"ივანიშვილის მეუღლის სახით საინტერესო ადამიანს გავიცნობთ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მეუღლის სახით საინტერესო ადამიანს გავიცნობთ"

პარლამენტის ყოფილმა წევრმა ვასილ მაღლაფერიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას ასეთი პროგნოზი გააკეთა: - "არა მგონია, ეს არჩევნები უმტკივნეულოდ ჩატარდეს, ძალიან საინტერესო წელი გველოდება და ნერვების შლაც ბევრი იქნება".

- როდესაც ამბობენ, საქართველოს ევროამერიკული ორიენტაცია აქვსო, ეს გულისხმობს დემოკრატიას და პოლიტიკურ წონასწორობას. ქვეყანაში ნორმალური ცხოვრებისთვის, რაც ბევრ რამესთან ერთად სოციალური კეთილდღეობის წინა პირობაცაა, პოლიტიკური წონასწორობა უნდა აღდგეს. ამიტომ მისასალმებელია პოლიტიკაში ისეთი ძალის შემოსვლა, რომელიც წონასწორობას ან წონასწორობის წინა პირობას მაინც შექმნის. ძალიან საინტერესო პოლიტიკური სვლაა, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის სიაში პირველი ნომერი ქალი, ივანიშვილის მეუღლე იქნება. ტელევიზიით ვუყურე გაღიმებულ სახეებს, რომლებიც მის გამოუცდელებაზე ლაპარაკობდნენ. გამოცდილება პოლიტიკაში პირობითი ცნებაა. სინამდვილეში არსებობენ გონიერი და უგუნური ადამიანები,

უგუნური ადამიანი გინდ პარლამენტში დასვი და გინდა ბლის ხეზე აიყვანე, მაინც უგუნურად დარჩება, გონიერი ადამიანი კი ყველგან შეძლებს საქმის გაკეთებას.

ვფიქრობთ, ივანიშვილის მეუღლის სახით საინტერესო ადამიანს გავიცნობთ.

- ივანიშვილის პოლიტიკურ პასიურობას ზოგი აკრიტიკებს. მიაჩნიათ, რომ ამგვარი ტაქტიკა წამგებიანია.

- ეს საკითხი მისი გუნდისა და შტაბის გადასაწყვეტია. მართალია, ხელისუფლებაც და ივანიშვილის გუნდიც დარწმუნებით ამბობენ, ჩვენ მოვიგებთო. არჩევნებში გამარჯვების შანსი დღეს ორივე მხარეს აქვს. ყველაფერი მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული.

- ერთგან თქვით, სააკაშვილს მკაფიო გზავნილები არა აქვსო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ სრულიად მკაფიოდ თქვა, არაფერი გამოუვა იმას, ვისაც ჩვენი უკან დაბრუნება უნდა რუსული ფულით. წარსულის ვამპირები, მუმიები და ურჩხულები უკან ვეღარ დააბრუნებენ საქართველოსო.

- მუმიებსა და ურჩხულებზე განცხადების შინაარსი ბოლომდე ვერ ამოვხსენი და ეს ჩემთვის მკაფიო გზავნილი არ არის. ისე, სააკაშვილის მიმართაც უამრავი ეპითეტის გამოყენება შეიძლება. ეს მახვილგონიერების, ტაქტისა და ზრდილობის ამბავია. როდესაც მკაფიო გზავნილებზე ვლაპარაკობდი, ვგულისხმობდი, რომ სააკაშვილს არ უთქვამს, როგორ ხედავს საკუთარ პოლიტიკურ მომავალს.

მუმიები და ურჩხულები რომ აღარ მოვლენ ქართულ პოლიტიკაში, კარგია, მაგრამ თვითონ რა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი?

პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ სხვა რამ, ეს უნდა განაცხადოს. ურჩხულებსა და მუმიებთან მებრძოლის სტატუსით ხომ არ იქნება პოლიტიკაში? გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, ვინ იქნება სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ! ჩემი აზრით, გადადგომას აპირებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. მხოლოდ გადადგომის შემთხვევაში შეუძლია იბრძოლოს ამ თანამდებობისთვის.

დასავლეთის ქვეყნების გასაგონად, რომელთაც, ალბათ, ეს კითხვა ჰქონდათ, სააკაშვილმა თქვა, პუტინის გზით არ წავალო. ეს მისთვის მართლაც ძალიან წამგებიანი იქნებოდა. რჩება პარლამენტის თავმჯდომარეობა, მაგრამ მან  ახლავე უნდა თქვას, რომ გადადგება და საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში.

სააკაშვილმა თქვა, კოჭლი იხვი არ ვიქნებიო. ეჭვი მეპარება, უნდოდეს პოლიტიკიდან წასვლა და პენსიონერ პრეზიდენტად გახდომა. მას აქტიურ პოლიტიკაში დარჩენის ცოტა გზა აქვს. ზოგი ამბობს, შესაძლოა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გახდესო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან ეს პოსტი მისთვის არაფრის გარანტია არ იქნება.

- ექსპერტების ნაწილი უფრო ცუდ სცენარსაც ხატავს: შესაძლოა სააკაშვილმა კონფლიქტის პროვოცირებაც კი მოახდინოს. ასეთ დროს არჩევნები აღარავის გაახსენდება და დასავლეთიც იძულებული გახდება, სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას შეეგუოსო.

- ვინც ამას ვარაუდობს, ძალიან შავი სიზმრები უნახავს. ეს ნიშნავს, საქართველოს ქუჩებში მოსიარულე ტანკებს. მაშინ მართლა აღარ გაგვახსენდება არჩევნები, მაგრამ ამის ალბათობას გამოვრიცხავ.

- კეთდება პროგნოზი, რომ მომავალი არჩევნებისთვის ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდება, მაგრამ რადგან ივანიშვილი თავის კოალიციაში ყველა ოპოზიციონერს არ ეპატიჟება (თქმა, რომ კარი ღიაა, მიპატიჟებას არ ნიშნავს), აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა შეიქმნას მესამე და მეოთხე პოლიტიკური ცენტრები.

- საქართველოში, სადაც ჰიბრიდული თუ ინგრედიენტული დემოკრატიაა, არის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთგული მომხრეები. ასევე არიან ადამიანები, რომელთათვისაც კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის ხელისუფლება. არჩევანის ზღვარი ამაზე გადის - ან გვინდა ვიღაც, ან არ გვინდა.

ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან, ძირითადად, ორი განწყობით მივა, სააკაშვილი თუ არ დარჩება, დავიღუპები, ან მიშა თუ დარჩება, დავიღუპებიო. როდესაც ადამიანები არჩევანს ყოფნა-არყოფნას შორის აკეთებენ, მესამე არჩევანზე არ ფიქრობენ. ამიტომაც მესამე ცენტრის შექმნა გაჭირდება. შეიძლება ამომრჩეველთა პატარა პროცენტმა გააკეთოს მესამე არჩევანი, მაგრამ მას არ ექნება მესამე ცენტრის ფუნქცია. ეს იქნება მესამე განწყობა და არა მესამე ცენტრი.

- საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, არის შანსი, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდეს?

- ვითარებაში, როდესაც სამართალი სატელეფონო ზარით წყდება, საარჩევნო კანონმდებლობას დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. თუ კანონებს არა აქვს მნიშვნელობა, საარჩევნო კანონმდებლობაც ხომ ამ კანონების ნაწილია. მთავარია, არჩევნებისთვის როგორი ატმოსფერო და კლიმატი, როგორი რეიტინგები იქნება, როგორ გაკეთდება ეგზიტპოლები და, რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად ობიექტურ პოზიციას დაიკავებს საერთაშორისო თანამეგობრობა.

- თქვენ გააკრიტიკეთ და მსაჯის სასტვენს შეადარეთ NDI-სა და IRI-ის კვლევები. კვლევებით პირველ ადგილზე სააკაშვილია და ივანიშვილი - მეორეზე...

-  IRI-I-ის ბოლოდროინდელი კვლევები არ იყო ობიექტური, თუნდაც იმიტომ, რომ ადრე ჩატარდა და გვიან გამოაქვეყნეს. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ვითარება იქნება არჩევნების წინ, მოსახლეობა საერთაშორისო საზოგადოებრიობის როგორ დამოკიდებულებას დაიმსახურებს, - ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში შევეცდებით ჩვენი სიტყვა ვთქვათ, თუ გაწვრთნილი თუთიყუშივით იმას გავიმეორებთ, რასაც საზღვარგარეთი გვიკარნახებს. თუ დასავლეთმა არჩევნების ობიექტურობასთან მწყრალი დამოკიდებულება გამოიჩინა, ვფიქრობ, ეს არასტაბილურ ვითარებას შეუწყობს ხელს და და ეს არც მათ და არც ჩვენს ინტერესებში არ შედის.

- "ქართული ოცნების" ლიდერმა ხელისუფლების გუნდის ლიდერებიც დაპატიჟა თავის გუნდში. სახელისუფლებო გუნდიდან მოჰყვება ამას გამოხმაურება?

- "ნაციონალურ მოძრაობაში" მკაცრი დისციპლინაა და, ალბათ, არის სხვა ბერკეტებიც, რომელიც მიწვევას გაანეიტრალებს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ამბიციების  დაკმაყოფილებასა და სიებზე მიდგება საქმე და აღმოჩნდება, რომ სახელისუფლებო სია არ არის ისეთი წელვადი, როგორიც აქამდე იყო, მერე შეიძლება დავინახოთ ივანიშვილის გუნდში გადმოსული ხალხი. შეიძლება ამას ივანიშვილისთვის უკუეფექტი ჰქონდეს, მაგრამ დადებითი ტაქტიკაა, როდესაც ივანიშვილი ხელისუფლების წევრებს  ნულოვან ტოლერანტობას არ უცხადებს. აქ მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს ეხება მათ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია.

ვფიქრობ, საქართველო მომწიფდა იმისათვის, რომ  ამ არჩევნებზე სამართლიანობასთან მიახლოებული შედეგი მივიღოთ. თუ ვერ მივიღეთ, ეს ფეთქებადსაშიშ ვითარებას შექმნის.