"ეს ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ბიძინა მაინც მოვა" - კვირის პალიტრა

"ეს ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ბიძინა მაინც მოვა"

"ბაკურიანი მთლიანად ბიძინას ფულით გაკეთდა, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიწერა"

"კიდევ ბევრი დააპირებს ბიძინასთან გადმოსვლას"

"თქვენი გაზეთის საშუალებით საჯაროდ ვამბობ, რითაც შემეძლება, ბიძინას გვერდით ვიქნები", -  გვითხრა კომპანია "ყაზბეგის" პრეზიდენტმა, "მრეწველთა" ლიდერმა გოგი თოფაძემ.

- ბატონო გოგი, თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ "მრეწველები" ერთ-ერთი პირველი დადგებოდით ბიძინა ივანიშვილის გვერდით.

- როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, ვგონებ, პირველი ვიყავი, ვინც ამას მივესალმე და ვთქვი, ეს დადებითი მოვლენაა და ბიძინას გვერდში ვიქნები მთელი ჩემი პოლიტიკური აქტივით-მეთქი და ასეც იქნება. მე და ბიძინა ხშირად ვხვდებით და ბევრს ვლაპარაკობთ იმ სამწუხარო რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაშია.

მე და ბიძინას ბევრი გვაქვს საერთო. მე შევთავაზე ბაკურიანი საერთაშორისო კურორტის დონეზე აგვეშენებინა და მთაზე რომ ავედით, ისეთი ამინდი გამოვიდა, მთელი კავკასიონის ქედი გამოჩნდა. იქიდან რომ გადმოიხედა,  ცრემლები წამოუვიდა და ამ პროექტში ფული ჩადო. ბაკურიანი მთლიანად ბიძინას ფულით გაკეთდა, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ მიიწერა.

საქართველოს მძიმე მდგომარეობაზე ბევრი გვისაუბრია ჭორვილაშიც, ბაკურიანშიც და მოსკოვშიც. ამ კაცს გულით უნდა ამ მძიმე ვითარების გამოსწორება. მილიარდები და სასახლეები აქვს ევროპაში და ქვეყანაზე თუ გული არ სტკივა, რატომ მოდის პოლიტიკაში, როდესაც ახლავე იცის, რომ საქართველოს ამ ჩიხიდან გამოყვანა ძალიან ძნელი იქნება? ადრეც გვილაპარაკია პოლიტიკაში მის მოსვლაზე და მპასუხობდა, გიჟი უნდა ვიყო, რომ პოლიტიკაში წამოვიდეო, მაგრამ ეტყობა, ბოლო დროს ძალიან შეაწუხა ქვეყნის უბედურებამ. დაინახა, რომ უკვე უფსკრულის პირას ვართ და წყნარი ცხოვრება დათმო. ყველა მეკითხება, მოვა ბიძინა ხელისუფლებაშიო? ეგ კაცი რომ ხელისუფლებაში მოვა, ორი აზრი არ არსებობს. ეს ხელისუფლება ყველაფერს იკადრებს, მაგრამ ბიძინა მაინც მოვა. არის რაღაც, რის უკან დასახევი აღარ გრჩება. უპირველესად ის უიმედობაა დასაძლევი, რაც საქართველოში სუფევს. ამ ხელისუფლების დემოკრატიაზე ტლიკინი ფარსია. ხალხი სასოწარკვეთილებამდეა მისული, ქვეყანაში პერსპექტივა აღარ არის. ქართველი ხალხი ბუნებით მომთმენია. უფულობასაც აიტანს, სიცივესაც, უჭმელობასაც, მაგრამ უპერსპექტივობას ვერ შეეგუება. ქართველი კაცისთვის ოჯახი ცხოვრების მიზანია და იმას განიცდის, რომ შვილი, შთამომავლობა უპერსპექტივოდ რჩება. რადგან ამ კაცმა ასეთი იმედი გააჩინა, რაც უნდა გაყალბების ახალი სქემები მოიგონონ, ვერ მოერევიან.

მსოფლიო მიხვდა, რომ სააკაშვილმა ყველა რესურსი ამოწურა. ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში სააკაშვილისა და ობამას დიალოგის განხილვა იყო, რაზეც აქ არავინ ლაპარაკობს. როდესაც დემოკრატიაზე საუბრობდნენ, ობამამ უთხრა, დემოკრატია ისაა, რომ თუ ჩვენ არჩევნები ვერ მოვიგეთ, ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვლენ და მთელი გუნდი შეიცვლებაო. სააკაშვილმა უთხრა, მე წავალო. ჩვენ თუ ვერ მოვიგეთ, პრეზიდენტიც წავა, მისი გუნდიც და თუ რამე დავაშავეთ, რესპუბლიკელები პასუხსაც გვაგებინებენო. ამით ძალიან გასაგებად უთხრა ყველაფერი.

