ჩემი თავგადასავალი ყარაბაღში - კვირის პალიტრა

ჩემი თავგადასავალი ყარაბაღში

დიდგორის ბრძოლის დასასრული რომ მენახა, ალბათ, სიხარულისგან ინფარქტს მივიღებდი

1995 წელი. ომგამოვლილი საქართველო... ჩაბნელებული თბილისი. ქუჩებს ჩამწკრივებული სავაჭრო ჯიხურებში მბჟუტავი ლამპებითა და პარაფინის სანთლებით განათებული სასტიკი რეალობა ანათებს. ეს მეტად მიმზიდველი ქვეყანა სავსეა მოხალისე, თავზე ხელაღებული მებრძოლებით, მაროდიორებით, ქურდებით, განგსტერებით, ადგილობრივი დისიდენტებითა თუ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული მზვერავი ექსტრემისტებით. გაზაფხული იდგა. დოდო გუგეშაშვილი მირეკავს და მეტად აზარტულ წინადადებას მთავაზობს, - უკრაინაში არის პატრიოტული ორგანიზაცია "უნაუსო", რომლის წევრები აფხაზეთსა და ყარაბაღის ომებში დროის რაღაც მონაკვეთში რუსებს ებრძოდნენ. უფრო სწორად, ომის პრაქტიკას გადიოდნენ, მათთვის სასურველ მომხრეებთან ერთად. მოკლედ, "უნაუსო"" აფხაზეთის ომში ჩვენ გვეხმარებოდა. ანატოლი ლატინოსი თბილისის გავლით მთიან ყარაბაღში მოგზაურობას აპირებს, შენ კი როგორც სამხედრო კორესპონდენტი, ოპერატორთან ერთად, ჩვენს უკრაინელ ძმას ყარაბაღში უნდა გაჰყვეო...

დოსიე: ანატოლი ლატინოსი იმიერკარპატეთში დაიბადა 1946 წელს. რუსეთის "ლაგერებში" პოლიტპატიმრობაში 21 წელი გაატარა. 1995 წელს უკრაინის პატრიოტული ორგანიზაცია "უნაუსოს" თავმჯდომარის მოადგილე გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. ამავე დროს იყო ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის  ადამიანთა უფლებების დაცვის წარმომადგენელი.

მე და ანატოლი

დოდო ძალზე პრინციპულია, - შენ უნდა წახვიდე... - ასეთი იყო პასუხი... ჰოდა მე, ლეონარდომ (ჩემი ოპერატორი) და ანატოლიმ შუაგულ თბილისში ტაქსი გავაჩერეთ და, არც მეტი, არც ნაკლები, ერევანში გავემგზავრეთ...

ტუფის ქალაქი

ერევანში ბავშვობაში გავლით ვარ  ნამყოფი. არ მახსოვს კარგად, ვიყავი თუ არა ეჩმიაძინში. ეს ტუფის ქალაქია, - ყარაბაღის ომში  გამარჯვებული ამაყი სომხებით. დიდი თუ პატარა, ავტობუსის თუ ტაქსის მძღოლი ყველა ამაყი და "ბლატნოია"... ეტყობათ, რომ რაღაც მოიგეს... სწორედ იქ, სომხეთში მივხვდი, რა დიდებული გრძნობაა გამარჯვება. ასპინძის ან დიდგორის ბრძოლის დასასრული რომ მენახა, ალბათ, სიხარულისგან ინფარქტს მივიღებდი. მოკლედ, "დაჩმორიკებული", ტერიტორიებდაკარგული საქართველოს შვილები - მე, ლეონარდო და  უკრაინელი ანატოლი ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში დავბინავდით...

ყარაბაღის კონფლიქტი

1992 წლის 1-ელ იანვარს ყარაბაღის დედაქალაქს "რატომღაც" სომხეთის აგდამის ბატალიონმა, სამველ ბაბაიანის მეთაურობით, 6 ტანკითა და 4 ბეტეერით შეუტია. ეს ყარაბაღში აზერბაიჯანელი მოსახლეობისა და სომხების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია...

