მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები... - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები...

რას იზამს სააკაშვილი

ამ კვირაში სააკაშვილი პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით უნდა წარდგეს. მის გამოსვლას, ტრადიციულად, დებატები მოჰყვება. უკვე რამდენიმე წელია, ამ დებატებს ვადევნებთ თვალს და ის თითქმის ყოველთვის ერთნაირია,  თუმცა წელს განსხვავება, ალბათ, მაინც იქნება, რადგან "ნაციონალების" და "ქრისტიან-დემოკრატების" ჩვეულ დაპირისპირებაში "ქართული ოცნებაც" ჩაერთვება. მართალია, "ოცნება" პარლამენტში სულ ერთი დეპუტატით - გია ცაგარეიშვილითაა წარმოდგენილი და ის დებატებში აქამდეც აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ ახალი სტატუსი მას, ალბათ, ახალ აღმაფრენას მოუტანს და წესით, მისი გამოსვლა საინტერესო უნდა იყოს. თუმცა, ყველაზე საინტერესო, ალბათ, მაინც ის არის, ახალს რას შემოგვთავაზებს თავად  სააკაშვილი, ან შემოგვთავაზებს თუ არა საერთოდ. მისგან ყველა ერთ კითხვაზე ელოდება პასუხს: რას აპირებს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ? რა თქმა უნდა, ამას პარლამენტშიც ჰკითხავენ. გავრისკავ და ვიწინასწარმეტყველებ: ამ კითხვას ის კონკრეტულ პასუხს არც ახლა გასცემს. ალბათ, ისევ მოვისმენთ, რომ ქვეყანაში უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ახლა მას საკუთარ მომავალზე ფიქრისთვის არ სცალია. ეს ყველაზე სასაცილო პასუხია, როგორის მოფიქრებაც ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას შეეძლო. ნეტავ, ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს თუ მაინც სჯერათ ამ განცხადების?

არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. როგორია ფალავნის გარეშე არჩევნებზე გასვლა მაშინ, როცა მთავარ ოპონენტს უკვე გაცხადებული აქვს, ვინ იქნება მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი. ნაცმოძრაობა არჩევნების წინ ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდება: თუ იტყვის, რომ მისი კანდიდატი სააკაშვილი იქნება, დასავლეთის მხარდაჭერას არჩევნებამდე დაკარგავს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, დასავლეთში ვინმეს პუტინის ვარიანტის გამეორება მოეწონოს, ხოლო თუ არაფერს იტყვის, ამომრჩეველი გაურკვევლობაში აღმოჩნდება, რამაც შეიძლება ნაციონალებს ხმები დააკარგვინოს. ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ნაცმოძრაობის რეიტინგი ძირითადად სააკაშვილის რეიტინგზეა მიბმული და საკუთარი ამომრჩევლის გაურკვევლობაში დატოვება სარისკოა. მოკლედ, მათ წინასაარჩევნოდ არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოუწევთ. ჩემი ვარაუდით, ისინი შეეცდებიან, არჩევნების წინ კონკრეტული არაფერი თქვან, მაგრამ თავიანთ მხარდამჭერებს არც იმის იმედი დაუკარგონ, რომ ქვეყნის მმართველი მომავალში ისევ სააკაშვილი იქნება. არადა, ეს საკითხი რაც ადრე გაირკვევა, ქვეყნისთვის მით უკეთესი იქნება, თუნდაც დასავლეთის მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. საერთოდ, კარგი იქნებოდა, ნატოს ჩიკაგოს სამიტამდე გაემხილა ბატონ მიხეილს თავისი გადაწყვეტილება. დასავლეთმა ნატოს გზაზე კიდევ უფრო მყარად რომ დაგვაყენოს, აუცილებლად უნდა იცოდეს, ჩვენი ქვეყნის მმართველი პუტინის გზით აპირებს სიარულს თუ ჯორჯ ვაშინგტონის, მაგრამ იტყვის კი ამას პრეზიდენტი? საინტერესოა, კიდევ რამდენ ხანს იქნება აქტუალური კითხვა - რას იზამს სააკაშვილი?

