"ჩვენ მეორე ადგილისთვის არ ვემზადებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ მეორე ადგილისთვის არ ვემზადებით"

"ფორუმს" ივანიშვილის კოალიციაში ყოფნა სურს...

"ვისთან ერთად იქნებოდა კოალიციაში, ეს უპირველესად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა", - განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა იმათ პასუხად, ვინც მის პოლიტიკურ გუნდს ადანაშაულებს, ქართველ ხალხს ივანიშვილის სახით ლიდერი წაართვაო.

დავით ბერძენიშვილთან საუბარი აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტისა და ობამას ზოგისთვის  გაუგებარი ფრაზის განმარტებით დავიწყეთ:

- როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ჩამოთვალა ის რეფორმები, რაც საქართველოში წარმატებულად მიაჩნია, შემდგომ სიტყვა "მაგრამს" მოაყოლა, საქართველოში ხელისუფლება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა შეიცვალოსო. ეს ნიშნავს, რომ აქამდე სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოში. "იმედია, დემოკრატიული და სამართლიანი ფორმით შეიცვლება ხელისუფლება", - ეს ობამას სიტყვებია. რა თქმა უნდა, ობამას არც ის უთქვამს, რამდენი ხმაც უნდა მიიღოს "ნაციონალურმა მოძრაობამ", მაინც უნდა გადახვიდეთ ოპოზიციაშიო, მაგრამ არჩევნები თუ არ იქნება მიჩნეული სამართლიანად და დემოკრატიულად, მაშინ არც ხელისუფლების შენარჩუნება ჩაითვლება ამერიკის ადმინისტრაციისთვის მისაღებად. არც შემდგარი დემოკრატიისა და არც ავტორიტარული ქვეყნების ხელმძღვანელებს არ ეუბნებიან, რომ მათგან სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ელიან. ამას ეუბნებიან იმ ქვეყნებს, რომელთაც სათანადო რესურსი აქვთ საიმისოდ, რომ დემოკრატიული თანამეგობრობის ნაწილი გახდნენ.

- ფიქრობთ, რომ ობამას ეს შეფასება სააკაშვილის გაპრემიერებას გამორიცხავს?

- ხელისუფლების გადაცემაზე ლაპარაკი და სააკაშვილის შეშფოთებული გამომეტყველება, როდესაც ეს სიტყვები მოისმინა, მეტყველებდა, რომ სააკაშვილმა ის გაიგონა, რისიც ძალიან ეშინოდა. ფაქტობრივად, ობამამ სააკაშვილს უთხრა, ხელისუფლება უნდა გადააბაროო. ამერიკული ტრადიციით, კაცი, რომელიც ორი ვადით არის ხელისუფლებაში, ვადის გასვლის შემდეგ მიდის. მხოლოდ რუზველტი აირჩიეს ომის დროს მესამედ და მერე მეოთხედაც. ამჟამად განიხილება ორი მოდელი: დემოკრატიული - ამთავრებ მმართველობას და მიდიხარ და რუსული - ორი ვადით იყავი პრეზიდენტი, არ მიდიხარ, ხდები პრემიერი და მერე ორი ვადით ისევ აპირებ პრეზიდენტობას, ეს პუტინის მოდელია.

- სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც იქნება წამყვანი პოლიტიკური ფიგურა. ეს რას ნიშნავს?

- როდესაც ამას ამბობს ნუგზარ წიკლაური, ხოლო სააკაშვილის ენჯეოფსევდოექსპერტი ზურაბ ჯაფარიძე დასძენს, სააკაშვილის წასვლა ქართული პოლიტიკის დიდი დანაკარგი იქნებაო, ეს შემზადებაა იმისთვის, რომ სააკაშვილი საჭიროა ქართული პოლიტიკისა და ხელისუფლებისთვისო.

სააკაშვილი თუ არც პრემიერი იქნება და არც პარლამენტის თავმჯდომარე, ბოკერიას მოადგილე ხომ არ იქნება?

მიუხედავად იმისა, რომელ ფორმალურ თუ არაფორმალურ ვერსიას შეეთამაშება სააკაშვილი, რათა ხელისუფლად დარჩეს, ეს არსებითი არ არის. "ნაციონალური მოძრაობა" არის დასამარცხებელი და იქმნება  საარჩევნო პოლიტიკური მანქანა საპარლამენტო არჩევნებში მის დასამარცხებლად.

თუ შეძლებს ალტერნატიული პოლიტიკური კოალიცია სააკაშვილის დამარცხებას, მისი განზრახვა, შემოვლითი გზებით დარჩეს ხელისუფლებაში, არ იქნება რეალიზებული, ხოლო თუ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებს ვერ მოვუგებთ, არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, პრემიერი სააკაშვილი იქნება თუ რომელიმე მისი თანაგუნდელი. მივესალმებოდი, ოპოზიციაში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნას და მის პარტიად ჩამოყალიბებას, მაგრამ ამის რესურსს ვერ ვხედავ. დამიდასტურონ, რომ შეუძლიათ პოლიტიკაში ყოფნა და ხელისუფლების გარეშე, პარტიად არსებობა. ეს იქნება საქართველოში პირველი ნახელისუფლარი პარტია, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა და არსებობა განაგრძო.

