"დემოკრატიის შუქურა" ანუ "სახელმწიფო შიზოფრენია" - კვირის პალიტრა

"დემოკრატიის შუქურა" ანუ "სახელმწიფო შიზოფრენია"

"ყველა სიკეთე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, მათია"

"მათი განაჩენი გამოტანილი აქვთ, აღსრულებაღა აკლია"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს, რომლის პირობითი სათაურია "დემოკრატიის შუქურა". როგორც თავად გვითხრა, ამ ფილმის გადაღება დიდი ხნის წინ ჩაიფიქრა. გოგა ხაინდრავა თავის ახალ ფილმსა და დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაზე გვესაუბრა:

- ამ ფილმს ჩემთვის "სახელმწიფო შიზოფრენია" დავარქვი. მე არაფერი გადამიღია, ეს ჩვენი ცხოვრების ქრონიკაა 2005 წლიდან მოყოლებული. ფილმის საფუძვლად ჟენევის 1987 წლის დეკლარაცია ავიღე, რომელიც განმარტავს, რა არის სახელმწიფო ტერორიზმი (რაც 11 პუნქტს მოიცავს). ფილმში ამ თერთმეტ პუნქტზე კი არ ვყვები, ფაქტებს ვაჩვენებ. რაც ფილმში ავსახე, ქართველმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ ერთად თავმოყრილი იმდენად შთამბეჭდავია, თავად მიჭირს დამონტაჟება. ძნელია ამ ყველაფრის ყურება. როდესაც ხელისუფლების დანაშაულებს ხალხი თავმოყრილს ნახავს, დარწმუნებული ვარ, ვერ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ დაგვატყდა თავს. ამ ფილმის პრეზენტაციას სააღდგომოდ ვგეგმავ.

- რა ფაქტები ასახეთ თქვენს ფილმში?

- მასობრივი შეკრებების დარბევები, ცემა, წამება, მკვლელობები, უკანონო დაპატიმრებები და საჩვენებელი სასამართლოები, ადამიანების უფლებების შელახვა, კანონისა და კონსტიტუციის დარღვევა.

ფილმში ჩანს ამ ხელისუფლების სადისტური ქმედებები, ჩანს, 10 ჯავშანჩაცმული კაცი როგორ დაუნდობლად სცემს ერთ დემონსტრანტს. ეს უკვე ძალადობის აქტი კი არა, შიზოფრენიაა, რომელიც მოდის ხელისუფლების პირველი პირებისგან და უპირველესად სააკაშვილისგან.

სააკაშვილის დეკლარირებული ნულოვანი ტოლერანტობა გასაგებ ენაზე დაუნდობლობას ნიშნავს და ეს იმდენად გაჯდა ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ იქაურმა თანამშრომლებმა ადამიანური სახე დაკარგეს.

"ნაციონალური მოძრაობა" ხალხს არაფრად აგდებს. თავად არის სახელმწიფოც და მისი მოქალაქეებიც. ყველა სიკეთე, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, მათია და ისე ანაწილებენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. ჩვენს ქვეყანას უდიდესი უბედურება დაატყდა თავს "ნაციონალური მოძრაობის" სახით.

მათ მმართველობას მოჰყვა კანონის იგნორირება და ადამიანების ერთი ჯგუფის კანონზე მაღლა დაყენება. რელიგიურ ოჯახში გავიზარდე, მაგრამ საბჭოთა სკოლაში დავდიოდი, სადაც ათეიზმი იყო გაბატონებული. სკოლასა და ოჯახურ გარემოს შორის განსხვავება ჯერ მაკვირვებდა, როცა წამოვიზარდე, რელიგიაზე დავფიქრდი და მამას ვკითხე, ღმერთი არის თუ არა-მეთქი. მიპასუხა, თუ ღმერთი არ არის, მაშინ ყველაფერი დაშვებულიაო.

ამ ძალიან მარტივი პასუხით ცხოვრებისადმი თავისი დამოკიდებულება გამაგებინა. გამაგებინა, რა არის  მორალი, ქრისტიანული ზნეობა და რას გვთხოვს ქრისტიანული ცხოვრების წესი. დღეს  სწორედ ეს არის დარღვეული.  არსებობს პირთა კასტა, რომელთათვისაც არც კანონი, არც კონსტიტუცია, არც ზნეობა, არც მორალი არ არსებობს. ყველაფრის უფლება აქვთ, დანარჩენები ვალდებული არიან მათ დაექვემდებარონ და მათი აზროვნებით იცხოვრონ. ეს არის დიდი სახელმწიფო დანაშაული, სახელმწიფო ტერორიზმი.

