"არჩევნებამდე ყველაფერი მოესწრება!" - კვირის პალიტრა

"არჩევნებამდე ყველაფერი მოესწრება!"

"ბატონი ბიძინა საქართველოს მოქალაქე იქნება თუ არა, ეს მის პოლიტიკურ საქმიანობას ხელს არ შეუშლის"

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკტერინა ხვედელიძის პოლიტიკაში ჩაბმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: - ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯის წინა პირობა ხელისუფლებისგან ბიძინა ივანიშვილის შევიწროება შეიქნა, სხვებმა კი ეს "ოჯახური ბიზნესის" ნაწილად შეაფასეს... ერთი სიტყვით, რა გახდა ეკატერინე ხვედელიძის პოლიტიკაში ჩაბმის მიზეზი? რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს მას და მოუწევს თუ არა ხელისუფლებისთვის ოპონირების გაწევა? ამ და საზოგადოებაში დაგროვილ სხვა კითხვებზე რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონ ეკას ხელისუფლებისთვის ოპონირების გაწევა არ დასჭირდება, ხელისუფლების შესაცვლელად იბრძოლებენ ბიძინა ივანიშვილი, "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკელები და კიდევ რამდენიმე პირი. მე მასთან პირადად არ მილაპარაკია და მისი აზრი არ მომისმენია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამის მიზეზი ხელისუფლების მიერ ბატონ ბიძინაზე შეტევა გახდა. როგორც მისმა ადვოკატებმა თქვეს, ადამიანს, რომელსაც სასამართლომ უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა აღუდგინა, საქართველოს მოქალაქის სტატუსით სრულად სარგებლობის უფლება, მათ შორის პარლამენტში კენჭისყრის საშუალებაც უნდა ჰქონდეს.

- ვიცით, რომ ხვედელიძე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება.

- დიახ და ძალიან მალე გამოჩნდება, ეყოფა თუ არა სააკაშვილს ვაჟკაცობა, რომ შეასრულოს სიტყვა, ანუ გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წვრილმანი შეტევები მათი სტილია.

- თუ გაასაჩივრეს, რა გზა რჩება ქალბატონ ეკას მოქალაქეობის დასაბრუნებლად?

- ასეთი წვრილმანების მიუხედავად, ხელისუფლება იძულებული იქნება, ბატონ ბიძინასა და ქალბატონ ეკას მოქალაქეობა აღუდგინოს და შეეგუოს, რომ ივანიშვილი ქართველი პოლიტიკის მთავარი ფაქტორია. ძალიან მიკვირს, რატომ ენიჭება ამხელა მნიშვნელობა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას, ეს ხომ ფორმალური მხარეა? ბატონი ბიძინა საქართველოს მოქალაქე იქნება თუ არა, ეს მის პოლიტიკურ საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

- ანუ შესაძლოა მისი კოალიციიდან სხვა პერსონა დასახელდეს?

- ვნახოთ, ჯერჯერობით, მისი პოლიტიკური კოალიცია გააგრძელებს მუშაობას. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის", რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკს "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" ერქვა. თავად სააკაშვილი კენჭს არ იყრიდა და სიაშიც არ ყოფილა, თუმცა ამას ამომრჩეველთა დიდი ნაწილისთვის ხელი არ შეუშლია, ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში მხარი პოპულარული მიხეილ სააკაშვილისთვის დაეჭირა. ასევე იყო "ბურჯანაძე-დემოკრატების" შემთხვევაშიც. ეს არის ჩვეელებრივი აპრობირებული ტექნოლოგია.

- მაშ, რატომ ანიჭებს კოალიცია ამ საკითხს ასეთ დიდი მნიშვნელობას?

- ჩვენ არ ვანიჭებთ, თავისთავად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ჩვენ სრულიად სხვა ტიპის სამუშაოზე ვართ გადართული.

- კონკრეტულად?

- ამჟამად საარჩევნო პოლიტიკური მანქანის აწყობის პროცესი მიმდინარეობს. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ სრულყოფილ და სამართლიან საარჩევნო სისტემას. ვიცი, რომ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობაც კი შეიმჩნევა, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ 9 თვეა და ყველაფერი მოესწრება. ამ ეტაპზე მუშაობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

- ამ "გეგმაზომიერ მუშაობაში" როგორია რესპუბლიკელების როლი?

- ჩვენ "თავისუფალ დემოკრატებსა" და ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან ერთად ამ კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვართ და ამ გუნდთან, ზვიად ძიძიგურსა და კობა დავითაშვილთან ერთად, ვმუშაობთ სამართლიან საარჩევნო სისტემაზე. კოალიციაში სამუშაო პროცესის მიმართულებები პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობების მიხედვით არის გადანაწილებული. დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, დავით ზურაბიშვილი, მე და კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელი საარჩევნო პოლიტიკური მანქანის აწყობაზე ვმუშაობთ.

- ანუ საზოგადოებასთან პირდაპირი ურთიერთობა თქვენი პრეროგატივა არ არის?

- კი, როგორ არა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ საჩხერის რაიონში ივანიშვილის მიერ დაფინანსებული სამედიცინო და სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დაზღვევები გაუქმდა?

- ვიცი, რომ ხელისუფლება რეგიონებში განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს, მაგრამ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებს.

- რატომ გახდა საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილს თანამოაზრეებისთვის ერთწლიანი ხელფასი წინასწარ გადაეხადა?

- იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებამ სასწრაფო წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ ივანიშვილის კოალიციის წევრი პარტიების ანგარიშზე გაჩნდებოდა თანხა, მას სახელმწიფო, სინამდვილეში კი ხელისუფლება აითვისებდა. ამ ფულით რესპუბლიკურმა პარტიამ და მისმა პარტნიორებმა უამრავი კომპიუტერი, ავტომანქანები და საწვავი შეიძინეს. ოფისში მომუშავე თანამშრომლებს წინსწრებით გადავურიცხეთ ხელფასები და თუ ერთ წელზე გადავიანგარიშებთ, ეს დიდი თანხა არ გამოდის.

- იმ თანხით ავტომანქანები პარტიის კუთვნილება იქნება?

- ცხადია, ეს არის რესპუბლიკური პარტიის ფულით ნაყიდი მანქანები.

- კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ფინანსების გაკონტროლება მოითხოვა. რა ხდება ამ ეტაპზე?

- კონტროლის პალატამ "ქართულ ოცნებას" კანონის მიღებამდე, ანუ 30 დეკემბრამდე მოსთხოვა ფინანსური ანგარიში, რასაც რეტროაქტიური (უკუქმედების ძალის მქონე) ძალა ჰქვია, რაც უკანონობაა. ინფორმაციის მიწოდების მოვალეობა დადგინდა 30 დეკემბერს, კონტროლის პალატა კი მას ითხოვდა 30 დეკემბრამდე, რაც არასწორია, რადგან მოვალეობა 30 დეკემბერს წარმოიშვა, კანონი კი 30 დეკემბერს შევიდა ძალაში. ამიტომაც აღშფოთდა არასამთავრობო სექტორი, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები. ასეთი უპრეცედენტო მხარდაჭერით თავზარდაცემულია სააკაშვილი და ამიტომაც ცდილობს წვრილმანების გამოკიდებით გაიხანგრძლივოს არსებობა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)