ფერიის ეკლესიას ისევ დანგრევა ემუქრება, ანუ ლარად გაყიდული ტაძარი - კვირის პალიტრა

ფერიის ეკლესიას ისევ დანგრევა ემუქრება, ანუ ლარად გაყიდული ტაძარი

ფერიის მთიდან ხელისგულივით მოჩანს ბათუმი, მოლივლივე ზღვა... როცა ამ მთაზე დგახარ, ზეცასთან სიახლოვეს გრძნობ, ღვთიური სილამაზე გიპყრობს, თუმცა ეს ის მთაა, სადაც ახალაგებული მართლმადიდებლური ტაძარი უკვე მეორედ ინგრევა.

2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე ბულდოზერები გამოჩნდა. თითქმის დასრულებული ტაძარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეკლესიის შენების ნებართვა არ არსებობდაო, - დაიწყო ფიცი-მტკიცი მთავრობამ, მაგრამ დიდი აჟიოტაჟის შემდეგ გადაწყდა, ფერიის მთაზე ხელახლა აშენებულიყო ტაძარი!

ამ ტაძრის ზარებს, როგორც ჩანს, არც ამჯერად უწერია ახმიანება. ტაძრის შენება თითქმის დასრულებულია. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზაფხულში ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად "ახალი და გრანდიოზული" პროექტი წარუდგინა ტელეეთერით საზოგადოებას, - ბათუმს თავისი მთაწმინდა ფერიის მთაზე ექნებაო! პროექტის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ბათუმის შემოსასვლელიდან ფერიის მთამდე საბაგირო გზა გაიმართება. მთაზე ასულ აქაურს თუ იქაურს კი კაფე-ბარ-რესტორანი, გასართობი დაწესებულებანი უხვად დახვდება. პრეზენტაციის დროს არაფერი თქმულა უკვე მშენებარე ტაძრის თაობაზე, მაგრამ კომპანიამ, რომელიც "ბათუმური მთაწმინდის" აშენებას აპირებს, ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფერიის ტაძარი დაინგრევა და ახალ ტაძარს ამ მთიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ააშენებენ.

ფერიის მთისთვის ახალი ფერის მიცემას კომპანია "ჰისტოკ ბათუმი" იწყებს და ამ პროექტს "არგო" ეწოდება. "ჰისტოკს" ფერიაზე 29273 კვმ მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა. ხელშეკრულება სახელმწიფოსთან 29 ივლისს გაფორმდა.

"ჰისტოკ ბათუმის" იურისტი რამინ ფუტკარაძე: "ტაძარი დაინგრევა და ახალ ტაძარს ფერიის მთის მახლობლად ააშენებენ. ახალი ტაძარი კომპანიას 2 მლნ დოლარი დაუჯდება. ეს საკითხი საპატრიარქოსთან უკვე შეთანხმებულია".

როგორც საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრში გვითხრეს, ამ საკითხზე კომენტარს ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიაში გააკეთებდნენ, მაგრამ არაერთი თხოვნის მიუხედავად მეუფე დიმიტრის რეზიდენციაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდეს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი საგულისხმო ვერსია იმის თაობაზე, თუ რატომ აძლევს საპატრიარქო ხელისუფლებას ტაძრის დანგრევის ნებას.

შუახევის რაიონში წელს საპატრიარქომ ეროვნული უნივერსიტეტი გახსნა. მაშინ, როცა აჭარის მაღალმთიანეთიდან ბოლო დროს ინტენსიურად მიჰყავთ ახალგაზრდები თურქეთში მუსლიმანური განათლების უფასოდ მისაღებად და აჭარაში მინარეთებიც მატულობს, ეროვნული უნივერსიტეტის გახსნა უდავოდ სასიხარულოა. ამ უნივერსიტეტში აჭარის ახალგაზრდები უკვე ეუფლებიან უფასოდ სხვადასხვა სპეციალობას. საქმე ისაა, რომ ამ უნივერსიტეტისთვის შუახევში სახელმწიფომ საპატრიარქოს ყოფილი სამხედრო ნაწილის მიწა შენობებითურთ გადასცა. სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ კორპუსებში (სადაც ახლა უკვე მოწვეული ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები ბინადრობენ) მოსახლეობის ერთი ნაწილი უკანონოდ იყო შესახლებული.

როცა საპატრიარქომ უკანონოდ ჩასახლებულებს ბინების დაცლა მოსთხოვა (გასულ გაზაფხულს), მავანთა ორგანიზებით მოსახლეობის საპროტესტო წერილები საქართველოს სხვადასხვა უწყებაში დაიგზავნა: - მუსლიმანი ხალხი ვართ და საპატრიარქოს უნივერსიტეტის გამო ღია ცის ქვეშ ვრჩებითო.

სანდო წყაროს ინფორმაციით, სწორედ მაშინ შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სხალთის ეპარქიის მესვეურს, მეუფე სპირიდონს და საპატრიარქოს უნივერსიტეტისთვის პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ფერიის მთის დათმობა მოსთხოვა.

"ბათუმური მთაწმინდის" პრეზენტაციამდე ამ ფაქტის დადასტურება ჩვენ მეუფე სპირიდონსაც ვთხოვეთ, მან სატელეფონო საუბრისას მხოლოდ დაგვაიმედა, ღვთის წყალობით ყველაფერს მოეფინება ნათელიო.

ფერიის ტაძრის საკითხს ჯერჯერობით პოლიტიკური ელფერი არ მიუღია. ჯერ არც ტაძრისთვის უხლია ხელი ვინმეს, მაგრამ შენება შეჩერებულია და მომავალი "არგო" იუწყება, - ტაძარი უნდა დაინგრესო!