"სააკაშვილისგან განსხვავებით, ობამა გაზეთებს საგულდაგულოდ კითხულობს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილისგან განსხვავებით, ობამა გაზეთებს საგულდაგულოდ კითხულობს"

"ივანიშვილის ამერიკელი ლობისტები მალე საქართველოში ჩამოვლენ"

"გასული წლების მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკული ლობისტური კომპანიებისთვის მილიონობით ლარი აქვს გადახდილი"

"ფორინ პრესის" ინფორმაციით, ივანიშვილმა საქართველოს მთავრობის ლობისტ "პოდესტა გრუპს" ჰონორარის გაორმაგება შესთავაზა, თუ სააკაშვილის ხელისუფლებასთან გაწყვეტს კონტაქტს და მომსახურებას ივანიშვილს გაუწევს. ბუნებრივია, მაგნატს უარი უთხრეს, რადგან ამერიკელი ლობისტებისთვის კლიენტთან დამოკიდებულება უმთავრესია. ივანიშვილმა  "პოდესტა გრუპზე" გავლენიან კომპანიებთან სცადა თანამშრომლობა. როგორც ამერიკელი მიმომხილველი ჯოშ როგინი წერს (სტატიაში "ვაშინგტონში საქართველოს ლობისტური ძალისხმევის არსი"), ივანიშვილს მომსახურებას უწევს ლობისტური ფირმა "არბარა", მას თურმე ივანიშვილი 25.000 დოლარს უხდის თვეში. დოკუმენტებით ისიც ირკვევა, რომ ქართველი მაგნატი 20.000 დოლარს უხდის სემ პატენს, თბილისში მომუშავე კონსულტანტს, რომელიც "არბარასთან" თანამშრომლობს. აშშ-ში ერთ-ერთი ოფიციალური სტრუქტურის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილი ზემოხსენებულ ორგანიზაციას თვეში დამატებით 10.000 დოლარს უხდის ირაკლი ალასანიას მომსახურებისთვის. ლობისტთა საქმიანობის მიზანია აშშ-ის მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და დემოკრატიის განვითარებაზე, რისი საწინდარიც 2012 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარება უნდა იყოს. ჯერჯერობით, აშშ-ის ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე არ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია ივანიშვილის კონტრაქტზე კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია Patton Boggs-სთან. მიმომხილველი ამის შესახებ მხოლოდ კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა აშშ-ში მცხოვრებ ერთ-ერთ ქართველს (მან ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), რომელსაც აშშ-ის სამხედრო უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და გლობალური კვლევების ფაკულტეტზე სწავლისას ლექციებს უკითხავდა ცნობილი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ახლა ერთ-ერთ გავლენიან ლობისტურ კომპანიაში მუშაობს:

- Patton Boggs-ი ბევრად დიდი და გავლენიანი კომპანიაა, ვიდრე "პოდესტა გრუპი". მას მრჩეველთა დიდი კონტინგენტი ჰყავს: წამყვანი ექსპერტები, გადამდგარი პოლიტიკოსები და გენერლები. მათი ნაწილი საქართველოშიც ჩამოვა, თუ უკვე ჩამოსულები არ არიან. სავარაუდოდ, ისინი დაეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროგრამის ფორმირებაში, შეიმუშავებენ გეგმას, თუ როგორ განვითარდეს სახელმწიფო სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ.

- სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა "ვაშინგტონ პოსტსა" და "ნიუ-იორკ თაიმსში" საქართველოს ხელისუფლებაზე კრიტიკული სტატიების გამოქვეყნება. ეს ლობისტური კომპანიების დამსახურებაა?

- ვერაფერს ვიტყვი. მე დაუფინანსებელი სტატიებიც წავიკითხე, სადაც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. თუმცა, ასეთი სტატიების გამოქვეყნებისთვის ივანიშვილი რომ ფულს იხდიდეს, არც ეს უნდა იყოს გასაკვირი. მით უმეტეს, ეს კაცი თავის ჯიბიდან უხდის ფულს ამ კომპანიებს და სააკაშვილივით საქართველოს ბიუჯეტს არ ანიავებს. ივანიშვილის ის წერილი, რომელიც ამერიკულ გავლენიან გაზეთებში გამოქვეყნდა, სააკაშვილის ანტიპიარია. თანაც, სააკაშვილისგან განსხვავებით, ობამა გაზეთებს საგულდაგულოდ კითხულობს და შესაბამისად, ამ წერილიდანაც მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებდა. დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკა ურიგო არ არის, მით უფრო, ისეთი ქვეყნისთვის, სადაც საპროტესტო აქციებს ძალის გამოყენებით შლიან, ოპოზიციურ პარტიებს ავიწროებენ, ეკონომიკა დანგრეულია, არჩევნებს აყალბებენ, სასამართლო ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს, ხოლო თავისუფალ მედიას თავისუფალ სიტყვას უხშობენ. აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტები სწორედ ასეთ ქვეყნებს სწავლობენ, სადაც მოქალაქეებს ძირითადი დემოკრატიული თავისუფლებები წართმეული აქვთ.

- კიდევ რომელი ქვეყნის ხელისუფლების ინტერესებს იცავს Patton Boggs-ი?

- როგორც ვიცი, ჩინეთის ხელისუფლებისას. დარწმუნებული ვარ, თუ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში რომელიმე ლობისტურ კომპანიასთან გადაწყვეტს ურთიერთობას, სწორედ გავლენიან Pატტონ Bოგგს-ს აირჩევს...

სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლების ლობისტურ კომპანიებთან დადებული კონტრაქტების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებდა თავის ვებგვერდზე. როგორც "კვირის პალიტრას" განუცხადეს, ასეთი მონაცემები 2012 წელს აღარ გამოქვეყნდება, რატომ, მიზეზი უცნობია. გასული წლების მონაცემებით კი საქართველოს ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამერიკული ლობისტური კომპანიებისთვის მილიონობით ლარი აქვს გადახდილი.

საქართველოს ხელისუფლება ფულს უხდის ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებსაც, თუმცა, იქ ვითარება სხვაგვარია. გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და თანხებზე ინფორმაცია რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის საიტზე არ ქვეყნდება (როგორც ეს აშშ-შია მიღებული).

ამერიკულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში დაიქირავა ოთხი საუკეთესო ლობისტური კომპანია, რომელთაგან ერთ-ერთის კლიენტი ჰოსნი მუბარაქიც იყო. სიმართლე ითქვას, მუამარ კადაფიც კოლოსალურ თანხებს უხდიდა ამერიკელ იმიჯმეიკერებს, რასაც მისთვის პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, პიარის ამერიკელმა სპეციალისტებმა დიქტატორის იმიჯის გაკეთილშობილება ვერ შეძლეს. საინტერესოა, რას მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას ან გაოპოზიციონერებულ მაგნატს ამერიკელი ლობისტების ძალისხმევა ვაშინგტონში, რადგან, როგორც ქართველი მგოსანი იტყოდა, "მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?!"