ნუგზარ რუხაძის სვეტი - კვირის პალიტრა

ნუგზარ რუხაძის სვეტი

თუ მივიჩნევთ, რომ ამერიკული პოლიტიკური პარადიგმა საქართველოს პერსპექტივაა და მისი მომავალი კეთილდღეობის ერთ-ერთი შესაძლებლობა, მაშინ ქვემოთ ნათქვამზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.

ტკივილში შობილი

ვინ თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახალგაზრდა ქვეყანაა? მხოლოდ ის იტყოდა, ვინც არ იცის, რა ხნისაა რესპუბლიკა და დემოკრატია ამერიკაში. ვინ თქვა, რომ ამერიკის ქუჩები რძის და თაფლის ნიაღვრებს მიაქვს? და რომ დოლარს ამ მიწაზე ხეები ისხამს ხასხასა მწვანე ფოთლად? ალბათ, ვინც არ იცის, თუ რა ტკივილშია შობილი ეს დიადი ერი! ვინ თქვა, რომ ამერიკელი ხალხი ყოველთვის ისეთი თავისუფალი და ბედნიერი იყო, როგორიც ახლა ჩანს. ალბათ, ვისაც არასოდეს წაუკითხავს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, ატლანტის ოკეანის გასწვრივ პირველ ქრისტიან მოსახლეთა თავგადასავალი და არაფერი სმენია იმ უმკაცრეს და უსამართლო რელიგიურ წეს-ჩვეულებებზე, რომლის მიხედვითაც ისინი ცხოვრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში!

ამერიკა და მისი დღევანდელი აყვავებული ცხოვრება უკანასკნელი ოთხი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა და იწრთობოდა, ამ 400 წლიდან ერთი დღეც კი არ უცხოვრია გადარჩენისთვის უმძიმესი ბრძოლის გარეშე. თითქმის 250-წლიანი ამერიკული პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც დღესაც ჯანსაღად და ეფექტურად მოქმედებს, მისმა დამფუძნებელმა მამებმა მაშინ შექმნეს, როცა მტერთან ჭიდილში ღონემიხდილი ქართველი მეფე სასოწარკვეთით უქნევდა მუჰამედის შთამომავალს თავის უკვე პირნაცვეთ მახვილს. მაშინ როდესაც თომას ჯეფერსონმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი შექმნა, ზოგადსაკაცობრიო იდეალების ფრთხილი მოშველიებით და ჯეიმს მედისონმა ერის ბედზე დაფიქრებულ ამერიკელ ხალხს ქვეყნის კონსტიტუციის პროექტი შესთავაზა სამსჯელოდ, თავზარდაცემული საქართველო  გამწარებული ეძიებდა მფარველს სხვა ერში და დროის  უკუღმართობის გამო ეს სხვა ერი რუსეთი აღმოჩნდა. როცა მაშინდელმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა იფიქრეს, რომ მათ მიერ შექმნილი კონსტიტუცია ადამიანის უფლებების გათვალისწინების გარეშე სრულყოფილი ვერ იქნებოდა და სათანადოდ შეასწორეს ქვეყნის ძირითადი კანონი, საქართველო უკვე გმინავდა რუსული იმპერიული რეჟიმის სიმძიმის ქვეშ და თავის ისედაც გამოლეულ ეროვნულ ენერგიას ფიზიკურ გადარჩენას ანდომებდა. სწორედ აქამდე იყო საქმე მისული!

თუმცა ფიქრი საქართველოს დემოკრატიულ პოლიტიკურ მოწყობაზე, ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ჯერ კიდევ ბჟუტავდა ქართველი პატრიოტის გატეხილ გულში, ოცნების განხორციელება უვადოდ იქნა მაშინ გადადებული. ჭეშმარიტი ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, მყარად ორგანიზებული რესპუბლიკა და დაღვინებული დემოკრატია არცთუ მარტივად მისაღწევი რამაა ერისთვის. Aმის მოპოვებასა და შენარჩუნებას დიდი ხანი სჭირდება. ასეთ პოლიტიკურ შესაძლებლობებს ბეჯითი მოვლა და ფერება უნდა, თანაც ხანგრძლივად და მოთმინებით. ასეთ საოცნებო მიზნებს ერები თვალის დახამხამებაში ვერ ახორციელებენ. ტკივილის გარეშე არ ხდება ერის პოლიტიკური დავაჟკაცება და ეს ტკივილი ხანდახან ისეთი მწვავეა, რომ ზოგიერთი ერი თავიდან ვერ იცდენს ხოლმე მის წიაღში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა შეჯახებას, ხშირად სისხლიანსაც კი. საქართველოს მდგრადი და მკვიდრად ნაგები პოლიტიკური კულტურა, რომელიც შეძლებს რომ ერს ხანგრძლივი მშვიდობა და ბედნიერი ცხოვრება მისცეს, თაობათა საქმეა.

უკიდურესი დაძაბვით, ტკივილებითა და ძალისხმევით შეძლო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ ისტორიული ცვლილებების განხორციელება, რომლის შედეგადაც დღეს ის სამყაროს წამყვან ძალად იქცა, თუმცა ამერიკისთვის ახლანდელი მდგომარეობის მიღწევა სრულიად შეუძლებელი იქნებოდა, რომ მისი ძირეული და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, კონსტიტუცია და ბილი უფლებათა შესახებ არ შექმნილიყო თავის დროზე ამერიკული პოლიტიკური აზროვნების იმ გიგანტთა მიერ. ყველაფერთან ერთად მათ ისიც სჯეროდათ, რომ ღვთის კეთილი ნების გარეშე ამერიკელი ხალხი და მისი დამფუძნებელი მამები ვერაფერს გახდებოდნენ. ღვთის კეთილი ნება საქართველოსაც არ მიატოვებს, მაგრამ ჩვენი ხალხის უნარი, რომ საოცნებო შედეგებს მიაღწიოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღმერთი, ცხადია, არ გაგვწირავს და მოგვეხმარება, მაგრამ ხელის განძრევის გარეშე, ანუ თავისთავად, ჩვენგან დამოუკიდებლად არაფერი დიდი და მნიშვნელოვანი არ მოხდება. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა კი ვართ, მაგრამ ამ ქვეყნის კეთილი მომავალი მაინც ჩვენს ხელშია, ჩვენს საკუთარ ფიზიკურ ხელში.