ბაკო სააკოვიჩ სააკიანი (სწორედ ის გახდა 1995 წელს ყარაბაღის ავტონომიის დე ფაქტო პრეზიდენტი), როგორც ძირძველი, "კარენოი" ყარაბაღელი, ამ ფრონტის ზურგის მეთაურად დანიშნეს.

დავით გურგენოვიჩ შახნაზარიანი - 1994-95 წწ. სომხეთის ნაცუსაფრთხოების მინისტრი ამ ომში კონფლიქტის "დარეგულირებას" კურირებდა...

1994 წლის 5 მაისს სომხებმა, რუსეთის დახმარებით, საბოლოოდ "გაწმინდეს" ყარაბაღის ავტონომია აზერბაიჯანელებისაგან და აზერბაიჯანული მხარე, როგორც დსთ-ის წევრი ქვეყანა, აიძულეს, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. შედგა ე. წ. ბიშკეკის შეთანხმება...

სტეპანაკერტი

საქართველოდან სტეფანაკერტამდე დიდი და გაუსაძლისად დამღლელი გზაა...

მე, ლეონარდო და ანატოლი დავძმობილდით. ერევანში ერთი დღე გავჩერდით და როგორც "ტურისტებს" სჩვევიათ, ქალაქში ბორიალის შემდეგ სასტუმროს კაფეში მოვკალათდით... სწორედ აქ მომეცა საშუალება, კარგად გავცნობოდი ჩემს ახალშეძენილ უკრაინელ მეგობარს და ჩვენი მოგზაურობის მიზანს.

საშა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ""უნაუსოს"" მეომრები კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ (ჩეჩნეთის გარდა) აქტიურად იბრძოდნენ. ""უნაუსოს"" ერთ-ერთი მფრინავი (მისი პირობითი სახელია საშა), ავიაგამანადგურებელ ჩე-25-ით აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღს უტევდა. სომხეთის მხარემ შეძლო მისი ჩამოგდება და პილოტის, საშას ხელში ჩაგდება. 28 წლის საშა, პროფესიონალი სამხედრო მფრინავი, სომხების ტყვეობაში აღმოჩნდა...

სომხები ჭკვიანი ხალხია. "აპატიეს" საშას 14-ჯერ სტეფანაკერტის დაბომბვა. მეტიც, მისცეს ბინა და უკრაინიდან ცოლ-შვილიც კი ჩამოუყვანეს ("ვერბოვკისთვის") და ახლა საშა, როგორც მფრინავი-კილერი, სომხეთის მხარეს აღმოჩნდა...

საშა რომ ცოცხალი იყო, ანატოლიმ იცოდა, ამიტომაც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა შეაწუხა და სომხეთის მთავრობისთვის საშას გათავისუფლება ათხოვნინა. მაგრამ ანატოლიმ ის აღარ იცოდა, რომ საშას სომხებთან სამუდამო კილერობაზე "ხელი უკვე მოწერილი" ჰქონდა და ამიტომაც...

დანგრეული ქალაქი შესაშური დისციპლინით

დილით ტაქსი დავიქირავეთ და ყარაბაღისკენ გავწიეთ...

ნაომარ ქალაქს ჯერ კიდევ კვამლი ასდიოდა. შუადღე იქნებოდა, როდესაც სტეფანაკერტში მთავრობის სასახლეს მივადექით, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობას ძალიან ჰგავდა. ჩემდა გასაკვირად ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, თითქოს ადამიანებს მიეტოვებინათ აქაურობა.

მთავრობის სასახლის კარი შევაღე. შესასვლელში ვიღაც  მამაკაცი დაგვხვდა, როგორც გაირკვა, შენობის დაცვის თანამშრომელი.

