მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

"სიძულვილის ორწუთეული"

საქართველოში ამ ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯორჯ ორუელი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ მის ნაწარმოებებში აღწერილ სიტუაციებსა და საქართველოში არსებულ ვითარებას ხშირად ერთმანეთს ამსგავსებენ. ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებულია. მაგალითად, "1984"-ში (ის სულ ახლახან "პალიტრა L"-მა გამოსცა სერიით "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ") აღწერილი ქვეყანა სუპერტოტალიტარულია და ის საბჭოთა კავშირსაც კი უკან იტოვებს. გასაგებია, რომ ჰიპერბოლა ლიტერატურული ხერხია და მხატვრულ ნაწარმოებში ბევრი რამ შეიძლება უტრირებული იყოს, მაგრამ საქართველოსთან სრული პარალელის გავლება არცთუ გონივრული მგონია. აი, ცალკეული ეპიზოდების მსგავსებაზე კი თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგალითად, ამ ნაწარმოებში არაფერი ჰგავს საქართველოში შექმნილ ვითარებას ისე, როგორც იქ აღწერილი "სიძულვილის ორწუთეულები". ვისაც ჯერ "1984" არ წაგიკითხავთ, შევეცდები მოკლედ აგიხსნათ, ეს რას ნიშნავს: ქვეყანაში, რომელსაც ოკეანეა ჰქვია და რომელსაც რამდენი ხანია, ერთი პარტია და მისი ლიდერი, დიდი ძმა მართავენ, მთავარი დევიზია: "დიდი ძმა გითვალთვალებს". პარტიის წევრების ოჯახებსა და სამსახურში დამონტაჟებული ეკრანები "ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ამჩნევს".

ბუნებრივია, ქვეყანას ჰყავს გარეშე  მტერი, რომელსაც მუდმივად ეომება, და ამ  მტერთან შეკრული ერთი მოღალატე, ვისგანაც მთავარი მტრის ხატი იქმნება. ჰოდა, ყველა სამსახურში, ყოველდღე, დღეში ერთხელ, თანამშრომლები ვალდებულნი არიან,  დიდი ეკრანის წინ შეიკრიბონ და "სიძულვილის ორწუთეულს" უყურონ. აი, როგორ აღწერს ავტორი ამ ეპიზოდს:

"როგორც ყოველთვის, ეკრანზე ხალხის მტრის, ემანუელ გოლდსტეინის სახე გამოჩნდა... "სიძულვილის ორწუთეულის" პროგრამას დღიდან დღემდე ცვლიდნენ, მაგრამ გოლდსტეინი - მთავარი მოღალატე, პარტიის სიწმინდის პირველი შემბღალავი - მუდამ ცენტრალურ ფიგურად რჩებოდა. პარტიის წინაშე ჩადენილი ყველა ღალატი, საბოტაჟის ყოველი აქტი თუ ერესი, გოლდსტეინის სწავლებიდან იღებდა სათავეს. ის მუდამ სადღაც იყო და მორიგ შეთქმულებას აწყობდა: შესაძლოა, ზღვის გადაღმა თავისი ხაზინადრების მფარველობის ქვეშ, ან ეგებ - როგორც მოარული ხმები ამბობდნენ - თვით ოკეანიის რომელიღაც სამალავშიც კი... გოლდსტეინი ამჯერადაც თავის შხამიან კრიტიკას აფრქვევდა პარტიის სწავლებათა მიმართ... და ვიდრე გოლდსტეინი ლაპარაკობდა, არავის რომ არ შეჰპაროდა ეჭვი იმ სინამდვილეში, რომელსაც მისი ბრტყელ-ბრტყელი და მაცდუნებელი ლაპარაკი გულისხმობდა, - მის თავს უკან განუწყვეტლივ მოჩანდა ევრაზიული (ევრაზია არის სწორედ ის ქვეყანა, ვისაც ოკეანია ეომება - მ. მ.) ჯარის უსასრულო ნაკადი... ჯარისკაცთა ჩექმების ყრუ და რიტმული ბრახუნი ფონად გასდევდა გოლდსტეინის კიკინა ხმას... "სიძულვილის ორწუთეულის" მთელი საშინელება ის კი არ იყო, რომ მაყურებელს ამ პროცესში მონაწილეობას ავალდებულებდა, არამედ ის, რომ შეუძლებელს ხდიდა მასში ჩაურთველობას... გოლდსტეინის ხმა ნამდვილი ცხვრის ხმაში გადავიდა, მისი სახეც ერთი წამით ცხვრის სახედ იქცა, მერე კი ევრაზიული ჯარისკაცის სახედ გადადნა. ეს დიდი და საშინელი სახე თანდათან წინ წამოვიდა ავტომატის კაკან-კაკანით და ისე მოახლოვდა, გეგონებოდათ, ეკრანიდან უნდა გადმოხტესო. პირველ რიგში მსხდომი მაყურებლები სკამების საზურგეებზე გადაწვნენ... მაგრამ შემდეგ მტრის სახე დიდი ძმის სახედ იქცა, ძალითა და იდუმალი სიმშვიდით აღსავსე სახედ, რომელმაც თითქმის მთელი ეკრანი დაფარა. არავის გაუგონია, რა თქვა. რამდენიმე წასახალისებელი სიტყვა, ბრძოლის გნიასში რომ წარმოთქვა, რაიმეთი კი არ გამოირჩეოდა, არამედ ნდობას აღადგენდა თვით თავისი წარმოთქმის ფაქტით. შემდეგ დიდი ძმის სახე კვლავ გაქრა და ეკრანზე დიდი ასოებით დაიწერა პარტიის სამი ლოზუნგი: "ომი მშვიდობაა!" "მონობა თავისუფლებაა!" "უმეცრება ძალაა!"

