"ამ ბიჭებმა საკუთარ თავზე მოირგეს კანონები" - კვირის პალიტრა

"ამ ბიჭებმა საკუთარ თავზე მოირგეს კანონები"

"რას ელოდნენ, რომ ამ გუნდში მთვარიდან ჩამოცვივდებოდნენ გამობრძმედილი პოლიტიკოსები?

"ვერავინ მეტყვის, რომ ნაყიდი ვარ"

"ბატონმა ბიძინამ ოცნება კი არა, ოცნების ასრულების რწმენა გაგვიჩინა"

"დროული იყო, რომ ბატონმა ბიძინამ აუტკივარი თავი აიტკივა"

"პირობას გაძლევთ, თუ ვინმე ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მერე დაინახავს, რომ მან ბიუჯეტის ფულით მოიწვია ძვირად ღირებული მასაჟისტი, დაერია პატარა გოგონებს ან სტიპტიზბარში მოწონებული ქალიშვილი მინისტრად მოიყვანა, პირველი, ვინც ამას მკაცრად შეაფასებს და გააკრიტიკებს, მე ვიქნები, მიუხედავად იმისა, რომ თავი მაქვს გადადებული, რათა ამ გუნდმა გაიმარჯვოს და მარტო ხელისუფლება კი არ შეცვალოს, სამართალიც აღადგინოს", - მითხრა მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელიც ივანიშვილმა წარადგინა, როგორც "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი:

- პრეზენტაციის მერე სახელისუფლებო ტელევიზიებმა  დამაბრალეს, რომ ბურჯანაძის პარტიაში ვარ, არადა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული აკადემიისა" და ქალთა ორგანიზაცია "თამარიონის" წევრი გახლავართ, რომელიც 26 მაისის დარბევის მერე შეიქმნა. ამ დღეებში ისმოდა, რომ გარდა ბურჯანაძის პარტიისა, ვარ "ქართული პარტიის" წევრიც. გამიკვირდა,  რომ  კომუნისტური პარტიის ან მით უფრო, "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა არ დამაბრალეს, რადგან 2003 წელს  სწორედ ამ გუნდს ვუჭერდი მხარს. ასეთი ბრალდებების წამოყენება უღირსი საქციელია, მაგრამ როდესაც ამას ჟურნალისტი აკეთებს, უკვე დანაშაულია, რადგან ის ღალატობს თავის პროფესიულ მოვალეობას. ერთ-ერთი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში მოსვლისა არის ის, რომ ქვეყანაში ეს ქაოსი დამთავრდეს და ყველა საქმე პროფესიონალებმა აკეთონ.

- თქვენც არ ბრძანდებით პროფესიონალი პოლიტიკოსი...

- მალე გამოჩნდება, ამ სიტყვებში რას ვგულისხმობ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. რადგან ბატონმა ბიძინამ ჩათვალა, რომ რაღაც სასიკეთო შემიძლია გავაკეთო, მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება. ყოველთვის ვთვლიდი, რომ შემიძლია ვაკეთო ჩემი საქმე და ვიყო აქტიური მოქალაქე, მაგრამ ბატონმა ბიძინამ დამარწმუნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკმარისი არ არის. მითხრა, იმიტომ შეგარჩიეთ, რომ გაბედული, პრინციპული და ერთგული ხარო. ბატონ ბიძინას არ ვიცნობდი, მაგრამ ყოველთვის მინდოდა, მადლობა მეთქვა იმისათვის, რასაც არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის აკეთებს. ვერავინ მეტყვის, რომ ნაყიდი ვარ. ზოგიერთს ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება ადამიანს უანგაროდ უყვარდეს თავისი ქვეყანა და მისთვის სიკეთე უნდოდეს. არც ბრალდების მეშინია - პარლამენტში წავიდაო. დრო მოვა და ყველა დაინახავს, სად ვიქნები.

- მაშ რისთვის მოდიხართ პოლიტიკაში?

- იმისთვის, რომ ამ გუნდს გამარჯვება მოვუტანო ჩემი საქმით, გამოცდილებით. სულ მიმტკიცებდნენ, რომ შეუძლებელია პოლიტიკა წესიერმა ადამიანებმა აკეთონ, რომ პოლიტიკა ბინძური ხელებით, ფულისა და ძალაუფლების გამო კეთდება. ივანიშვილის გამოჩენამ დამარწმუნა, რომ ასე არ არის; მას ვერავინ დააბრალებს, რომ პოლიტიკაში ფულის საშოვნელად მოდის.