- გთხოვთ ჩანთა გახსნათ, - მიმითითა ვიდეოკამერის ჩანთაზე და არცთუ გულიანად დაათვალიერა. შემდეგ რაცია მოიმარჯვა და ვიღაცას დაუკავშირდა, - მიბრძანდით მეორე სართულზე. მე, ლეონარდომ და ანატოლიმ დინჯად ავიარეთ კიბე და ჰოლს ხელმარცხნივ გავუყევით. ბოლო კართან პირადი დაცვის თანამშრომელი დაგვხვდა, თავის დაკვრით მოგვესალმა და ბაკო სააკიანის კარი შეაღო. ბაკომ უკვე იცოდა, რომ უნდა მივსულიყავით.  მან და ანატოლიმ ბევრი ისაუბრეს ყარაბაღის კონფლიქტზე, ტყვედ ჩავარდნილ საშაზე და სომხეთ-უკრაინის ურთიერთობაზე. ასე რომ, ინტერვიუ შედგა.

მთავრობის სასახლიდან სტეფანაკერტის უშიშროების (ე.წ. ეროვნული უსაფრთხოების) სამსახურში წავედით და როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო ე.წ. კაგებეშნიკური ბაასი. ანატოლიმ  ჩანთიდან დოკუმენტები ამოიღო და უშიშროების შეფს თავისი მოთხოვნები გააცნო.

დავით გურგენოვიჩ შახნაზარიანი არასდროს დამავიწყდება. საუბრისას აქცენტი რატომღაც ჩემზე გადმოიტანა და დაიჟინა, შენ ქართველი არა ხარო. ვუმტკიცებდი, თბილისელი ვარ-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. დავით გურგენოვიჩმა გულდასმით ჩაიწერა ჩემი მისამართი და თან მარწმუნებდა, ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთსო.

ყარაბაღში უკვე ერთხელ, 1994 წელს ნამყოფი ვიყავი, ოღონდ ჰუმანიტარული მისიით, მაგრამ მიწაზე ფეხიც კი არ დამიდგამს, - შვეულმფრენიდან გადმოვყარეთ ჰუმანიტარული დახმარება...

დავით გურგენოვიჩი დაჟინებით ითხოვდა ჩემი ვინაობის შესახებ ინფორმაციას... ამან ერთი ამბავი გამახსენა: ჰიტლერულ გერმანიაში იყვნენ პირები, რომლებიც ებრაელს კეფაზე შეხედვითაც კი სცნობდნენ. სომეხ კაგებეშნიკსაც  არ უმტყუნა ალღომ, მე დედა მარტინენკო მყავს და ჩემი გარეგნობით ჩასწვდა ჩემს გენეტიკას.

ტოტლებენი, მოსადი და სომხეთის გრუ...

რუსეთ-თურქეთის ომი... საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელები: შევჩენკოები, გურჩენკოები და ა.შ. აწყურში დასახლებული ნაომარი მარტინენკოები... და მე. დედით მარტინენკომ, ვაღიარე, რომ ჩემს ქართულ სისხლში დედის უკრაინული სისხლიც ურევია. ამით ჩემსა და სომხეთის გრუ-ს შორის ურთიერთობა გაირკვა...

დადგა ანატოლისთვის ნანატრი წუთიც. სომხეთის უშიშროებამ "დავერბოვკებულ" უკრაინელ მფრინავთან, კილერ საშასთან შეგვახვედრა. მის მოსვლამდე დავით გურგენოვიჩმა გვთხოვა, ვიდეოკამერა გამორთეთო. როგორც იქნა, კარი გაიღო და ტანდაბალი, დაკუნთული ახალგაზრდა შემოვიდა, მოგვესალმა და მაგიდასთან ანატოლის პირისპირ დაჯდა. ანატოლი საშას ”გაყინულ,  უემოციო სახეს მამაშვილური ღიმილით შესცქეროდა. არც კი ვიცი აქამდე, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

კოტე ლიქოკელი