ვერდავერბოვკებული!.. - კვირის პალიტრა

ვერდავერბოვკებული!..

"კლუბში დადიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებსო"

"იმედი მაქვს, იმას არ გაიმეორებენ, რაც გირგვლიანების ოჯახს დამართეს"

"ხომ შემიძლია მქონდეს საკუთარი  მრწამსი, მხარს ვუჭერდე ნებისმიერ საზოგადოებრივ მოძრაობას! ამას ვერავინ ამიკრძალავს..."

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის საავტორო გადაცემაში "აკრედიტაციის გარეშე" საზოგადოებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარუმატებელი ოპერაციის შედეგი - "ვერდავერბოვკებული" აგენტი იხილა. სპეცსამსახურის თანამშრომლებმა მუქარითა და ძალადობით სცადეს რუსთაველის გამზირზე მდებარე როკკლუბის ხელმძღვანელ ეკატერინე ლემონჯავას “გადაბირება, თუმცა ამაოდ -  მსხვერპლმა” თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი კი მოაწერა, მაგრამ თავს გადახდენილი ამბავი დაუყოვნებლივ ამცნო საზოგადოებას.

ეკატერინე ლემონჯავას კუდ-ის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ დაინტერესებული არიან იმ ხალხით, ვინც მის კლუბში დადის და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ; კლუბში კი ვის არ ნახავთ - დათო ტურაშვილს, ლაშა ბუღაძეს, ლადო ბურდულს, გივი ალხაზიშვილს, გიორგი კეკელიძეს - თითქმის ყველა იმ ადამიანს, ვისაც პოლიტიკისგან თავი შორს უჭირავს, თუმცა, დროდადრო მაინც გამოხატავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი დამოკიდებულებას.

როგორც ჩანს, კუდ-ის ბიჭებმა შეცდომა დაუშვეს - ვერ მიხვდნენ, რომ ლემონჯავასგან აგენტი არ გამოვიდოდა. ვერც ის გათვალეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ მათი მსხვერპლი”ხმაურს ატეხდა და კუდელებს ამხელდა. როდესაც როკის მოყვარული ქალბატონი შალვა რამიშვილის კამერების თანხლებით ეწვია კუდ-ის ოფისს, ლიფტიდან გამოსული ერთ-ერთი მოძალადე დაიბნა და თავი გასცა (გაიქცა). როგორც ჩანს, უშიშროების სტრუქტურაში საზოგადოებისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა და ეს ორგანიზაცია კვლავ საკუთარ ხალხზე ნადირობს, როგორც კომუნისტური ეპოქის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი.”

ეკატერინე ლემონჯავა: - სამი წელია, კლუბს ვამუშავებ. აქ იმართება კონცერტები, ვმართავთ არტსაღამოებს, ვაჩვენებთ მხატვრულ ფილმებს...

სპეცსამსახურების თანამშრომლები, სავარაუდოდ, ჩვენს კონცერტებსაც ესწრებიან. რობი კუხიანიძემ თქვა, რომ ბიჭი, რომელიც მე და შალვას კუდ-ის ოფისში შეგვხვდა, თავის კონცერტზეც შეუნიშნავს. თანაც ერთ შენობაში ვართ, ჩვენ - სარდაფში, ისინი მეოთხე სართულზე.

- შენი "დავერბოვკება" პირველად როდის სცადეს?

- ვფიქრობ, ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალება, ეს იმ სამი ადამიანის კერძო ინიციატივას უფრო ჰგავდა, მაგრამ მათ ვერ გათვალეს, როგორ მოვიქცეოდი.

25 იანვარს, ოთხშაბათს, კლუბიდან რომ გავდიოდი, ისინი შემოვიდნენ, გვერდით ამომიდგნენ, ერთმა ხელიც გადამხვია და წამათრიეს. ვითხოვე, საბუთები ეჩვენებინათ და აეხსნათ, რა ხდებოდა. აქვე მივდივართ, რაღაც უნდა გკითხოთო. ლიფტით ავედით ზემოთ.  ეს ხდება რუსთაველის 28-ში. ძალიან სერიოზული სახეები ჰქონდათ,  მკაცრი, გაყინული და ვთქვი, ფილმში მგონია ჩემი თავი-მეთქი. ერთმა გამოცრა,  კარგი იქნებოდა, ეს რომ ფილმი იყოს და არა - მკაცრი რეალობაო. ოთახში დაჯდომაც არ მაცალეს, შეტევაზე გადმოვიდნენ, მლანძღავდნენ და მაგინებდნენ.

- რატომ?

