შავბნელი საქმეები "სუფთა ხელებითა" თუ "სუფთა პოლიტიკით"?! - კვირის პალიტრა

შავბნელი საქმეები "სუფთა ხელებითა" თუ "სუფთა პოლიტიკით"?!

გასულ კვირას, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემსწავლელმა კონტროლის პალატის სამსახურმა გამოაქვეყნა  ინფორმაცია, რომ "ქართულმა ოცნებამ" არასახელისუფლებო მედიას რეკლამის განთავსებისთვის ჯამში 470.738 ლარი გადაუხადა. ცხადია, არც ელექტრონული და არც ბეჭდური მედია არ მალავს, რომ კომერციული შემოსავლების ერთ-ერთი წყარო რეკლამაა და ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში. და მაინც, ვის გადაერიცხა 470.738 ლარი? ჩამონათვალი  ვრცელია: "მაესტრო", "კავკასია" "ჰერეთი", "თრიალეთი", შპს "რადიოცენტრი პლუსი" (რადიო "პალიტრა"), "კავკასპლუსი", "რუსთავის ამბები", "გურია ნიუსი" და ა.შ.  რასაკვირველია, ტელევიზიებთან შედარებით ბეჭდურ და ინტერნეტმედიასაშუალებებთან გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებების ფასი მიზერულია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ,   მთლიანი თანხა - 470.738 ლარი ბევრად ჩამორჩება საარჩევნო პერიოდში "რუსთავი 2"-ისთვის გადარიცხულ თანხებს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არასახელისუფლებო მედიის სარეკლამო შემოსავლებით არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე "დაინტერესდა".  "კვირის პალიტრა" ამ თემაზე იურისტ  კახა კახიშვილს ესაუბრა:

- კარგი იქნება, თუ ჯაფარიძე გამჭვირვალეს გახდის თავისი დაფინანსების წყაროებს, მიუხედავად იმისა, რომ "სუფთა პოლიტიკა" ახალი შექმნილია და ჯერჯერობით გრანტი არ მიუღია. მანამდე ჯაფარიძე ევროპულ კოალიციაში შემავალ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომლის დაფინანსების საკითხი არასოდეს ყოფილა გამჭვირვალე...

ასევე, ვურჩევ, დაინტერესდეს პროსახელისუფლებო ჟურნალ "ტაბულის" სარეკლამო კონტრაქტებით, რომლის სახეც თავად არის.

ისე კი, დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ელექტრონულმა და ბეჭდურმა მედიამ ყველა ის კონტრაქტი გახადა საჯარო, რომლებიც ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან ჰქონდათ გაფორმებული. ამით მხოლოდ ერთი რამ დადასტურდა,  მთელი ამ თანხის საერთო რაოდენობა არ აღემატება "რუსთავი 2"-ისთვის რამდენიმეწუთიანი პოლიტიკური რეკლამისთვის გადახდილ თანხას.

საარჩევნო პერიოდში "რუსთავი 2"-ში პოლიტიკური  რეკლამის ერთი წუთის ღირებულება (2010 წლის წინასაარჩევნო პერიოდში) 40 ათასი ლარი ღირდა. ცესკოს მონაცემებით, ამავე პერიოდში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისგან" "რუსთავი 2"-სა და "იმედს" პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის 11 მილიონი ლარი აქვთ მიღებული(!).

ასე რომ, საზოგადოებამ დაასკვნას, ვინ როგორ ფინანსდება. აქვე განვმარტავ, თუ ჩვეულებრივი რეკლამის ღირებულება "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" წუთში 2.000 დოლარს არ აღემატება, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ფასი კატასტროფულად მაღლა იწევს. სხვა საკითხია ის, რომ ამ ტელევიზიებში სარეკლამო შინაარსის სიუჟეტები გადის არა  მხოლოდ სარეკლამო, არამედ საინფორმაციო (ახალი ამბების) ბადითაც. ამით მაკონტროლებელი სამსახურები უთუოდ უნდა დაინტერესდნენ, მაგრამ პრობლემა  სწორედ ის არის, რომ ამ საკითხებს ერთი და იმავე სტანდარტებით კი არა, შერჩევითობით(?!) უდგებიან. "სუფთა ხელებს" თუ "სუფთა პოლიტიკას" მხოლოდ არასახელისუფლებო მედიასთან რატომ უჩნდება რიტორიკული კითხვები?

- კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემსწავლელმა სამსახურმა რა სამართლებრივი ნორმის საფუძველზე შეისწავლა მედიაორგანიზაციების სარეკლამო საქმიანობა?

- ცხადია, არ არსებობს კანონი, რომელიც მედიაორგანიზაციებს სარეკლამო შემოსავლების მიღებაში შეზღუდვას უწესებს. კონტროლის პალატის ამ ჯგუფის შესწავლის საგანი არ არის სარეკლამო საქმიანობის შესწავლა, ის სულ სხვა მიზნით შეიქმნა. მან პარტიული ანგარიშები უნდა შეამოწმოს. კარგი იქნებოდა, ის ფუნქცია, რომელიც მას დააკისრეს, დაკისრებოდა ისეთ ორგანოს, რომელიც უფრო დამოუკიდებელია... შექმნეს ჯგუფი, რომელსაც კარგად ვერ გაუგია, პარტიების ანგარიშები უნდა შეისწავლოს თუ მედიაორგანიზაციების. ცხადია, ჩათვალეს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" პოლიტიკოსთან არის დაკავშირებული და მის დახარჯულ თანხებზე ინფორმაციის მოძიება "ალტერნატიული წყაროებით" სცადეს. არადა, ტყუილად გაისარჯნენ, "ქართული ოცნების" საიტზე ყოფილა განთავსებული ეს ინფორმაცია.

- ბატონო კახა, თქვენ ნაციონალური ტელევიზიების მაღალი სარეკლამო ნიხრები ახსენეთ. თუ არ\ის რამე საკანონმდებლო შეზღუდვა, რომ კიდევ უფრო არ გაიზარდოს ტარიფები?

- არ არის. ერთ-ერთ საკომიტეტო განხილვაზე ვთქვი, კარგი იქნება, თუ კანონში მივუთითებთ, რომ პოლიტიკური რეკლამის ღირებულება განისაზღვროს გონივრული ფასით-მეთქი, რაზეც დიდი წინააღმდეგობა შემხვდა. მითხრეს, დამოუკიდებელი ტელევიზიების საქმიანობაში ვერ ჩავერევითო. ასე რომ, არ გამიკვირდება, თუ მომავალ არჩევნებზე "რუსთავი 2"-სა და "იმედზე" პოლიტიკური რეკლამის განთავსების ერთი წუთის ფასი 200 ათასით განისაზღვრება...

მახსოვს, გიორგი არველაძე "იმედში" როგორც კონკურსით არჩეული მენეჯერი, ისე მივიდა. რამხელა ხელფასი უნდა ჰქონოდა, რომ "იმედში" დაახლოებით 45-მილიონიანი წილის ყიდვა შეძლო? ამიტომაც ვამბობ, დროა, "სუფთა პოლიტიკა" თუ "სუფთა ხელები" ამ საკითხებითაც დაინტერესდეს.