"ჩემი ქართული ოცნება არც თინა ხიდაშელია და არც "რესპუბლიკური პარტია" - კვირის პალიტრა

"ჩემი ქართული ოცნება არც თინა ხიდაშელია და არც "რესპუბლიკური პარტია"

"ბატონი ბიძინა უალტერნატივო ლიდერია და მინდა მთელი საქართველოს ლიდერი იყოს"

"ვინც ამბობს, რომ ქუჩა ცუდია, არ გვინდაო, სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს"

რამდენიმე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს ერთიანობისაკენ მოუწოდა. როგორც მოძრაობა "სამოქალაქო ფრონტის" ლიდერმა ჯაბა ჯიშკარიანმა გვითხრა, ახალგაზრდებმა ყველა პარტიას სპეციალური მიმართვა გაუგზავნეს და მათგან პასუხს 10 თებერვლამდე ელოდებიან:

- მათი პასუხებიდან გამოჩნდება, ვინ ფიქრობს ქვეყანაზე და ვინ საკუთარ პარტიაზე, ვინ ქვეყნის ინტერესებს აყენებს წინ და ვინ - კერძოს. ქართველი საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციის გაერთიანებაა. ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდებმა, აგვეღო ინიციატივა და ოპოზიციური პარტიებისათვის თხოვნით მიგვემართა, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ. შეიძლება ზოგი მემარცხენეა, ზოგი მემარჯვენე და ზოგიც ცენტრისტი, მაგრამ ამან არ უნდა გამორიცხოს მოლაპარაკება და კონკრეტული იდეის ხორცშესასხმელად გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში ძალადობისა და ამ რეჟიმისთვის ბოლოს მოღებას.

გვაშფოთებს, რომ იგივე ტენდენცია შეიმჩნევა, რამაც 2010 წლის არჩევნებზე ჯანსაღი ოპოზიციური ძალები დაამარცხა.

ჩვენთვის სიცოცხლეზე მეტი უნდა იყოს მიზანი, რომ საქართველოში დამყარდეს სამართლიანობა, პოლიციის თანამშრომლები ქუჩაში არ ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, რომ სასამართლო იყოს თავისუფალი და ჩვენი ღირსება არ იდგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამ რეჟიმის საქართველოში დატოვება დანაშაულია. მის დატოვებას კი განაპირობებს ოპოზიციის დაქსაქსულობა, ერთმანეთის ლანძღვა და ქილიკი. ეს ჩვენი,  სამოქალაქო საზოგადოების ბრალია. ჩვენ არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე! ოპოზიციის დაპირებები არ გამართლდა და საზოგადოებას მისთვის პასუხი არ მოუთხოვია. უნდა ვაიძულოთ ოპოზიცია, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს რეჟიმის შეცვლის საქმეს. სანამ იმ კომენტარებს წამოროშავენ, რაც ოპოზიციის ერთობას დაშლის, ოდნავ მაინც დაფიქრდნენ ხოლმე.

-  დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის კოალიციას არ უნდა რადიკალურ ძალებთან გაერთიანება.

- ბოდიში, მაგრამ ყველამ იცის დათო ბერძენიშვილის პარტიისა და სხვა 1%-იანი პარტიების რეიტინგი. ჩვენი აქცია სწორედ იმას ეძღვნება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც 1%-იანი რეიტინგი აქვთ, აღარ აამღვრიონ სიტუაცია. ამას ჰაიჰარად არ ვამბობ. კონკრეტული მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, თუნდაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. სწორედ რესპუბლიკელების გამო გადავადდა ბრძოლა, სწორედ ეს ადამიანები ამბობდნენ, მეორე ტური არ გვინდაო. მე ეროვნული საბჭოს სხდომებს ვესწრებოდი და მახსოვს მათი პოზიცია. ის, რომ ჩვენ რადიკალები ვართ და ისინი ლიბერალები, სულაც არ ნიშნავს, რომ საერთო მიზანმა არ გაგვაერთიანოს. ვინც ამბობს, რომ ქუჩა ცუდია, არ გვინდაო, სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ქუჩა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია მაქსიმალური ზეწოლა სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმზე.

