, რომელიც წინასწარ გეუბნებათ, რომ მას, უკვე გადაწყვეტილი აქვს თქვენი სახლის ყიდვა, შემდეგ კი ფასზე გევაჭრებათ. ფასს დაუკლებთ? რა თქმა უნდა, არა! თუ თქვენ უკვე იცით, რომ ის ყველა ვარიანტში იყიდის თქვენს სახლს, რაღაზე დააკლებთ? ის მყიდველი, ბუნებრივია,  ბავშვურ შეცდომას უშვებს, როდესაც  წინასწარ გაგებინებთ თავისი გადაწყვეტილების შესახებ. სწორედ ამ მყიდველივით იქცევა "ალიანსი საქართველოსთვის", როდესაც წინასწარ აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, შემდეგ კი ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე იწყებს დიალოგს. მართალია, ამბობენ, რომ მიაღწევენ საარჩევნო გარემოს ცვლილებას, მაგრამ გუბაზ სანიკიძეს კითხვაზე: თუ ვერ მიაღწიეს, მაშინ რას იზამენ? - კონკრეტული პასუხი ვერ გასცეს. ისინი ჯიუტად იმეორებენ, ჩვენ გავაუმჯობესებთ საარჩევნო გარემოს, როგორ? - ეს არავინ იცის. თქვენ რომ ხელისუფლების ადგილზე იყოთ, წახვალთ რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე, თუ წინასწარ იცით, რომ არჩევნებზე მარტო მაინც არ დარჩებით და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ძალა მასში მონაწილეობას მაინც მიიღებს?

ეტყობა "ალიანსს" სწორედ ეს რეიტინგი აუვარდა თავში და ვშიშობ, თავი არ დააკარგვინოს.

აი, თურმე რუსები თავს რატომ ვერ გვანებებენ! რას არ წააწყდება კაცი ინტერნეტში!

ცნობილი ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი ყველას გაგიგიათ. ერთ დროს საქართველოში ძალიან პოპულარული იყო მისი რომანი "ზამთარი ჩვენი მღელვარებისა". ისიც გაგონილი გექნებათ, შორეულ ორმოციანებში ამ პატიოსანმა კაცმა, ცნობილ ფოტოგრაფთან, კაპასთან ერთად საქართველოში რომ იმოგზაურა. საქართველოში ჩამოსვლამდე, კი მან რუსეთი მოიარა. ჰოდა, ახლახან ერთ-ერთ უცხოურ ინტერნეტსაიტზე, შემთხვევით საქართველოსთან დაკავშირებულ მის ციტატას გადავაწყდი. გადავაწყდი და დიდი აღმოჩენაც გავაკეთე! საბოლოოდ გამოვიცანი დიდი გამოცანა: რატომ ვერ გველევიან რუსები და თავს ვერაფრით გვანებებენ. მაინც სულ სხვაა მწერლის თვალი. ესეც სტეინბეკის ციტატა: "რუსეთში, სადაც კი მივედით... საქართველოს ჯადოსნური სახელი მუდამ წინ გვხვდებოდა. ისინი, ვინც იქ არასოდეს ყოფილან და ისინიც, ვინც შეიძლება, იქ ვერასოდეს მოხვდნენ, საქართველოზე ერთგვარი ვნებითა და დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობდნენ... ნამდვილად ვიფიქრეთ: რუსების უმეტესობას ეტყობა, იმედი აქვს, რომ თუ წესიერი და პატიოსანი ცხოვრებით იცხოვრებენ, გარდაცვალების შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდებიან".