მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ინსტრუქცია საავადმყოფოს გახსნისთვის

უნდა იზრუნოთ, რომ ყველა საავადმყოფო ერთდროულად აშენდეს, რაც დიდი აღმშენებლობის ეფექტს მოგცემთ. შემდეგ ეს ერთდროულად აშენებული საავადმყოფოები ასევე ერთდროულად, ერთი თვის განმავლობაში უნდა გახსნათ (დღეში მინუმუმ ერთი, მაქსიმუმ - სამი). ჩადიხართ იმ ქალაქში, სადაც საავადმყოფო იხსნება. საავადმყოფოს წინ გხვდებათ ადგილობრივი მოსახლეობა (მათი შეკრება ადგილობრივმა გამგეობამ უნდა უზრუნველყოს). საავადმყოფოში შესვლამდე ესაუბრებით ხალხს, რომელიც აუცილებლად სკანდირებს თქვენს სახელს. სკანდირებისას განსაკუთრებით მჭექარედ უნდა ისმოდეს ბავშვების ხმა. აუცილებლად ჩერდებით რომელიმე ბავშვთან; თუ ძალიან პატარაა, მხოლოდ ეფერებით, თუ მოზრდილია, გაესაუბრებით კიდეც. ამ დროს ხალხს აუცილებლად გამოეყოფა  ადამიანი, რომელიც ხელს გართმევთ და აღფრთოვანებული გიყვებათ, რა აღმშენებლობა მიდის მათ რაიონში. შესაძლებელია, სპეციალურად მოწყობილ სცენაზეც ავიდეს და ეს ყველაფერი მიკროფონით თქვას. მთავარია, ეს ალილუიასავით დაზეპირებული ტექსტი ტელევიზიებმა გადაიღონ. თქვენ ამ ქება-დიდებას და თქვენი საგმირო საქმეების აღწერას დარცხვენილი უსმენთ.  შემდეგ შედიხართ საავადმყოფოში, კამერების თანხლებით ათვალიერებთ იქაურობას. აუცილებლად შედიხართ ჩვეულებრივ პალატაში, სადაც კმაყოფილ ავადმყოფთან საჩუქრებით მიდიხართ და გამოჯანმრთელებას უსურვებთ. მერე აუცილებლად შედიხართ სამშობიარო განყოფილებაში და ესაუბრებით ახალმოლოგინებულ ქალს (ოღონდ ნუ ეტყვით, კარგი ქენით, ბავშვი დროზე რომ გააჩინეთო). ამის შემდეგ ათვალიერებთ  იმ ოთახს, სადაც ძვირად ღირებული აპარატურა დგას და ამბობთ ასეთ ტექსტს: "ასეთი აპარატურა თბილისში ადრე ორ-სამ ადგილზე იდგა და იქ ადამიანი ან ჩავიდოდა, ან - ვერა. ახლა დედაქალაქი და რეგიონი გათანაბრდა. აღარ არის პრივილეგირებული და არაპრივილეგირებული ადგილები." შემდეგ გამოდიხართ გარეთ და სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნიდან საავადმყოფოს წინ შეკრებილ ხალხს მიმართავთ. ჰყვებით იმის შესახებ, რა იყო ადრე და რა არის ახლა.  აუცილებლად უნდა თქვათ, რომ წარსულში ვერავინ დაგვაბრუნებს. შემდეგ ემზადებით ახალი საავადმყოფოს გასახსნელად.

ქება და ცოტა კრიტიკა

აღარც მახსოვს, პრეზიდენტი სააკაშვილი ბოლოს როდის შევაქე. ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ ორი მიზეზით: 1) მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის საქმე ფაქტების ან გადმოცემა, ან მათი კრიტიკული ანალიზია; 2) თავად სააკაშვილი, სამწუხაროდ, იშვიათად იმსახურებს ქებას. თუმცა მოგეხსენებათ, წესის ჭეშმარიტებას გამონაკლისი ამტკიცებს, ჰოდა, ახლა  სწორედ ის შემთხვევაა. მოკლედ, მიშა უნდა შევაქო ყოველგვარი იუმორისა და ირონიის გარეშე. გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ ორი ძალიან კარგი საქმე გააკეთა: 1) სომალელი მეკობრეებისაგან მეზღვაურები დაიხსნა და 2) დევნილების ნაწილს ახალი ბინები გადასცა. რომელი მხრიდანაც უნდა შეხედო, ორივე ძალიან მაგარი საქმეა - 16-თვიანი ტყვეობის შემდეგ მეზღვაურების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებაც და ამდენ ტანჯვა-წამებაგამოვლილი დევნილებისთვის კეთილმოწყობილი საცხოვრებლის გადაცემაც. მართალია, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეზღვაურების გათავისუფლება არა ქართული, არამედ თურქული მხარის დამსახურებაა, მაგრამ ამის ჯერ ვერც მტკიცებულება ვნახე და ვერც დამაჯერებელი არგუმენტი მოვისმინე. სააკაშვილი მხოლოდ გადამეტებული პიარისთვის შეიძლება გავაკრიტიკოთ, ქართულ არხებს მისი ლამის სუპერგმირად წარმოჩენის გამო დავცინოთ, თუმცა ეს ყველაფერი ამ ადამიანების სახლში დაბრუნებასთან შედარებით მეორეხარისხოვანი მგონია.

