"არანაირი შუის გაკრეფა" - კვირის პალიტრა

"არანაირი შუის გაკრეფა"

როდესაც ჩვენზე ამბობენ, არ ვენდობით, რადგან ფსევდოაო, ილია მახსენდება, - ისეთმა ფურმა დამწიხლოს, რომელიც ჩვენზე მეტს იწველიდესო

"2012 წლის არჩევნების სიები არ იქნება პრობლემატური და თუ მაინც შეიქმნა რაიმე პრობლემა, მინიმიზებული იქნება. ჩვენს ამბიციას, რომ კარგი სია შევადგინოთ, თუ რამე დაემუქრა, არც ამას დავმალავთ", - გვითხრა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარემ, ,,ახალი მემარჯვენეების" წევრმა მამუკა კაციტაძემ.

- საარჩევნო სია ლამის ყველა არჩევნების აქილევსის ქუსლი იყო, სწორედ ის მიიჩნეოდა გაყალბების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ზედმეტი პასუხისმგებლობა ხომ არ აიღეთ საკუთარ თავზე?

- სიები ყოველთვის იწვევდა უნდობლობას, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები ლაპარაკობენ საარჩევნო გარემოს ნაკლოვანებებზე, ისიც უნდა თქვან, როგორ გამოსწორდეს ეს ყველაფერი და პასუხისმგებლობაც იკისრონ. ჩვენ ხელისუფლებას შევთავაზეთ სიების ბიომეტრიული პარამეტრებით გაკეთება. ეს ახალი სიები იქნებოდა და არა ძველის გადამოწმება, მაგრამ მან ჩვენი წინადადება სხვადასხვა საბაბით არ მიიღო. კერძოდ, ეს იქნებოდა ძვირი, ხანგრძლივი პროცესი და ტექნიკურ პრობლემებს შექმნიდა არჩევნების დღეს. მიდგომა, ან ბიომეტრიული სია, ან არაფერი და ვტოვებთ ძველსო, "ახალი მემარჯვენეებისთვის" კატეგორიულად მიუღებელი იყო. ვიფიქრეთ და ხელისუფლებას ალტერნატიული ვარიანტი შევთავაზეთ, - შექმნილიყო ფართო უფლებების სტრუქტურა, სადაც ხელისუფლებას არ ექნებოდა ისეთი უმრავლესობა, როგორიც დღევანდელ ცესკოში აქვს;

რომ ამ კომისიაში გარდა პოლიტიკური პარტიებისა, წარმოდგენილი ყოფილიყო საზოგადოებაც არასამთავრობო სექტორის სახით. ამ ვარიანტის უარყოფა იქნებოდა სიების გადამოწმებაზე ხელისუფლების შეუვალი პოზიციის დაფიქსირება და ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესის ნულით დამთავრება. ამიტომაც ხელისუფლებამ მიიღო ეს წინადადება და "ახალი მემარჯვენეების" წინაშე დადგა საკითხი: გვეთქვა, კარგია, ჩვენი წინადადება რომ გაითვალისწინეთ და ახლა სიები დააზუსტეთო, ან სიების დაზუსტების კომისიაში პასიური პოზიციით შევსულიყავით და სადავეები სხვისთვის გადაგვებარებინა, ან აგვეღო სადავეებიც და პასუხისმგებლობაც. ჩვენ მესამე ავირჩიეთ. პრინციპი - "ან ყველაფერი, ან არაფერი" ჩვენთვის მიუღებელია და წავედით ნაბიჯ-ნაბიჯ გაუმჯობესებისკენ. ჩვენთვის ასევე მიუღებელია პრინციპი - "გადააბარე და მერე გადააბრალე". ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა და როგორც ვხედავ, არც მთლად უნუგეშო ვითარებაა. აქამდე ხელისუფლებას დაუძლეველი ბარიერები არ შეუქმნია. ხვალ-ზეგ რა იქნება, მერე ვილაპარაკოთ. სიები, ალბათ, იდეალური და უნაკლო ვერ იქნება, რადგან ასეთი სიები ბუნებაში არ არსებობს.

თუ შეთანხმებისამებრ (რაც კანონშიც ჩაიწერა), მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველა ელექტრონული მედიასაშუალების საერთაშორისო მონიტორინგი ჩატარდება, ნაცვლად მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში ერთთვიანი მონიტორინგისა; თუ პოზიტიური დინამიკა იქნება ადმინისტრაციული რესურსის შეზღუდვის მხრივაც (ამისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც, შეთანხმების თანახმად, 1-ელი ივლისიდან დაიწყებს მუშაობას), ვფიქრობ, საარჩევნო გარემოსადმი ნდობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლობის აღებად ღირს ის ნაბიჯი, რაც "ახალმა მემარჯვენეებმა" გადავდგით. ვისურვებდი, ეს ტენდენცია გადამდები ყოფილიყოს ოპოზიციონერებისთვის. თავის გადაქნევითა და წუწუნით ვერაფერს მივაღწევთ.

