მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რა თქვა კლინტონმა

ეს ფოტო, ალბათ, ჩვენი დელეგაციის ამერიკაში ვიზიტის მთელ არსს გადმოსცემს. სმენაზე ჩამწკრივებული და ყურებამდე გაღიმებული ქართული დელეგაცია და ქალბატონი კლინტონი გაშლილი ხელებით და სერიოზული სახით. ჩვენი დელეგაციის სმენაზე დგომა და გაკრეჭვა რასაც ნიშნავს, ადვილი გასაგებია, ჰილარის გაშლილი ხელები და სერიოზული სახე კი მრავალნაირად შეგვიძლია გავიგოთ  - მაგალითად, როგორც ამერიკის ჩვენდამი მეგობრული დამოკიდებულების და ამავე დროს, მკაცრი მოთხოვნების გამოხატულება. თუმცა ამაზე საინტერესო ის  არის, რა თქვა მან ამ დროს. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ. ჩემი აზრით, მას შეეძლო ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფრაზა წარმოეთქვა:  "დედა, რა საყვარლები ხართ!" "ეს რა ხალხი მოსულა!" "თქვენ შემოგევლოთ ჰილარი დეიდა!" "თუ ამდენი მოდიოდით, ჩემი დაქალები რატომ არ წამოიყვანეთ შარდენის ქუჩიდან?!" ან სულაც: "გადამრია ჩემმა ქმარმა, ისევ ედუარდთან მაბარებს მოკითხვებს."

სხვა ვარიანტების მოფიქრებაც შეიძლება, თუმცა მგონია, ყველაზე ორიგინალური იქნებოდა, ქალბატონ სახელმწიფო მდივანს ამ დროს რუსულად რომ ეთქვა: "სკოლკა ლეტ, სკოლკა ზიმ!.."

როგორ მოჩანს საქართველო ამერიკიდან?

ცოტა ხნის წინ ამერიკაში გავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა საქართველოს პრეზიდენტი, ყოველ შემთხვევაში, შაბათ დილით, როდესაც ამ წერილს ვწერ, ჯერ კიდევ მოდის ცნობები მისი ამერიკის კონტინენტზე მოგზაურობის შესახებ. არ ვიცი, ამ სტატიას რომ წაიკითხავთ, ისევ ამერიკაში იქნება თუ არა, მაგრამ კვირაზე მეტი კია, რაც დაგვტოვა. ალბათ, მკითხავთ, ხომ არ მოგენატრაო. მომენატრებოდა, რომ არა ჩვენი ტელევიზიების საოცარი უნარი, მისი არყოფნა არ გვაგრძნობინონ. ამერიკაში მყოფი პრეზიდენტი უფრო მეტადაა ჩვენთან, ვიდრე ოდესმე. ის კი არა, ახლა მეტ ყურადღებას იმსახურებს, რადგან სულ სხვაა ადამიანი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი არ ხვდება და სულ სხვა - რომელსაც (ბოლოს და ბოლოს) შეხვდება. როგორც ტელევიზიები გადმოსცემენ, ამერიკაში ასეთი წარმატებული ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არ ჰქონია. ძნელია, მათ არ დაეთანხმო. მაგალითად, საზღვაო აკადემიაში ამერიკის საზღვაო ძალების დეპარტამენტის თავმჯდომარე რეი მაბუსმა განაცხადა: "ერთი რამ იცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის უძღვება - ეს სრულად დემოკრატიული ქვეყანაა, ერთ-ერთი ტრანსპარანტული სახელმწიფოა კანონის უზენაესობის ან თუნდაც ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით.

ისინი ყველაფერში, რასაც აკეთებენ, წარმატებას აღწევენ" და ასეთი უამრავია!" მას თითქმის ყველა შეხვედრაზე ასეთივე  დითირამბები უძღვნეს, თუმცა საკუთარ თავს ყველაზე მეტი კომპლიმენტი მაინც თავად უთხრა. სადაც გამოვიდა, სულ ერთი და იგივე ილაპარაკა: "რუსეთში ქართულ რეფორმებს ითხოვენ. ყველას აინტერესებს ქართული რეფორმები, ისინი ითხოვენ ქართულ რეფორმებს..." "საქართველოს ამბიციაა, იყოს საუკეთესო ბიზნესგარემოს ქვეყნების ტოპხუთეულში..." "სამართლისა და დემოკრატიის კანადურმა ცენტრმა 64 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა Transparency International-ის ადგილობრივი ფილიალების მეშვეობით, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა სახელმწიფო აპარატს და მიაკვლია იმას, რომ ჩვენ ახალი ზელანდიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი გვაქვს"... და ა.შ.

სააკაშვილის მიერ საკუთარი თავის ქება გასაგებია, მაგრამ ძალაუნებურად ფიქრობ: ის ადამიანები,  ვისაც ეს კაცი ამერიკაში შეხვდა,  ჩვენსავით "რუსთავი 2"-ს და "იმედს" ხომ არ უყურებენ? ან იქნებ ამერიკიდან საქართველო სხვანაირად მოჩანს? იქნებ ჩვენ ვითხოვთ ზედმეტს? თუმცა "ვაშინგტონ პოსტიც" ხომ ამერიკაში გამოდის, სადაც კარნეგის ფონდის წარმომადგენელმა, თომას დე ვაალმა, სააკაშვილის ვიზიტის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც რეალურ საქართველოში გაბრუნებს: "დღევანდელი საქართველო, ისევე როგორც რუსეთი, არსებითად ერთპარტიული ქვეყანაა, სადაც მცირერიცხოვანი ელიტა აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რეგიონულ მთავრობებსა და სამ ნაციონალურ ტელეარხს. სასამართლო სისტემა თავისუფალი არ არის. ანტიკორუფციული და ანტიკრიმინალური კამპანიის ბნელი მხარე საქართველოში ის არის, რომ მან ფართო ძალაუფლება გადასცა მრავალრიცხოვან პოლიციურ ძალებს. ქვეყნის ციხეები სავსეა ბევრი ისეთი პატიმრით, რომლებიც იქ არ უნდა იყვნენ; 2011 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. სააკაშვილმა დღემდე ვერ ჩააბარა დემოკრატიის ეს გამოცდა."

და მაინც, რომელია ნამდვილი საქართველო? არა, მე კი გამიხარდებოდა, საქართველო ისეთი რომ იყოს, როგორადაც ის ხალხი ხედავს, ვინც ამერიკაში ჩვენს პრეზიდენტს ტაშს უკრავს, მაგრამ ვიცი, ჩემივე ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, თუ სხვებიც ცოტათი მაინც ისე კრიტიკულად შემოგვხედავენ, როგორც ბატონი დე ვაალი. თქვენ, ალბათ, იტყვით, მთავარია, ამერიკის ოფიციალური პირები როგორ აფასებენ სააკაშვილის მოღვაწეობასო. ნახავდით, კომპლიმენტები არც ობამას დაუკლია, თუმცა აქ მთავარი ის არის,  რა უთხრა მან ჩვენს პრეზიდენტს დახურულ კარს მიღმა. ამას ჩვენ, უბრალო მოკვდავნი, მანამდე ვერ გავიგებთ, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი მემუარებს არ დაწერს.