"რატომ არ შეიძლება ქართველებს გვქონდეს ჩვენი "სიყვარულის დოქტრინა" - კვირის პალიტრა

"რატომ არ შეიძლება ქართველებს გვქონდეს ჩვენი "სიყვარულის დოქტრინა"

ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკიდან

"ნუ შევეჯიბრებით იმაში, ვინ უფრო "წარმატებული ეგოისტია"

"გულწრფელად ვგულშემატკივრობ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალი ძალის გამოჩენას თქვენი ორგანიზაციის სახით, რადგანაც ეს არის, ალბათ, უკანასკნელი შანსი, რომ ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილოს მონური ცხოვრება და შიმშილით სიკვდილი. სააკაშვილის კარგად მომართულ მანქანას უნდა მოეძებნოს უფრო ადამიანური ალტერნატივა, რომელიც პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეების კარგად ყოფნაზე იფიქრებს... ისევე, როგორც ბევრი ქართველი, მოველი ისეთი ძალის გამოჩენას, რომელიც სააკაშვილის ნამდვილი ალტერნატივა იქნება, და არა მხოლოდ მისი საქმის "უკეთესად გამკეთებელი". არ მომწონს ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს," - წერს ირაკლი კაკაბაძე ახლახან ინტერნეტით გავრცელებულ მიმართვაში“"სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის - ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას".”

რა არ მოსწონს ირაკლი კაკაბაძეს მიხეილ სააკაშვილის, ვის ადანაშაულებს იმაში, რაც ქვეყანაში ხდება და რა გამოსავალს ხედავს? - ამის შესახებ "კვირის პალიტრა" "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთ მონაწილეს ამერიკაში ექსკლუზიურად ესაუბრა.

- ამ ხელისუფლებამ იმედი გაგვიცრუა. "ვარდების რევოლუციამ" სოციალური სამართლიანობა ვერ მოიტანა. როდესაც ზურაბ ჟვანია მოკლეს, ცხადი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა ნეოლიბერალურ-ოლიგარქიული რეჟიმი, რომელშიც თავისი ნათესავების, მეგობრებისა და თანაპარტიელ-თანამოაზრეების პატარა ჯგუფი გააერთიანა. ეს კლანი ყაჩაღობით აგროვებს დიდ სიმდიდრეს. ეს არის ბანდიტური რეჟიმი, რომელმაც გვიჩვენა, რომ ბევრი სხვა რევოლუციის მსგავსად, "ვარდების რევოლუციაც" მავანთა საკეთილდღეოდ მოხდა.

ამ რეჟიმმა შექმნა სახელმწიფო, რომელიც ყველანაირად უშლის ხელს მცირე და საშუალო მეწარმეს, აჩანაგებს ბუნებას, აღატაკებს საშუალო ფენას და მხოლოდ თავისიანებს ამდიდრებს. თუ საბჭოთა კავშირში ბიუჯეტიდან ფულის მოპარვას არაფორმალური ხასიათი ჰქონდა, ნეოლიბერალიზმის დროს ამ დაკვეთებს კერძო კორპორაციებზე ოფიციალურად აფორმებენ "ეროვნული უშიშროების დოქტრინის" სახელით. საბჭოთა ნომენკლატურას ჩაენაცვლა "ლიბერალური სამხედრო-ინდუსტრიული ოლიგარქია".

დღეს საქართველოში ადამიანის სოციალური და პოლიტიკური უფლებები თითქმის მთლიანად დაუცველია, სამაგიეროდ, კარგად არის დაცული "ნაციონალური მოძრაობის" ელიტის ინტერესები. ისინი თითქმის სრულად დაეპატრონენ ქვეყანას და უსწორდებიან ყველას, ვინც მათი წესრიგის წინააღმდეგ გამოსვლას გაბედავს. ქართული ნეოლიბერალური სისტემა მთლიანად უკმარისობასა და რეპრესიაზე დგას და მასში კარგად თავს მხოლოდ ერთეულები გრძნობენ. საქართველოში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ნეოლიბერალიზმს ეთაყვანება არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციის ნაწილიც, რომელიც ამბობს: "მე მოვალ და რასაც მიშა აკეთებს ცუდად, გავაკეთებ კარგად." რა გამოდის - ბოკერიას შეცვლის ვიღაც და სისტემა ძველებური დარჩება?

