მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

არც წყალი და არც ღვინო

წინა კვირას ივანიშვილმა საკუთარი გუნდი წარადგინა, რომელსაც ოფიციალურად "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფი ეწოდება. ჯგუფი ჭრელი გამოვიდა. მწერალი, მსახიობი, მათემატიკოსი, ადვოკატი, დიპლომატი, ჟურნალისტი, ეკონომისტი,  - ვის არ ნახავთ აქ. მთავარი კი ისაა, რომ ჯგუფზე პოლიტიკური თვალსაზრისით ვერც ცუდს იტყვი და ვერც კარგს, რომ იტყვიან, არც წყალია და არც ღვინოო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს ჯგუფი ორი კრიტერიუმით შეირჩა - მისი წევრებისთვის წარსულში ცუდი ვერაფერი აღმოეჩინათ და თავიანთ სფეროში წარმატებულები ყოფილიყვნენ. ამ სტრატეგიამ ნაწილობრივ გაამართლა. მხოლოდ ნაწილობრივ, იმიტომ რომ  სახელისუფლებო ტელევიზიებმა რაღაცები მაინც გამოჩხრიკეს, მაგალითად ივანე კიღურაძის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობა 1995 წელს, ნოდარ ხადურის ნინო ბურჯანაძის პარტიაში ყოფნა, ზაქარია ქუცნაშვილის ყოფილი პარტიის ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის გვერდით დგომა. რაც შეეხება პროფესიულ წარმატებებს, ძნელია, რომელიმეს წარუმატებელი უწოდო. თუმცა საკმარისია თუ არა ეს პოლიტიკური გუნდის შესაქმნელად? ვის აქვს შანსი, რომ პოლიტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს, თუ თავის პარტიაში ერთადერთი ფიგურა თავად ივანიშვილი იქნება და დანარჩენები ანტურაჟს შექმნიან? რამდენად დაინახავს ხალხი მათში ივანიშვილის დასაყრდენს, თუ ამ როლს საბოლოოდ კოალიციის სხვა პარტიები შეასრულებენ? მოკლედ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ეს გუნდი იმისთვის შეიქმნა, რომ უნდა შექმნილიყო.

ძირს სექსი, გაუმარჯოს ფულს

თქვენ იცით, რას ნიშნავს "სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი"? არადა, თუ პოლიტიკაში გინდათ მოსვლა, ამის ცოდნა აუცილებელი ყოფილა. ეს რომ არ იცოდნენ აქამდე ჩვენმა პოლიტიკოსებმა, ამიტომაც მიდის ჩვენი საქმე უკუღმა. სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპის გადაულახავმა პოლიტიკოსებმა დაგვღუპეს ჩვენ. თვალი კი მთელ საქართველოს ივანიშვილის გუნდის ახალმა წევრმა, არჩილ კბილაშვილმა აუხილა, რომელმაც ჯგუფის პრეზენტაციაზე სერიოზული სახით გამოაცხადა: პოლიტიკაში არასმქონეთა ადგილი არ არის, ხოლო ის, ვისი ადგილიცაა, ანუ რაღაცის მქონეა, პოლიტიკაში მაშინ უნდა მოვიდეს, როდესაც სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახული აქვსო.

ბატონ არჩილს სამწუხაროდ არ უთქვამს, როგორ უნდა დადგინდეს, ადამიანმა სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიური ეტაპი გადალახა თუ არა. სამწუხაროდ, ბატონმა არჩილმა მხოლოდ საკუთარ თავზე მოგვახსენა, ისიც ნართაულად, ასაკი დაგვისახელა, ორმოცი წლის ვარო, რითაც მიანიშნა, რომ სწორედ ამ ასაკის ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს სექსუალური ლტოლვის ადრეფიზიოლოგიურ ეტაპგადალახულად.

არადა, მე ბატონო ჩემო, ეს ამბავი კლიმაქსივით ინდივიდუალური მგონია. ასე რომ, თუ ბატონმა არჩილმა ადრეფიზიოლოგიური ლტოლვა ორმოცი წლის ასაკში გადალახა, სხვა შეიძლება ორმოცდაათ წლამდეც ლტოლვაგადაულახავი დარჩეს. ამიტომ მოვითხოვ, დადგინდეს კრიტერიუმები და ნარკოლოგიურ ანალიზთან ერთად პოლიტიკაში მომსვლელებს გამოკვლევები ადრეფიზიოლოგიური სექსუალური ლტოლვის გადალახვაზეც ჩაუტარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეშველება. ამდენმა ლტოლვამოძალებულმა სადამდე მიგვიყვანა კი ვხედავთ. საინტერესოა, წინასაარჩევნოდ რა სლოგანს შესთავაზებს ბატონი კბილაშვილი ივანიშვილს - ძირს სექსი, გაუმარჯოს ფულს?

"რუსთავი ორის" ტრიუკი

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის გუნდის პრეზენტაციაზე კბილაშვილმა სახელისუფლებო ტელევიზიებს კარგი საკბილო მისცა (ეტყობა, ამიტომაც არის გვარად კბილაშვილი), ამ ამბით მაინც არ დაკმაყოფილდნენ. "რუსთავი ორმა" კი საერთოდ სიყალბეს მიმართა. აწ უკვე ყოფილ ჟურნალისტს ელისო ჩაფიძეს, პრეზენტაციის შემდეგ ჰკითხეს: პოლიტიკაში წარმატებას რომ ვერ მიაღწიოთ, რას იზამთო. ელისომ უპასუხა: "მე ვიქნები წარმატებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავინახე, რომ საკუთარ თავს ამოვწურავ პოლიტიკაში, რომ არ მოვაბეზრო ხალხს თავი და რომ არ გამოვიდნენ ქუჩაში და იყვირონ, თავი დაგვანებეთო, მაქვს ბევრი სხვა საქმე: ვიცი ქართული, რუსული, გერმანული, ინგლისური, ხაჭაპურის გამოცხობა და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია"...”მოკლედ, ელისოს კომენტარის აზრი ის იყო, რომ, თუ წარუმატებელი პოლიტიკოსი გამოვდექი, არც საზოგადოებას შევაწყენ თავს და აღარც ჟურნალისტიკაში დავბრუნდებიო. ეს კომენტარი 6-საათიან "კურიერში" სრულყოფილად გავიდა, დღის საინფორმაციო გამოშვებაში კი ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა ისე დაჭრა, აზრი ბოლომდე შეიცვალა. მან კომენტარს ჯერ ასეთი ტექსტი წარუმძღვარა: "ივანიშვილის გუნდში არის... ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, რომლის პირადი მონაცემების გრაფაში შემდეგი შესაძლებლობები მოხვდა" და "შეკრეჭილი" კომენტარი მოაყოლა: "ვიცი ქართული, რუსული, გერმანული, ინგლისური, ხაჭაპურის გამოცხობა და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია".