"ივანიშვილის დეკლარირებული ამოცანა და მისი სტრატეგია ერთმანეთს უპირისპირდება" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის დეკლარირებული ამოცანა და მისი სტრატეგია ერთმანეთს უპირისპირდება"

"2/3-ით, პარლამენტის დაკომპლექტება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თეორიულადაც კი შეუძლებელია"

"მესამე პოლიტიკურ ძალად ქცევის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას”

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ გიორგი თარგამაძესთან საუბარი იმ თემით დავიწყეთ, რაც მის და მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტს მოჰყვა:

- როდესაც მიხეილ სააკაშვილის და თქვენი აშშ-ში ვიზიტი ერთმანეთს დაემთხვა, ზოგიერთმა თქვა, პრეზიდენტმა სასურველი ოპოზიციონერი წაიყვანა ამერიკაშიო.

- ჩემი ვიზიტი ამერიკულმა მხარემ დაგეგმა ისე, რომ ოთხი დღით ადრე ყველა იმ სტრუქტურასა და ორგანიზაციაში მქონდა შეხვედრა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, სადაც შემდეგ თავად სააკაშვილს უწევდა მისვლა. ჩვენი ამერიკელი მეგობრები სააკაშვილს ან რომელიმე პირს კი არ უჭერენ მხარს, არამედ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მის პარტნიორ საზოგადოებას ამ რთულ რეგიონში, მხარს უჭერენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების დაცვასა და იმ პრინციპებს, რაზეც დგას მსოფლიოს წამყვანი დემოკრატია. აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყველა რგოლთან საქართველოს, როგორც უზარმაზარი დემოკრატიული რესურსის მქონე ქვეყნის წარმოჩენა ვცადე. ქრისტიან-დემოკრატებს ახირებული დამოკიდებულება არა გვაქვს მოვლენებისა და პირებისადმი.K კარგზე კარგს ვამბობთ და დასაბუთებულად ვუხსნით ჩვენს მეგობრებს, რა ნაკლი აქვს სააკაშვილს. ალბათ, ამითაც შეიძლება აიხსნას, რომ ამერიკაში ვიზიტის შესაძლებლობა მომეცა.

ამ ვიზიტით ნათლად გამოიკვეთა, რომ ამერიკელებისთვის ორპარტიული შეთანხმების საგანია საქართველოსთან დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, თეთრ სახლში ვინ იქნება - სპილოს თუ ვირისსიმბოლოიანი პარტიის წარმომადგენელი. მათთვის საქართველო უმთავრესი მოკავშირეა და ეს დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

აშშ-ის პოზიცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვიხილავთ მას, - როგორც პოლიციელს, რომელმაც მოუწესრიგებელ ბიჭებს უბანში წესრიგი უნდა დაგვიმყაროს, თუ როგორც მეგობარს, რომელმაც შეიძლება გირჩიოს, რა როგორ გააკეთო. თუ გაითვალისწინებ გამოცდილი მეგობრის რჩევას, მოიგებ. ამერიკელების დამოკიდებულება განსხვავებულია რუსების ჩვენდამი დამოკიდებულებისაგან.

თუ პოლიციელის მოლოდინში ვიქნებით, ის მოვა, ოღონდ არა ამერიკელი მეგობარი, არამედ რუსი ამხანაგი და როგორ წესრიგსაც დაგვიმყარებს, კარგად ვიცით.

ამიტომაც ვარ წინააღმდეგი გადაჭარბებული მოლოდინის შექმნისა, რომ სხვები გადაგვიწყვეტენ, რა ხარისხის დემოკრატია გვქონდეს. ქვეყნის მომავალი ქართველი საზოგადოების ხელშია.

- ამერიკულ პრესაში დაიწერა, სააკაშვილმა სხვა ლიდერს უნდა დაუთმოს გზაო, მაგრამ სააკაშვილის გუნდი ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი არ იყოსო.

- დიდ ყურადღებას ნუ დავუთმობთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გამონათქვამებს. აბა, იმას ხომ არ იტყვიან, ქუდს დავიხურავთ და წავალთო.

საქართველოს შეუძლია დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციით მრავალპარტიული დემოკრატიის დამყარება 2012 წლის არჩევნების შემდეგ. საქართველოს უზარმაზარი ფინანსური რესურსების მოზიდვაც შეუძლია. შოკის მომგვრელ ციფრს დაგისახელებთ: 12 ტრილიონი დოლარი საფინანსო რესურსია დღეს გაყინული უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტებსა და საინვესტიციო ფონდებში. მსოფლიოს ეკონომიკური ბაზრების აAრასტაბილურობა არ იძლევა შესაძლებლობას, ინვესტორებმა თამამად იმოქმედონ. ეს ფული განვითარების ნიადაგს ეძებს. 12 ტრილიონის თუნდაც მცირე ნაწილის მოზიდვა შეიძლება, თუკი 2012 წელს რყევების გარეშე გავივლით და პლურალისტურ პარლამენტს ავირჩევთ.

- მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ძირითად კონკურენტებად ივანიშვილის კოალიცია და "ნაციონალური მოძრაობა" სახელდებიან.

- ფინანსური რესურსებით ერთმანეთის კონკურენტები მართლაც "ნაციონალური მოძრაობა" და ივანიშვილის ბლოკი იქნებიან, მაგრამ ხელისუფლებისა და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით მათ მიერ დაგროვილი ხმები არ აღემატება 65%-ს. რჩება დაახლოებით 35% აქტიური ამომრჩევლისა, რომელსაც სურს მესამე პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ მესამე პოლიტიკურ ძალად ქცევის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას.

ოპოზიციურ ფლანგზე სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც გაჩნდებიან, თუნდაც ბურჯანაძე-კუკავას ალიანსი. გაუგებარია, რა  პრინციპებს ემყარება ის ერთობა, რომელიც ახლა ყალიბდება ივანიშვილთან. თუკი ამ ძალის ამოცანა პრეზიდენტთან ბრძოლაა, მაშინ ეს არაფრით განსხვავდება ყოფილი გაერთიანებული ოპოზიციის ლოზუნგისგან "საქართველო სააკაშვილის გარეშე". ამ მიზნის მისაღწევად გამართლებული იქნებოდა, რომ ივანიშვილს ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ყველა ძალასთან გამოენახა საერთო ენა, მაგრამ თუ ის იდეოლოგიისა და წარსულის მემკვიდრეობის მიხედვით აკეთებს არჩევანს, გამოდის, წინააღმდეგობრივად იქცევა.

გაუგებარია, რა აქვს კუკავას ისეთი დასაწუნი, რაც ნეგატიურ არგუმენტად არ გამოდგებოდა დავითაშვილის ან ძიძიგურის მიმართ.

პოლიტიკაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის ნათელია, რომ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ 2/3-ით, პარლამენტის დაკომპლექტება ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ თეორიულადაც კი შეუძლებელია, თუკი არჩევნებამდე რევოლუციური პროცესები არ განვითარდა. ჩემი აზრით, ივანიშვილის დეკლარირებული ამოცანა და მისი სტრატეგია ერთმანეთს უპირისპირდება. თუ ივანიშვილს არ ჰყოფნის პოლიტტექნოლოგიური გამოცდილება, მასთან ხომ არიან გამოცდილი პარტიები, მაგრამ ამ პარტიებმა უკვე მიიღეს ივანიშვილისაგან იმის მაქსიმუმი, რაც უნდოდათ. უმეტესობას არ ჰქონდა მომავალ პარლამენტში მოხვედრის შანსი და ივანიშვილმა ამის შანსი მისცა, ასევე მისცა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებაც. ისინი არაფერს აგებენ. თუ უმრავლესობას აიღებენ, ხომ კარგი, მომავალ პარლამენტში ფრაქციების ფორმირებას დამოუკიდებლად შეუდგებიან, რათა არ დარჩნენ  ივანიშვილის კლანჭებში. თუ ივანიშვილი დაპირებას ვერ შეასრულებს, წაგებული თავად დარჩება, წააგებს ასევე საზოგადოებაც.

შემოდგომაზე ივანიშვილის მაღალი რეიტინგი პირველი ეიფორიული განწყობის გამომხატველი იყო. ადამიანები ივანიშვილს, როგორც მითს, ლეგენდას აღიქვამდნენ, მაგრამ საზოგადოებასთან თაფლობის თვე ყველა პოლიტიკოსს უმთავრდება. ახლა ივანიშვილის დემითოლოგიზაცია ხდება. არ გამართლდა საზოგადოების იმ ნაწილის მოლოდინი, რომელიც ფიქრობდა, რომ ივანიშვილის წერილების გამოქვეყნება დაშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ვანო მერაბიშვილი მუხლმოყრილი ეახლებოდა მინებიან სასახლეში, რომ გიგა ბოკერია ემიგრაციაში გაიქცეოდა. ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა. ივანიშვილმა ხელისუფლების მონოლითში მცირე ბზარიც კი ვერ გააჩინა. როდესაც საფრთხე დაინახეს, პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" კონსოლიდაცია დაიწყო.

- დასასრულ, მინდა გკითხოთ საპატრიარქოს განცხადებაზე, რომელიც ეხება საქართველოში მეჩეთების მშენებლობასა და ოფიციალური ანკარის დამოკიდებულებას ქართული მხარის წინადადებებისადმი.

- ეს არის იმ იგნორირების პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება იჩენს ქართული ეკლესიის მიმართ. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, სასწრაფოდD შეცვალოს ეს პოლიტიკა. ქართული ეკლესიის სტატუსი უფრო მაღალი რანგით უნდა განისაზღვროს და მას უპირატესი რელიგიის სტატუსი მიენიჭოს.