რად დაუჯდათ საჩხერელებს ივანიშვილის სიყვარული - კვირის პალიტრა

რად დაუჯდათ საჩხერელებს ივანიშვილის სიყვარული

რატომ დაემალა საჩხერის გამგებელი "კვირის პალიტრას"

ჯერ კიდევ გასულ კვირას ვწერდით, რომ ძველით ახალ წელს საჩხერეში საზეიმო კონცერტმა არაორდინარულ ვითარებაში ჩაიარა. როცა იმერეთის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჩხერელებს 2012 წლის დადგომა მიულოცეს, ქველმოქმედებით სახელგანთქმული მილიარდერის მხარდამჭერების შეძახილები გაისმა: "გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს!" საპასუხოდ, უცნობმა პირებმა ჭორვილელი ფილანთროპის თავგამოდებული მხარდამჭერები სასწრაფოდ მოაშორეს იქაურობას, უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს და სასტიკად გაუსწორდნენ. ვინ როგორ დაისაჯა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო და რად დაუჯდათ საჩხერელებს ივანიშვილის სიყვარული, "კვირის პალიტრა" ექსკლუზიურ რეპორტაჟში მოგითხრობთ.

"ივანიშვილის ხსენებაც კი აგიჟებს ხელისუფლებას"

ამ ამბის შემდეგ ჩვენ საჩხერეში ჩავედით. ზემო იმერეთის მწირმიწიან სოფლებს სიღარიბე არ ეტყობა. ამ მხარეს მილიარდერის მზრუნველი ხელი ატყვია, რის გამოც \ივანიშვილი საჩხერელებს ოჯახის წევრივით უყვართ. ივანიშვილის სახელის ცუდად ხსენება "ნაციონალური მოძრაობის" საჩხერელი მხარდამჭერებისთვისაც კი სათაკილოდ ითვლება.

ვაჟა გავაშელი, სააქციო საზოგადოება "ქართუს" კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში: "კონცერტზე ახალგაზრდებს  "ქართული ოცნების" კაშნე ჰქონდათ შემოხვეული და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოხსნა მოსთხოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ზონდერბრიგადა ქუთაისიდან იყო ჩამოსული.  ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებიდან რამდენიმე კაცი შეყარეს მანქანაში და მოსთხოვეს, ბიძინა ივანიშვილს შეაგინეთო. ამ კაცით გვიდგას სული, ოჯახებს მისი დახმარებით ვარჩენთ და როგორ შევაგინოთო. "ურჩებს" ქალაქისგან მოშორებით უმოწყალოდ გაუსწორდნენ.  ერთ-ერთს  თავწატეხილი ბოთლით იქამდე ურტყეს, რომ ფეხის ძვალი აქვს დამსხვრეული.

"ქართული ოცნების" კაშნე  თუ მაისური ხელისუფლებას ისე აღაგზნებს, როგორც ხარს წითელი ქსოვილი კორიდაზე. ივანიშვილის ხსენებაც კი აგიჟებს ხელისუფლებას".

რატომ დუმს ადგილობრივი ხელისუფლება?

გასულ კვირას საჩხერის გამგებელმა  ზურაბ ცერცვაძემ "კვირის პალიტრა" რეგიონში მიიპატიჟა, ჭორებზე დაყრდნობით ვერ ვილაპარაკებ, ჩამობრძანდით და სიმართლეს აქ უკეთ გაარკვევთო. საჩხერეში ჩასულებს კი გამგებელი დაგვემალა, ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მესიჯებს აღარ უპასუხა.

კომენტარი ცერცვაძის მოადგილე მალხაზ ლაბაძეს ვთხოვეთ, რომლის მაგიდაზე საბუთებთან ერთად ერთადერთი გაზეთი - "კვირის პალიტრა" იდო (გამგებლის მოადგილის თქმით, ჩვენი გაზეთის ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება). "კომენტარს ვერ გავაკეთებ, უფლებამოსილი პირი არა ვარ, ვინც დაგპატიჟათ, იმასთან მიბრძანდით!" - გამოგვიცხადა მან(?!). აშკარა იყო, მალხაზ ლაბაძეს ამ თემაზე საუბარი აკრძალული ჰქონდა.

უცნაური სპეცოპერაციის დეტალები

წინა ნომერში რამდენიმე დაზარალებულის გვარი დავასახელეთ. ესენი არიან: ზვიად ბრეგვაძე, დათო კიკნაძე, ავთანდილ მაჭარაშვილი, იმედა ჭიღლაძე, გიორგი აბრამიშვილი. ჩამონათვალი არასრულია. "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა თქმით, ძველით ახალ წელს ქუთაისის უშიშროების თანამშრომლებმა დაახლოებით 15 საჩხერელს სცემეს, განსაკუთრებით იმათ გაუსწორდნენ, ვინც ბიძინა ივანიშვილის შეგინებაზე უარი თქვა. ოპერაცია კოდური სახელწოდებით - "შეაგინე ბიძინას" დაახლოებით  ღამის ორ საათამდე გაგრძელდა. დაზარალებულთა შორის 17 წლის მოზარდიც არის, სახელად დათო (გვარს მისივე თხოვნით არ ვასახელებთ). ჩვენ მის ოჯახს ვესტუმრეთ.