რას იზამს ივანიშვილი

კითხვა:  - რას იზამს?! - არანაკლებ აქტუალურია ივანიშვილთან დაკავშირებითაც. თუმცა, რა თქმა უნდა, სულ სხვა თვალსაზრისით. ამომრჩეველი მისგან ჯერ კიდევ უამრავ კითხვაზე ელოდება პასუხს. მას და მის გუნდს ჯერ საარჩევნო პროგრამა აქვთ დასაწერი, სადაც პუნქტებად იქნება ჩამოყალიბებული, რას იზამს ივანიშვილი გამარჯვების შემთხვევაში. პირადად მე უფრო მეტად მაინტერესებს, რას იზამს იგი დამარცხების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არჩევნების წინ არც ერთი პოლიტიკოსი დამარცხებაზე არ ლაპარაკობს და ალბათ, არც ივანიშვილისგან უნდა ველოდოთ, რომ გვეტყვის, რა გეგმები აქვს წარუმატებლობის შემთხვევაში. მისი პასუხი ამ კითხვაზეც, ალბათ, ტრადიციული იქნება: ასეთ ვარიანტს არ განვიხილავო, იტყვის, მაგრამ შეუძლებელია სერიოზული პოლიტიკოსი წინასწარ ყველაფერზე არ ფიქრობდეს. მან მხოლოდ მიგვანიშნა, რომ თუ არჩევნები 20-30 პროცენტით გაყალბდება, იგი ხალხს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. და რა მოხდება, თუ არჩევნები არ გაყალბდება და ისე გაიმარჯვებს სააკაშვილი? არადა, არსებულ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას საარჩევნო სისტემა მთლიანად საკუთარ თავზე აქვს მორგებული, ეს ძალიანაც რეალურია.

ამას წინათ ხუმრობით დავწერე: ისეთი საარჩევნო გარემო გვაქვს, ივანიშვილი კი არა, ღმერთი რომ ჩამოვიდეს და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტოს, სააკაშვილთან წააგებს-მეთქი. ამ ხუმრობაში, რა თქმა უნდა, არის სიმართლის მარცვალი. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა, მაგრამ ერთია მისი სურვილი და მეორე - რეალობა. ივანიშვილმა თავისი გამოჩენით საქართველოში პოლიტიკას აზრი დაუბრუნა, გაჩნდა ნამდვილი კონკურენცია,  ინტრიგა და რა მოხდება, თუ მისი მოლოდინი არ გამართლდება? აქ, შესაძლოა, სამი ვარიანტი განვიხილოთ: 1) იგი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და ასე ეცდება გამარჯვებას, რაც ძალიან არასასურველი და, ჩემი აზრით, არაფრის მომტანი იქნება; 2) ქართულ პოლიტიკაზე გულს აიყრის და საერთოდ წავა პოლიტიკიდან. ასეთი საქციელი სავსებით მოსალოდნელია იმ ადამიანისგან, ვინც მეორეობას ცხოვრებაში მიჩვეული არ არის და ვინც ამბობს, გამარჯვების შემთხვევაშიც კი არ ვაპირებ პოლიტიკაში დიდხანს დარჩენასო. თუ გამარჯვების შემთხვევაში არ აპირებს, წაგების შემთხვევაში დარჩება? არადა, პოლიტიკა არ არის ერთჯერადი აქტი.

ის პროცესია და თუ არ დარჩება, ეს იქნება ძალიან, ძალიან ცუდი ქართული პოლიტიკისთვის, რადგან პოლიტიკური პროცესი ისევ მოკვდება;  3) იგი შევა პარლამენტში და უკვე იქ ეცდება უმრავლესობის მოგროვებას. ანუ იმდენ დეპუტატს, რამდენიც მას უმრავლესობის შესაქმნელად დასჭირდება, "ნაციონალური მოძრაობიდან" გადმოიბირებს. თუ სიტუაციას და უპირველესად, მის ფინანსურ შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება სულაც არ არის წარმოუდგენელი. თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში ას კაცს გაიყვანს, როგორ ფიქრობთ, გაჭირდება ამ ას კაცში 25 ადამიანის მონახვა, ვინც, ვთქვათ, მილიონ ლარად გაიყიდება? თან ყველა ხომ პარტიის წევრი არ იქნება. ერთგულების მოტივით რომ დააკავონ, ან პარტიის წევრებიც რომ იყვნენ, პარტია სამშობლო ხომ არ არის, მისი ღალატის გამო ვინმეს ძალიან შერცხვეს?  მოკლედ, თუ ივანიშვილი ძალიან მოინდომებს, არჩევნების მოგების გარეშეც შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლა. სიმართლე გითხრათ, მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება უფრო რეალური მგონია, ვიდრე, თუნდაც, არჩევნების მოგება.