არაფერს ვამბობ რუსებზე. პუტინი ორ კვირაში ხელისუფლებაში 12 წლით მოვა. რუსეთი კარგია თუ ცუდი, მასთან ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა დამღუპველია. პუტინის განცხადებებში გამოჩნდა, რომ საქართველოს საკითხზე პოლიტიკის შეცვლა აქვს განზრახული, მაგრამ ისიც და სხვა კანდიდატებიც ამბობენ, სააკაშვილთან არ ვილაპარაკებთო. არ ვამბობ, რომ რუსები ანგელოზები არიან, მაგრამ აუცილებელია ჩვენი ურთიერთობის გამოსწორება, რადგან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარების გასაღები მოსკოვში დევს. ამაში ვერც ამერიკელები გვიშველიან და ვერც ევროპელები.

ეს ხელისუფლება დემოკრატიაზე გველაპარაკება, მაგრამ სად არის დემოკრატია? ნამდვილი დემოკრატია ვაცლავ ჰაველმა შექმნა ჩეხეთში, დემოკრატია არის სკანდინავიის ქვეყნებში. ჩვენ დემოკრატიული არჩევნები გვაქვს, თავისუფალი სასამართლო, ჰუმანური სასჯელაღსრულების სისტემა თუ თავისუფალი მედია? საქართველოს მოსახლეობის 25% რომ გარბის, ესაა დემოკრატია?!

დემოკრატიით იწონებენ თავს, რა გვაქვს დემოკრატიული? აშშ-ს თავის სამეზობლოში არ ჰყავს დემოკრატიული ქვეყნები და აქ აგვიშენებს დემოკრატიას? ჩვენისთანა გაუბედურებული ქვეყანა არც ერთი არ არის ამ რეგიონში. ყველაზე სუსტი ვართ ეკონომიკურად, სოციალურად, შეიარაღებული ძალებით.

წლების წინ ტელედებატებში რუსეთის შესაძლებლობებზე რომ ვლაპარაკობდი, ბათუ ქუთელია შემეკამათა, ნატოს სტანდარტებით მომზადებული ჯარი გვყავს და რუსეთის ჟანგიანი ტანკები როგორ შეგვაშინებსო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ ერთ დღეში გადაგვიარეს.

შეიძლება ამ ღლავთან ასეთი ურთიერთობა? აშშ-ს შენი ერთგულება რომ დაანახო და ამისთვის რუსეთთან ომს იწყებ, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ყველა თავისი ინტერესების პრიზმიდან უყურებს საქართველოს. ასეთ დროს მით უმეტეს არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ინტერესი. რუსეთს იმდენად დაეძაბა ვითარება ჩრდილო კავკასიაში, ჩვენი სახით პარტნიორი სჭირდება და ამ შანსს გამოყენება უნდა.

მე, რიგით ქართველს, მინდა, XXI საუკუნეში საქართველო ისეთ გზას დაადგეს, რომელიც გაჭირვებიდან ამოიყვანს. აქ რომ სამუშაო ადგილები გაჩნდება, გაქცეული ქართველებიც დაბრუნდებიან. ამის გაკეთებას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი. მისი სახით დიდი შანსი გაუჩნდა ქვეყანას. ის რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლებას ისე აქვს მორგებული საარჩევნო სისტემა, მთელი ოპოზიცია რომც გაერთიანებულიყო, არაფერი გამოგვივიდოდა. ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა გაწერილი, რომელ პოლიტიკურ ძალას რა პროცენტს დაუწერდა, დღეს კი ყველაფერი მომწიფდა ცვლილებისთვის. ხალხი აღარ გაჩერდება.

- იქნებ უფრო მკაფიოდ მითხრათ, იქნებით თუ არა "მრეწველები" ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში?

