მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ერთი სურათით მოგვრილი ფიქრები

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ბუბა კიკაბიძეზე ასე წერა მომიწევდა. ბავშვობაში ეს კაცი ძალიან მომწონდა. მაგალითად, მომწონდა, რომ იგი, მიუხედავად რუსეთში ცხოვრებისა, ბევრი ქართველის მსგავსად ძალად არ ცდილობდა რუსულად უაქცენტოდ ელაპარაკა (ვერასოდეს ვხვდებოდი, "სვეტსკი" ქართველების უმეტესობა ტყავიდან რატომ ძვრებოდა და რატომ ცდილობდა რუსულად რუსივით ლაპარაკს). აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი რომ დატოვა და სხვა იქ მოღვაწე ქართველი მომღერლების მსგავსად თავი არ იმართლა, რა ვქნა, ოჯახი მყავს სარჩენიო,  აღვფრთოვანდი, თუმცა აქ ჩამოსული ხელისუფლებას რომ მიუჩოჩდა, არ მომეჩვენა ღირსეულ საქციელად. ახლა კი უკვე ეჭვიც მეპარება, რუსეთიდან წამოსვლა მართლა გულის ძახილით გადაწყვიტა თუ აქედან გადააწყვეტინეს. თუმცა ახლა ამაზე არ ვწერ. ფოტო, რომელიც ამ სტატიას ახლავს, სოციალურ ქსელებში გამსახურდიას მთავრობის ხელმძღვანელმა, ბესარიონ გუგუშვილმა გაავრცელა და მინაწერიც გაუკეთა: "1992. სისხლისმსმელი ავტომატიანი ინტელიგენცია ვახტანგ კიკაბიძის, იგივე „"მიმინოს"“ თამადობით... თუ სხვას ვისმეს იცნობთ, შეგვატყობინეთ..."

წინა კვირას რამდენიმე ადამინმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა და ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართა ჯაბა იოსელიანის ნეშტის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების თაობაზე. მათი აზრით, მისი ადგილი ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის და სხვების გვერდით არ არის. სიმართლე გითხრათ, მეც ვფიქრობ, რომ მისი ადგილი საზოგადო მოღვაწეთა არც ერთ პანთეონში არ არის, მაგრამ გარდაცვლილის ამოთხრა ეთიკურია თუ არა, არ ვიცი. ვფიქრობ, მკვდრებზე შურისძიებას ჯობს, ცოცხლებს მოვთხოვოთ პასუხი. ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, ერთხელ და სამუდამოდ შეფასდეს 1991-92 წლების მოვლენები და გაირკვეს, მაგალითად, თენგიზ სიგუა გაზეთის ფურცლებიდან "ნატაციებს" უნდა მიკითხავდეს თუ ციხეში უნდა იჯდეს; თენგიზ კიტოვანი მოსკოვიდან ჭკუას უნდა მარიგებდეს თუ ნარებს ხეხავდეს. უნდა გაირკვეს, ვის ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ვის - მორალური და ვის - პოლიტიკური. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანების ერთ ჯგუფს მთელი ქვეყნის დაქცევა და უამრავი ადამიანის გაუბედურება შერჩეს.  მთავარი ის არ არის, პირველმა ვინ გაისროლა და ომის დაწყება ვისი ბრალი იყო. მთავარი ის არის, რომ ეს ომი კრემლში დაიგეგმა. პირველ რიგში სწორედ ეს უნდა გაირკვეს. თუ ეს სიმართლეა, რა გამოდის - ერთ-ერთ მხარეს სხვა ქვეყნიდან მართავდნენ, ის სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებდა, ანუ სამშობლოს ღალატობდა, ჩვენ კი ამის გამო პასუხს არ ვთხოვთ. არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ რა სამართალია, როდესაც ერთ ადამიანს ქვაბის ქურდობას არ ვპატიობთ, სხვას კი ქვეყნის დაქცევას მივუტევებთ. ბოლოს და ბოლოს, ახალმა თაობამ ხომ უნდა იცოდეს, ვისი მაგალითით გაიზარდოს, ვის სცეს პატივი და ვის - არა, ჩემსავით ის ადამიანი რომ არ მოეწონოთ, ვინც მოსაწონი არ არის.

ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ ჩანს - მათ რაღაც მიზეზებით სიმართლის გარკვევა და ყველაფრისთვის სახელის დარქმევა არ უნდათ. მე კი არც ერთ პარტიას ხმას არ მივცემ, რომლისთვისაც 1991-92 წლების მოვლენების შეფასება პრიორიტეტული არ იქნება.

ზებუნებრივ ძალებს თუ მივაწერთ...

გეუბნებით, სააკაშვილს ზებუნებრივ ძალებთან აქვს კავშირი-მეთქი და არ გჯერათ! აბა, როგორ ავხსნათ ის, რაც ახლახან  საქართველოში მოხდა.

ერთდროულად ამდენი საავადმყოფოს გახსნით დაეჭვებულ ქართველ ხალხში ხმა  დაირხა, ყველა თუ არა, ზოგიერთი საავადმყოფო მაინც "სიაფანდზე" იხსნებაო, ზოგან აპარატურა პრეზიდენტის ვიზიტის დღისთვის ჩააქვთ და მერე იქიდან ისევ მიაქვთო, იმ ახალგახსნილ საავადმყოფოებში სიძვირეა და კაცი ვერ შედის, ამიტომ პრეზიდენტს ქუჩიდან ძალით შეყვანილ ჰალსტუხიან პაციენტებს ახვედრებენო...

ჰოდა, სწორედ ყველა ამ ჭორის თუ ეჭვის გასაბათილებლად ლაგოდეხის ახლად გახსნილ კლინიკაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში 10 ბავშვი დაიბადა. ერთ დღე-ღამეში ამდენი ბავშვი, ალბათ, თბილისის ყველაზე დიდ სამშობიაროში არ იბადება და თუ არა ზებუნებრივი ძალების ჩარევას, რას მივაწეროთ ეს მოვლენა?

მთავარი საქმე ზებუნებრივმა ძალებმა გააკეთეს, დანარჩენი კი მიშას აღარ შეეშლებოდა - მეორე დღესვე ლაგოდეხში გაემგზავრა და ათივე ბავშვი ინახულა, მოეფერა, მიუალერსა და უკეთეს საქართველოში ცხოვრებას დაჰპირდა. ბოლოს არც იმას მოერიდა, რომ ეს ახალმოლოგინებული ქალები ლოგინებიდან წამოეყარა და სურათი გადაეღო.

რა შეიძლება ახლა მას ვუწოდო - "ერის მამა", უფრო სწორად - "ქართლის მამა"...  მომეხმარეთ, თქვენც შეგიძლიათ, რაიმე მოიფიქროთ.

სომხეთმაც კი გვაჯობა

ახლო წარსულში ზვიად გამსახურდიას თანამოაზრე, დღეს კი ხელისუფლების მედროშე ნუგზარ წიკლაური ისეთ განცხადებებს აკეთებს, კაცს შეიძლება ძარღვებში სისხლი გაეყინოს. აი, მისი ერთ-ერთი კომენტარი: ""კერძო გაზეთების, ტელევიზიების საქმიანობაში ჩარევა არის პირველი ნიშანი იმისა, რომ უარი ვთქვათ დემოკრატიაზე. ქართული სახელმწიფო ამას არ იზამს"." ეს რომ წავიკითხე, ჯერ გავცივდი, მერე გამაძაგძაგა, მთლად გავლურჯდი, ბოლოს კი სერიოზულად შევშინდი, მოლანდებები ხომ არ დამეწყო-მეთქი. თან ვფიქრობდი, ლოთი მე არ ვარ, "თეთრი ცხელება" რომ დამმართნოდა და ნუთუ კორპორაციულ ქეიფზეც არ უნდა დამელია? ბოლოს რეალობაში "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციამ დამაბრუნა: "პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონის ლიდერი აღარ არის. ამგვარი შეფასება დაფიქსირდა ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2011-2012 წლის ანგარიშში... იქვეა მინიშნება, რომ საქართველოს მაჩვენებელი შემცირდა. მეზობელი სომხეთის მაჩვენებელი კი გაიზარდა და მან 77-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ახლა იმასღა ვდარდობ, სომხებს როგორ მივეცით საბლატაო!