”ეს ამბავი თავიდან ბოლომდე მოგონილია” - კვირის პალიტრა

”ეს ამბავი თავიდან ბოლომდე მოგონილია”

”ამ ეტაპზე ნინო ბურჯანაძის პარტია წყალგამყოფის მეორე მხარეს არის, მაგრამ კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება”

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერთან ინტერვიუზე მისული იმის მომსწრე გავხდი, როგორ მიართვეს მაია ფანჯიკიძეს წითელი ვარდების თაიგული რაჭველების სახელით. საუბარიც ამ თემით დავიწყეთ:

- რაჭველი ვარ და ეს თაიგული ერთმა სიმპათიურმა პიროვნებამ მომართვა რაჭველების სახელით. რაჭაში მამამ დიდი ხნის წინ ააშენა სახლი და ზაფხულობით ჩვენი დიდი ოჯახი ყოველთვის იქ იკრიბება. ეს არის ადგილი და სახლი, რომელიც სულ მენატრება.

- დიპლომატობის შემდეგ "ქართულ ოცნებაში" როგორ აღმოჩნდით?

- ორი წლის წინ მიმატოვებინეს დიპლომატობა და მას შემდეგ გერმანული ენის მასწავლებლად ვმუშაობდი. როდესაც პოლიტიკურ არენაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, იმედი ჩამესახა, რომ ქვეყანაში  სასიკეთო ცვლილებების დრო მოვიდა და მინდა, წვლილი შევიტანო ამაში. ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა ერთ ჩემს კოლეგასთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელობა. თვე-ნახევრის შემდეგ კი მისი პრესსპიკერი გავხდი.

- ზოგიერთი მედიასაშუალება ამას "ოჯახური პოლიტიკის" (იმის გამო, რომ ირაკლი ალასანია თქვენი სიძეა) დამსახურებად მიიჩნევს.

- როდესაც ოჯახურ პოლიტიკაზე ლაპარაკობენ, უფრო ხელისუფლება უნდა იგულისხმონ. ხელისუფლებაში არაერთი ოჯახია წარმოდგენილი, თუნდაც ახალაიების, კუბლაშვილების, პრეზიდენტისა და მისი ბიძის სახით. მე და ირაკლი დამოუკიდებელი ადამიანები ვართ, დამოუკიდებელი ბიოგრაფიებით. როდესაც ორივენი ერთ პერიოდში ვიყავით ელჩები, მაშინ რატომღაც არავის გახსენებია თემა, რომელიც ახლა გახდა აქტუალური.

- დიპლომატიური სამსახურიდან თქვენი დათხოვნის მიზეზი რა გახდა?

- ვფიქრობ, ეს ჩემი ირაკლისთან ნათესაობის გამო მოხდა, რაც დამიდასტურა კიდეც საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. პრეზიდენტის განკარგულებაში არ ეწერა გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი. არაოფიციალურით კი ამის მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი დავით კერესელიძე (ის ჰოლანდიაში ყოფნისას მეუღლესთან ერთად მაღაზიაში დააკავეს ქურდობის ბრალდებით, თუმცა კი არაფერი მოუპარავთ), რომელიც თურმე უკმაყოფილო ყოფილა საელჩოს უყურადღებობით. სინამდვილეში კი ჩემი ჩარევიდან 2 საათში კერესელიძე და მისი მეუღლე გაათავისუფლეს. საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, 16-წლიანი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში თუ მეტი შარი ვერ მომდეთ, ძალიან კარგად მიმუშავია-მეთქი. ამაზე მიპასუხა, კარგი რა, ხომ იცი, სინამდვილეში რაც არის მიზეზიო. ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ჩემი სიძის ოპოზიციაში გადასვლა, მე კი ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვიყავი.

- ამ პერიოდში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ იყო თქვენი ნათესავი ნინო ბურჯანაძეც.

- ნინო ჩემი ნათესავი არ არის (თუმცა ნინო ბურჯანაძემ მითხრა, რომ ბატონი გურამ ფანჯიკიძე მისი მეუღლის ნათლია იყო. - ავტ.), ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. ნინო ჩემთვის ძალიან ახლობელია, ძალიან ვაფასებ მის თავგამოდებას და მადლიერი ვარ მისი. საშინელებაა, როდესაც ადამიანს იმის მიხედვით კი არ აფასებენ, რა შეუძლია და რა გაუკეთებია, არამედ იმის მიხედვით, ვისთან როგორ არის.

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ნინო ბურჯანაძე არ არის დასავლური ყაიდის პოლიტიკოსიო.

-  გული მწყდება, რომ პოლიტიკური პერიპეტიების გამო ერთმანეთი დავკარგეთ. ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მისი პოლიტიკური  ძალა და კოალიცია არ იქნება ხელისუფლების ქუჩის აქციებით შეცვლის მომხრე. ქალბატონ ნინოს კი ხშირად უთქვამს, რომ  ქუჩის აქციებია  ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა. აქ არის ძირითადი უთანხმოება, თორემ ეჭვი არავის ეპარება, რომ ნინოსაც უნდა ამ ხელისუფლების შეცვლა.