- იქნებ მას ძალაუფლება ხიბლავს?

- ბევრი ფულის პატრონს ძალაუფლებაც აქვს. რატომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც ყველგან შეუძლია უზრუნველად ცხოვრება, ამ ნაბიჯს იმიტომ დგამდეს, რომ ძალიან უყვარს თავისი მიწა-წყალი, თავისი ოჯახი და უნდა, შვილები ქართულ ტრადიციებზე აღზარდოს. დარწმუნებული ვარ, კაცი, რომელიც ქვევრში თვითონ აყენებს ღვინოს, პოლიტიკაში ქვეყნის სიყვარულით და მის გადასარჩენად მოდის. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხომ არაერთხელ უთქვამს, უფსკრულის პირას ვდგავართო.  ამიტომ ვფიქრობ, დროული იყო, რომ ბატონმა ბიძინამ აუტკივარი თავი აიტკივა. მინდა მეც იმ ადამიანებთან ვიყო, ვისთვისაც ქვეყნის სიყვარულია მთავარი.

- ვიცი, რომ ხელისუფლებამაც რაღაც შემოგთავაზათ...

- კი, მაგრამ... რატომ არ გადაჭრილა დღემდე ჩემი ბინის საკითხი? ახლაც სასამართლოშია სარჩელი და მეუბნებიან, ბიჭები ხასიათზე არ არიანო. ეს ბიჭები ჩემმა საქციელმა ვერა და ვერ მოიყვანა ხასიათზე. მე რომ ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილი ვყოფილიყავი, პრობლემა დიდი ხნის წინ გადაიჭრებოდა. 2003 წელს ცვლილებების მომხრე ვიყავი, ჩემს განწყობაზე დიდი გავლენა ჟვანიამ და ბურჯანაძემ მოახდინეს.

მე და გიგი უგულავა ერთი ეკლესიის მრევლი ვართ. სტიქაროსანი იყო. ვფიქრობდი, რომ ცუდს არასოდეს გააკეთებდა, მაგრამ პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სხვის მანქანას მოახტა. ეს ყაჩაღობა როგორ მომეწონებოდა? იმის გამო ვერ გავჩუმდებოდი, რომ ამ გუნდის ხელისუფლებაში მოსვლაში წვლილი მეც მიმიძღოდა. როგორც კი შეეშალათ, მაშინვე პროტესტი გამოვთქვი.

ხელისუფლება იმიტომ შევცვალეთ, რომ კანონიერება და სამართლიანობა გვინდოდა. მერე ყოფილი პიონერთა სასახლის წართმევა-წაგლეჯა მოინდომეს და იქაც ვიაქტიურე. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, როცა ყველა იმალებოდა (მათ შორის მისი მეგობრები, რომლებიც სწორედ დამნაშავენი არიან, რომ არ გაეცალნენ მკვლელ, დამნაშავე ხელისუფლებას), გამოვთქვი ჩემი აზრი. მახსოვს, პანაშვიდებზე და დაკრძალვის დღეს როგორ ემალებოდნენ ადამიანები ტელეკამერებს, მომხდარის შეფასების ეშინოდათ. მაშინ ვთქვი, ვიდრე ხელისუფლება პასუხს არ გასცემს კითხვებს, მართალი არ იქნება-მეთქი.  ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე სამოქალაქო საზოგადოების წევრად დავრჩები და თუ რამე შეეშლებათ, შევუძახებ - ეს იქნება ჩემი მოვალეობა.

- ამ გუნდს დღესვე რომ შეეშალოს რამე? ან იქნებ უკვე ეშლება?

