სამთავრობო საცობი არასამთავრობოებს! - კვირის პალიტრა

სამთავრობო საცობი არასამთავრობოებს!

"ბარამიძემ  არასამთავრობო სექტორს თითი უქნია, - როგორ ბედავთ და ხელისუფლებას მხარს არ უჭერთო"

დამოუკიდებელ მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლაა. პრესის შემდეგ, როგორც ჩანს, ჯერი არასამთავრობო სექტორზეც მიდგა. კულუარული ინფორმაციით, სახელისუფლებო ტელევიზიებში გამალებით ამზადებენ სპეცსიუჟეტებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ირინა ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარე: - არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია შენიღბულად უკვე მიმდინარეობს, მაგრამ ვშიშობ, მალე ეს პროცესი გაღრმავდება. ბოლო დროს სხვადასხვა წყარო გვაფრთხილებს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უარს ამბობენ ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაზე,  მზადდება მაკომპრომეტირებელი ფილმები. კომპრომატები არ არსებობს, მაგრამ რა პრობლემაა, მაგალითად, ტელეკომპანია "იმედი" ისე შეთითხნის მოდელირებულ სიუჟეტს, ლოგიკისა და მით უმეტეს, ფაქტების ნატამალი არ იქნება შიგ, მაგრამ ხომ დასწამებს  ცილს არასამთავრობო სექტორს? საზოგადოებას ეჭვის მარცვალს ჩაუგდებს და მერე არასამთავრობო სექტორმა იტეხოს თავი...

შეფარული ზეწოლა არასამთავრობო სექტორზე იმით დაიწყო, რომ ხელისუფლებამ თავისი მართული არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნა და სხვა იმთავითვე მკვდრათშობილი და არაფრისმაქნისი ორგანიზაციები გაააქტიურა.

ალბათ, საინტრესოა, ვინ  დგას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უკან, რომლებიც ამ ბოლო დროს აქტიურობენ და ხშირად ჩანან სახელისუფლებო ტელეეთერში. რატომ წამოტივტივდა სწორედ ახლა ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია? საქართველოში ოფიციალურად ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა  რეგისტრირებული. ქმედითი - 150. ხოლო უფლებადაცვით საქმიანობას სულ 15-20 არასამთავრობო ორგანიზაცია ახერხებს. ხელისუფლება სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ამ სექტორის გაკონტროლებას გეგმავს.

მაგალითად, სოციალურად დაუცველთა და ხელმოკლე ოჯახების დახმარების კავშირი "ერი" ახლახან გამოჩნდა და მისი დამფუძნებელი  მიშა თავხელიძეა. "რელიგიათა კავშირის ცენტრის" დამფუძნებელი ლევან ჩოლოყაშვილი ყოფილა. ხელისუფლების სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციაა "რეპატრიანტთა კავშირიც", "კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის" და ა.შ.

კარგად მახსოვს, როგორ დაფუძნდა ეს უკანასკნელი. ის საზოგადოებისთვის უცნობმა ახალგაზრდა დევნილმა დააფუძნა. გალის საზღვარზე ორგანიზაციის დაფუძნების გრანდიოზული აქციაც კი მოეწყო. ეს უცნობი დევნილი გოგონა კი დღევანდელი ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია გახლდათ.

ასეთივე სატელიტი ორგანიზაციაა  "ევროპული კვლევათა ცენტრი". მის უკან ნინო ლაპიაშვილი დგას. ცოტა ხნის წინ მან და ზურა ჯაფარიძემ დააფუძნეს ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიების ნაქები არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკა". ამ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია გასაოცრად ემთხვევა ხელისუფლებისას.

დაახლოებით შარშან შეიქმნა კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის", სადაც 80-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 99% ხელისუფლების სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციაა. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება იმ ქმედითი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, სატელიტი ორგანიზაციებით ჩანაცვლებას ან მათ გაკონტროლებას გეგმავს. გეგმა მარტივია: ჯერ შექმნეს სატელიტი ორგანიზაციები ან შექმნილი გაააქტიურეს, რითაც საზოგადოებას აურიეს თავგზა. ერთმანეთისგან უკვე ძნელად გასარჩევია სახელისუფლებო, ობიექტური თუ ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაცია.

საქართველოში არსებობს კოალიცია, რომელშიც გაერთიანებული ვართ 86 არასამთავრობო ორგანიზაცია. მასში შედიან როგორც ობიექტური, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ, სახელმწიფოსგან მართული არასამთავრობო ორგანიზაციები. როცა 26 მაისის ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, 27 მაისს, გამთენიისას, საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე დარწმუნებული იყვნენ, რომ 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებმა და მშვიდობიანმა მომიტინგეებმა დაარღვიეს კანონი და რომ ხელისუფლება მხოლოდ წესრიგს იცავდა. როგორც გაირკვა, ხელისუფლების სატელიტმა ორგანიზაციებმა მაშინ, როცა რუსთაველზე სასაკლაო იყო, მთელი ღამე იმუშავეს და ევროსტრუქტურებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოქალაქეებმა დაარღვიეს კანონი, მათ ამოეწურათ სანქცირებული მიტინგის დრო და ამიტომ გახდა ხელისუფლება იძულებული, ძალა გამოეყენებინა. ის კი არ უხსენებიათ, რომ ხელისუფლებამ იმ ღამეს როგორ გადაამეტა ძალას და რა სასაკლაო მოაწყო რუსთაველზე. ამ დროისთვის დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ევროსტრუქტურებში და ორი დღე დასჭირდათ იმისთვის, რომ ევროსტრუქტურის მაღალჩინოსნები  დაერწმუნებინათ ამ ინფორმაციის სიყალბეში.