- ეტყობა, ბიძინა მიფრთხილდება, ამაზე ჯერ არ ლაპარაკობს. არ უნდა ჩვენი კომპანია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს. ეს არის მისი სიჩუმის მიზეზი. ჩვენი რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ჩამოდიან და მაჩქარებენ, მაგრამ მხოლოდ პოლიტიკოსი რომ ვიყო და ჩემ უკან ათასობით კაცი არ იყოს, ვინ დამასწრებდა კოალიციაში შესვლას? მოვიგებთ თუ წავაგებთ, ბოლომდე ბიძინას გვერდით ვიქნები, რადგან მას ქვეყნის გადარჩენა უნდა. არ მინდა ჩემი ქვეყანა ისეთი ღირებულებების ქვეყნად გადაიქცეს, სადაც გეიპარადები იმართება, არ მინდა დაქორწინებული ბიჭების ნახვა. შეიძლება ჩამორჩენილი ვარ, მაგრამ ეს არ მინდა. ვხედავ, რომ ბიძინას სახით ამ კუთხითაც საშველი გამოჩნდა.

ბიძინას და მე გვილაპარაკია, რომ არც რევანშიზმი და ვიღაცების დასჯა მოგვიტანს სიკეთეს. კომპრომისი, დანდობა უფრო მეტს მოგვცემს. ქართველი ერი არ არის ინდოელებივით და ჩინელებივით მრავალრიცხოვანი, ცოტანი ვართ და ერთმანეთი უნდა დავინდოთ. ბევრი გვაწყენინეს, ბევრი გაგვიფუჭეს, მაგრამ სამი მილიონიღა დავრჩით და შურისძიება არ გამოგვადგება.

- როდესაც "ქართუს" მანქანას თავს დაესხნენ, ითქვა, რომ ქართველი ბიზნესმენები ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას აპირებდნენ და ამ აქციას თქვენ ჩაუდგებოდით სათავეში. თუმცა დაანონსებული მხარდაჭერა არ შედგა და ეს სწყენია ივანიშვილს.

- ერთი და ორი წელი არ არის, რაც მე და ბიძინას შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და მას ჩემგან არაფერი ეწყინება. გეტყვით, როგორც იყო ყველაფერი: როგორც კი ეს ამბავი მოხდა, ბიზნესმენებს შეკრებისკენ მოვუწოდე. ვინც ხელისუფლებასთან ხართ მიკრული, იყავით, მაგრამ ვინც განადგურდით, ვისაც ქარხანა წაგართვეს, ოჯახის წევრი დაგიჭირეს, მარტო მე ნუ მაკივლებთ. ერთი 20 კაცი ხომ მაინც ხართ დაჩაგრული, დავუდგეთ ამ კაცს გვერდით, ვერ ხედავთ, მისი სახით მხსნელი მოდის-მეთქი. ბევრი შემომეხმიანა, რა კარგი იდეააო, მაგრამ რომ დავპატიჟე შეხვედრაზე, მხოლოდ ერთი კაცი მოვიდა - ცნობილი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ნოდარ მოდებაძე. დანარჩენებმა სხვადასხვა მიზეზი მოიდეს.

ერთმა მითხრა, თქვენ ბევრი საწარმო გაქვთ, მე კი - ერთი, იმით ვინახავ ოჯახს და იმასაც წამართმევენო. მაინც წაგართმევენ და არ გაგახარებენ, თუ ხმას არ ამოიღებთ-მეთქი. ჩემს კოლეგებს ვემდური, რომ გაბედულება ვერ გამოიჩინეს. ბიძინასაც ვუთხარი, რა ვქნა, მეწარმეები დაშინებული არიან-მეთქი. დააკვირდით, ბიძინა ერთ სიტყვას არ ამბობს ისეთს, რასაც არ შეასრულებს. როდესაც ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდებს ჩადებს, ამას გააკეთებს. ამ კაცს ბევრი რამ აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ არ ლაპარაკობს, ვაითუ მოვტყუვდეო.

ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის  გაკეთებული და არ უნდა დაპირებით, რომელიც შეიძლება მისგან დამოუკიდებლად ვერ შესრულდეს, ამდენ სიკეთეს ხაზი გადაუსვას. ის არ არის საჯარო ფიგურა. შეიძლება არ არის კომუნიკაბელური, მაგრამ პატრიოტია და ქვეყნის შველა უნდა. თუ ქვეყანაზე გული შეგტკივა, ასეთ კაცს რატომ არ უნდა შეუწყო ხელი? ძალიან კარგად უღებს ალღოს ყველაფერს და ძალიან ინფორმირებულია.

- ითქვა, გოგი თოფაძე ივანიშვილს რესპუბლიკელებზე აუგს ეუბნებაო. მახსოვს, "მრეწველებისადმი" რესპუბლიკელების დამოკიდებულებაც, რომლებიც  ამბობდნენ, პოლიტიკა პოლიტიკოსების საქმეა და არა ბიზნესმენებისო.

