ბეჟან ხურციძე: "ამას როგორმე გადავიტან" - კვირის პალიტრა

ბეჟან ხურციძე: "ამას როგორმე გადავიტან"

"ვის ემართება გულყრა ჩემზე, არ ვიცი"

საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი რიგებიდან ვანის მაჟორიტარი, აკაკი ასათიანის ყოფილი თანაგუნდელი, დეპუტატი ბეჟან ხურციძე ისე გარიცხა, რომ მისთვის არაფერი უცნობებია. ბეჟან ხურციძეს ეს არასასიამოვნო ამბავი ჩვენ ვაუწყეთ:

- ბატონო ბეჟან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობიდან გაგრიცხეს, რა გახდა ამის მიზეზი?

- რაა? არაფერი ვიცი და არც პარლამენტში ვარ. ვერაფერს გეტყვით.

- თანაგუნდელებთან აზრთა სხვადასხვაობა ან კონფლიქტი ხომ არ გქონიათ?

- საერთოდ არა ვარ კონფლიქტური. ვის ემართება გულყრა ჩემზე, არ ვიცი.

- უმრავლესობამ სხვა პოლიტიკური გუნდისადმი სიმპათია ხომ არ შეგატყოთ?

- მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ. ოთხივეჯერ ვანელებმა ამირჩიეს მაჟორიტარად (იცინის). თუ გამრიცხეს, გადავიტან ამ ამბავს როგორმე.

ბეჟან ხურციძის უმრავლესობიდან გარიცხვის მიზეზზე "კვირის პალიტრას" იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ასეთი განმარტება მისცა:

- ბატონი ბეჟანი უკვე ერთი წელია აღარ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებასა და უმრავლესობის აქტივობებში. ამაში საპარლამენტო უმრავლესობის თითოეული წევრი უნდა იყოს ჩართული. თუ ადამიანს არა აქვს სურვილი, ამ პროცესის მონაწილე იყოს, მისი ადგილი უმრავლესობის რიგებში არ არის.

- ბეჟან ხურციძემ არც იცოდა, რომ გარიცხეს. ალბათ, აჯობებდა, გეცნობებინათ.

- დარწმუნებული ვარ, ბატონ ბეჟანს ინფორმაცია ჰქონდა, რადგან ერთი წლის განმავლობაში მასთან ამ თემაზე ბევრმა თანაფრაქციელმა ისაუბრა. ეს გადაწყვეტილება უმრავლესობაში კონსულტაციების დონეზე უკვე მიღებულია. ფორმალურად კი გაფორმდება სხდომაზე, რომელიც ორშაბათს გაიმართება.

- ბეჟან ხურციძეს რომელიმე ოპოზიციური ძალისადმი სიმპათია ხომ არ შეატყვეთ?

- ასეთი ინფორმაცია არა მაქვს და ნამდვილად ვერაფერს დავაბრალებ.