მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

ივანიშვილის აქტიურობა

ერთი ინტერვიუ, ერთი პრესკონფერენცია და ერთიც აქციაზე მისვლა... ბევრია თუ ცოტა? გააჩნია - ვისთვის. სააკაშვილისთვის ეს არაფერია და ნიშნავს, რომ იგი შვებულებაშია, ხოლო ივანიშვილისთვის ძალიან, ძალიან ბევრია. ეს კვირა მისთვის ამითაც იყო გამორჩეული: თავისი სასახლის გარეთ უჩვეულოდ იაქტიურა. ხუმრობა ხომ არ არის - სასახლიდან ორჯერ გამოვიდა: ერთხელ პრესკონფერენციის ჩასატარებლად, მეორედ კი - აქციაზე მისასვლელად. როგორც ჩანს, ჯერ გარეთ სიარულს ეჩვევა. თუმცა არც ერთი ეს გამოსვლა სახელისუფლებო არხებმა არ შეარგეს. ჯერ პრესკონფერენციაზე ბახილები აღმოუჩინეს, რომლებსაც, მათი თქმით, ჟურნალისტებს აცმევდნენ, აქაოდა, ახალგარემონტებული იატაკი არ დაგვისვაროთო. თუმცა არასახელისუფლებო მედიის ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, ჩვენ იქ ბახილები არ გვინახავსო. მოკლედ, პრესკონფერენციის შინაარსზე მეტად ბახილების არსებობა-არარსებობა იყო მნიშვნელოვანი. მერე აქციაზე მისულს აქციის ორგანიზატორებმა სააკაშვილის პლაკატი დაუგდეს და ფეხი დააბიჯებინეს. ახლა ამაზე ატეხეს ტელევიზიებმა ერთი ამბავი, ნახეთ, ივანიშვილმა რა ქნაო. მანამდე კიდევ ორი დღე ვიღაც ინგლისურის მასწავლებლის წერილი ატრიალეს, რომელიც ჰყვებოდა, როგორ დაალევინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა საფაღარათო წამლის ოცმაგი დოზა. ჰოდა, რომელ არხზეც გადართავდი, გესმოდა ვინმე პატრიკ დაუნის ფაღარათის ამბები - როგორ დაემართა, რამდენ ხანს გაუგრძელდა, ტუალეტში რამდენჯერ შევარდა და ა.შ.

მოკლედ, ივანიშვილზე წინა კვირას პროპაგანდისტული შეტევა კი არა, შტურმი განხორციელდა. სახელისუფლებო მედიამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა და ალბათ, ასე იქნება არჩევნებამდე. მართალია, მათი ყუმბარები ხშირად დაჟანგული და მოძველებულია, მაგრამ ხანდახან მაინც ფეთქდება, ამიტომ მათთან ურთიერთობაში ივანიშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, უმთავრესად კი ის, თუ როგორ მოიქცეს, რომ სახელისუფლებო ტელევიზიებს გამოსაკიდებელი ნაკლები დაუტოვოს.

