ვის ინტერესებშია ანქვაბის ლიკვიდაცია - კვირის პალიტრა

ვის ინტერესებშია ანქვაბის ლიკვიდაცია

ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვლის დილას მორიგ თავდასხმას გადაურჩა. 8 საათსა და 25 წუთზე, როცა მისი ესკორტი გუდაუთიდან სოხუმისკენ მიდიოდა, ჯერ ძლიერი აფეთქება მოხდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის კორტეჟს.ავტომანქანა, რომლის წინაც ბომბი აფეთქდა, მთლიანად დაიწვა. ამ დროს ანქვაბი ტოიოტას მარკის ჯიპში იჯდა. დაიჭრა ანქვაბის პირადი დაცვის სამი წევრი, ერთი დაიღუპა, ორი კი მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დე ფაქტო სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს ტყვიამფრქვევიდან და ყუმბარსატყორცნიდან ესროლეს. ეს ანქვაბზე უკვე მეექვსე თავდასხმაა, მაგრამ არც ერთი მათგანი გამოძიებული არ არის.

ამ ინციდენტის შემდგომ აფხაზეთში დაიწყო მასშტაბური სპეცოპერაცია სახელად "პერეხვატი". ყველა დე ფაქტო სამართალდამცველი სტრუქტურა გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, აფხაზი ძალოვნები ეძებენ თავდამსხმელებს, რომლებიც მთებში იმალებიან. საძიებო ოპერაციაში საბრძოლო შვეულმფრენებია ჩართული. აფხაზეთის უშიშროების სამსახურებმა ენგურზე გადასასვლელები და რუსეთთან საზღვრები ჩაკეტეს.

ასეთ ინციდენტებში, როგორც წესი, აფხაზები საქართველოს ადანაშაულებენ, ამჯერად კი ქართულ კვალს ვერ ხედავენ. განცხადება პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან ბჟანიამ გააკეთა: "ეს დანაშაული აშკარად პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს მეექვსე თავდასხმაა, მაგრამ მის ქართულ კვალთან დაკავშირებას არ ვაპირებთ".

თავად ალექსანდრე ანქვაბი "მაფიაზე, კრიმინალურ დაჯგუფებებსა და მათთან დაახლოებულ პოლიტიკურ წრეებზე" ლაპარაკობს: "არსებობენ ძალები, რომელთაც მართვადი პრეზიდენტი, უნებისყოფო, დამყოლი უმაღლესი ხელისუფლება სჭირდებათ. აფხაზეთი არ უნდა გადაიქცეს ქვეყნად, სადაც კრიმინალური, ექსტრემისტული ჯგუფები და მათთან დაახლოებული პოლიტიკური წრეები წესრიგის დამყარებას ხელს უშლიან. ვიზიარებ აფხაზეთის მოქალაქეების მოსაზრებას, რომ ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე. ეს შიდა დესტაბილიზაციის მცდელობაა. ამ ტიპის დანაშაულებს და ტერაქტებს მსუყედ აფინანსებენ. ბუნებრივია, ამხელა ფული ვერ ექნება უბრალო ხალხს, ასეთი ფული შეიძლება ჰქონდეს შეძლებულ ხალხს ან დაჯგუფებებს, მაფიოზურ კრიმინალურ სტრუქტურებს. აფხაზეთისთვის განსაკუთრებით საშიშია ექსტრემიზმი და პოლიტიკაში ექსტრემალური ზომების გამოყენებისკენ მიდრეკილი ჯგუფები. დანაშაულთან ბრძოლის გეგმა ჩემი ახირება არ არის, ეს დროისა და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის მოთხოვნაა. ჩვენ შევებრძოლებით მათ, ვისაც ვითარების დესტაბილიზაცია უნდათ, ვისი სურვილიც არის, რომ აფხაზეთმა დემოკრატიული, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოს განვითარებისა და გაძლიერების გზიდან გადაუხვიოს. ვიმედოვნებ, ეს პროცესი ღრმა არ არის და ჯერ კიდევ შეიძლება ბრძოლა".

დმიტრი მედვედევი დე ფაქტო პრეზიდენტს ესაუბრა და თავდასხმის გამოძიებაში მხარდაჭერა აღუთქვა.  რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებისა და ექსპერტების ჯგუფი სოხუმში უკვე ჩავიდა. ექსპერტთა ვარაუდით, ანქვაბზე თავდასხმა რუსეთის სახელმწიფო ინტერესებში არ შედის, თუმცა, ეს თავდასხმა აშკარად უკავშირდება რუს პოლიტიკოსებსა და რუსულ ფულს, რომელიც რუსეთიდან აფხაზეთში ირიცხება და მოგვიანებით მისი დიდი ნაწილი ისევ რუს ჩინოვნიკებთან ბრუნდება.

