"ჩვენ ვფიქრობთ პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვფიქრობთ პატიმართა რაოდენობის შემცირებაზე"

"საჩხერეში მომხდარ ინციდენტზე არაფერი მსმენია"

"მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო წელს აუცილებლად მიიჩნევს ესაუბროს ქართველ კოლეგას"

"საჩხერეში მომხდარ ინციდენტზე არაფერი ვიცი, რადგან საქართველოში არ ვიყავი. მეც საჩხერელი ვარ და თუ ვინმეს ამბის მოტანა უნდოდა, მომიტანდა. ეტყობა, თვითონ არკვევენ ამ ამბავს", - გვითხრა პარლამენტის ვიცე-სკიპერმა მიხეილ მაჭავარიანმა, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე ვესაუბრეთ:

- "კვირის პალიტრის" ამ ნომერში, სადაც თქვენი ინტერვიუც დაიბეჭდება, არის რეპორტაჟი საჩხერიდან. დაზარალებულები ჰყვებიან, როგორ გაუსწორდნენ მათ ზონდერები იმისთვის, რომ დაიძახეს, ბიძინა ივანიშვილს გაუმარჯოსო.

- არაფერი ვიცი, თორემ გეტყოდით.

- რადგან საჩხერე ივანიშვილის მშობლიური რაიონია, ალბათ, იქ განსაკუთრებული ძალისხმევით იბრძოლებს ხელისუფლება გამარჯვებისთვის.

- ჩვენ არ ვჩერდებით და მუდამ საარჩევნო რეჟიმში ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი გამარჯვების ფორმულა. ვიმარჯვებთ იმიტომ, რომ იმ პრობლემების ადეკვატური ვართ, რომლებიც ხალხს აქვს.

- როდესაც დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებზე ლაპარაკობთ, გულისხმობთ, რომ არ იქნება განსხვავებული მოსაზრების გამო მანქანაში ხალხის ჩატენვა და ფეხების დამტვრევა?

- არჩევნები ნორმალურ გარემოში ჩატარდება. ვიმეორებ, მე არა მაქვს ინფორმაცია საჩხერეში მომხდარ ფაქტზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩხერელი ვარ, ჩემთვის ამ ინციდენტის გამო არავის მოუმართავს.

- Human Rights Watch-ის დასკვნაში ბევრი კრიტიკული შეფასებაა საქართველოს შესახებ. კერძოდ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ევროპაში პირველია პატიმრების რაოდენობით; დასკვნაში ასევე წერია, რომ საქართველოში მედია იზღუდება და ა.შ.

- საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას დიდ ყურადღებას ვუთმობთ. ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა შენიშვნას დეტალურად შევისწავლით და შესაბამისი რეაგირებაც იქნება. მახსოვს "კვირის პალიტრის" გამო თქვენი აღშფოთებული ტონი და მე გითხარით, "კვირის პალიტრას" არაფერი ემუქრება, გაზეთი გააგრძელებს გამოსვლას, თუ ფინანსური პრობლემა არ ექნება, არავითარი სანქცია არ გემუქრებათ-მეთქი, ხომ მართალი აღმოვჩნდი?!

- მაგრამ "პალიტრამედიის" შემოწმება ჯერ არ დასრულებულა, გაურკვეველი ვადით შეჩერდა.

- დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არც ბეჭდვასა და არც გავრცელებაში პრობლემა არ შეგქმნიათ.

- გავრცელებას როგორ არ შეექმნა პრობლემა, როდესაც ქალაქში პრესის ჯიხურები აიღეს.

- მერიისაგან ამ საკითხზე ძალიან დამაჯერებელი ახსნა-განმარტება მივიღე. როდესაც თამაშის ახალი წესები დგება, ის ყველაზე უნდა გავრცელდეს. თქვენ უნდა იყოთ კონკურენციის მომხრე მედიაშიც, პოლიტიკაშიც, ვაჭრობასა და ყველა სფეროშიც.

- ჩვენც სწორედ მონოპოლიის წინააღმდეგი ვართ და თანაბარ პირობებს ვითხოვთ.

- გავეცანი პრესის გამავრცელებელთა ასოციაციისა და მერიის არგუმენტებს და მერიის არგუმენტები გაცილებით დამაჯერებელია. გაზეთის გავრცელება ხომ ფილანთროპია არ არის? ბიზნესია და თქვენი ჰოლდინგის მაგალითი აჩვენებს, რომ სერიოზული ბიზნესია. ხომ გახსოვთ, დასადგამ სტენდებზე რომ ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ ეს პრობლემაც ხომ გადაწყდა? არის სტენდებიც, არის ჯიხურებიც. საგამომცემლო სახლს თუ უნდა, ჯიხური ჰქონდეს.  გარდა გაზეთისა, ჯიხურში სხვა სახის პროდუქციაც შეიძლება გაიყიდოს და ამან მის მფლობელს კარგი შემოსავალი მისცეს.