- გამორიცხავთ, რომ რაღაც ეტაპზე ნინო ბურჯანაძე მისაღები აღმოჩნდება ივანიშვილისთვის?

- გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ბატონმა ბიძინამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოლიტიკური სიმპათიები, გამიჯნა ძალები, რომლებთან ითანამშრომლებს და რომლებთან - არა. ამ ეტაპზე ნინო ბურჯანაძის პარტია წყალგამყოფის მეორე მხარეს არის, მაგრამ კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება.

- ცოტა ხნის წინ ნანა დევდარიანმა "ქართული ოცნება" განაწყენებულმა დატოვა და თქვენი გვარი ახსენა.

- მე, ამ ოფისის ხელმძღვანელს, ნანა დევდარიანი თვალით არ მინახავს და როგორ უნდა გამეშვა. მისი ასეთი ინტერესი ჩემ მიმართ და ამ თემის ტრიალი, იმ ადამიანის აქტიურობაა, ვისაც მედიის ყურადღება მოენატრა.

- გავიგე, ტელეკომპანია "იგრიკა" რამდენიმე თანამშრომელმა იმის გამო დატოვა, რომ მათ საქმიანობაში ერეოდნენ. ამ კონტექსტშიც თქვენ და თინა ხიდაშელი დაგასახელეს.

- არანაირი კავშირი არა მაქვს ტელევიზიასთან. არც ვიცი, იქ რა ხდება. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე მოგონილია. მეეჭვება ქალბატონი თინა ჩარეულიყო ტელევიზიის საქმიანობაში. ეს ტელევიზია იმიტომ არ კეთდება, რომ ჩვენ დაგვექვემდებაროს და ჩვენი აპოლოგეტი იყოს. ჩვენ გვინდა, შეიქმნას დამოუკიდებელი, კარგი ტელევიზია. რადგან პრესსპიკერი ვარ, ბევრს ჰგონია, ტელევიზიასთან რამე მაკავშირებს, მთხოვენ, იქ სამსახურის მოძებნაში დახმარებას, მაგრამ ვიმეორებ, ტელევიზიასთან არაფერი მესაქმება. ფიზიკურადაც არ მინახავს ხალხი, ვინც ტელევიზიას აკეთებს.

- თქვენ კარგად იცით დიპლომატიური ენა, რა უთხრეს სააკაშვილს შტატებში?

- უთხრეს, გითავდება პრეზიდენტობის მეორე ვადა და 2013 წლის მერე არ უნდა დარჩე ხელისუფლებაში, ასევე უნდა ჩაატარო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებიო.  ობამას სიტყვები  ქართულ ენაზე ნიშნავს, - თუ აქამდე რაღაცაზე თვალს ხუჭავდნენ, ამიერიდან ასე აღარ იქნებაო. სააკაშვილის თანაგუნდელები რომ ამბობენ, ეს სააკაშვილის წასვლას არ ნიშნავსო, ეს მათი ოცნებაა.

- მათი ოცნება გასაგებია, თქვენი ოცნება რა არის?

- დიდი უპირატესობით მოვიგოთ ეს არჩევნები და ასეც იქნება. ეს ხელისუფლება ყველაფერს ტყუილზე აგებს. გამაოცა ტელევიზიით გასულმა სიუჟეტმა, როდესაც ქალი ელოდებოდა პრეზიდენტის მისვლას და არ მიდიოდა საკეისროს გასაკეთებლად. მერე  კი როგორ ახარა პრეზიდენტმა ბავშვის მამას შვილის დაბადება. რა საჭიროა ეს სპექტაკლები? რას ფიქრობს ჟურნალისტი, ვინც ამას აშუქებს. ასევე მაინტერესებს, რას განიცდის ჟურნალისტი, რომელიც "ქართული ოცნების" პრესკონფერენციაზე მოდის და წინასწარვე იცის, რომ  ცუდზე უნდა იყოს ჩასაფრებული. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე წარმადგინა, ილაპარაკა პოლიტიკურ კოალიციაზე, პარტნიორებზე, თავის მოქალაქეობაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე, აშშ-ში სააკაშვილის ვიზიტსა და ობამას ცნობილ ფრაზაზე, მაგრამ ყველა ნაციონალურ არხზე #1 სიუჟეტი იყო, რომ ვიღაცამ ბახილების ჩაცმა მოსთხოვა ჟურნალისტებს. სინამდვილეში, ბახილები განკუთვნილი იყო ზედა სართულზე მომუშავე მუშებისთვის, რათა ნაგავი ქვემოთ არ ჩამოეტანათ. სიუჟეტები დაიწყო ბახილებით და გაგრძელდა  ბოდვით, რაც ბიძინა ივანიშვილის შვილების მასწავლებელმა დაწერა. როგორ შეიძლებოდა იმ პრესკონფერენციიდან ეს თემები გამოეტანათ?

თავმოყვარე ჟურნალისტი ამას არ გააკეთებს. საკუთარი პროფესიის დისკრედიტაცია და სამშობლოს ღალატია ხალხის ასე მოტყუება, მაგრამ ეს რატომღაც ჩვეულებრივი ნორმა გახდა და ამისგან რომ უნდა გავთავისუფლდეთ, ცხადია.