ამ თავდასხმას წინ უძღოდა ერთი ძალზე საინტერესო ამბავი: 13 თებერვალს ანქვაბმა საჯაროდ გააკრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები დანაშაულის დაფარვისა და სტატისტიკური მონაცემების ხელოვნურად შემცირების გამო.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: "აფხაზეთი და მსგავსი ანკლავები ძალზე კარგი ადგილია შავი ფულის გასათეთრებლად. აფხაზეთში დიდი გავლენა აქვთ პოლიტიკურ-კრიმინალურ დაჯგუფებებს. ჩინოვნიკური აპარატი და კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთზე არიან  გადაჯაჭვული. საქმეში ჩართული არიან მოსკოველ ჩინოვნიკთა დაჯგუფებები. ეს ხალხი იმ სოლიდური ტრანშებით იკვებება, მოსკოვიდან აფხაზეთში რომ ირიცხება. აფხაზეთის ბიუჯეტის 70% მოსკოვიდან გადმორიცხული თანხებისგან შედგება. გარდა ამისა, აფხაზეთში ბევრი საინტერესო ობიექტია: ზღვისპირა კურორტები, სანატორიუმები და სხვა, რაც ამ პოლიტიკურ-კრიმინალური საზოგადოების ცხოველ დაინტერესებას იწვევს.  მათთვის აფხაზეთში შექმნილი უკონტროლო, კორუფციული გარემო მომგებიანია. სხვათა შორის, სტეპაშინმა ჯერ კიდევ ბაღაფშის სიცოცხლეში განაცხადა, მოსკოვიდან აფხაზეთამდე 300 მილიონი რუბლია დაკარგულიო. ამაზე ერთი ამბავი ატყდა, მაგრამ  ეს ამბავი მალე ჩაფარცხეს. სინამდვილეში ამ "დაკარგული" ფულის დიდი ნაწილი უკან, მოსკოვში დაბრუნდა, ნაწილი კი აფხაზმა ჩინოვნიკებმა დაიტაცეს.

ძნელი სათქმელია, ანქვაბს გამოუვა თუ არა მაფიოზურ დაჯგუფებასთან ბრძოლა. ბაღაფშის პრეზიდენტობის დროს ანქვაბი  იძულებული იყო, ანგარიში გაეწია ამ ჯგუფებისა და კლანებისთვის. ახლა ყველაფერი შეიცვალა - ანქვაბი არ აპირებს მათთვის ანგარიშის გაწევას, ამიტომ აფეთქებების სერია გაგრძელდება და მიზნის მიღწევამდე არ შეჩერდებიან.

ისტორიას უშედეგო მცდელობის ბევრი მაგალითიც ახსოვს, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ამერიკის სპეცსამსახურებმა 70-ჯერ დაგეგმეს ფიდელ კასტროს ლიკვიდაცია, მაგრამ ვერ მოახერხეს. რუსეთის ხელისუფლებას ანქვაბის ლიკვიდაცია ჯერჯერობით არ უნდა, თორემ აუცილებლად მოახერხებდა. მათ არაერთი რელიგიური თუU სხვა ტიპის ლიდერი მოკლეს აფხაზეთში. მაგალითად გუდაუთის მუსლიმანური თემის ხელმძღვანელის, ქიძბას მკვლელობაც კმარა. როგორც სოხუმში ამბობენ, მოკლულია აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც. გაიხსენეთ ჯოჰარ დუდაევის მკვლელობაც. ასე რომ, რუსები მონახავდნენ ხერხს და მეთოდს მის მოსაშორებლად. ამიტომ შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს თავდასხმა ადგილობრივ დამნაშავეთა ნამოქმედარია.

17 თებერვალს ანქვაბი გაგრაში ეგრეთ წოდებულ აქტივს შეხვდა. სხვათა შორის, ეს კრიმინალური ჯგუფების თავშეყრის ადგილია. დედ ჰასანიც თავის დროზე გაგრაში ცხოვრობდა. სწორედ ამ შეხვედრაზე გაატარა წნეხში ანქვაბმა ეს დაჯგუფებები, განსაკუთრებით ადგილობრივი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. მერე დაიბარა ეს ხალხი, მათ შორის ზოგიერთი დეპუტატი და უთხრა, ფული უკან მოიტანეთო. ბუნებრივია, ანქვაბს ამას არ აპატიებენ.

აფხაზეთში პოლიტიკოსებზე თავდასხმა ახალი ამბავი არ არის. არჩევნების პერიოდში საეჭვო ავტოავარიაში მოყვა სერგეი შამბაც. ამ ავარიას მისი ორი მცველი ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა თავად შამბაც. როგორც შამბა ამბობდა, ავარია იმ ვიდეოფირს უკავშირდებოდა, სადაც აღბეჭდილი იყო ანქვაბისგან ამომრჩევლის მოსყიდვა, და რომ იმ დღეს ტელეეთერში დებატებისთვის და ფირის გამოსამზეურებლად მიდიოდა. საპასუხოდ, ანქვაბმა ავტოავარიას "წარუმატებელი ტრიუკი უწოდა".