- რასაკვირველია, დღესაც ასე მოვიქცევი და ვფიქრობ, სწორედ ამ თვისებების გამო დამიძახა ივანიშვილმა. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა - კონტექსტიდან ამოვარდნილად განიხილავდა არჩილ კბილაშვილის სიტყვებს. მითხრა, ბატონმა არჩილმა ბრძანა, პოლიტიკაში ღარიბი ადამიანები არ უნდა იყვნენო. მერე მკითხა, ბატონი ბიძინა სექსუალურად მომწიფებულიაო? ბატონმა არჩილმა ბრძანა, რომ პოლიტიკაში უნდა მოდიოდნენ მომწიფებული ადამიანები, რომელთათვისაც წინა პლანზე სექსუალური პრობლემები არ დგასო. ძნელი გასაგები არ იყო, ვისზე ლაპარაკობდა და ვინც ვერ გაიგო, თქვენი გაზეთის საშუალებით შემიძლია გავუშიფრო: ბატონი არჩილი ლაპარაკობდა უზნეო ხელისუფლებაზე, რომელსაც ეს თავაშვებულობა მაშინ უნდა დაეთრგუნა, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოდიოდნენ. გარყვნილების უმაღლესი საფეხურია, როდესაც ხელისუფლებაში მოსული ადამიანის, განსაკუთრებით კი, პირველი პირისგან გვესმის, რომ ყველაფერი შეიძლება. როდესაც მან ჩვენს შვილებს ბუჩქებისკენ მიუთითა, პროტესტი არავინ გამოხატა და ეს ხუმრობად ჩავუთვალეთ, არადა, ეს სასაცილო არ არის!

ამ ბიჭების გუნდმა საკუთარ თავზე მოირგო კანონი და ამიტომაც ვერსად ვპოულობთ სამართალს. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ შურისძიება არ იქნება, მხოლოდ კანონი განსჯის, ვინ არის დამნაშავე და ვინ - უდანაშაულო.

ბატონი ბიძინა  ხელისუფლების არჩევნებით ცვლილების მომხრეა, მაგრამ თუ არჩევნები გაყალბდა, არ გამორიცხავს ქუჩის აქციებსაც. ყველა, ვინც სიტუაციას არ აურევს, ამ პროცესში ჩაერთვება. შეიძლება ეს ადამიანები არ შემოვიდნენ კოალიციაში, მაგრამ მათთან თანამშრომლობა შესაძლებელია. პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მხოლოდ  იწყება და ამომრჩეველი ნათლად გაარჩევს შავსა და თეთრს. ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლით ბევრი პარტიის სახე გამოჩნდა. ხომ აღარავინ კითხულობს, ოპოზიონერია თუ არა თორთლაძე ან გნებავთ დღევანდელი საპარლამენტო უმცირესობა?

- საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციამ ზოგს მოლოდინი გაუცრუა, ახალი სახეები არ ჩანდნენო.

- რას ელოდნენ, რომ ამ გუნდში მთვარიდან ჩამოცვივდებოდნენ გამობრძმედილი პოლიტიკოსები? თუ ვიღაც შევარდნაძის ეპოქაში ცხოვრობდა ან მის გუნდში მუშაობდა, არ ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავეა. ბევრი მათგანი პროფესიონალია, რომელთა გამოცდილება ყველა ხელისუფლებას დასჭირდება.

მეც ვცხოვრობდი ბრეჟნევის ეპოქაში, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი მომწონდა? ახალ ეპოქაში დაბადებული უზნეო ადამიანები არ გინახავთ?

როგორ შეიძლება ვანო კიღურაძის ან თედო ჯაფარიძისადმი ჰქონდეს პრეტენზია იმას, ვინც შრომის წიგნაკი პარლამენტში გახსნა ან სტრიპტიზბარიდან მოვიდა მინისტრის თანამდებობაზე? მახსოვს, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, განაცხადა, მე და ჩემი თანაგუნდელები ოპოზიციაში რომ ვიყავით, გვინდოდა, ოფისი გვექირავებინა და ჯიბეზე ხელი რომ გავიკარით, 50 ლარზე მეტი ვერ შევაგროვეთო და ჟურნალისტებს მოუწოდა - ერთი წლის მერე შეამოწმეთ ყველა ჩემი თანაგუნდელის ქონებრივი მდგომარეობა, თუ ვინმეს კაპიკი შემოსავალი მოემატება, ნახავენ, რაც მოუვათო. თვითონ ჩაიყოს ჯიბეში ხელი და ვნახოთ, რამდენი უდევს.

ზოგი ივანიშვილს ნელი ტემპის გამო ადანაშაულებს. ეს ნელი ტემპი არ არის, საინტერესო პროგრამების დაწერას დრო სჭირდება. ბატონმა ბიძინამ ოცნება კი არა, ოცნების ასრულების რწმენა გაგვიჩინა.

- თქვენს პროფესიულ საქმიანობას შეელევით?

- გამორიცხულია, თეატრიდან წავიდე. ვგრძნობ, რაოდენ მძიმე ჯვარი წამოვიკიდე და ღმერთს შემწეობას ვთხოვ, რომ გამაძლიეროს და კეთილი საქმე გამაკეთებინოს.