"ჭკუის სასწავლებელი" სანქციები - კვირის პალიტრა

"ჭკუის სასწავლებელი" სანქციები

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აპროტესტებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონით კონტროლის პალატისთვის მინიჭებულ განუსაზღვრელ უფლებებს. როგორც ირკვევა, ხელისუფლებამ საზოგადოების ძალადობრივი მართვის კიდევ ერთი ბერკეტი გამოიგონა და მაკონტროლებელი ორგანოების არმიიდან ერთ-ერთს - კონტროლის პალატას მიანიჭა. საკმარისია კონტროლის პალატას "გონივრული ეჭვი" გაუჩნდეს, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო, მედია ან ბიზნესკომპანიას მეგობრული კავშირი ან საქმიანი ურთიერთობა აქვს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტთან, პარტიასთან ან ძალასთან, რომ მყისვე ჭკუის სასწავლებელ სანქციებს დაუწესებენ, დაიწყება შემოწმების სერია, სადაც კიდევ ბევრი "დანაშაული" გამოვლინდება.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის თქმით, თუ პარლამენტმა კანონის ახალი რეგულაციები არ შეცვალა, შეიძლება მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. არაერთი დამოუკიდებელი ორგანიზაცია გაკოტრდება, რაც საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების დაცვას. კანონში ახალი რეგულაციები პარლამენტმა ახლახან შეიტანა, კონტროლის პალატამ კი უკვე დაიწყო "ზედამხედველობა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალ ინიციატივას" ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოსთხოვა.

თამარ ჩუგოშვილი: - პარლამენტმა კონტროლის პალატას მიანიჭა უფლება, გააკონტროლოს არა მარტო პარტიების, არამედ ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის დაფინანსება, რომელთაც, მისი აზრით, კავშირი აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, სუბიექტთან ან პარტიასთან. მთავარი პრობლემა ის არის, რომ კანონი გაუმართავია.  კონტროლის პალატას ისედაც ფართო შესაძლებლობები აქვს, ამ შემთხვევაში კი შეუძლია სრულიად დაუსაბუთებლად ნებისმიერ ორგანიზაციას დაუწესოს შეზღუდვები.

- "ახალი თაობა - ახალ ინიციატივაზე" რა მოტივით გაუჩნდათ ეჭვი?

-  თურმე მისი ყოფილი თავმჯდომარე დღეს საკრებულოს  წევრი და პოლიტიკოსია. რაც მთავარია, ეს არ არის მხოლოდ გამჭვირვალობისა და  ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციებს დაუწესდებათ შეზღუდვები, ვეღარ მიიღებენ შემოსავალს.

- რას ნიშნავს ეს?

- კანონით მკაცრად განსაზღვრული რამდენიმე შესაძლებლობის გარდა, მსხვილ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. ფიზიკური პირებისგან შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობა 60.000 ლარის ოდენობით, სხვა დამხმარე საქმიანობისთვის - წელიწადში ასევე 60.000 ლარი. მსხვილი არასამთავრობო, მედია ან ბიზნესკომპანიები ვეღარ მიიღებენ გრანტებს. მხოლოდ ფიზიკური პირებისგან შემოწირულობებით არსებობა კი წარმოუდგენელია.

კონტროლის პალატას შეუზღუდავი უფლება აქვს, რომ  პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელ ორგანიზაციებს. მეტიც, ეს კანონი შესაძლებლობას იძლევა, დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური  მიზნები და ამოცანები, ან პროტესტს უცხადებს არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ კონტროლის პალატას პროტესტის ნიშნად არ წარუდგენთ ფინანსურ დოკუმენტებს.

- დიახ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და  ანგარიშებს ჩვენს საიტზე ვაქვეყნებთ. "ახალი თაობა-ახალ ინიციატივას"  არ აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, დაკავებული წმინდა სამოქალაქო აქტივობით. შეზღუდვების დაწესება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მას, ანალოგიური მდგომარეობა გვექნება ჩვენც,  მუშაობას ვეღარ შევძლებთ. მართალია, ჯერ ჩვენთვის არაფერი მოუთხოვიათ, მაგრამ როგორც ანომალიური პროცესების გამომწვევის, კანონის შეცვლას ვითხოვთ.