"ცვლილებების შანსი უზარმაზარია" - კვირის პალიტრა

"ცვლილებების შანსი უზარმაზარია"

"თუ ვინმეს შეუძლია დაიჯეროს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მტერია, ეს სახელმწიფო აღარ ყოფილა არსებობის ღირსი"

"ამინდის განმსაზღვრელი ჯანსაღი საზოგადოებაა"

"საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებული ჯგუფები საქართველოს განვითარების კონცეფციას ვამზადებთ. მისი გამოყენება შეუძლია ხელისუფლებასაც და ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფსაც", - გვითხრა დემურ გიორხელიძემ, რომელიც ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მასთან ინტერვიუ იმ ფინანსურ სანქციებზე საუბრით დავიწყეთ, რაც ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა და კანონმდებლობაშიც ასახა:

- ეს კანონი არ ჯდება არც ერთ ნორმაში, რადგან კონკრეტული პირის პოლიტიკური აქტივობის ჩახშობას ისახავს მიზნად. მედიასაშუალებებით მიდის პროპაგანდა, რომ ხელისუფლებაში არის პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ყველაზე ჭკვიანი, პროგრესულია და ყველაზე უკეთ იცის, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ყველა სხვა კი არის მტერი და რუსული ფულით დაფინანსებული. ასეთი შეზღუდვები რომ მიეღო შევარდნაძის ხელისუფლებას, 2003 წლის ამბები არ იქნებოდა. არ იქნებოდა ის პროცესები, რომელიც უამრავ მტკივნეულ საკითხს უკავშირდება.

- ითქვა, რომ პოლიტიკური პარტიის დაფინანსების ზედა ზღვარი არ უნდა იყოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ზე მეტი, რაც 4 მილიონია.

- საქართველოს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს  უფლება უნდა ჰქონდეს ლეგალურად, თავისი დეკლარირებული შემოსავლებიდან თავისი ნება-სურვილისამებრ გადაურიცხოს თანხა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და საარჩევნო წარმატებისთვის 4 მილიონი საქართველოში მიზერული თანხაა. შეზღუდვებს აწესებენ, მაგრამ ვიცით, რომ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა 4 მილიონ დოლარად ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს და გაცილებით მეტ ფულს დახარჯავს.

- შეზღუდვები ხელისუფლებასაც ხომ ეხება?

- ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოში არ არსებობს ძალა (და მართლაც ასეა), რომელიც ხელისუფლების ქმედებებს გააკონტროლებს. ხელისუფლება გააკეთებს იმას, რასაც საჭიროდ ჩათვლის. არასერიოზულია ხელისუფლების ყველა ოპონენტის გამოცხადება მტრულ და რუსეთისგან დაფინანსებულ ძალად, მაშინ როდესაც ჩვენი ხელისუფლება თავის დროზე კარგად სარგებლობდა უცხოური დაფინანსებით. თუ ვინმეს შეუძლია დაიჯეროს, რომ ივანიშვილი ქვეყნის მტერია, ეს სახელმწიფო აღარ ყოფილა არსებობის ღირსი.

- ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ვეღარ იქნება უანგარო. - მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში არსებობს ამ საკითხის რეგულაცია. ხომ ვართ აშშ-ის პარტნიორები და მოგვწონს იქაური წესები? თუ ქველმოქმედება და შემოწირულობები არ შეიძლება, როგორ მოხდა, რომ ბარაქ ობამას ფონდი უკვე მილიარდ დოლარს აჭარბებს? ფონდი აქვს ბატონ ბიძინასაც და არ უნდა შეეზღუდოს ქველმოქმედების უფლება. ხელისუფლებაში მყოფი პარტია აცხადებს, მე მაქვს ყველაფრის უფლება და ამიტომ ან ჩემი სატელიტი იყავი, ან არ იარსებებო.

- არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ ხელისუფლების განზრახვაზე, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაზარდოს პენსიები და ასევე საპრეზიდენტო პროგრამაზე "ღიმილიანი საქართველო", რაც სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნიეს.

- ნებისმიერი თანხა, რომელსაც ხელისუფლება გაიღებს, არ არის ცუდი, მაგრამ იცოდეთ, რომ 5-ლარიანი დაზღვევა და 30-ლარიანი ვაუჩერი არის ხალხისაგან ამოღებული ფულის უკან დაბრუნება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ფული, რომელიც სახელმწიფომ თქვენგან ამოიღო დიდი ოდენობით და უკან ძალიან ცოტას გიბრუნებთ. ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მძიმეა, ამას პიარი ვერ შენიღბავს. გინახავთ რომელიმე მინისტრის გამოსვლა, რომელიც ციფრებით ლაპარაკობს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე? ასეთY მაჩვენებელს ვერ ნახავთ, რადგან ეს მაჩვენებელი საქართველოში კარგი არ არის.

- მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის გარდა საფრანგეთის მოქალაქეობაზეც უარი თქვა, საქართველოს მოქალაქეობა არ მიუღია.

- ეს ისეთი უკანონობაა, რომელსაც გამართლება არა აქვს. პოლიტიკურ ძალებს შორის თავისუფალი კონკურენცია უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. თუ შენარჩუნდა ტენდენცია, რომ ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა საკუთარი ადგილის შესანარჩუნებლად ყველა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ქვეყნის მტრად და რუსების დაფინანსებულად გამოაცხადებს, აუცილებლად წავალთ კატასტროფისკენ. ჩემთვის მთავარია, ქვეყანაში 3-4 ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რომელსაც შეეძლება ხელისუფლების გაწონასწორება. ე.წ. მოლაპარაკებაზე წასულ პოლიტიკურ პარტიებს არ შეუძლიათ რაიმეს შეცვლა ქვეყანაში.

- როდესაც ედუარდ შევარდნაძეს საპრეზიდენტო ვადა ეწურებოდა, მოქალაქეთა კავშირშივე გაჩნდა ხელისუფლების ოპოზიცია. გამორიცხავთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამაც" შვას სააკაშვილის ალტერნატიული ძალა?

- ის, რაც 2002-2003 წლებში მოხდა, იყო კარგად მოფიქრებული ტექნოლოგია. ასეთი ტექნოლოგიის გამეორება შესაძლებელია, მაგრამ მთავარია, მერამდენეჯერ ,,გადაყლაპავს" ქართველი საზოგადოება ამ ტექნოლოგიის შედეგს. სახელმწიფოში ამინდს პოლიტიკური პარტიები არ განსაზღვრავენ. ამინდის განმსაზღვრელი ჯანსაღი საზოგადოებაა. ჯერჯერობით, საზოგადოება ძალიან სუსტია.

- ერთ წელიწადში საზოგადოებაში რამე შეიცვლება?

- თუ არ შეიქმნა ხელისუფლების ალტერნატიული ძალა, არაფერი შეიცვლება, მაგრამ საკმარისია გადაიდგას გაბედული ნაბიჯები, შეიქმნას ალტერნატიული ძალა, რომ პროცესები სხვანაირად განვითარდება. ასეთი ძალის შექმნა უსათუოდ გამოაცოცხლებს საზოგადოებას, რომელსაც ჯერ კიდევ ეჭვი ამუხრუჭებს, კიდევ არ შევცდეო.

- ანუ ცვლილების შანსი არის?

- შანსი უზარმაზარია.