"ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დაჯგუფებაში მიაჩნდათ, ყველაფერი ვიცითო" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დაჯგუფებაში მიაჩნდათ, ყველაფერი ვიცითო"

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, იმ კოალიციაში, რომელიც ყალიბდება, მალე "ქალთა პარტიის" ლიდერი გუგული მაღრაძე და პარტიის "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილი" ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილიც გაწევრდებიან. ვესაუბრებით "ქალთა პარტიის" თავმჯდომარე გუგული მაღრაძეს:

- ქალბატონო გუგული, კოალიციაში პირადად თქვენ გაწევრდებით თუ მთლიანად პარტია?

- მე და ბატონ ბიძინას ჯერ არ გვილაპარაკია, შესაბამისად, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, მისი პოლიტიკური გააქტიურება თავიდანვე დადებითად შევაფასე. ამ რამდენიმე ხნის წინ კი გავცვალეთ ინფორმაცია, შესაბამისად, შევიტყვე, რომ მას სურს ჩემთან თანამშრომლობა, რაზეც უყოყმანოდ დავთანხმდი, რადგან ამ ადამიანის განვლილი ცხოვრება თუ დღეს გაკეთებული განცხადებები ჩემთვის სრულიად მისაღებია. მოხარული ვარ, რომ ამ საქვეყნო საქმეში მომიწევს მონაწილეობა.

- ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რა პრინციპით ირჩევს პარტნიორებს ბატონი ბიძინა, როგორ ფიქრობთ, თქვენს შემთხვევაში რა იყო გადამწყვეტი?

- ალბათ, ის მორალური კაპიტალი, რაც თუნდაც პოლიტიკაში მოღვაწეობით დავაგროვე. რაც შეეხება პარტნიორების შერჩევაში ბიძინა ივანიშვილის სიფრთხილეს, მიმაჩნია, რომ ეს სრულიად გამართლებული და სწორია. როდესაც ივანიშვილი აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს იმ პარტიებთან, რომლებიც შემჩნეული არიან ხელისუფლებასთან გარიგებებში, აბსოლუტურად სწორად იქცევა, რადგან ამით მაქსიმალურად ამცირებს კოალიციაში დესტრუქციული მანიპულირების საფრთხეს. ასევე სწორად მიმაჩნია, რომ პარტნიორების არჩევისას ერთ-ერთ განმსაზღვრელ კრიტერიუმად დასავლური კურსი დაასახელა. ჯერ არა ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა, რომ ქვეყნის გარეთ არსებულ ვითარებასა და საერთაშორისო მხარდაჭერას არ გავუწიოთ ანგარიში.

- როგორც ბატონი ბიძინა და კოალიციაში შემავალი სხვა პარტიის წევრები აცხადებენ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოხვდა ნინო ბურჯანაძე კოალიციაში, მისი საგარეო პოლიტიკური კურსი და ვიზიტებია კრემლში, თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში ჩავიდა და კრემლში შეხვედრები გამართა კობა დავითაშვილმაც.

- არ იფიქროთ, რომ კობა დავითაშვილს ჩრდილს ვაყენებ, პირიქით, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნინო ბურჯანაძე გაცილებით სხვა რანგის პოლიტიკოსია. ქალბატონი ნინო წლების განმავლობაში იყო ქვეყნის მეორე პირი, ორჯერ ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას, შესაბამისად, მისი ჩასვლა რუსეთში და პუტინთან შეხვედრები საზოგადოებამ გაცილებით მკაცრად შეაფასა. ვფიქრობ, ესეც გასათვალისწინებელია.

- როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის დღემდე გადადგმულ ნაბიჯებს?

- დადებითად. ბოლო ხანს ისმის განცხადებები, რომ უფრო სწრაფი ტემპით უნდა მოქმედებდეს, რასაც კატეგორიულად არ ვიზიარებ. ეს ადამიანი და მის გარშემო შექმნილი კოალიცია აპირებენ სერიოზულ ბრძოლასა და გამარჯვებას, რასაც საფუძვლის მომზადება სჭირდება. სისწრაფემ ეს პროცესი შეიძლება დააზიანოს. იცით, რა მომწონს კიდევ ბიძინა ივანიშვილის? - არ ეშინია თქვას, რომ რაღაც არ იცის და ზოგიერთ საკითხზე კომენტარს მხოლოდ მათი შესწავლის შემდეგ აკეთებს. თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობიდან" ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დაჯგუფებაში მიაჩნდათ, ყველაფერი ვიცითო. სულ ვეუბნებოდი, როგორ ხართ დარწმუნებული, რომ მარტო თქვენი ნათქვამია სწორი-მეთქი? ივანიშვილი ძალიან დაკვირვებული ადამიანია, ნებისმიერ ნაბიჯს წინასწარ თვლის, ისე კი არა, ვიტყვი ან გავაკეთებ რამეს და ვნახოთ, რა გამოვაო, როგორც მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება იქცევიან ხოლმე.

ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)