”ეს ანგარიში შეფასების მინიმუმია, რაც ქართულ სინამდვილეში ხდება” - კვირის პალიტრა

”ეს ანგარიში შეფასების მინიმუმია, რაც ქართულ სინამდვილეში ხდება”

ევროკომისარ თომას ჰამერბერგის დასკვნის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული დარღვევების შესახებ  დასკვნას აქვეყნებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი. პარალელურად "ფრიდომ ჰაუსიც"  ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყნად  მოიხსენიებს. Human Rights Watch-ის ანგარიშში მოყვანილია პოლიციელთა ძალადობის, შეკრების თავისუფლების, ადმინისტრაციული პატიმრობის, შრომის უფლებების დარღვევის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები და სისხლის სამართლის სისტემაში არსებული უმძიმესი დარღვევები.

ფაქტი #1

"საქართველოს ხელისუფლებამ 2011 წლის 26 მაისს, ისევე, როგორც გასულ წლებში, შეკრების უფლება დაარღვია, - ოფიციალური მიტინგის ვადის ამოწურვიდან 15 წუთში ანტისამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციელები დაედევნენ მიტინგის მონაწილეებს, ზოგიერთს სცემეს, მათაც კი, ვისაც მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაახლოებით 160 მოქალაქე დააკავეს. პოლიციელებმა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს; დაახლოებით ათ მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და ორი დააპატიმრეს. პრესის ზოგიერთ წარმომადგენელს საიდენტიფიკაციო ბარათები წაართვეს, აპარატურაც დაუზიანეს ან ჩამოართვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის მიტინგზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით 90-ზე მეტ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა 30 დღემდე ვადით. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს დაეყრდნო და ყურადღებაც არ მიუქცევია ბრალდებულების ჭრილობებისა თუ დაზიანებებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 პოლიციელს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ოთხი მათგანი გაათავისუფლა სამსახურიდან მიტინგის მონაწილეებთან გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, მაგრამ ხელისუფლებას არ გამოუძიებია ცუდად მოპყრობის ფაქტები. მას არც ადრინდელი შემთხვევები შეუსწავლია, მაგალითად, ძალის გადამეტებით გამოყენებისა და სხვა სახის უკანონობის ფაქტები 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევისას, როცა სულ ცოტა 500 კაცი დაშავდა; ან 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები, როცა პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილ ოპოზიციის 50-მდე მომხრეს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და როცა 17 კაცი დაშავდა".

ირინა ფუტკარაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია  "საზოგადოებრივი დამცველის" ხელმძღვანელი: Human Rights Watch-ის ანგარიშში ბევრი საყურადღებო ფაქტია მოყვანილი, მათ შორის ძალზე მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების საკითხი. ჩვენს ქვეყანაში ადმინისტრაციულ სასჯელებს ისე აკისრებენ მოსამართლეები მოქალაქეებს, რომ ფაქტობრივ გარემოებებს არც განიხილავენ და მხოლოდ პოლიციელთა სიტყვიერ განმარტებებს ენდობიან. ამიტომაც გამოაქვთ უზნეო, უკანონო გადაწყვეტილებები. ეს ამაზრზენი რეალობა არ შეიძლებოდა, არ ასახულიყო ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის ანგარიშში, რადგან ადმინისტრაციული პატიმრობა ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა".

ფაქტი #2

"მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადვოკატის უფლებას, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ ამ უფლებით. ადვოკატებს არასაკმარისი დრო აქვთ (როგორც წესი, 10-15 წუთი) ადეკვატური დაცვის მოსამზადებლად. გარდა ამისა, ბრალდებულებს ხშირად არა აქვთ სასამართლოში მტკიცებულების წარდგენის ან მოწმის გამოძახების საშუალება. ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული პირები სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით მოთავსების იზოლატორებში იხდიან, სადაც არ არსებობს შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ ადამიანმა 72 სთ-ზე მეტი დაყოს".

მანანა კობახიძე, საზოგადოებრივი დამცველი: "მიუხედავად იმისა, რომ ჰუმან რიგჰტს წატცჰ-ის ანგარიშში ქვეყანაში არსებული ვითარების მთელი სიმძიმე ვერ არის ასახული, ხელისუფლებამ მის ობიექტურობაში ეჭვის შეტანა ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების პირით გადაწყვიტა. ჰუმან რიგჰტს წატცჰ-ის ანგარიში არასანდო დოკუმენტი ყოფილა. ასეთად "თავისუფლების ინსტიტუტმა" და არასამთავრობო ორგანიზაციამ "კოალიცია ევროპული საქართველოსთვის" მონათლეს. მთავრობამ კი ეს ანგარიში საერთოდ გააბიაბრუა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თურმე ასეთი კვლევები ამერიკასა და ევროპის ქვეყნებშიც ტარდება. ის კი აღარ უთქვამს, დემოკრატიის ხარისხი როგორია ამ სახელმწიფოებში. ეს ანგარიში სახალხო დამცველის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ევროკომისარ თომას ჰამერბერგის ანგარიშებსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს ზედმიწევნით ემთხვევა. თუ სახალხო დამცველის ანგარიშს არ ენდობიან, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არ მოსწონთ, Human Rights Watch-ის ანგარიშს სუბიექტურს უწოდებენ, ჰამერბერგის ანგარიშს - გაუწონასწორებელს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შეფასებებს არაობიექტურს, გამოდის, მხოლოდ ჩვენი მთავრობა ყოფილა ჭეშმარიტების მექა! Human Rights Watch-მა რომ თქვას, საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ჰყავსო, მაშინ ხომ იქნება კომპეტენტური და ობიექტური ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში?"