არ შეიძლება შენი ქვეყანა გიყვარდეს, პატივს სცემდე ეროვნულ მოძრაობას და თქვა, ამერიკელებმა მითხრეს, ქუჩა არ გვინდაო.

არ მინდა ჩემს ქვეყანას ამერიკა, რუსეთი ან ევროპა მართავდეს. მინდა ჩემს ქვეყანას ქართველი ხალხის რჩეული ლეგიტიმური პირი მართავდეს. არ მაინტერესებს უცხო ქვეყნის ინტერესები, ვინც უნდა იყოს, ჩემთვის უპირველესი საქართველოს ინტერესებია.

მცდარი აზრია, ამასთან ვითანამშრომლებ, იმასთან - არაო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუშალონ ხელი იმ ერთობას, რომელიც განაპირობებს უმტკივნეულოდ და უსისხლოდ რეჟიმის შეცვლას.

- რას იტყვით კახა კუკავას მოსაზრებაზე, რესპუბლიკელებმა ლიდერი წაართვეს ქართველ ხალხსო. სხვათა შორის, ამის პასუხად რესპუბლიკელებმა თქვეს, ვინ იქნებოდნენ მისი პარტნიორები, თვითონ ივანიშვილმა განსაზღვრაო.

- ახალგაზრდებმა ბატონ ბიძინასაც მივწერეთ წერილი და ველოდებით პასუხს. არ ვიცი, რესპუბლიკელებს ბატონი ბიძინა ალაპარაკებს თუ ასე თავიანთი ინიციატივით ლაპარაკობენ.

ბატონი ბიძინა უალტერნატივო ლიდერია და მინდა არა მხოლოდ ორი პარტიის ან რაღაც სეგმენტის ლიდერი, არამედ მთელი საქართველოს ლიდერი იყოს.

ჩემი ქართული ოცნება არც თინა ხიდაშელია და არც "რესპუბლიკური პარტია". ჩემი ქართული ოცნება სამართლიანი საქართველოა.

ბატონმა ბიძინამ ჩვენში დიდი მოლოდინი გააჩინა და ის უალტერნატივო ლიდერია თავისი ავტორიტეტით, კარგი კაცობით, სიკეთის კეთებით. ველოდი, რომ ის იქნებოდა ხიდი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთს გადაემტერნენ, ყველა გადავდებდით პირად წყენას და ერთ მუშტად შევიკვრებოდით. გული გვწყდება, რომ ბატონი ბიძინა კონკრეტული ლიბერალური სეგმენტის ლიდერია.

კობა დავითაშვილი, ეს რადიკალი ადამიანი, დღეს პოზიციას იცვლის და თბილად ყოფნის სანაცვლოდ ამბობს, იმას და ამას არ დავაპატიმრებთო. საქართველოში უნდა შეიქმნას პრეცედენტი, - ყველა, ვისაც ქართველი ხალხის უბედურებაში ხელი ურევია, უნდა დაისაჯოს, რომ მომავალმა ხელისუფლებამ ვეღარ გაბედოს იმავეს გაკეთება.

- რატომ მიგაჩნიათ, რომ ოპოზიციის გაუერთიანებლად ხელისუფლება არ შეიცვლება?

- ბატონი ირაკლი ალასანია გამოჩნდა მაღალი რეიტინგით, დიდი მოლოდინითა და კარგი სახელით, მაგრამ მისი პოლიტიკური ახირება იყო პრინციპი - "ყველა მინუს ერთი" და ეს მინუს ერთი იყო ზურაბ ნოღაიდელი, რამაც დიდწილად ოპოზიციის დამარცხება განაპირობა. მინუს ნოღაიდელს მინუს ძიძიგური, მინუს კუკავა და მინუს დავითაშვილი მოჰყვა. არ მინდა ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვას, დამარცხებისაკენ წავიდეს. მე მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.