- ფილმში თუ იქნება გახმაურებული მკვლელობების ამბები?

- ასახული იქნება შეკვეთილი მკვლელობების ფაქტები და ფილმს დავამთავრებ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენით, რომელიც არის განაჩენი სააკაშვილის, მისი რეჟიმისა და ყველა იმ ადამიანისა, ვინც დღემდე მათი მხარდამჭერია. ფილმში შესულია ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული მკვლელობა, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული ამბები, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, როინ შავაძისა და ცალანის მკვლელობები, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

იმდენი ასეთი ფაქტია, რომ უკვე შეიძლება ამაზე ვიმსჯელოთ არა როგორც შემთხვევებზე, არამედ ჩვენი ყოფის კანონზომიერებაზე, ჩვენი ცხოვრების წესზე.

ამ ფილმს გავუგზავნი თეთრ სახლს, ყველა ქვეყნის ხელისუფლებების წარმომადგენლებს და ვეტყვი, "აი, რას და ვის იცავთ! აი, რას უწოდებთ დემოკრატიულ რეფორმებს, აი, როგორია რეალურად ქვეყანა, რომელმაც თითქოს დაძლია კორუფცია, სინამდვილეში კი აქ კორუფცია მძვინვარებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი ჩანასახშივე კორუფციონერია. რაც მათთვის დაშვებულია, ის არ არის დაშვებული დანარჩენებისთვის, რომ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ გავლენას იყენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის".

- თქვენ პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე იყავით. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში, სად და რა როლში ხედავთ საკუთარ თავს?

- ორი პოლიტიკური ბანაკი ყალიბდება. ბიძინა ივანიშვილის ოპონენტები ამბობენ, ივანიშვილმა საზოგადოება დაყოო, არადა, რეალურად მან ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. საქართველოში არის მხოლოდ თეთრი და შავი ფერები. არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც დგას თეთრზე და არის ნაწილი, რომელიც შავ ფერზე დგას.

- თქვენთან შეხვედრამდე მამუკა კაციტაძეს ვესაუბრე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოსთვის მრავალფეროვნებაა საჭირო, შუა არ უნდა გაიკრიფოსო.

- მამუკა კაციტაძე  "ნაციონალური მოძრაობის" საცეცია. ასეთივეა გამყრელიძეც. დემაგოგიის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად თანამშრომლობენ, სკოლის მოსწავლეებსაც აღარ სჯერათ. სააკაშვილთან კანონიერი თანამშრომლობა შეუძლებელია. ამიტომაც ილუზია, რომ ეს თანამშრომლობა შედეგს მოიტანს, თავის მოსატყუებლად თუ გამოადგებათ.

უხერხულია ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მაშინ, როდესაც უამრავი ქართველი პატრიოტი თავპირდამტვრეული,  დასახიჩრებული ან დაპატიმრებულია. უხერხულია საკუთარი ქმედების გამართლება, ქუჩაში ვიყავით, ვიშიმშილეთ და ვერაფერს მივაღწიეთო. თუ რამეს მივაღწიეთ, მხოლოდ იმით, რომ ქუჩაში ვიყავით. სააკაშვილის აშენებული ბაბილონის გოდოლი უკვე ინგრევა და ეს არის იმ უკომპრომისო ბრძოლის შედეგი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობდა.

საზოგადოება უკვე გაიყო. იქით არის "ნაციონალური მოძრაობა" და აქეთ - მთელი საქართველო. ასევე არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ვერც ერთ ბანაკში ვერ მოხვდნენ და მათ პატივი უნდა ვცეთ, რადგან თავიანთი თავგანწირვით დაანახეს საქართველოს, რომ ნამდვილად ებრძვიან ამ ხელისუფლებას.

- თქვენ, ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე ვერ მოხვდით ამ ორი ბანაკიდან ვერც ერთში და რას აპირებთ?

