"მასწავლებლები ბაჩო ახალაიამ წითელ კომისრებად აქცია" - კვირის პალიტრა

"მასწავლებლები ბაჩო ახალაიამ წითელ კომისრებად აქცია"

"დამრიგებლები და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები მანდატურებთან ერთად ავალებენ მოსწავლეებს, მამაშენი რეზერვში გაწევრდესო"

სამეგრელოდან გვაცნობეს, რომ 5 იანვარს ხობში გამართულ საახალწლო ზეიმზე  ხობის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასა და ხობის გამგებელ გოგა ღურწკაიას შორის ჩხუბი მომხდარა, არა, მე უნდა ვიყო ხობში მაჟორიტარობის კანდიდატი, არა - მეო. ეს ყველაფერი კი ბოლოს შეხლა-შემოხლითა და ცემა-ტყეპით დამთავრებულა. ამ ინფორმაციის გადამოწმება სამეგრელოში მცხოვრებ ოპოზიციონერ "დაიცავით საქართველოს" წევრთან, კახა მიქაიასთან ვცადეთ, რომელმაც "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინფორმაცია მოაწოდა:

- ხობის კულტურის სახლის ფოიეში ბუკიასა და ღურწკაიას (რომელიც ყოფილი ზონდერია და იმითაა ცნობილი, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს ზუგდიდში ჩამოსულ გუჯაბიძესა და გუნავას სცემა) შორის ჩხუბი მოხდა. ჩხუბში ჩაერთო საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე და ხობის კუდ-ის უფროსი დიმა ჭაკუა, რომელიც როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელია. ის დათა ახალაიას თავის ძმასთან დავით ჭაკუასთან ერთად (რომელიც ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსია) ეხმარებოდა სამეგრელოში რეზერვის მობილიზაციაში. ჩხუბში დიმა ჭაკუამ ხელი გაარტყა გოდერძი ბუკიას, მაგრამ ეს ცემა-ტყეპა ცრუმანევრი იყო. სამეგრელოში არავინ არაფერს წარმოადგენს, არც ახალი გამგებელი და არც ბუკია. მთავარი ისაა, რომ როლანდ ახალაია აპირებს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრასა და ხობის მაჟორიტარობას.  როლანდ ახალაიას კადრები იქნება ყველგან მაჟორიტარად, თვითონ კი როგორც ხობელი, ხობში იყრის კენჭს. ხობის დღევანდელ მაჟორიტარ გოდერძი ბუკიას არა აქვს ის ძალა, რომ როლანდ ახალაიას დაუპირისპირდეს. ამ შეხლა-შემოხლებით სუფთავდება გზა როლანდ ახალაიასათვის.

სამეგრელოში მცხოვრები მამაკაცების რეზერვში მობილიზაციაც არჩევნებისთვის არის გათვლილი.

- რას უპირისპირებს ამას ოპოზიცია?

- სამეგრელოში ოპოზიცია ფაქტობრივად მკვდარია. ბიძინა ივანიშვილმა დიდი იმედი გააჩინა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ოპოზიციის, პირადად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის უმოქმედობამ ცოტა იმედი გაუცრუა მეგრელებს. სამეგრელოში არჩევნების მოგება ფაქტობრივად ნიშნავს არჩევნებში გამარჯვებას და ამიტომაც აკეთებს სამეგრელოზე აქცენტს მიხეილ სააკაშვილი და სამეგრელოს ეგზეკუტორს, როლანდ ახალაიას ავალებს, უჩვენოს ყველას,  როგორ შეუძლია ხელისუფლებას ოპოზიციის განადგურება. პირველ რიგში სააკაშვილს დაუმტკიცოს თავისი უძლეველობა. ამიტომაც ოპოზიციას დიდი ბრძოლა მოუწევს, რომ სამეგრელოში შიში გატყდეს. შიშის გატეხა კი იმაზეა დამოკიდებული, რას იზამენ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი სამეგრელოში. ძალიან მაშფოთებს შექმნილი ვითარება, რადგან ვიცი, ახალაიების კლანი არ დაიხევს უკან, რადგან თუ არჩევნები წააგეს, ციხეში მოხვდებიან. Aამიტომაც თავგანწირვით იბრძოლებენ.

ყველა მამაკაცი სამეგრელოში ფაქტობრივად უკვე რეზერვის წევრია, დაწყებული ზვიადისტებიGთ, დამთავრებული ყოფილი "ტყის ძმებითა" და ყოფილი "მხედრიონელებით". მათზე გავიდა პირადად ბაჩო ახალაია.

თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის სარდალი კობა ახვლედიანი სკოლებში შეხვდა მშობლებს. აგიტაცია ჩაუტარა, არწმუნებდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კუთხე და ქალაქიო. ვისგან, აღარ დაუკონკრეტებია.

მასწავლებლები ბაჩო ახალაიამ წითელ კომისრებად აქცია, სკოლას კი კომისარიატის ფუნქცია დააკისრა. დამრიგებლები და სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეები მანდატურებთან ერთად ავალებენ მოსწავლეებს, მამაშენი რეზერვში გაწევრდესო. ამით ხდება პოტენციური ამომრჩევლების სრული მობილიზაცია. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ Mმიხეილ სააკაშვილი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის ემზადება.

მე ის მაინტერესებს, როგორ აპირებს ოპოზიცია ახალაიების კლანთან დაპირისპირებას სამეგრელოში, თორემ მიხეილ სააკაშვილი რომ ყველა ხერხს გამოიყენებს ოპოზიციის დასასჯელად, ნათელია. ბედის ანაბარადაა მიტოვებული სამეგრელო.  ყველა ოპოზიციური ლიდერი უნდა ჩამოვიდეს, ერთიანობის და უკომპრომისობის მაგალითი მისცეს მოსახლეობას.  ერთმანეთთან კინკლაობა, დაყოფა, შენ ისა ხარ და ესა ხარო, სააკაშვილის სასარგებლოდ იმუშავებს.

- თქვენ ლევან გაჩეჩილაძის თანამოაზრე და მეგობარი ხართ, ლევან გაჩეჩილაძე პოლიტიკურად პასიურობს. ალბათ, თქვენ მაინც იცით მისი შეხედულება დღევანდელ პროცესებზე.

- მე, ლევანი და ჩვენი მეგობრები ყოველთვის ვიდექით ფრონტის წინა ხაზზე და ყოველთვის დავდგებით. ჩვენ სააკაშვილის ხელისუფლებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის მზად ვართ.

- მაგრამ სააკაშვილთან ბრძოლის ავანგარდში დღეს ბიძინა ივანიშვილია, მასთან თუ აპირებთ თანამშრომლობას?

-  ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას ერთ-ერთი პირველი ლევან გაჩეჩილაძე მიესალმა. ჩემთვის, ლევანისა და ჩვენი მეგობრებისთვის მთავარია ერთი რამ, - ჩვენ კონკურენტად არავის აღვიქვამთ, - ჩვენ სააკაშვილთან ბრძოლაში რიგით ჯარისკაცებად დავდგებით.

დღეს ბიძინა ივანიშვილს დიდი იმედით შეჰყურებს საქართველო, მაგრამ შეინიშნება სკეპტიკური განწყობაც - შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ პარტნიორებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის დამარცხებას? ჩნდება ეჭვიც, ხომ არ არის ეს ყველაფერი იქით მიმართული, რომ ივანიშვილმა სააკაშვილთან ერთად ხელისუფლება გაიყოს. მე ამისი  არ მჯერა, მაგრამ ეს აზრი სამეგრელოში მუსირებს. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე არ არის, ივანიშვილს ძალიან ქმედითი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.