- პრესის გავრცელებაში უამრავი პრობლემაა, მაგრამ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ. პატიმართა რაოდენობის მიხედვით საქართველო რომ პირველ ადგილზეა ევროპაში, ამას რით ახსნით? ნუთუ ქართველები ყველაზე კრიმინალური ერი ვართ?

- ეს არ არის იმის სიმპტომი, რომ ჩვენ ყველაზე კრიმინალური ერი ვართ. ეს იმის სიმპტომია, რომ თავის დროზე დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ კრიმინალურ მენტალიტეტს. 10 წლის წინ ძველბიჭობა და ფრაზა "ქუჩის აკადემია მაქვს დამთავრებული", მაგარ კოზირად ითვლებოდა ყველა დონის ადამიანისთვის, იქნებოდა ხელოვანი თუ პოლიტიკოსი. ჩვენ ამ მენტალიტეტთან ბრძოლა უნდა დაგვეწყო, უამისოდ შეუძლებელი იყო უსაფრთხო გარემოს შექმნა. ვერ შევეგუებოდით, რომ ადამიანებს ღამით ძარცვავდნენ. იმედია, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ დანაშაულთან ბრძოლაა საჭირო და არა მათ ტრადიციებზე ბავშვების გაზრდა. გასაგებია ეს  კრიტიკული შეფასება, ყველაფერს სათანადოდ გავაანალიზებთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვფიქრობთ პატიმართა რაოდენობის შემცირებაზეც. ისეთი გრძელი სია შეწყალებულებისა, როგორიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებში არა მგონია, იყოს. დანაშაულთან შეურიგებლობა უფრო სწორი პოზიციაა, ვიდრე მასთან შეგუება.

- 30 იანვარს საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისგან რას ელით?

- ბევრი ექსპერტის შეფასება და პროგნოზი წავიკითხე ამ თემაზე. დაწყებული 2004 წლიდან მათი კრიტიკული პროგნოზის დიდი ნაწილი არ სრულდებოდა. სულ მესმოდა, ახლა წავლენ, ახლა დაემხობიან, ჩამოიშლებიანო და  ახლაც პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ, მაგრამ მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ: ამერიკა საქართველოს განიხილავს როგორც პარტნიორს და ეს თქვა კიდეც რუსეთში დანიშნულმა აშშ-ის ახალმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა: არანაირი საკითხები რუსეთთან გადატვირთვის კონტექსტში საქართველოზე არ გაიცვლებაო. აშშ ჩვენი უპირველესი პარტნიორია. ალბათ, ამ შეხვედრაზე საუბარი იქნება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებაზე, ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებზეც მსჯელობა აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებს საჭიროდ მიაჩნიათ. თვითონ იმით, რომ ეს არის ოფიციალური ვიზიტი, ბევრი რამ არის ნათქვამი.

- რა არის ნათქვამი?

- რომ საქართველოს პრეზიდენტს იღებენ იმ პატივით, როგორითაც მიიღებდნენ ძალიან დიდი ქვეყნის პრეზიდენტს. საქართველო პატარაა ტერიტორიით, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საარჩევნო წელს აუცილებლად მიიჩნევს ესაუბროს ქართველ კოლეგას. საქართველოს პრეზიდენტს ბევრი საკითხი აქვს მომზადებული, რომელიც უნდა განიხილოს აშშ-ის პრეზიდენტთან. საბოლოოდ ეს პოზიციები შეჯერდება და ჩამოყალიბდება ერთი.

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაქვეყნა ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner Research-ის კვლევის შედეგი, სადაც კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, მოსახლეობის 65% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს, "ქართულ ოცნებას" - 25%, ქდმ-ს - 4%, ლეიბორისტებს, ალასანიას გუნდსა და რესპუბლიკელებს - 1%. ფიქრობთ, რომ თქვენი პარტია არჩევნებზე ამხელა პროცენტს აიღებს?

- ეს კომპანია "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორია 2008 წლიდან, ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა და მას ვენდობით. შედეგი კი მაშინ იქნება კარგი, როდესაც ჩვენი მოქალაქეების პრობლემების ადეკვატურები ვიქნებით. ალბათ, დამიდასტურებთ, რომ ვინც დღეს აქტიურობს, ეს პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობაა".

დასასრულ, დავძენ, - ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ და სამართლიან საარჩევნო გარემოს. ეს ხელისუფლების ინტერესშია.