"მხოლოდ ლაპარაკი, რომ დიდი უმრავლესობით მოვლენ, სატყუარაა" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ლაპარაკი, რომ დიდი უმრავლესობით მოვლენ, სატყუარაა"

"პრეზიდენტობის შემდეგ სააკაშვილი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში"

"პრეზიდენტობის შემდეგ სააკაშვილი უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქართულ პოლიტიკაში. ისეთი დინამიკური პიროვნება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, შეუძლებელია დისტანცირებული იყოს პოლიტიკური პროცესებისაგან", - მიაჩნია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს:

-   პოლიტიკური პროცესი ცვალებადია და არასერიოზული იქნება ლაპარაკი იმაზე, თუ ორი წლის შემდეგ ამა თუ იმ ადამიანს რა პოზიცია ექნება. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ორიენტირებულია იმაზე, თუ რა მოხდება დღეს, ხვალ და როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება ქვეყანაში, როგორ შევინარჩუნებთ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.  უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა იქნება 2012 წლის არჩევნები და ის, თუ ვის დაუჭერს ხალხი მხარს. ჩვენი ყურადღება მიმართულია აქეთ და არა იმაზე, თუ რაღაც ეფემერული პოსტები სად და როგორ განაწილდება.

- "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, რომ სააკაშვილმა სხვა ლიდერს უნდა დაუთმოს გზა.

- პრეზიდენტმა ობამამ ბრძანა, რომ საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რასაც როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ მიაღწია, აღნიშნა საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს წვლილი. ამის შემდეგ ითქვა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის გასვლის შემდეგ მესამედ არავინ იყრის კენჭს. სასაცილო იყო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მტკიცება, სააკაშვილს უთხრეს, პოლიტიკიდან უნდა წახვიდე, სხვას უნდა გადასცე თანამდებობაო. ხელისუფლების გადაცემა ნიშნავს ძალაუფლების გადაცემას ხალხისთვის და განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ხალხი ისევ გადასცემს თავის მანდატს იმას, ვინც შეეფერება მის პოლიტიკურ მისწრაფებებს. ეს მოხდება 2012 წლის არჩევნებზე. 2013 წლის არჩევნები ორი წლის შემდეგ არის და მასზე ვერაფერს გეტყვით.

- ის თუ შეგიძლიათ მტკიცედ თქვათ, რომ 2013 წლამდე სააკაშვილი არ აპირებს თანამდებობიდან გადადგომას და პარლამენტში კენჭის ყრას?

- მისი საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს იწურება, ამ დრომდე ის თავის უფლებამოსილებას შეასრულებს.  მინდა თქვენი ყურადღება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ განცხადებას მივაპყრო, - სააკაშვილი აპირებს გახდეს  პრემიერ-მინისტრიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები უკვე შეეგუვნენ მარცხს 2012 წლის არჩევნებში. სხვაგვარად სააკაშვილის პრემიერობა წარმოუდგენელია. ერთია მათი რიტორიკა, რომ მომავალ პარლამენტში 2/3-ით შევლენ, მაგრამ მეორეა რეალობა, რომელსაც კარგად ხედავენ. მხოლოდ ლაპარაკი, რომ დიდი უმრავლესობით მოვლენ პარლამენტში, სატყუარაა ამომრჩევლისათვის. სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართულმა ოცნებამ" გაანადგურა ოპოზიციური ძალების რეიტინგი.

- ხელისუფლებას ვერაფერი დააკლო?

- "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი მცირედ გაიზარდა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.  ჩვენ არა ვართ ის ძალა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს განცხადებები  "ქართულ ოცნებასა" და მის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. როდესაც შენს პატარა ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას, აღარ უნდა გქონდეს ხალხის მხარდაჭერის იმედი.

- რას იტყვით საპატრიარქოს განცხადებაზე და როგორ უნდა გადაწყდეს ის პრობლემა, რასაც საპატრიარქო სვამს თავის განცხადებაში?

- გასულ წელს გახლდით თურქეთში, ვნახე ოშკი და იშხანი. მართლაც მძიმე ვითარებაა.  ჩვენ დავიცავთ სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საქართველოში და ამავე დროს ვითანამშრომლებთ ყველასთან, რომ ტაო-კლარჯეთის ძეგლები იქნეს დაცული. მიმაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

- მაგრამ საპატრიარქო უკმაყოფილებას არ მალავს.

- ყველას აზრი ანგარიშგასაწევია, მაგრამ ის, რომ ოშკი და იშხანი აღდგება, ამაზე უმნიშვნელოვანესი ამწუთას ჩემთვის არაფერია.

- თუნდაც ახალციხესა და ბათუმში მეჩეთები აშენდეს?

- ის მეჩეთები გასულ საუკუნეში დაინგრა. ბათუმში მეჩეთი აღდგება იმ ადგილას, სადაც ქართული მხარე განსაზღვრავს. ეს არ არის დიდი არქიტექტურული ძეგლი. ახალციხეში კი მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარდება.

თურქეთში ჩვენი სხვა ძეგლებიც არის: ხანძთა, ოპიზა, ოთხთა. არ მინდა იმ საქართველოს ნაწილი ვიყო, ვინც გულგრილობის გამო დიდებული ძეგლების განადგურებას დაუშვებს.