რატომ ჰპირდებიან ხალხს იარაღის დარიგებას?! - კვირის პალიტრა

რატომ ჰპირდებიან ხალხს იარაღის დარიგებას?!

"თუ სააკაშვილი დამარცხდება არჩევნებში, იოლი იქნება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება"

"კვირის პალიტრის" ერთ-ერთმა მკითხველმა ანონიმურად შემატყობინა, სოფელ ტყვიავიდან ვარ, სადაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოსახლეობას იარაღის დარიგებას ჰპირდებიან და იქნებ დაინტერესდეთო.რადგანაც ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის სამინისტრო დახურული უწყებაა (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ტელეფონს არ პასუხობს), ამიტომ კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ვცადეთ გარკვევა, მართლაც ურიგებენ თუ არა მოსახლეობას იარაღს კონფლიქტური ზონის მიმდებარე სოფლებში და რა მიზნით?

- კონფლიქტური ზონის საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის მობილიზება ხდება ე.წ. "ნებაყოფლობით რეზერვში". მათ იარაღის დარიგებას ჰპირდებიან, რათა თავიანთი სოფლები დაიცვან. თუმცა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სულ სხვა მიზანს ემსახურება. დავიწყოთ იქიდან, რომ 2008 წლის ომის შემდეგ უსაფრთხოების საკითხების კონცეფციის პრეზენტაციაზე მაშინდელმა ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა (ამჟამად ის სამხედრო აკადემიის რექტორია) წარმოადგინა ინიციატივა შემდეგი სლოგანით "დაიცავი შენი სოფელი".  ეს გულისხმობდა იმას, რომ ყველა სოფელს უნდა ჰქონოდა თავდაცვის საშუალება. იდეა  საკამათო იყო, მაგრამ არა აბსოლუტურად მიუღებელი. მოგვიანებით პრეზიდენტმაც განაცხადა, ყველა სოფელს უნდა შეეძლოს თავდაცვაო. გავიდა ხანი და ბოლო დროს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, მოსახლეობის ხუთდღიან რეზერვში გაწვევა მიმდინარეობს. ეს დაიწყო ჯერ სამეგრელოში, მერე ქართლში, უფრო ზუსტად, ტყვიავში და მიმდებარე სოფლებში. როგორც ვიცი, ახმეტასა და ჯავახეთშიც. ჩემი ინფორმაციით, ეს არ უნდა იყოს ომისთვის მზადება, რადგან ამის სურვილი არც ერთ და არც მეორე მხარეს არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი შიდა პროცესებს? თუ ომის საფრთხე მოცემულ შემთხვევაში არ არის, მაშინ როგორც ჩანს, მიმდინარეობს მამაკაცების მობილიზება იმისთვის, რომ უფრო დამოკიდებული გახდნენ ხელისუფლებაზე. ვფიქრობ, ეს პროცესი მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება სამოქალაქო რეზერვის შექმნაზე ზრუნავს, რომელიც პოტენციურად შეიარაღებული იქნება. ლაპარაკია, რომ მოსახლეობაში დაიწყება იარაღის დარიგება, რომელიც შესაძლოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენონ.

კახა მიქაია, "დაიცავი საქართველოს" წევრი: - ვიცი, რომ ბოლო დროს ზუგდიდის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში შეყარეს მოსწავლეთა მშობლები (მხოლოდ მამაკაცები) და მათ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ესაუბრნენ. ერთ-ერთ სკოლაში კი კობა ახვლედიანი (თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სარდალი) დახვდათ. ფაქტობრივად, თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო კომისარიატების ფუნქცია დააკისრა სკოლებს, მასწავლებლები კი კომისრებად იქცნენ. იმ შეხვედრაზე  კობა ახვლედიანმა საქართველოს სამხედრო სახელმწიფოდ გადაქცევის პერსპექტივა დადებით მოვლენად მიიჩნია. იქ იყვნენ (მშობლების რანგში) ჩემი მეგობრებიც, რომლებმაც მისი საუბრის ჩაწერა მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანის რიტორიკაში გარე მტერზე უფრო იყო საუბარი, ვიდრე შიდაზე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება.

კობა ახვლედიანი იმასაც ამბობს, ხელისუფლება გამოუშვებს დამნაშავეებს ციხიდან, მოუხსნის პირობით სასჯელებს იმ პირებს, რომლებიც "ნებაყოფლობით" რეზერვში მონაწილეობას მიიღებენო. ჩემი ინფორმაციით, ყოფილი ზვიადისტები და მხედრიონელებიც იქნებიან ე.წ. "ნებაყოფლობით" რეზერვში.

შეხვედრაზე საუბარი იყო  იმაზეც, რომ "ნებაყოფლობით რეზერვში" მონაწილეებს იარაღს შინაც გაატანენ. თუ სააკაშვილი დამარცხდება არჩევნებში, იოლი იქნება სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება.  ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები, რადგან ამ პოლიტიკურად დაძაბულ ვითარებაში მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება ძალზე საშიშია.

P.S. "კვირის პალიტრამ" კიდევ რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა ზემოხსენებული ინფორმაცია და დააზუსტა, რომ მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

ასე რომ, კარგი იქნება, თუ "ნებაყოფლობით რეზერვთან" დაკავშირებული საკითხები საჯარო, პროფესიონალური განხილვების შედეგად მომზადდება. მოსახლეობაც ინფორმირებული იქნება და ამ თემას აჟიოტაჟიც აღარ მოჰყვება.