ვფიქრობ, ჩვენ უფრო საზოგადოების პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. რატომ არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები ბარბაროსული სისტემა, რომელიც სახელმწიფოს მართავს? განა ხალხმა არ გახადა ლეგიტიმური ეს ხელისუფლება? ოპოზიციისა და ნეოლიბერალური ფილოსოფიის მიმდევართა ნაწილი ასე რატომ უძვრება მსოფლიო ოლიგარქიას? ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენს საზოგადოებაში უხეში ძალის და სიმდიდრის კულტი ბატონობს და მას სულიერება აღარ გააჩნია. ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების საფარქვეშ შემოგვეპარა უკიდურესი ეგოცენტრიზმი, საკუთარი თავის უზომო სიყვარული. თითქოს ეს პრინციპი იმას ამბობს, რომ ყველამ ყველას თავი დაანებოს და მშვიდად მუშაობა და ვაჭრობა აცალოს, მაგრამ სინამდვილეში თავს ანებებენ მხოლოდ იმათ, ვინც პრივილეგირებულია. სხვას დაუნდობლად ძარცვავენ. სწორედ ასე არ დაანებეს თავი ჩემი მეგობრის დედას, რომელიც მცირე ბიზნესმენი იყო - მოსთხოვეს დიდი ფული და რომ ვერ გადაიხადა, ციხეში ჩასვეს. ჩემი ქართული ოცნება სწორედ ის არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის პატრონს მართლა "თავი დაანებოს" სახელმწიფომ, "დიდმა ძმამ", ჩემი ოცნება ის არის, რომ სოციალური სამართლიანობა ხელს უწყობდეს ნამდვილ დემოკრატიას, რამეთუ დემოსის ბატონობა სოციალური უფლებების გარეშე არ არსებობს. რაც ხდება, ამის მიზეზები ყველამ ჩვენს თავში უნდა მოვიძიოთ. სულიერების დეფიციტი მთელი საზოგადოების სენია. ხშირად სწორედ სულიერი კრიზისი იწვევს მატერიალურ კრიზისს. ხარბი ადამიანი სხვებს ივიწყებს და ამიტომაც ადვილად იწყება 2001 და 2008 წლების მსგავსი მსოფლიო საბაზრო კრიზისები.

სისტემა, რომელიც სიუხვის მაგიერ უკმარისობას წაახალისებს, კატასტროფისთვისაა განწირული. კარლ იუნგის და ერიჰ ფრომის ნაწერებში კარგად ჩანს სწორედ ის, თუ სადამდე შეუძლია მიიყვანოს ადამიანი კონკურენციის, ქიშპობის კულტმა. ამის ალტერნატივა მხოლოდ ადამიანური სიყვარულის ხელოვნებაა - ის, რაც უნდა აითვისოს თანამედროვე ქართველმა და ამის მშვენიერი მაგალითია ვაჟა ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", აკაკი წერეთლის "გამზრდელი", გოგლა ლეონიძის "ნატვრის ხე", რუსთაველის, გალაკტიონის, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია...

"რასაცა გასცემ, შენია.." - საუკეთესო სამოქმედო პროგრამაა ყველაზე თანამედროვე სოციალური და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის.  მარტო სააკაშვილის შეცვლა არაფერს შეცვლის. საჭიროა ნეოლიბერალური სისტემის პრობლემების გადალახვა. რატომ არ შეიძლება, ქართველებს ჩვენი "სიყვარულის დოქტრინა" გვქონდეს?

- ბიძინა ივანიშვილისადმი თქვენს მიმართვას "სიყვარულის დოქტრინა საქართველოსთვის - ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ისევ ერთი კაცისადმი, მხსნელისადმი დამოკიდებულების ელფერი დაჰკრავს. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ ხსნის საძიებელი ვექტორი თავისკენ უნდა მიმართოს და ქვეყნის გადამრჩენი საკუთარ თავში ეძებოს?

- თუ ივანიშვილის ძალა ლიბერალურ დისკურსს აირჩევს, მაშინ ისიც იმავე პრობლემას შექმნის, რაც "ვარდების რევოლუციამ" წარმოშვა. დღეს საჭიროა არა ლენჩი ლიბერალების დისკურსი, რომლებიც ბოკერიასა და რამიშვილის ლანდებს დასდევენ, არამედ სოციალური დემოკრატიის ხედვა. საჭიროა სოციალური სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანი საზოგადოების განვითარება. ვფიქრობ, დროა, ახალმა პოლიტიკურმა ძალამ სააკაშვილის ნეოლიბერალურ-ავტორიტარული ოლიგარქიის ნამდვილი ალტერნატივა შესთავაზოს საზოგადოებას,  მოდელი, რომელიც სოლიდარობის გრძნობას გააძლიერებს და ისეთი მსოფლმხედველობა, რომელიც კონკურენციის და სიძულვილის ნაცვლად "სიყვარულის დოქტრინას" შემოგვთავაზებს.

ქართული პოლიტიკური ეგოცენტრიზმის და დაუნდობლობის სამყაროს უკვე ჰყავს კანონიერი ჩემპიონი - მიხეილ სააკაშვილი. მას ნუ შევეჯიბრებით იმაში, ვინ უფრო "წარმატებული ეგოისტია".

საქართველოს დღეს სჭირდება ლიბერალური გულგრილობისა და დაუნდობლობის ქმედითი სიყვარულით შეცვლა.