გამარჯვების ფორმულა - შეხედეთ და წაიკითხეთ... - კვირის პალიტრა

გამარჯვების ფორმულა - შეხედეთ და წაიკითხეთ...

ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პოლიტიკოსმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა, გამარჯვების გზა გამქრალი ილუზიების სასაფლაოზე გადისო.ეს თქვა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის გამარჯვების გზის პოვნა გაეადვილებინა. მან იცოდა, რომ ღვთის სახედ და ხატად შექმნილ ადამიანს მარადიული სწრაფვა აქვს გამარჯვებისკენ და ასევე აქვს მარადიული მიზანი - გაიმარჯვოს. ხოლო ის, რაც ერთი კაცის მიზანი და მისწრაფებაა, ერის მიზანი და მისწრაფებაცაა. გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის ბოლო ოცწლიან ისტორიას და ვიტყვით, რომ გამარჯვებისკენ ქართველი ერის სწრაფვა ტრიუმფალური იყო? არა! მაგრამ რა ქნას ადამის შთამომავალმა, რომელსაც სიცოცხლისა და არსებობისათვის გამარჯვება ისე სჭირდება, როგორც ჰაერი? გამარჯვებამდე რომ მიხვიდე, ჯერ ის გზა უნდა იპოვო, რომელიც ამ მიზნამდე მიგიყვანს. ამ გზის გავლა კი ქართული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ბევრმა ვერ შეძლო.

ბოლო 7 წელია ქართული ოპოზიციის გამარჯვების გზა სააკაშვილის დამარცხებაზე გადიოდა. იარა ოპოზიციამ ამ გზაზე, ბევრი იყვირა, იბრძოლა, ივაგლახა, გაილახა, რეზინის ტყვიაც მოხვდა და გაზის კაფსულაც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჩაიქნია ხელი და ჩაქინდრა თავი. სამწუხაროდ, ბოლოსღა მიხვდა, რომ თავიდანვე არასწორ გზას დასდგომოდა, მაგრამ ადამიანი ხელჩაქნეულობას  დიდხანს ვერ ეგუება. ზემოთ ხომ ვთქვით, ის ვერ ცოცხლობს, ვერ არსებობს თუ გამარჯვებისთვის არ იღვწის, არ იხარჯებაო და... გამოჩნდა კაცი, ვინც თქვა, - გზა, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, ვინმეს დამარცხებაზე სულაც არ გადის. ამ გზამ ყველას გამარჯვებაზე უნდა გაიაროს, რომ მერე მთელი ერის გამარჯვებად იქცესო. ვერაფერს იტყვი, კეთილშობილური განზრახვაა, მაგრამ როგორ უნდა გავიაროთ ეს გზა, რომელიც ია-ვარდით მოფენილი სულაც არ არის? თანაც იმ კაცს (ბოლო გამარჯვებულს) საკუთარი გამარჯვების (ძალაუფლების) დათმობა სულაც არ უნდა და არც არავისთვის ემეტება(!).

როგორ შევუდგეთ იმ გზას, რომელმაც ყველას გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს? პასუხი თავად კითხვაშია! ყველა უნდა დავადგეთ ამ გზას და ისე გავიაროთ, როგორც შეგვიძლია. გამარჯვების ამ ფორმულის მონაწილე ყველა უნდა იყოს, აქედან ვინმეს გამორიცხვა შეცდომაა და მეტიც, დანაშაულია. კაცს ვერ ეტყვი, მე წავალ ამ გზაზე და რომ გავიმარჯვებ, შენ იყავი ამით ბედნიერიო. სხვისი ბედნიერებით გაბედნიერება ერთეულებს შეუძლიათ და ამას ყველას ვერ მოვთხოვთ, რადგან ყველას თავისი წილი ბედნიერება და გამარჯვება უნდა.

ამას წინათ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, სააკაშვილის მიმიკითა და ჟესტიკულაციით ვხვდები, რომ ის არჩევნების მოსაგებად ემზადება და არსად წასვლას არ აპირებსო. სავარაუდოდ, ბურჯანაძე მართალია. ამ კაცმა (რომელსაც ბოლო გამარჯვებული ვუწოდე) თავის დროზე გამარჯვების ფორმულა ამოხსნა, გამარჯვებით დატკბა და მას ძნელად შეელევა, მაგრამ მოუწევს. მოუწევს იმ კანონზომიერებიდან გამომდინარე, რომ მისი გამარჯვება ყველას გამარჯვება არ აღმოჩნდა. როგორ გავიმარჯვოთ ყველამ? - ეს კითხვა ტრიალებს ყველას აზრში, ფიქრში, გონებაში... არადა, ეს ფორმულა ძალიან თვალსაჩინოა და ყველა ქართველისთვის ძალიან ცნობილი. იმ კაცმა (ბოლო გამარჯვებულმა), რომელმაც გამქრალი ილუზიების სასაფლაოზე გაიარა და გაიმარჯვა ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ან შეიძლება სულაც თავისი სულსწრაფობის გამო, ეს ფორმულა ქართული სახელმწიფოს სიმბოლოზე გამოსახა. ფორმულა, რომელიც დღეს ყველა ქართველს გაამარჯვებინებს, საქართველოს გერბზე წერია. შეხედეთ და წაიკითხეთ: "ძალა ერთობაშია!".