- ბევრი სკეპტიკური შეფასება მოვისმინე, - ამ შემადგენლობით ბიძინა ივანიშვილის კოალიცია გამარჯვებას ვერ მიაღწევს, მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციის შექმნას და მთავრობაში კი რამდენიმე სამინისტროს პორტფელს დასჯერდებაო. შეძლებს თქვენი კოალიცია გამარჯვებას?

- ჩვენ მეორე ადგილისთვის არ ვემზადებით. სასტარტო პოზიცია იმდენად კარგი გვაქვს, იმდენად სწრაფად გადაიქცა ქველმოქმედი ივანიშვილი პოლიტიკოსად და იმდენად მაღალია მისი რეიტინგი, რომ ცხადი შეიქნა, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლების თანაზომადია, არის ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა.

ერთ თვეში ჩვენი ძალა რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების ძლიერი ოპონენტი გახდება. ასეთ ვითარებაში არც განვიხილავთ მხოლოდ პარლამენტში შესვლას. ივანიშვილის კოალიცია სახელისუფლებო პრეტენზიის მქონე პროექტია. ამ კოალიციის კარი დაკეტილი არ არის, მაგრამ არც შარაგზაა, რომ ვისაც მოუნდება, გაიარ-გამოიაროს. როგორც კი შეიქმნება ივანიშვილის პარტიის კონტურები,  გამოცხადდება კოალიცია, რომელიც საარჩევნო ბლოკის რეჟიმში იმუშავებს. ჩვენ შეთავაზება გაგზავნილი გვაქვს "ფორუმისთვის" და პასუხს ველოდებით. სანამ კონსულტაციები მიმდინარეობს, ნაადრევია იმის თქმა, რაზე შევთანხმდით და რა დარჩა კიდევ შესათანხმებელი.

"ფორუმს" ივანიშვილის კოალიციაში ყოფნა სურს. რა ფორმები მოიძებნება, რაც დააკმაყოფილებს კოალიციის სუბიექტებსაც, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილსა და "ფორუმს", მალე გამოჩნდება.

ლაპარაკი, რომ რესპუბლიკელები და "თავისუფალი დემოკრატები" ქართველ ხალხს ლიდერს აკარგვინებენ, ფუჭია.

საქართველოში პირველად შეიქმნა ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოთა ხელისუფლებას უპირისპირდება არა ნაციონალიზმი, არა ფსევდომოდერნისტული და ავტორიტარიზმის ნიშნების მატარებელი ყაიდის ლიდერი, არამედ ლიბერალიზმი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს კოალიციაში არ იქნება ის, ვინც უფრო კონსერვატორი ან ზომიერი ნაციონალისტია, მაგრამ ამ კოალიციის დამფუძნებლების წამყვანი და გამაერთიანებელი იდეა ლიბერალიზმია.

- მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თქვენ არჩევნებზე ხმებს წაგართმევენ კოალიციის მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალები. 2/3 რომ ვერ აიღოთ პარლამენტში?

- ცხადია, ისინი ვერ აორთქლდებიან, მაგრამ ხომ შეიძლება 2/3 პარლამენტში ამ ძალებთან ერთად გვქონდეს? ვისაც ქართველი ხალხი მისცემს ოპოზიციურ მანდატს, მათთან ჩვენ პარლამენტში ვითანამშრომლებთ. თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ ყველა ერთად იყოს. არასოდეს გაერთიანებულა მთელი ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ. კოალიციის მიღმა დარჩენილი ყველა ოპოზიციური ძალის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა დაახლოებით 20% იქნება. ჩემპიონობისთვის კი ჩვენი კოალიცია და "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოლებენ.

"ნაციონალურ მოძრაობასა" და ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შორის გაიმართება ბრძოლა ხელისუფლებისთვის, რამდენიმე პოლიტიკური სუბიექტი კი იბრძოლებს პარლამენტში მოსახვედრად ბარიერის გადასალახავად და ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით. ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან ბურჯანაძე, ქრისტიან-დემოკრატები და ლეიბორისტები.

მსოფლიომ კარგად იცის, რომ სააკაშვილი ვერ არის რეფორმატორი და ის ვერ აქცევს საქართველოს ამერიკისა და ვეროპის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ მათ საკუთარ თავს ვთავაზობთ. აგერ ვართ, კარგად გვიცნობთ და ლუპით დაგვაკვირდით. როდესაც ამერიკის ელჩი ივანიშვილს ხვდება, ის არ ხვდება მას როგორც სან-მარინოს საპატიო კონსულს. ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ხვდება, როგორც ქართული პოლიტიკის წამყვან ფიგურას. გავრისკავ და თქვენი მკითხველისთვის ვიტყვი, - ველოდები, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა აღდგება და არჩევნების მოახლოებისთვის ექნება შესაძლებლობა, პირადად იყოს პარტიის,  კოალიციის ლიდერი და პირველი ნომერი. თუ ასე არ იქნება, სააკაშვილი უფრო მწარედ წააგებს.