პრეზიდენტის ოსტატობა

წინა კვირას ძალიან მოვიწყინეთ - პრეზიდენტმა მხოლოდ ორი საავადმყოფო გახსნა და აბა, რა იქნებოდა! რა არის კვირაში ორი საავადმყოფო, როცა ამერიკაში გამგზავრებამდე დღეში ხსნიდა ორს! არადა, კვირა რა კარგად დაიწყო: ამერიკიდან - მიუნხენში, მიუნხენიდან კი პირდაპირ დუშეთში აღმოჩნდა. თან ამერიკის საზღვაო აკადემიაში ნაჩუქარი ქურთუკი ეცვა. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ გამოცვლაც ვერ მოასწროო. ვიფიქრე, ესაა და მთებს გადადგამს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ -  მხოლოდ ერთი საავადმყოფო გახსნა დედოფლისწყაროში. ნამდვილად იმედგაცრუებული დავრჩი. ისღა დამრჩენია, იმ სიახლეებით დავტკბე, რომლებიც პრეზიდენტმა საავადმყოფოების გახსნის პროცესში შემოგვთავაზა. გახსნის ინს-  ტრუქციას, როგორც ჩანს, ახალი პუნქტი დაემატა: ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოება  პლუს იმპროვიზაცია. სააკაშვილი ხომ იმპ-როვიზაციების ოსტატია, მაგალითად, დუშეთში მან არა მხოლოდ ახალმოლოგინებული ქალები მოინახულა, არამედ მშობიარობასაც დაელოდა და მახარობლის ფუნქციაც იკისრა. მართალია, ბებია, რომელსაც პრეზიდენტმა მეხუთე შვილიშვილის დაბადება ახარა, პრეზიდენტის დანახვით უფრო იყო აღფრთოვანებული, ვიდრე ბავშვის დაბადებით, მაგრამ სანახაობა მაინც შთამბეჭდავი იყო. უბრალოდ, ბებია პრეზიდენტთან შედარებით უნიჭო მსახიობი აღმოჩნდა და როლიც ცუდად ჰქონდა ნასწავლი - იმის ნაცვლად, რომ ჯერ შვილიშვილის დაბადება გახარებოდა და მხოლოდ შემდეგ გადასულიყო პრეზიდენტის ქებაზე, პირდაპირ ქება-დიდებას და წარმატებებზე საუბარს მოჰყვა. აი, სწორედ აქ გამოავლინა მსახიობის უბადლო ოსტატობა სააკაშვილმა - წამითაც არ დაბნეულა, წამოიძახა: რა დროს ჩემი წარმატებებია, შვილიშვილი შეგეძინათო და ამით პარტნიორის შეცდომა გამოასწორა. არადა, ამ სცენის რეჟისორი მე რომ ვყოფილიყავი, სულ სხვანაირად დავდგამდი - ბებოს ვათქმევინებდი: "თქვენ ხართ ჩემი მახარობელი?" მახარობელს  ხომ ფულს ჩუქნიან! ჰოდა: "აი, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, ჩემი პენსიიდან დარჩენილი ორი ლარი!"

გაცილებით მარტივი როლი დაეკისრა მშობიარეს: მას მხოლოდ ზუსტად იმ დროს უნდა გაეჩინა შვილი, როცა პრეზიდენტი მოვიდოდა და რადგან საკეისრო კვეთით აჩენდა, ეს იოლი მოსაგვარებელი აღმოჩნდა. მართალია, ჩვენმა ტელევიზიებმა გვითხრეს, რომ მშობიარემ თავად მოისურვა ოპერაციის გადადება, ისე უნდოდა პრეზიდენტის ნახვაო, მაგრამ გაიგე ახლა შენ, მართლა თავად მოისურვა, თუ მოასურვებინეს. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ სანახაობაა! მართალია, მცირედი ხარვეზები იყო, მაგრამ ეს რა სათქმელია!.. ახლა ველოდები, შემდეგ ჯერზე რას შემოგვთავაზებს ბატონი მიხეილი, მით უმეტეს, მისმა პრესსპიკერმა გვითხრა, არ მოგაწყენთ, მთელი თებერვლის განრიგი უკვე გაწერილი გვაქვსო. თქვენი არ ვიცი და მე ველოდები, თავად როდის მიიღებს მშობიარობას პრეზიდენტი. აბა, შემდეგი ეტაპი სხვა რაღა უნდა იყოს?!

გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი

წინა კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ დაარსების 95 და აღდგენის 30 წლისთავი აღნიშნა. საოცრად პომპეზური ზეიმი მოაწყვეს. არადა, იმას, რაც ამ პარტიას ჭანტურიას დაღუპვის შემდეგ მისმა ლიდერებმა -  ჯერ სარიშვილმა, ახლა კი ბაჩუკი ქარდავამ დამართეს, გარდაცვალება უფრო ჰქვია, ვიდრე სიცოცხლე. ედპ დღეს თავად ედპ-ის გარდა აღარავის ახსოვს. არადა, საზეიმო ღონისძიებებზე პარტიის ლიდერი საოცარ სურათებს ხატავდა, ჩვენ ვართ "მესამე გზა" და ედპ მომავალი მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთ ძლიერ მოთამაშედ შევაო. ეჰ, ბატონო ბაჩუკი, არჩევნებამდე "მესამე გზად" თავს რამდენი პარტია თუ პარტიების გაერთიანება გამოაცხადებს, დაითვალეთ. ყველა, ვინც ივანიშვილთან ვერ მოხვდა, ამას გააკეთებს; შეეცდებიან, იმ ხალხის გული მოიგონ, ვისაც არც მიშა მოსწონს და არც ივანიშვილი მოეწონება. მესამე გზაზე შედგებიან ბურჯანაძე, კუკავა, ქრისტიან-დემოკრატები, "ახლები"...

მაინც გჯერათ, რომ ედპ-ს პარლამენტში სოლიდური წარმომადგენლობა ეყოლება? თუ ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა გკითხოთ: "ვინ წაგაქეზათ, იმ ჩემი ცოდვით სავსემ, გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი!"