რაც შეეხება დევნილების ეპიზოდს, აქ საკრიტიკო მეტია (პიარიც უფრო უაზრო იყო -  თავად მიშა რომ ეზიდებოდა ჭურჭელს და ავტობუსს მართავდა). რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საქმეა, ამდენ ოჯახს ბინას რომ აძლევ, მაგრამ ეს ვერ გადაფარავს იმ დანაშაულს, რომელიც ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ სხვა დევნილების წინაშე ჩაიდინა, როცა ისინი თბილისიდან გაყარა და დევნილობა მეორედ განაცდევინა. თუ წყალტუბოში ან ბათუმში მცხოვრები დევნილებისთვის შეიძლებოდა ბინების აშენება, რატომ არ შეიძლებოდა თბილისში მცხოვრები დევნილებისთვისაც აქვე, სადმე გარეუბანში, აგვეშენებინა რამე და კიდევ: ერთი კეთილი საქმე მეორე ცუდ საქმეს ვერასდროს გადაფარავს. ცუდი საქმე უნდა გამოსწორდეს, ამიტომ დავიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება თბილისიდან გაყრილი დევნილების წინაშე ჩადენილ დანაშაულს  გამოისყიდის.

"მუმია 4"

სააკაშვილმა ბოლოს საავადმყოფო გორში გახსნა, ჰოდა, ოპონენტებისთვის კბილის გაკვრის დრო რომ მოვიდა, განაცხადა: "ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან. მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა... ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის, მათი საქმე კი - სულ უფრო უკან... ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში.""

ჰოდა, თუ მხოლოდ ფილმებში ბრუნდებიან და თან აგერ, გამზადებული მუმიებიც გვყოლია, რატომ არ უნდა გადავიღოთ "მუმია 4" საქართველოში? ფილმის სამუშაო სათაური შეიძლება იყოს "სარკოფაგიდან დგება მუმია". ბუნებრივია, ფილმის პროდიუსერი, რეჟისორი, სცენარის ავტორი და მუმიებთან მებრძოლი მთავარი გმირი იქნება მიშა. ის კი, ვინც მუმიებს აღვიძებს და სარკოფაგიდან წამოდგომაში ეხმარება - ივანიშვილი. ქართულ ვარიანტში მუმია არა ერთი, არამედ რამდენიმე უნდა იყოს, შეიძლება ითქვას - ბევრი, მაგალითად, ტუტანხამონ კვარაცხელია, რამზეს ლორთქიფანიძე, იმჰოტეპ თევზაძე და ა.შ.

მოკლედ, რაც მეტი, მით უკეთესი. ისინი თვით დიდი ღმერთის, ოსირის შევარდნაძის შთამომავლები არიან, რომელიც თავის დროზე ტახტიდან სწორედ მუმიებთან მებრძოლმა მიშამ ჩამოაგდო. მოქმედება განვითარდება 2012 წლის საქართველოში. არჩევნების მოახლოებასთან ერთად მტრულად განწყობილი სახელმწიფო, რუსეთი, მოავლენს მუმიების გამღვიძებელს ბიძინა ივანიშვილს; ივანიშვილი წინასწარ, ქველმოქმედების წყალობით მოისყიდის ყველა ქურუმს, დააარსებს საზოგადოებრივ მოძრაობას "მუმიების ოცნება" და ყველა გაღვიძებულ მუმიას ქვეყნის ყველაზე დიდ დარბაზში -  ფილარმონიაში შეკრებს, საიდანაც მუმიები მთელ ქვეყანას მოედებიან. სწორედ ამ  დროს გამოჩნდება მუმიებთან მებრძოლი სააკაშვილი თავისი რაზმით, რომელშიც შედიან: თავად ფეხმარდი მიშა (დღემდე სამყარო ერთ ფეხმარდ გმირს იცნობდა - აქილევსს), მუშტმაგარი კაკო, ენაბასრი აკო, თავმაგარი პალიკო, ლამაზი ვერა (რაზმში ერთი ქალი უნდა იყოს, რომელიც ბოლოს მთავარ გმირს შეუყვარდება), უჩინარი ზურა, ყოვლისმცოდნე ვანო და ა. შ. ბუნებრივია, ფილმი მიშასა და მისი რაზმის გამარჯვებით სრულდება. ყველა მუმიას ისევ სარკოფაგში ჩააწვენენ (ოღონდ ამჯერად ისე,  რომ ვერასდროს წამოდგნენ), მუმიების გამღვიძებელი ისევ რუსეთში გარბის, ხოლო ოსირისი აგრძელებს მშვიდად ცხოვრებას თავის რეზიდენციაში. იმედია, არ მკითხავთ, ფილმი მაინცდამაინც ასე რატომ მთავრდებაო. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ამ ფილმის რეჟისორიც, პროდიუსერიც და სცენარის ავტორიც მიშაა?