"ქართული მხარის მიერ გამოგზავნილი საბუთების აბსურდულობა ძალიან დამეხმარა" - კვირის პალიტრა

"ქართული მხარის მიერ გამოგზავნილი საბუთების აბსურდულობა ძალიან დამეხმარა"

"ირაკლი ოქრუაშვილი მალე ისევ ხელისუფლების გვერდით დადგება"

"კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს კარგად ახსოვს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, პირველი რანგის კაპიტნის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის სკანდალური წერილები, რომლებშიც საქართველოში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებსა და ქართველ მაღალჩინოსანთა მოღალატეობრივ პოლიტიკაზე იყო საუბარი. "ჩემი დევნა მხოლოდ იმიტომ დაიწყეს, რომ ვამხილე არაერთი მაღალი რანგის მოხელე, ვლაპარაკობდი ბურუსით მოცულ მკვლელობებზე, შევეწინააღმდეგე საზღვაო ძალების გაუქმებას, წინასწარ გავახმაურე ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეზე", - ამბობს ვიქტორ ჭელიძე.

ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ წერილებს მალე ბელგიაში მისი დაკავება მოჰყვა. მას ანტვერპენის ციხეში თვეების გატარება მოუხდა, თუმცა, ბელგიელმა სამართალდამცავებმა მისი გათავისუფლება გადაწყვიტეს და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხიც სასამართლოს მიანდვეს. როგორც შევიტყვეთ, ეს საკითხი სწორედ ამ დღეებში განიხილება.  შეგახსენებთ, რომ ჭელიძეს შეიარაღებული ძალების თანამშრომელთა ხელფასების მითვისება  და გემის ფრთის ჯართად გაყიდვა ედებოდა ბრალად, რასაც ძებნილი აბსურდულ ბრალდებად მიიჩნევს.  ვიქტორ ჭელიძე "კვირის პალიტრას"  ისევ დაუკავშირდა.

-  ერთ დილით კარზე პოლიციამ მომიკაკუნა და ხელბორკილი დამადო. შევეცადე ბელგიელი სამართალდამცავები დამერწმუნებინა, რომ ეს შეცდომა იყო. სიმართლის გარკვევას თვეები დასჭირდა. ქართული მხარის მიერ გამოგზავნილი საბუთების  აბსურდულობა  ძალიან დამეხმარა. ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან  ჩანს, რომ ერთი და იმავე დანაშაულისთვის მოსამართლემ ერთი და იმავე მუხლის ერთ-ერთი პუნქტით სასჯელი ორჯერ გამოიტანა, რაც ერთ გადაწყვეტილებაშია ასახული, შემდეგ კი შეკრებითობით 20 წელი მომისაჯა. ეს ბელგიელებისთვის მართლაც უპრეცედენტო მოვლენა იყო, ამიტომაც გამათავისუფლეს.

ფოთის სასამართლოს გადაწყვეტილება კურიოზულია იმითაც, რომ გასამართლებული ვარ იმ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი "დანაშაულის" გამო, რომელზეც რეალურად არასდროს ვყოფილვარ. გადაწყვეტილებაში წერია, რომ 2000-2005 წლებში საზღვაო ძალების სარდლის თანაშემწედ ვმუშაობდი ლოჯისტიკისა და უზრუნველყოფის  საკითხებში. ასეთი თანამდებობა კი მაშინ არ არსებობდა.

- ეს ბელგიაში თქვენი დაკავების პირველი შემთხვევა იყო?

- არა, ადრეც დამაკავეს იმ მოტივით, რომ არალეგალი ვიყავი. იმ დროს ციხეში პროტესტის უკიდურეს ზომას მივმართე, ჯერ შიმშილობა გამოვაცხადე, შემდეგ პირი მავთულით "ამოვიკერე". კინაღამ გული წაუვიდა იქაურ ციხის დირექტორს, როცა დამინახა. სხვათა შორის, ქალი იყო. პირველ დღეს ცოტას ვლაპარაკობდი (სამი ნაკერი ხელს ნაკლებად მიშლიდა), მეორე დღეს ვბურდღუნებდი, მესამე დღეს სახე  ისე მქონდა დასივებული, ტუჩები კი დაჩირქებული, რომ ხმის ამოღებაც არ შემეძლო და საშინელი შესახედავიც ვიყავი. სამაგიეროდ, მიზანს მივაღწიე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მომინახულეს და მათი ძალისხმევით გამათავისუფლეს.

მეორედ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დამაკავეს. საკანში სხვებთან ერთად შემაგდეს, რომელთა შორის ქურდობისთვის დაკავებული ქართველებიც იყვნენ.