- როკკლუბიდან გამოსული ხმები გვაწუხებსო. რამდენჯერაც პასუხის გაცემა დავაპირე, მიღრიალეს, შენ არ გაქვს კითხვების დასმის უფლება, მხოლოდ უნდა გვიპასუხო და ისიც, მაშინ, როცა ამის უფლებას მოგცემთო. არაფერს ითხოვდნენ, მხოლოდ მლანძღავდნენ. მერე უცებ მოლბნენ და მითხრეს, ხელწერილი უნდა დაწერო, რომ კლუბიდან ხმაური აღარ ამოვაო. ამის მოგვარება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი, ამიტომ ხელწერილი რა საჭიროა, კლუბს დავხურავ-მეთქი. არა, არ დახურავ, მანდ დადიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებსო. შემდეგ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა მომთხოვეს. ტექსტი ასეთი იყო: მე, ეკატერინე ლემონჯავა, ნებაყოფლობით კონსპირაციულ თანამშრომლობაზე ვთანხმდებოდი შსს-ს. მეტსახელიც შემირჩიეს - "როკერა". თუ ამას არ გააკეთებ, ოთახიდან არ გაგიშვებთო. ვიფიქრე, რომ იქ დაყოვნებით ვერაფერს შევცვლიდი, ამიტომ მოვაწერე ხელი. ვეჭვობ, მთელ ამ პროცესს ფარულად თვალს ადევნებდა კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი. ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე და ავდექი, მაგრამ შემაჩერეს, ცოტა ხანი მოიცადეო, მერე კი იმან, რომელიც ამოვიცანი, მითხრა, თავისუფალი ხარო. თან გამაფრთხილეს, თუ ამის შესახებ სადმე ვიტყოდი, ყველაფერი ჩემი თავისთვის დამებრალებინა. ტყვეობიდან გათავისუფლებულმა შალვა რამიშვილს დავურეკე, ვთხოვე, დამეხმარე-მეთქი. ასევე დავუკავშირდი ზაზა ფირალიშვილს,  რომლის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი დახმარებით კი - სოზარ სუბარს.

მეორე დღესვე შევხვდი შალვას და გადავწყვიტეთ, აკრედიტაციის გარეშე მივსულიყავით გადასაღებად. ავედით მეოთხე სართულზე და შევეჩეხეთ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემი "დავერბოვკების" დროს. ამის შემდეგ სოზარ სუბარმა მოიწვია პრესკონფერენცია და  ეს ამბავი გახმაურდა.  27 იანვარს პროკურატურაში შევიტანე საჩივარი, რომელსაც დავურთე კუდ-ის ოფისში გადაღებული ვიდეომასალა. სხვა რამის გაკეთება არ შემეძლო. 37 წლის ვარ, მყავს დედა და ძმა. არ არის გამორიცხული, მათ საფრთხე დაემუქროს, მაგრამ იმედი მაქვს, გონიერება ეყოფათ და იმას არ გაიმეორებენ, რაც გირგვლიანების ოჯახს დამართეს.

- ამ ხნის განმავლობაში ხომ არ დაურეკავთ და ხომ არ დაგმუქრებიან?

- არა, მაგრამ ჩვენ გვერდით, კლუბთან სულ პოლიცია ტრიალებს; დროდადრო პატრული გვაკითხავს, ვითომ შემთხვევით. ასე ცდილობენ დამაშინონ. მე უკვე დაცვის თანხლებით დავდივარ, რადგან სპეცსამსახურების ახლანდელი სიჩუმე ქარიშხლისწინა სიჩუმეს ჰგავს.

- კლუბის გადატანას ხომ არ აპირებ?

- სადაც წავალ, ყველგან მოვლენ. კლუბის დახურვა კი არ მინდა. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ყველას შეუძლია მოვიდეს, დაუკრას, ჰონორარი აიღოს და საზოგადოებასაც სიამოვნება მიანიჭოს.

- ითქვა, რომ შენ "ქართული ოცნების" წევრი ხარ და ამიტომ გერჩიან...

- 19 იანვარს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი გავხდი და არა წევრი, მანამდე ორი თვით ადრე კი კუდ-იდან სატელეფონო შეტყობინება მივიღე, სადაც მლანძღავდნენ და ითხოვდნენ, კლუბიდან ზემოთ ხმა არ ასულიყო, გახსოვდეს, უშიშროების აგურების ქვეშ ხარო. მე მივწერე, რომ ჩემს წინააღმდეგ არგუმენტები  სასამართლოში წარმოედგინათ. ხომ შემიძლია მქონდეს საკუთარი  მრწამსი, მხარს ვუჭერდე ნებისმიერ საზოგადოებრივ მოძრაობას! ამას ვერავინ ამიკრძალავს...

11 თებერვალს კლუბში საპროტესტო კონცერტი გაიმართება და მთელ კუდ-ს ვეპატიჟებით. იმედი გვაქვს, მოლოდინს არ გაგვიცრუებენ.