- თქვენ ლაპარაკობთ უწყებათაშორის კომისიაზე, რომელსაც სკეპტიკურად უყურებს ირაკლი ალასანია - ასეთი კომისია ადგილობრივი არჩევნების დროსაც იყო, მაგრამ ვერ გაამართლაო.

- ადგილობრივი არჩევნების დროს უწყებათაშორისი კომისია არ არსებობდა. ხელისუფლების კეთილი ნებით იმართებოდა არაფორმალური შეხვედრები, რომელიც მიუწვდომელი იყო მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. შეხვედრებზე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე განიხილავდნენ საკითხებს, რაც ხან შეთანხმებით მთავრდებოდა, ხან - არა. ახლა კი ლაპარაკია ინსტიტუციური კომისიის შექმნაზე, რომელიც გამჭვირვალე იქნება.

ეს კომისია უშიშროების საბჭოს მდივანთან იქმნება.

ადგილობრივი არჩევნების დროს ვისთან იყო ეს ე. წ. დე ფაქტო კომისია (რომლის მუშაობაში, ირაკლისგან განსხვავებით, მეც ვმონაწილეობდი), არავინ იცოდა. სინამდვილეში ეს იყო სამი კაცის შეხვედრა სამ კაცთან... ახლა ამბობენ, 2010 წელს სიები ხომ გადამოწმდა პარტიებისთვის მიცემული 100-100 ათასი ლარითო. მათ ეს ფული მისცეს, მაგრამ გადამოწმების ცენტრალიზება არ მომხდარა. ერთი და იგივე კორპუსი ზოგჯერ ცხრაჯერ გადამოწმდა, რომელიღაც სოფელი კი გადაუმოწმებელი დარჩა. მMოკლედ, დიდი ნაწილი ქართველი ამომრჩევლისა გადამოწმებას არ დაექვემდებარა. პPარტიები მხოლოდ პრობლემებს წარმოაჩენდნენ, გადაწყვეტილებას კი ცესკო იღებდა. ამჯერად, კანონის საფFუძველზე შეიქმნა სიების დამზუსტებელი სახელმწიფო კომისია, ერთადერთი სახელმწიფო სტრუქტურა, სადაც ხელისუფლება არ არის უმრავლესობაში.

- არსებობს სპეცუბნები, სადაც ამა თუ იმ უწყების თანამშრომლები აძლევენ ხმას. მათი გაკონტროლების უფლება თუ ექნება კომისიას?

- კომისიის უპირველესი ამოცანაა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შესაბამისი სტატუსის მიუნიჭებლად არ მოხვდნენ ის ამომრჩევლები, რომლებიც სპეციალურ სიაში უნდა იყვნენ. ჩვენ ვფიქრობთ, გამოვყოთ რისკჯგუფები, რაც ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს. ჯგუფში შევლენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მაღალრისკიანი რაიონები და რეგიონებიც, სადაც ხშირია გაყალბება. ასევე არსებობს მისამართები, სადაც ბევრი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ერთ ბინაში 10 ან 40 კაცია მიწერილი. ადგილობრივი არჩევნების დროს ისნის რაიონში აღმოვაჩინეთ მისამართი, სადაც 413 ამომრჩეველი იყო მიწერილი.

- კომისიის პრეროგატივაა მიწერილი პირების ამოწერა? ამას ხომ სამოქალაქო რეესტრი აკეთებს?

- საქმეც ის არის, რომ სიებზე გადაწყვეტილებებს ერთადერთი ინსტანცია - სიების დაზუსტების კომისია იღებს. ამომრჩეველთა სიაში სამოქალაქო რეესტრი და ცესკო ვეღარ ჩაერევა.

- წინა არჩევნებზე გაყალბების ერთ-ერთი საშუალება ყალბი პირადობის მოწმობებიც იყო. ამბობენ, ახლა ბიომეტრიული ბარათებით იგეგმება გაყალბებაო.

- არ არის კარგი, რომ ID ბარათზე მისამართი არ იკითხება, მაგრამ მას აქვს 4 მონაცემი, მათ შორის - ერთი უნივერსალური (პირადი ნომერი), რომლითაც შეიძლება მისამართის დადგენა.

ამბობენ, იმ ოპოზიციის ნაწილი, ვინც ცესკოსა და სიების დაზუსტების კომისიაშია, პროსახელისუფლებოა, ასეთივეა კომისიაში არასამთავრობო სექტორიცო, მაგრამ როდესაც ერთმანეთს იარლიყებს ვკიდებთ, საკუთარ წარსულსაც შევხედოთ. როგორც წესი, ასე ისინი ლაპარაკობენ, ვინც ან სააკაშვილის პოლიტიკურ ნავშია დაფრთიანებული, ან მის სამსახურში იყვნენ წლების განმავლობაში და მისი ფინანსური დონორები იყვნენ.

- ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

- მხოლოდ მას არა. ზოგი დამფინანსებელი იყო, ზოგი ამ ხელისუფლების ნაწილი ან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე, მათ შორის - პარლამენტის თავმჯდომარის რანგში. კარგია, როდესაც ნაკლოვანებას ხედავ ადამიანში, მაგრამ სანამ თითს გამოიშვერ, შენი წარსულიც რომ გაგახსენდეს, ცუდი არ იქნება.

- ბურჯანაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლება არჩევნებს აყალბებდა და ისევ გააყალბებს.

- კარგია, რომ ახლა მაინც ამბობს ამას, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა, ეს მაშინაც ეთქვა, როდესაც გაყალბების პიკი იყო - 2008 წელს.

- ბურჯანაძემ ამას წინათ აღიარა, რომ 2008 წლის არჩევნებიც გაყალბდა.

- ჯობს აღიარება გვიან, ვიდრე არასდროს. როდესაც ჩვენზე ამბობენ, არ ვენდობით, რადგან ფსევდოაო,

ილია მახსენდება, - ისეთმა ფურმა დამწიხლოს, რომელიც ჩვენზე მეტს იწველიდესო. შეიძლება "ახალი მემარჯვენეებისკენ" გაიშვირო ხელი როგორც ფსევდოსკენ, მაშინ როდესაც მთელი შენი პოლიტიკური ბექგრაუნდი იყო ფსევდო და სააკაშვილთან ასოცირებული?

ასეთებისთვის მარტივი პასუხი მაქვს: თქვენგან კრიტიკას არ მივიღებ. საზოგადოებას კი თხოვნით მივმართავ, დააკვირდეს, ვინ ამბობს ამას, რა აკავშირებთ მათ წარსულში არჩევნების გაყალბებასთან, ხელისუფლებასთან და მერე გავაკეთოთ დასკვნა. ჩემთვის მიუღებელი იყო, როდესაც 2007 წელს ქართულ პოლიტიკას დემოკრატიის მედროშედ ირაკლი ოქრუაშვილი ევლინებოდა. 2003 წლიდან დაპატიმრებებისა და კოშმარის ტალღა პირდაპირ მასთან ასოცირდებოდა, მაგრამ ხელისუფლებაზე გაბრაზებულმა საზოგადოებამ დაივიწყა ეს და ეს კაცი ლამის დემოკრატიის სიმბოლოდ აქცია. მადლობა ღმერთს, მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

დღეს, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული პოლიტიკის გადამრჩენელი ერთი კაცია და მის, როგორც ღერძის გარშემო ტრიალებს ქართული პოლიტიკა, რომ მზე სოლოლაკში ამოდის და იქვე ჩადის, "ახალი მემარჯვენეები" ვამბობთ, რომ ასე არ არის. პოლიტიკა შავ-თეთრი არ არის. პოლიტიკა მრავალფეროვანია და თუ გვინდა, დემოკრატია იყოს, ის მრავალპარტიულობას გულისხმობს. არასწორია ლოგიკა, ვინც არის მიშასთან, იყოს, ვინც არა, ჩემთან უნდა იყოსო. Eეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სიბეცე.

- ანუ შუა არ უნდა გაიკრიფოს?

- არანაირი შუის გაკრეფა. პირიქით, შუა რაც შეიძლება მაქსიმალურად უხვი უნდა იყოს და როდესაც ამომრჩეველი ყუთთან მივა, მას თეთრსა და შავს შორის კი არ უნდა ჰქონდეს არჩევანი გასაკეთებელი, არამედ ბევრ ფერს შორის.

კარგია, როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გინდა. ისიც კარგია, რომ ფული გაქვს და მისი პოლიტიკაში რეალიზება გსურს, ისიც კარგია, რომ სიკეთისა და ქველმოქმედების ბექგრაუნდი გაქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის პოლიტიკური რეიტინგი. ეს ფულისა და ქველმოქმედების რეიტინგია.

ქველმოქმედების და ფულის რეიტინგი რომ იდენტური იყოს, მაშინ დედა ტერეზა უდიდეს პოლიტიკოსად უნდა ჩაეთვალათ.

გამიკვირდა ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე ნათქვამი, რომ ფულია პრიორიტეტი და არა გონება, კვალიფიკაცია. იმ პოლიტიკურ კოალიციაში, სადაც პრიორიტეტად ფული დასახელდა, არიან პირები, რომლებსაც დიდი ფული არა აქვთ, მაგრამ თავიანთი კვალიფიკაციით ფასობენ. მაინტერესებს, მათ როგორ მოსწონთ ფულისთვის პრიორიტეტის მინიჭება.

- ივანიშვილის პროგნოზით, ოქტომბრისთვის ორი ბანაკი ჩამოყალიბდება და პოლიტიკური ძალები ერთ ან მეორე მხარეს დაჯგუფდებიან.

- ერთია, რა გინდა და მეორე - რა იქნება რეალურად. ივანიშვილიK კი ამბობს, რომ ორი ბანაკია და მესამე არ არსებობს, მაგრამ ეს მას უნდა. აბა, რა თქვას? იმას ხომ არ იტყვის, მე ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვარ და არა ერთადერთიო. მათ უნდათ საზოგადოებას დაანახონ, რომ არიან მხოლოდ ხელისუფლება და ისინი, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. თუ რაგვარია, ეს ოქტომბერში გამოჩნდება.