"მოუხელთებელი ჯო"

ჩეჩნეთში, სოფელ გეხი-ჩუსთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი მოკლეს. მანამდე მას რუსეთის სპეცსამსახურები სამჯერ დაესხნენ თავს. პირველად დუდაევს სნაიპერის ტყვია ასცდა, მეორედ გზაზე ნაღმი აუფეთქეს. ავტომობილი გადაბრუნდა, მაგრამ თავად ჯოჰარ დუდაევი არ დაშავებულა. მესამედ დუდაევმა დაცვასთან ერთად სახლი საავიაციო რაკეტის აფეთქებამდე ხუთი წუთით ადრე დატოვა. ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაცია "ეფ-ეს-ბესა" და "გრუს" ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, რომელშიც სამხედრო-საჰაერო ძალებიც მონაწილეობდნენ. ჯოჰარ დუდაევის ლიკვიდაციის მომზადება არჩევნების წინ ელცინის რეიტინგის ამაღლებისთვის დაიწყო. ოპერაციას კოორდინირებას "ცენტრიდან" ორი პოლკოვნიკი უწევდა, მაგრამ სადაზვერვო სამსახურისთვის ის "მოუხელთებელ ჯოდ" იქცა.

საბოლოოდ, დუდაევი აგენტურამ მილიონ დოლარად გაყიდა. რუსეთს მიაწოდეს ინფორმაცია დუდაევის მარშრუტზე, თუ რომელ კვადრატში იყო, იცოდნენ დაახლოებითი დროც. როდესაც დუდაევი სოფელ გეხი-ჩუს მიუახლოვდა, მოზდოკიდან გამოფრენილი თვითმფრინავი უკვე იქ იყო. ეს ამბავი რუსული სპეცსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, პოლკოვნიკმა იური აქსიონოვმა გაახმაურა: "ჯოჰარ დუდაევმა იმ დღეს უჩვეულოდ დიდხანს ისაუბრა ტელეფონით. "ჩვენ გვესმოდა თვითმფრინავის შორეული ხმა. ამის შემდეგ გაისმა გამაყრუებელი აფეთქება. რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გვაცნობეს", რომ დუდაევის ცხედარს უკვე დასაკრძალავად ამზადებდნენ. შტაბში გადაიცა შეტყობინება, რომ ""პატრონმა ღრმად დაიძინა".

ექვსი ტერორისტული აქტი

პირველად ანქვაბს 2005 წელს დაესხნენ თავს, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშვნიდან მეორე კვირას. მისი მანქანა სოხუმის მისადგომებთან დაცხრილეს. მეორე შემთხვევა ერთი თვის შემდეგ, 1-ელ აპრილს მოხდა. ანქვაბის ავტომანქანას მაშინაც სოხუმში ესროლეს. 2007 წლის 21 ივნისს ახალი ათონის გზაზე დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაირთო, ამავე წლის 9 ივლისს კი ანქვაბის ავტომანქანას ფსოუ-სოხუმის გზაზე, გუდაუთასთან ესროლეს, ხელყუმბარა მანქანის საბარგულს მოხვდა. მაშინ ანქვაბი და მისი მძღოლი დაშავდნენ. 2010 წლის 23 სექტემბერს კი ლიხნში თავს დაესხნენ ანქვაბის ნათესავების სახლს. ხელყუმბარა სწორედ სახლის იმ მხარეს მოხვდა, სადაც ანქვაბი იყო. მაშინ ის ხელსა და ფეხში დაიჭრა. 2005 წელს ანქვაბზე თავდასხმის მიზეზი იმთავითვე იყო ცნობილი. ის ხომ აფხაზეთის მთავრობის ხაზინადარი იყო. მაშინ მოსკოვი ასე აშკარად ფულს ვერ ურიცხავდა აფხაზეთის მთავრობას. ამიტომ კრემლმა ეს საქმე ერთ-ერთ მსხვილ თამბაქოს მაგნატს, წალკელ ბერძენს დაავალა. ანქვაბი პირადად ჩადიოდა როსტოვში და იქიდან ფულით ხელდამშვენებული ბრუნდებოდა აფხაზეთში. ანქვაბის ხაზინადარობა ბევრს არ ეხატებოდა გულზე და მაშინდელი თავდასხმაც სწორედ მისი "თანამდებობის" ხელში ჩასაგდებად მოეწყო. ეს ანქვაბმაც კარგად იცოდა. საქმე არ გამოუძიებიათ და ამისთვის არავინ დაუსჯიათ.