- ჩვენ რადიკალებად აღვიქმებოდით, რაც სრული სიცრუეა. ექვსწლიანი ბრძოლის განმავლობაში ჩვენ არც ერთი კანონი არ დაგვირღვევია. არასოდეს გადავსულვართ რადიკალურ ქმედებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეგვეძლო და საზოგადოებაც მოითხოვდა. ასიათასობით ქართველი გამოვიდა ქუჩაში და მზად იყო სახელმწიფო დაწესებულებებში შევარდნით შეეცვალათ ხელისუფლება. ჩვენ ამაზე არ წავედით და ამის გამო ბევრი გვიყენებს პრეტენზიას. ამიტომაც უსამართლობაა ჩვენზე თქმა, რადიკალები არიანო. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ ოქტომბერში ამ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ყველა ერთად ვიქნებით.

- "ქართულ ოცნებაში"?

- მე არც ერთ პოლიტიკურ გუნდში არ ვიქნები. მომეწონა, რომ კოკა გუნცაძემ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია "ამომრჩეველთა ლიგა". ძალიან დაკავებული ვარ და არ ვმონაწილეობდი ამ ორგანიზაციის შექმნაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში არ ვიქნები. ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ის არის, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს არა აქვთ პოლიტიკური პრეტენზია. იქ არ არის ხალხი, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს. ჩვენ დავიცავთ ამომრჩევლის უფლებებს და ქართველ საზოგადოებას დავრაზმავთ, რომ ჩვენი არჩევანი დავიცვათ. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერც ერთი მოძალადე ვერ გააყალბებს არჩევნებს და რომელმა პოლიტიკურმა გუნდმა უნდა გაიმარჯვოს, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ასე რომ, ეს ბრძოლა უჩვენოდ არ დამთავრდება.

- ანუ ისევ ქუჩა იქნება?

- ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მენიშნა, ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა, ევროპას გავაოცებთ დემოკრატიითო. თუ ეს ჭირი არჩევნებით მოვიცილეთ, მართლა გავაოცებთ ყველას. გავაოცებთ, როცა გაიგებენ ამ 8 წლის განმავლობაში რა უთანასწორო ბრძოლას ვეწეოდით, როცა ნახავენ ფირებს, თუ როგორ უსწორდებოდნენ ზონდერები მშვიდობიან მომიტინგეებს. სააკაშვილი უკვე ხერხემალშია გადატეხილი, ის ხელისუფლებიდან თეთრ ხალათში, უკან შეკრული ხელებით წავა.

- მაგრამ ჩანს, რომ სააკაშვილი არ აპირებს ხელისუფლების ადვილად დათმობას.

- სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას სამი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა და ამ საქმეს აუცილებლად ჩავეძიები. მოვიძიებ ინფორმაციას, როგორ დაიღუპა სამი ქართველი ჯარისკაცი ამ დღეებში და დაკავშირებული არის თუ არა ეს სააკაშვილის გაუთავებელ პიარკამპანიასთან, რომელმაც უკვე სისხლის გემო და სუნი შეიძინა.

"ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის გარეშე ჩამოიშლება. მათ არაფერი ადუღაბებთ. 2003 წლის 22 ნოემბერს პარლამენტში ერთმა შეჭრამ ვერ შეკრა ისინი, მე კი შედუღაბებული ვარ იმ ბიჭებთან, რომლებთან ერთადაც წლებია ვიბრძვი. მე შედუღაბებული ვარ გოგიჩასთან, მერაბ რატიშვილთან, გიორგი ალხაზიშვილთან, შაკო გოგინაშვილსა და ცოტნე გამსახურდიასთან, რომლებიც ამ რეჟიმს უსამართლოდ ჰყავს დატყვევებული. დღეს ნაციონალები ყველაზე სამარცხვინო ხალხად იქცნენ. მათ პატივს არავინ სცემს.

იმ ადგილას, სადაც შეიძლებოდა ძალიან კარგი სახელმწიფო აშენებულიყო, ნაციონალებმა თავიანთი ღვარძლით, მომხვეჭელობითა და გარყვნილებით ჩამოაყალიბეს კლოაკა, მასში არიან მოქცეულნი და მათ გარშემო ყველაფერი ყარს.  მათი განაჩენი უკვე გამოტანილი აქვთ, აღსრულებაღა აკლია. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებასთან" ერთად ამას შევასრულებთ.