ფაქტი #3

"საქართველოში ციხეების გადატვირთულობა კვლავ პრობლემაა. სახალხო დამცველის სამსახურმა გამოავლინა ციხეებში პატიმართა შევიწროების არაერთი ფაქტი. მაგალითად, ქუთაისის #2 საპყრობილეში თავისუფლებააღკვეთილ პირებს 24 საათამდე პერიოდის გატარება უწევთ 2-3 კვმ ფართობის ცარიელ საკანში, მხოლოდ საცვლების ამარა. სახალხო დამცველმა პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა".

ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის: "ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ზღვაში წვეთია იმასთან, რაც ქვეყანაში ხდება. საქართველოს მოქალაქეების ყოფა დღითი დღე გაუსაძლისი ხდება. ხელისუფლება ყოველდღიურად ახდენს გაუგონარ საკანონმდებლო ცვლილებებს, ციხეებში ხოცავს ადამიანებს და ეს ასახული არ არის ამ მოხსენებაში.

Human Rights Watch-ს არ შეეძლო ვითარების უფრო ლოიალურად ასახვა. ეს ანგარიში იმ შეფასების მინიმუმია, რაც დღეს ქართულ სინამდვილეში ხდება. ევროსაბჭოს სხდომას, ალბათ, ყველამ უყურა. ყველამ დაინახა, რამხელა ყურადღება დაუთმეს და მნიშვნელობა მიანიჭეს იმას, რომ მოსკოვში, 20-მილიონიან ქალაქში, საპროტესტო აქციაზე 50 000 კაცი გამოვიდა. თურმე ეს ხალხის ხმა  და ხალხის წუხილი იყო.

თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ვკითხო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას: ბატონებო, როდესაც მილიონნახევრიან თბილისში 300 000 კაცი გამოვიდა, არ იყო ხალხის ხმა და წუხილი? რატომ ხუჭავთ თვალს იმ გაუგონარ უმსგავსობებზე, რაც საქართველოში ხდება?

საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში პატიმრების რაოდენობით, ნუთუ საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა დაინტერესდნენ, რა ხდება ამ პატარა ქვეყანაში?

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ, ყველაფერს გააკეთებინებს დასავლეთი, ამერიკა თუ რუსეთი. სწორედ ამას ეწირება ქართველი ხალხის ინტერესები. საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგი სტანდარტიც ამის შედეგია!

ნუ აყრით თვალში ნაცარს ქართველ ერს! ამ ხალხთან ხუმრობა არ შეიძლება, არც მისი მოტყუება მოუხერხებია ვინმეს! ამ ანგარიშში საქართველოში არსებული ვითარების შეფასება კარიკატურულია! მოხვდა მხოლოდ ის მძიმე ფაქტები, რომელთაც Human Rights Watch-ი გვერდს ვერ აუვლიდა. რატომ უნდა აგოს ქართველმა ხალხმა პასუხი დასავლეთის ჩავარდნილ პროექტზე? "ვარდების რევოლუცია" ჩავარდნილი პროექტია და იმის გამო, რომ დასავლეთს ამის აღიარება არ უნდა, ქართველი ხალხი უნდა გაწიროს? ბოლოს და ბოლოს, თქვით სათქმელი, გაწყდა მოთმინების ძაფი!"

ფაქტი #4

"მედიაგარემო კვლავ არაერთგვაროვანია, მრავალფეროვანი ბეჭდური მედიით, მაგრამ შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით. ქვეყანაში არის მხოლოდ პროსახელისუფლებო საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2" და "იმედი". პოზიტიური ნაბიჯი იყო პარლამენტის მიერ აპრილში კანონპროექტის მიღება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, გამოაქვეყნონ ინფორმაცია მფლობელების შესახებ. პოლიციამ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ოთხი ფოტოჟურნალისტი. საქმე კლასიფიცირებული იყო როგორც "საიდუმლო" და მტკიცებულებები არ გასაჯაროებულა. სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ჯგუფი ამ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა, სავარაუდოდ, 26 მაისის მოვლენების გაშუქებისთვის სასჯელად.

ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო საქართველოს უმსხვილესი მედიაჯგუფ "პალიტრამედიის" კუთვნილი რამდენიმე კომპანიის არაგეგმური საგადასახადო შემოწმება. ეს ჯგუფი ასევე ფლობს რამდენიმე გაზეთს, მათ შორის პოპულარულ ყოველკვირეულ გაზეთ "კვირის პალიტრას", რადიოსადგურს, რამდენიმე ჟურნალს, ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსსა" და ინტერნეტტელევიზია "Palitra TV"-ს. მედიასაშუალებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ აუდიტის მიზანი იყო "პალიტრამედიისთვის" ანგარიშის გასწორება 26 მაისის მოვლენების გაშუქების გამო".

მანანა კობახიძე: "ის, რომ მედიის პრობლემები ამ ფორმით არის ასახული ანგარიშში, სიტუაციის სერიოზულობაზე მიუთითებს. რადგან ბეჭდურმა მედიასაშუალებებმა უკან არ დაიხიეს, ჟურნალისტები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად აშუქებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლებამ მათ ბრძოლა გამოუცხადა. ქვეყანაში პრობლემაა ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. პრესის ჯიხურების აღება, "პალიტრამედიის" ერთდროულად ექვს ორგანიზაციაში საგადასახადო ორგანოს შესვლა თავისუფალი სიტყვის  ჩახშობის მცდელობაა,  რაც აისახა კიდეც Human Rights Watch-ის ანგარიშში".