მზია პატარკაციშვილი: "ყველაფერი წაგვართვეს" - კვირის პალიტრა

მზია პატარკაციშვილი: "ყველაფერი წაგვართვეს"

როგორც ჩანს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით დავა საინტერესო ფაზაში შედის. აქამდე ცნობილი იყო, რომ 100-პროცენტიანი წილის მფლობელ

ინგლისურ კომპანიას მენეჯმენტის მმართველმა ჟოზეფ ქეიმ განძრევის საშუალება არ მისცა და ქარხნის ქონებაც გაიტანა... ახლახან "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ქონებაზე პრეტენზია  ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმაც გამოთქვა. თურმე, საზღვარგარეთ მიმდინარე ერთ-ერთ ტრასტთან  დაკავშირებული დავისას გაირკვა, რომ  მეტალურგიული ქარხნის ქონების მართვაში ბადრი პატარკაციშვილი მონაწილეობდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე (ტრასტი - ერთობლივი კორპორაციული ქონების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინია, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს რამდენიმე მფლობელი ჰყავს). ხმა დადის, რომ პატარკაციშვილებს სტადიონის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილსაც ართმევენ. კიდევ რა ქონებას ფლობდა ბადრი პატარკაციშვილი, რომლის შესახებაც ოჯახმა ახლახან შეიტყო, - ამის გასარკვევად აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის დას, მზია პატარკაციშვილი-თოთლაძეს დავუკავშირდით.

- ბადრის არ გაუყიდია თავისი წილი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში...

- აქამდე ცნობილი იყო, რომ მან თავისი წილი ინგლისურ კომპანიას მიჰყიდა...

- არა, გენაცვალე, არ მიუყიდია... თუმცა,  ეს ინფორმაცია ჩვენთვის ახლახან გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ტრასტთან დაკავშირებით  მიმდინარე დავისას გაირკვა, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მართვაში ბადრიც მონაწილეობდა. თუმცა, ჯოზეფ ქეი თაღლითური გზით, დოკუმენტების გაყალბებით თავად მოგვევლინა მენეჯმენტის მმართველად... მეტალურგიული ქარხანა ქეის ხელმძღვანელობით თითქმის დააცარიელეს, ინგლისურ კომპანიას მუშაობის საშუალება არ მიეცა. ასე რომ, თანდათან გაირკვევა ყველაფერი. ამ დღეებში ველით ახალ ინფორმაციებს.

-  ხმა დაირხა, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სტადიონსაც ართმევენო...

-  სტადიონის რაღაც ნაწილი ეკუთვნოდა ბადრის, სადაც მას კლუბი ჰქონდა. ალბათ ცოტა ხანში ეს საკითხიც გაირკვევა. საქართველოში ბადრის ყველა ქონება თაღლითი ჯოზეფ ქეის ხელშია.

- საქართველოში კიდევ რა ქონებას ფლობდა ბადრი პატარკაციშვილი, რის შესახებაც ახლა შეიტყვეთ?

- დაზუსტებული ინფორმაციები უახლოეს დღეებში გვექნება და კომენტარსაც შემდეგ გავაკეთებ.  ერთი რამ ცხადია, რაც კი ბადრის საქართველოში ჰქონდა, ყველაფერი წაგვართვეს.