-  საქართველოში ბოლო დროს განვითარებული  მოვლენების შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია?

-   ვიცი, რომ  ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ველი, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო უეჭველად შეიცვლება. ჩემი აზრით, მიშას ობამასთან შეხვედრა არ უშველის. პირიქით, ვფიქრობ, აშშ-ში ყურს აუწევენ.  23 იანვარს ევროკავშირი განიხილავს საკითხს ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების თაობაზე, ირანი კი ორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, რაც, პრაქტიკულად, სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმას ნიშნავს. ეს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებაზე მიუთითებს. ამაზე ადრეც იყო საუბარი, თავდაცვის სამინისტროში რუკაზე იყო შემოხაზული ის ადგილები, სადაც მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში ხალხი ვეღარ იცხოვრებდა. ღმერთმა დაგვიფაროს,  მოვლენები ასე განვითარდეს, რადგან დაბომბვის ობიექტებთან ძალიან ახლოს აღმოვჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს, ვფიქრობ, გონივრულად გადაწყვეტს ამ საკითხს. ცხადია, თუკი ზემოხსენებული გეგმით განვითარდება მოვლენები, საქართველოს ჩართვას ამ პროცესში ყოველთვის დაუშვებლად მივიჩნევდი და მივიჩნევ. ამიტომაც კმაყოფილი ვარ, რომ სახელმწიფოს დავუბრუნე ყველა ჯილდო და სიგელი მხედრული მამაცობისთვის, საბრძოლო დამსახურებისთვის და ა.შ.

დამნაშავედ ვთვლი თავს, რომ ოდესღაც ამ ხელისუფლების პოლიტიკას ვემსახურე. ვოცნებობ იმ დროზე, როცა სააკაშვილთან ერთად ჩავჯდები ციხეში. დიახ, თუ მას დაიჭერენ, აუცილებლად შევეცდები როგორმე მასთან საკანში მოვხვდე.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ირაკლი ოქრუაშვილზეც, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ პოლიტიკოსთა რიგში აღმოჩნდა. გარწმუნებთ, რომ ოქრუაშვილი ხალხს უახლოეს მომავალში გააოცებს, ხელისუფლების გვერდით დადგება. ამის თქმის უფლებას ძველი ინფორმაციის საფუძველზე გაკეთებული პროგნოზი მაძლევს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ თავის დროზე დავწერე, ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრობის დროს იგორ გიორგაძეს ხვდებოდა და მისგან ინსტრუქციებს იღებდა-მეთქი. 2005 წელს თავდაცვის სამინისტროს კანცელარიაში გავატარე ეს წერილი და ისე გავუგზავნე პარლამენტისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს. წერილში სამინისტროს პრობლემები ჩამოვთვალე და ისიც მივუთითე, ოქრუაშვილი მოღალატეა, რუსეთის ინსტრუქციებს ასრულებს-მეთქი. გივი თარგამაძისთვის ამ წერილის გაგზავნას ის მოჰყვა, რომ ოქრუაშვილი ყველა თათბირზე მუშტებს აბრახუნებდა და გაიძახოდა, ჭელიძე ამდენ ხანს როგორ ვერ დაიჭირესო.

როცა მითხრეს, ოქრუაშვილი საქართველოში ჩადისო, არ დავიჯერე. ვიცოდი, რა ჩიტიც იყო და იმიტომ! საზოგადოებას ამდენჯერ რომ ფუჭ მოლოდინს შეუქმნი და მოატყუებ, რა სინდისით უნდა ელაპარაკო. იქნებ აზრზე მოვიდეს. რაც შეეხება ხელისუფლებასთან მის კავშირს, 2007 წელს, როცა ოფიციალურად ძებნილი ვიყავი, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს  შევხვდი, იგივე ველაპარაკე, რასაც ახლა გეუბნებით. დამეთანხმა, მითხრა, ოქრუაშვილი ყველასთან ჩაიჭრაო და დამპირდა, რომ საქართველოში ჩასვლის შემდეგ საჭირო პირებს სთხოვდა, ჩემი საქმისთვის გადაეხედათ. შემდეგ კი ყველაფერი პირიქით მოხდა, ხელისუფლებამ ბრძოლა ათმაგად დამიწყო. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, ხელისუფლების წარმომადგენელთა და ოქრუაშვილის ქცევა, აზროვნება და ურთიერთობის ფორმა აბსოლუტურად იდენტურია. ასე რომ, ისინი ისევ ერთად იქნებიან.