"ამ ომში სამუდამოდ დაინვალიდებულთა სტატისტიკა დღემდე უცნობია" - კვირის პალიტრა

"ამ ომში სამუდამოდ დაინვალიდებულთა სტატისტიკა დღემდე უცნობია"

კამიკაძე ბავშვები

ექსკლუზიური ფოტოები ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მობილური ტელეფონიდან...

ექსკლუზიური ფოტოები, რომელსაც ახლა ვაქვეყნებთ, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, გიორგი ავალიანის მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ერთი წლის წინ, 32-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ავალიანი (2011 წლის 22 თებერვალს) ჰილმენდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქდა. ის ავღანეთში ძმასთან, ფრიდონ ავალიანთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ასევე, 32-ე ბატალიონის კაპრალი იყო... თვითმხილველთა ინფორმაციით, ძლიერმა აფეთქებამ გიორგი ნაწილებად აქცია და იქვე ახლოს მყოფი ორი კაპრალი (ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე) მძიმედ დაჭრა. გიორგის ცხედარი საქართველოში მისმა ძმამ, ფრიდონ ავალიანმა ჩამოასვენა.

ქართველი მეომრის ტელეფონში ავღანელი ბავშვების ფოტოები აღმოჩნდა. გიორგის თურმე ებრალებოდა ფეხშიშველი, მშიერი პატარები და დახმარების ხელს უწვდიდა... ქართველი ჯარისკაცის ფოტოობიექტივში პატარა, შავტუხა ავღანელი გოგონაც მოხვდა, რომელსაც საოცარი მზერა აქვს. გიორგიმ თითქოს მისი თვალებიდან მომზირალი სიკვდილი დაინახა... სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დედას დაურეკა, მაგრამ თითქოს ცუდი წინათგრძნობა არ ჰქონია... "ჯარისკაცმა სიკვდილზე თუ იფიქრა, ჯარისკაცი ვეღარ იქნება!" - ამბობს გიორგის ძმა, ფრიდონ ავალიანი.…

როგორც შევიტყვე, ქართველი ჯარისკაცები სხვებზე მეტად ზრუნავენ ავღანელ ბავშვებზე, მაგრამ პატარებთან ურთიერთობა არცთუ უსაფრთხოა. ისინი ხშირად ტერორისტ-კამიკაძეობანას თამაშობენ, რისი ამსახველი შოკის მომგვრელი ვიდეო PALITRATV.GE-ზეც გამოქვეყნდა სათაურით: "ავღანეთში ბავშვები ტერორისტ-კამიკაძეობას თამაშობენ". "შაჰიდი ბავშვები რეალურ სიკვდილზეც ასეთივე ხალისით მიდიან... სალაფიდები, ე.წ. ვაჰაბიტები, 120 წელზე მეტია ებრძვიან ცივილიზებულ დასავლეთს და არა მარტო მათ, სუნიტებსა და შიიტებსაც მართლმორწმუნეებად არ მიიჩნევენ...… კამიკაძე-ტერორისტების ბრძოლა მათი იდეოლოგების მოგონილია," - მეუბნება  ერთ-ერთი ექსპერტი.

ცხადია, სისასტიკე ომის ერთ-ერთი ატრიბუტია, ჰუმანური ომი არ არსებობს, მაგრამ ავღანეთი ამ მხრივ მაინც გამორჩეულია...  ამასთან, ქართველი ჯარისკაცების მსხვერპლმა ავღანეთში საგრძნობლად იმატა. ბოლო დროს დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ნაკლებად, მაგრამ მაინც ვრცელდება. სამუდამოდ  დაინვალიდებული ქართველი ჯარისკაცების სტატისტიკის შესახებ კი თითქმის არაფერია ცნობილი... არადა, ამ ბიჭებს ხალხის სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ღირსეულ პატივს ვერასოდეს მივაგებთ...…

საბჭოთა ჯალათები

გთავაზობთ ნაწყვეტს საბჭოთა კავშირის გმირის, ავღანეთის ომის მონაწილის, პოლკოვნიკ ჯამილ ახმედოვის წიგნიდან "ოცი წლის წინ", რომელიც კამიკაძე ბავშვების ამ სასტიკ ხვედრს აღწერს. ჯამილ ახმედოვი: "1984 წელს, უკვე მთელი ერი გვებრძოდა და არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ 8-10 წლის შავტუხა ბავშვს თავი აუფეთქებია საბჭოთა ჯარისკაცთა გარემოცვაში. ამიტომ, არც სასტიკი საბჭოთა მეთაურები აკლებდნენ ძალისხმევას და ავღანელ ბავშვებს სხვადასხვა სათამაშოში ჩამონტაჟებული ასაფეთქებლებით "უმასპინძლდებოდნენ". იყო შემთხვევები, როცა "შემთხვევით" დაკარგული ან დატოვებული სათამაშოებით სავსე ყუთი ავღანელ ბავშვებს დაუტაციათ და სულ მალე მათგან სველი ადგილიც კი არ დარჩენილა... ასე რომ, ამ ერთგვარი სახიფათო სათამაშოებით, საბჭოთა ჯალათები ერის ფაქტობრივ გენოციდს უწყობდნენ ხელს. თუმცა ავღანელთა სული მაინც არ გატყდა და ჭეშმარიტად სახალხო ომში ყოველი ავღანელი უდიდეს ვაჟკაცობას იჩენდა. არასოდეს დამავიწყდება ქალაქ ყანდაღარში ჩატარებული სპეცოპერაცია, როდესაც ერთ-ერთი სიმაღლის აღების შემდეგ შენობაში შევცვივდით და ისეთი საშინელება ვიხილეთ, რომ  ნანახმა ჩვენი არაადამიანი უფროსი, გენერალი პავლე სოკოლოვიც კი გააოგნა. შენობაში 16 დაფლეთილი მოზარდის გვამი ეყარა. მათგან ყველაზე უფროსი ალბათ 13 წლის, უმცროსი კი 7 წლის თუ იქნებოდა. არადა, ისეთ სასტიკ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ჩვენს რჩეულ სპეცრაზმს ორი საათი დასჭირდა მათ დასამარცხებლად. მათ 4 მეომარი მოგვიკლეს, 6 დაგვიჭრეს და კვალიფიციური წინააღმდეგობაც გაგვიწიეს. ეს ფაქტი სასწრაფოდ მიიჩქმალა. დახოცილი ბავშვები კი მესანგრეებმა საიდუმლო სამარხში დამარხეს".