დათო:

- იმერეთის გუბერნატორმა რომ მიულოცა ხალხს, სწორედ მაშინ დავიძახე, ბიძინას გაუმარჯოს-მეთქი და "ქართული ოცნების" კაშნე გავშალე. მაშინვე თავზე  დამადგნენ უცნობი პირები, ჩამტენეს თეთრ "ოპელ ასტრაში", სახელმწიფო სერიითა და ნომრით "იურ-535". ჯერ მკითხეს, ფული ვინ გადაგიხადაო. არავინ! ყველაფერი საკუთარი ინიციატივით გავაკეთე-მეთქი, ვუთხარი. დამარტყეს და მითხრეს, ბიძინას შეაგინეო.

თან ტელეფონით მიღებდნენ. ჯერ თავი შევიკავე, ვითხოვე, მოძღვართან დამარეკვინეთ-მეთქი. მინდოდა, მისთვის შენდობა მეთხოვა. ტელეფონი წამართვეს და მცემეს. ამის შემდეგ იძულებული გავხდი, შემეგინებინა, რაც მოგვიანებით მოძღვართან მოვინანიე.

- როგორც გავიგე, მამა მღვდელი გყოლია.

- კი, საგარეჯოს ეკლესიაში წირავს.

- რატომ უჭერ მხარს ბიძინა ივანიშვილს?

- იმიტომ, რომ ნაღდი ქართველი კაცია. სექტემბერში სრულწლოვანი გავხდები  და ხმას აუცილებლად მივცემ.

- მოძალადეებმა თუ იცოდნენ, რომ არასრულწლოვანს სცემდენენ?

- კი, ვიდრე მანქანაში ჩამსვამდნენ, ასაკი მკითხეს.

დათო მოძალადეებმა "ნივაში" გადასვეს და ქუთაისისკენ გაუყენეს გზას. მალე მათთან სატელეფონო ზარი გაისმა და არასრულწლოვანი ისევ საჩხერეში დააბრუნეს, ამასთან, უთხრეს, რაც მოხდა, არავისთან თქვაო.

დათოს ბაბუა: "ბიძინასთვის თავს გავწირავ, ფეხის ოპერაცია მისი წყალობით გამიკეთეს. დიდი ხნის განმავლობაში მამამისთან ერთად ვმუშაობდი, ვმეგობრობდით. თვითონ ბიძინა პირველად ტელევიზიით ვნახე, არასოდეს შევხვედრივარ.

მაგრამ რა დიდი ცოდნა უნდა იმას, რომ საჩხერეს თან გადაჰყვა.  პატივისცემით თუ არ უპასუხებ, ხომ არ უნდა აგინო?! ვინ მიყვარდეს და ვინ არა, ვინ მიბრძანებს?!"

ძველით ახალი წლის ღამეს ყველაზე მეტად ზვიად ბრეგვაძე დაზარალდა. მოძალადეებმა იგი რკინიგზის სადგურთან, უკაცრიელ ადგილას მიიყვანეს და სასტიკად სცემეს, თავწატეხილი ბოთლი ფეხებში ურტყეს, რის გამოც მუხლი და წვივი დაუშავდა. დაზარალებულს საჩხერის საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება გაუწიეს. რასაკვირველია, ბრეგვაძემ მედპერსონალთან დამალა, რომ სცემეს. მან თანასოფლელებს უამბო, რაც მოხდა, მისი საუბარი კი ფარულად გადაიღეს. ვიდეოფირის გავრცელების შემდეგ კი ბრეგვაძე, ისევე როგორც დაზარალებულთა უმეტესობა, დაიმალა.

ბრეგვაძეების ოჯახს ვესტუმრეთ და ზვიადის დედას, ლამარა ბრეგვაძეს გავესაუბრეთ: "ჩემი შვილი ღამის სამ საათზე რომ მოიყვანეს, შარვალი გადახეული, წვივი კი გასისხლიანებულ-დაჩეჩქვილი ჰქონდა. ლამის გული წამივიდა.

- ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისთვის მოხდა?

- დიახ, ბიძინა ივანიშვილს ვუჭერთ მხარს! "ნაციონალური მოძრაობიდან" არავინ დავინახო აქ მოსული, თორემ თავს შევაკლავ! პრეზიდენტმაც რომ ჩამოიაროს, იმავეს ვეტყვი.

ეს სამარცხვინო ამბავი არ უნდა მომხდარიყო საჩხერეში! ეს შინაომია, სტალინის  დროს არ ყოფილა ასე.

ერთ-ერთი დაზარალებულის ახლობელი ზაზა ზაბახიძე: "ზვიად ბრეგვაძესთან ერთად  კიდევ ორ კაცს სცემეს. ერთ-ერთი სამი შვილის მამაა. მითხრა, ბიძინას შეგინებას მთხოვდნენ, რომ არ შევაგინე, მცემესო.

ამ კაცს მცირე ბიზნესი აქვს და ხმა რომ ამოიღოს,  წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ?!".

"კვირის პალიტრა" საჩხერეში  მაჭარაშვილების ოჯახსაც ესტუმრა. ავთანდილ მაჭარაშვილის მამამ, დავით მაჭარაშვილმა გვითხრა, ავთო სახლში არ არის და შეიძლება არც მოვიდეს, თბილისში  უნდა წასულიყოო. აშკარაა, ბატონი დავითი ჟურნალისტთან საუბარს გაურბოდა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილისთვის მხარდაჭერის გამოუხატველობა, როგორც რიგით საჩხერელს, უმადურობად მიაჩნია. "ალბათ, ახლა მეც მომადგებიან", - ამოიოხრა გლეხკაცმა.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საჩხერელებს წინ რთული არჩევნები ელით. არა  იმიტომ, რომ მათთვის პოლიტიკური არჩევანის გაკეთება ძნელია, არამედ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი შესაძლოა ანგარიშსწორების ობიექტი აღმოჩნდეს.

"ნებაყოფლობითი რეზერვი"

სავარაუდოდ, ნებაყოფლობითი რეზერვი საჩხერეშიც შეიქმნება, რაც "ქართული ოცნების" გულშემატკივრებს სახიფათოდ ეჩვენებათ.

ვაჟა გავაშელი: "ვიღაცას გახურებულ თავში მოსახლეობის შეიარაღების იდეა მოუვიდა და საჩხერეში უკვე "დესანტიც" გადმოსხეს. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის წარმომადგენლები

საჩხერის სოფლებში დადიან და უმუშევრად დარჩენილ ხალხს ეუბნებიან, გვინდა, ადგილობრივი შენაერთები შევქმნათ, მოხალისეები გავწვრთნათ და საჭიროების შემთხვევაში იარაღი დავურიგოთო. ეტყობა, ამ ხალხს არჩევნების წინ შეკრებენ და მათ ნაცვლად ჩაყრიან ბიულეტენებს".

ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში სოფელ სხვიტორის სკოლაში შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოსახლეობას მართლაც შეხვდნენ. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთაგან (სულ სამნი იყვნენ) ორი  მათგანი (ეროვნული გვარდიის დეპარტამენტიდან) რატი წაქაძე და ტარიელ ლონდარიძე ვიცანით. მათ ნებაყოფლობითი რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"მოსახლეობა მომზადდება სამხედრო თვალსაზრისით. სახლში ფორმის სრულ კომპლექტს გავატანთ. იარაღი იქნება დალუქული, ვთქვათ, პოლიციის შენობაში ან სადმე სხვაგან. ღმერთმა ნუ დაგვაჭირვოს, მაგრამ თუ მაინც საჭირო გახდა, იარაღი გაიცემა სპეციალური ნებართვით რეზერვში ნებაყოფლობით ჩარიცხულ პირზე. მოსახლეობა უნდა იყოს მომზადებული არა მხოლოდ გარეშე საფრთხეებისგან საკუთარი სოფლის, ოჯახის დასაცავად, არამედ  ნებაყოფლობითი რეზერვის მობილიზება დაიწყება სტიქიური უბედურებების, ავიაკატასტროფების და სხვა კრიზისული სიტუაციის შემთხვევაშიც. ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტიანია ცივილიზებულ ქვეყნებში", - ბრძანა ტარიელ ლონდარიძემ. მან ისიც დააზუსტა, რომ ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა შიდაპოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ნებაყოფლობითი რეზერვი არა მხოლოდ  საზღვრისპირა რეგიონებში ან კონფლიქტის ზონის ტერიტორიულ ერთეულებში, არამედ უკლებლივ ყველა ქალაქსა და სოფელში შეიქმნება.

P.S. ძნელია თქმა, სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით - "შეაგინე ბიძინას!" საჩხერეში დასრულდა თუ არა. იმედია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქეები პოლიციაში ან სხვა ობიექტზე დალუქულ იარაღს (ხელმისაწვდომობის შემთხვევაში) ერთმანეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)