- კი, მახსოვს, მაგრამ არ ვაპირებ ამ პოლემიკის გაგრძელებას. "რესპუბლიკელებსა" და "მრეწველებს" ჩვენ-ჩვენი ადგილი გვაქვს. შეიძლება განსხვავებული აზრები გვაქვს, მაგრამ ისინი განათლებული ხალხია და პატივს ვცემ. მათზე არასოდეს მითქვამს ძვირი. დღეს ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ და ერთმანეთს  ვერ გავლანძღავთ. რაც შეეხება მათ ნათქვამს, ბიზნესმენს პოლიტიკაში რა უნდაო, ბიძინა რა, "მუზიკანტია"?

საქართველოს ორი უზარმაზარი ქვეყანა უყურებს გასაწეწად. შეიძLლება ბიძინას ბალანსისთვის უნდა, რომ მის გუნდში იყვნენ პროამერიკელებიც, პრორუსებიც და პროქართველებიც. სხვანაირად არ გამოდის. არ ვიცი, ვინ რა ურჩია, მაგრამ პოლიტიკაში მოსული კაცი ვალდებულია რაღაცებს გაუწიოს ანგარიში.

დღეს ბიძინაზე ზოგიერთი ამბობს, პოლიტიკოსი არ არისო, მაგრამ დაანახებს ყველას, როგორი პოლიტიკოსიც იქნება და როგორ ააყვავებს საქართველოს.

- არ გეშინიათ, რომ კოალიციაში შესვლის შემდეგ თქვენს საწარმოს პრობლემები შეექმნება?

- საწარმოს დახურვაზე მეტად ამ ხელისუფლების დარჩენის მეშინია. ის მაფიქრებს, რა დარჩებათ ჩემს შვილებს. ჩემს შვილიშვილებს შეიძლება ქართულიც დაავიწყდეთ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა. დასავლეთი რომ დაგვისახეს მთავარ ორიენტირად, იქ მეგობრობა იციან, ნათესაობა თუ მეზობლობა? რაც მეტი ფული გაქვს საბანკო ანგარიშზე, მით კარგი კაცი ხარ. რამდენი უცხოელი ჩამოსულა აქ და აღფრთოვანებულა ჩვენი ცხოვრებით. გერმანელები მყავდა კახეთში ჩაყვანილი. რომ ვბრუნდებოდით, მითხრეს, ამ ქვეყანაში ყველა ხომ ასე არ ცხოვრობსო. საღამო იყო, ბინდდებოდა, გურჯაანს რომ გამოვცდით და ერთ სოფელში ძველი სახლი დავინახეთ. აბა, აქ შევიდეთ და ვნახოთ, როგორ დაგვხვდებიანო. ასეც მოვიქეცით. ოჯახში მოხუცი ცოლ-ქმარი და ქალიშვილი იყვნენ. შეძლებული ოჯახი არ იყო. ვუთხარი, უცხოელები მყავს სტუმრად-მეთქი და 15 წუთში გაიშალა სუფრა. დედას პური, გუდის ყველი, ღვინო გამოიტანეს და გაგიჟდნენ გერმანელები. მალე სუფრაზე გაჩნდა წიწილა, მწვადები. მეზობელმა რომ გაიგო, სტუმრები ჰყავთო, მწნილი შემოიტანა. ამაზე სულ გადაირივნენ, რა ხალხი ხართო. რატომ უნდა შემიცვალონ ეს ზნე? მე ჩემი თბილისი, ჩემი ტრადიციები და ჩემი საქართველო მინდა.

- ალბათ, გეცოდინებათ ბიძინა ივანიშვილის განზრახვა, თუ აპირებს ფართო ფრონტის შექმნას, სადაც იქნება ყველა პოლიტიკური ძალა, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურობდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლაში?

- ამ თემაზე დეტალურად არ გვისაუბრია. პოლიტიკა რომ ბინძური საქმეა და იქ რომ ურთიერთობის სულ სხვა პრინციპებია, ბიძინასთვის ახალია. მგონი, მათზე, ვინც არ მოსწონდა, აზრი თანდათან ეცვლება. ვიღაცები კიდევ შეუერთდებიან კოალიციას. როგორც ბიძინა ამბობს, საბოლოოდ ორი პოლუსი ჩამოყალიბდება. ძალები ან იქით უნდა წავიდნენ, ან აქეთ. მალე გამოიკვეთება ყველაფერი და კიდევ ბევრი დააპირებს ბიძინასთან გადმოსვლას.

მერყევ ხალხს მინდა ვუთხრა, ეს კაცი ნამდვილად მოვა ხელისუფლებაში.