ახლა მითხარით, ჰგავს თუ არა აქ აღწერილი სიტუაცია იმას, რასაც ე.წ. "ნაციონალური არხები" გადასცემენ? განა ისინი, განსაკუთრებით ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ყოველდღე სწორედ "სიძულვილის ორწუთეულებს" არ გვიწყობენ?! იქნებ თქვენ ფიქრობთ, რომ რა სიუჟეტებსაც ისინი ივანიშვილის გამოჩენამდე ოპოზიციის სხვადასხვა ლიდერზე, ხოლო ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ მასზე გვთავაზობენ, სხვა რამეა?! პირადად მე განსხვავებას თითქმის ვერ ვხედავ.

ციტატებში დაკარგულები

მახსოვს, ერთხელ მთელი სტატია მივუძღვენი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამახინჯებულ ციტატებს. გახსოვთ, ალბათ, ერთხელ გრიგოლ ორბელიანის სიტყვები: "მიეცით ნიჭსა გზა ფართო" - როგორ მიაწერა შოთა რუსთაველს, ხოლო ანა კალანდაძის ლექსიდან ციტატა: "ლამის სახლში შემოვიდეს, თუთა..." მიაყოლა: "ატმის რტოო, დაღალულო რტოო..."

სააკაშვილის ბაგეთაგან ბევრი სხვა საოცრებაც გვსმენია. ამას უკვე ისე შევეჩვიეთ, აღარც გვიკვირს. ამ მხრივ არც სხვა ქართველი პოლიტიკოსები ბრწყინავენ, მაგალითად, შალვა ნათელაშვილმა აკაკის სიტყვები: "ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!" - ილიას მიაწერა.

იმ პოლიტიკოსთა რიცხვს, რომლებიც "ციტატებში იკარგებიან", უკვე ბიძინა ივანიშვილიც მიემატა. თავის ხანმოკლე (ჯერჯერობით, თორემ ვინ იცის...) პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე მოასწრო და ამ სფეროში ორჯერ შერცხვა - ერთხელ ეკა ბერიძის გადაცემაში, როდესაც ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი დაავიწყდა და მეორედ წინა კვირას, ოთარ მეღვინეთუხუცესის იუბილეზე მისულმა ვერაფრით სწორად რომ ვერ გაიხსენა ილიას სიტყვები. ციტატა სამჯერ შეცვალა და მგონი, ვერც ერთხელ ზუსტად ვერ თქვა...

რა თქმა უნდა, მთავარი ის არ არის, პოლიტიკოსებს ციტატები რომ ავიწყდებათ - ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს და სულაც არ არის აუცილებელი, ესა თუ ის ლექსი ან პოემა ზეპირად იცოდე... მაგრამ  ერთ რამეს ვერ ვხვდები: გამოჩენილი ადამიანების ციტატებით ლაპარაკი რატომ არის სავალდებულო, მით უმეტეს, თუ ამ ციტატებს ვერ იმახსოვრებ?