სახელისუფლებო "კრიშა" დაცურდა?! - კვირის პალიტრა

სახელისუფლებო "კრიშა" დაცურდა?!

"ტენდერებში გამარჯვებული პირები ნებაყოფლებით აწერენ ხელს ხელისუფლობის მძევლობას"

ქართულ ბიზნესს, ვინ იცის მერამდენედ, მძიმე დროება დაუდგა. ეგრეთ წოდებული სამართალდამცავი სტრუქტურები და მაკონტროლებლები კერძო ფირმების საქმიანობით დაინტერესდნენ. ამას, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს და გამოცდილებაც, ცუდი შედეგი მოჰყვება ხოლმე, - საპროცესო გარიგება ან დიდი ჯარიმა. ძალოვანი უწყებების ყურადღება ამჯერად იმ კომპანიებმა მიიპყრეს, რომლებიც ტენდერებში მონაწილეობდნენ და საბიუჯეტო სახსრებით ათეულ მილიონად ღირებული დაკვეთები შეასრულეს. ბუნებრივია, ეს სიახლე არ არის, მაგრამ ამჯერად პროკურატურა და ფინანსური პოლიცია იმ ფირმებსაც მიადგნენ, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" ყულაბის შევსებაში დიდი წვლილი მიუძღვით. 'კულუარული ინფორმაციით, დაკავებულ შემწირველებში ის კომპანიებიც მოხვდნენ, ვინც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს.

სანდო წყაროს ინფორმაციით, დაკავებული არიან შპს ”ტოტალის" ხელმძღვანელი ბუთხუზ ბარამია, ხოლო დასაკითხად ინტენსიურად იბარებენ იმ ფირმების ხელმძღვანელებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს ტენდერებში გაიმარჯვეს. სხვადასხვა დროს ჩატარებული აუდიტის აქტებზე დაყრდნობით მაკონტროლებლები რამდენიმე კომპანიაში შევიდნენ. სანდო წყაროს ინფორმაციით, მათ შორისაა "ნაცმოძრაობის" წევრის, ნაზი არონიას მეუღლის კომპანია ”ბლექ სი გრუპიც", რომლის უკან, როგორც ამბობენ, გივი თარგამაძე დგას.'' მართალია, ტენდერებში გამარჯვებულთა უმრავლესობა "ნაცმოძრაობის" ნებაყოფლობით დამფინანსებელია, მაგრამ როგორც ჩანს, დადგა დრო, როცა ხელისუფლება "კარის" ბიზნესმენებსაც აღარ დაინდობს. ძალაუფლების შესანარჩუნებლად ახალი სისხლია საჭირო, რომლის მიღება სისხლგამშრალი ბიზნესისგან შეუძლებელია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი:  ხელისუფლება ახლა თავის "ჯიბის ბიზნესმენებს" ხარკის გადახდას სთხოვს. ისინი სახელისუფლებო კლანის მძევლები არიან. როგორც კი კრიტიკული ვითარება შეიქნება (და უკვე არის), ხელისუფლება აუცილებლად იწყებს მოქმედებას. ბიზნესმენების დახარკვა პირდაპირ კავშირშია მოახლოებულ არჩევნებთან, ამიტომ ხელისუფლება თავის მძევლებს არ დაინდობს. მათ შორის არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც ნებაყოფლობით ასრულებენ კლანის პოლიტიკურ მითითებებს, არიან ისეთი ბიზნესმენებიც, რომლებსაც პროტესტის გრძნობა აქვთ და ცდილობენ დაუძვრნენ ხელისუფლების კლანჭებს. მაგრამ მას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორიც პროკურატურაა, რომელიც კანონს კი აღარ იცავს, არამედ ბიზნესშემოსავლების დეტალურ აღმრიცხველად იქცა. ბიზნესმძევლებს საპროცესო გარიგებებითა და სხვადასხვა საგადასახადო დავალებით აიძულებენ საარჩევნო შავი ყულაბის შევსებას. როგორც წესი, ეს პროცესი წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება. იმ პატიმრების ხვედრითი წილი, რომლებიც სასჯელს ფინანსური დანაშაულისთვიის იხდიან და საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული, ძალიან დიდია.

218-ე მუხლით გასამართლებულთა (გადასახადებისათვის თავის არიდება) რიცხვი დღითი დღე იზრდება. ეს ბიზნესმენები თავის დროზე სახელისუფლებო პოლიტიკურ თამაშებში ჩაითრიეს და მას შემდეგ მძევლებად ჰყავთ. მათი "დახვრეტა" ხელისუფლებამ უკვე დაიწყო, რადგან მძევლებს გამოსასყიდის გადახდის საშუალება უკვე აღარა აქვთ. ხელისუფლება ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ბიზნესმენებს რომ დაერია, კანონზომიერია, რადგან ქვეყანაში დამოუკიდებელი ბიზნესი და ბიზნესმენი აღარ დატოვეს, მაშ, ვიღას მოსთხოვონ ფული, თუ არა "ჯიბის ბიზნესმენებს"? თითოეულის უკან დგანან კონკრეტული თანამდებობის პირები. ქვეყანაში ვერავინ შემოიტანს ვერც ერთ კილოგრამ შაქარს, წიწიბურას, კარაქს, ნავთობპროდუქტებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, "კრიშის" გარეშე.

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ასეთი სიძვირე ქვეყანაში? ახლახან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფარმაკოპროდუქტის ფასი, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება, თვითღირებულებაზე 40-ჯერ მეტია. ან პენიტენციარული ჯანდაცვის დაზღვევის სისტემაში აღმMოჩენილი 65%-იანი მოგების ისტორია გაიხსენეთ. 2009 წელს პენიტენციარული სისტემა დააზღვიეს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 3 მილიონი, რომელიც მთლიანად აითვისა სადაზღვევო კომპანიამ. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ კომპანიამ პატიმართა ხარჯზე 65%-იანი მოგება ნახა. სინამდვილეში კი მოგება მხოლოდ საბუთში დაფიქსირდა, თორემ ყველამ ვიცით, რომ ტენდერებში გადმორიცხული ფული  "ატკატების" სახით უბრუნდება ჩინოვნიკებს.

ეს არის სიცილიური მაფიისთვის დამახასიათებელი სქემა და სტრუქტურა, - ჯერ ანეიტრალებენ სასამართლო ხელისუფლებას, მერე კანონებს არგებენ კონკრეტულ ინტერესებს, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს სახელისუფლებო კლანმა.

როცა სასამართლო განეიტრალებულია, კლანს განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს. არც ერთი ბიზნესმენი ამას საჯაროდ არ იტყვის, რადგან საზოგადოებამ, მათ შორის - ბიზნესმენებმაც, შეიგნო, რომ კერძო პროტესტსა და პეტიციებს აზრი აღარა აქვს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ მოქმედებს.

ტენდერებში გამარჯვებული პირები ნებაყოფლობით აწერენ ხელს ხელისუფლების მძევლობას. ტენდერში გამარჯვებული ნებისმიერი პირი, რა ავტორიტეტით და სოციალური სტატუსითაც უნდა სარგებლობდეს, საბოლოოდ ამ მახინჯი პოლიტიკური კონიუნქტურის მსხვერპლია.