- როგორც ამბობენ, არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფონდების ადგილობრივი წარმომადგენლობის დონეზე წყდება, ხელისუფლება აკონტროლებს.

- არის ზოგიერთი ფონდი, რომელსაც მართლაც აკონტროლებს ხელისუფლება. ამ ფონდებში მოკალათებულმა პირებმა იციან, რა ტიპის და რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მისცენ  დაფინანსება. ხშირად ამ ფონდებში მუშაობენ ხელისუფლებისგან მართული და მის მიერვე ჩასმული მათივე წარმომადგენლები, რომლებიც ამ ფონდების ფინანსებსა და მათ მიზნობრიობას განსაზღვრავენ. არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი დაფინანსებას იღებს იმ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც საქართველოში არ არიან.

- მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბარამიძისა და არასამთავრობო სექტორის სახელმწიფო კანცელარიაში შეხვედრისას თქვენ პროტესტის ნიშნად დატოვეთ იქაურობა.

- რამდენიმე თვის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა და მე ის მართლაც დავტოვე პროტესტის ნიშნად. შეხვედრას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ეტყობა, გიორგი ბარამიძემ ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლების მართული არ არის და შეხვედრაზე შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ბარამიძემ  არასამთავრობო სექტორს სულ თითი უქნია და საყვედურების კორიანტელი დაატეხა თავს, - როგორ თუ ბედავთ და ხელისუფლებას მხარს არ უჭერთო.

- რით იყო გია ბარამიძე აღშფოთებული, არ უთქვამს?

- აღშფოთებული იყო იმით, რომ კანონს "რელიგიის შესახებ" ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ დაუჭირა მხარი. კიდევ უფრო გამაოგნა ბარამიძემ, როცა პროფკავშირების წარმომადგენელს მეტალურგების მხარდაჭერის გამო ქოქოლა დააყარა (ქუთაისში მეტალურგების საპროტესტო აქციას ვგულისხმობ. მოგეხსენებათ, გაფიცულები დააპატიმრეს). სწორედ ამის გამო უსაყვედურა გიორგი ბარამიძემ პროფკავშირების წარმომადგენელს, თქვენ დადიხართ საერთაშორისო ორგანიზაციებში უცხოეთში და საქართველოდან ამბები გაგაქვთო! ბარამიძეს პირდაპირ ვუთხარი, რომ რაღაც ეშლებოდა, რადგან იმ შეხვედრას ესწრებოდნენ არა მარტო მათ მიერ მართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვათა შორის უდრტვინველად იღებდნენ საყვედურებს, არამედ ის ხალხიც, ვისთანაც ამ ენით და თითის ქნევით ლაპარაკი არ გამოუვიდოდა. ამის შემდეგ დავტოვე შეხვედრა პროტესტის ნიშნად.

ბევრი ვეცადეთ ამ საკითხზე ბატონ გიორგი ბარამიძეს გავსაუბრებოდით, მაგრამ სახელმწიფო მინისტრმა ინტერვიუზე უარი თქვა.

ნათია ჩიქოვანი, გიორგი ბარამიძის მრჩეველი: - საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო გიორგი ბარამიძის  ინიციატივით შეიქმნა. საბჭო ხშირად იკრიბება მინისტრთან მიმდინარე მოვლენებსა და ნატოს საკითხებზე სამსჯელოდ. შეიძლება არ ვიყავი იმ შეხვედრაზე, მაგრამ ის, რომ ვიღაც შეიძლება მინისტრის მოსაზრებებს არ დაეთანხმა, მგონი, გასაკვირი არ უნდა იყოს.

- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ფაქტები მოიყვანეს. სახელდობრ, როცა ლაპარაკი შეეხო კანონს "რელიგიის შესახებ" და მეტალურგების საპროტესტო აქციებს.

- ვერ დაგიდასტურებთ, რომ ბარამიძე შეიძლებოდა ყოფილიყო კატეგორიული და მომთხოვნი. შეიძლება ეს იყოს მეორე მხარის ილუზია.

გასაკვირს ვერაფერს ვხედავ ამაში. გასაოცარი ის იქნებოდა, რომ 20-25 კაცი დამჯდარიყო და ერთი ადამიანისთვის ექნია თავი.

- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა.

- გამოვრიცხავ, რომ ასეთი კატეგორიული ტონით მიემართა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გიორგი ბარამიძეს, ხოლო ვინ რა ფორმით გამოხატა თავისი აზრი  და როგორ მოიქცა, მისი გადასაწყვეტია.