რატომ მაინცდამაინც აზიზიეს მეჩეთი? - კვირის პალიტრა

რატომ მაინცდამაინც აზიზიეს მეჩეთი?

"ეს განცხადება ქართველი ერის გამოწვევაა"

"პროტესტის ყველა ფორმა უნდა გამოვიყენოთ, რომ ხელისუფლებას არ გაუვიდეს აზიზიეს მეჩეთის აშენება. აქამდე ბევრი რამ გაუვიდა და ამიტომ წაუპოტინა ხელი ქართულ ცნობიერებას. თუ უკან არ დავახევინეთ, ხვალ საქართველო აღარ დაგვრჩება", - აცხადებს "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე.

- ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ოშკის გადარჩენის გონივრულ გზას უწოდებს და არაფერს ამბობს იმ საფრთხეებზე, რაც აზიზიეს მეჩეთის აშენებას შეიძლება მოჰყვეს.

- რას გულისხმობთ?

- რელიგიური ნიშნით ერთიანი ქართული სივრცის რღვევის დაწყების საფრთხეს. აზიზიეს მეჩეთი არ იქნება რიგითი მეჩეთი. ეს არის ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების აღსანიშნავი ნაგებობა. თავის დროზე, აზიზიეს მეჩეთი აშენდა როგორც სიმბოლო ამ ტერიტორიების ოსმალეთის იმპერიასთან მიერთებისა.

- ოსმალები ყველა დაპყრობილ ტერიტორიაზე აშენებდნენ აზიზიეს მეჩეთს?

- დიახ, ასეა. თურქეთი თავის ტერიტორიებს გამარჯვების აღსანიშნავი მეჩეთების აგებით განსაზღვრავდა. თავის დროზე ასევე მოიქცა რუსეთი, როდესაც ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრები ააშენა თურქებისთვის წართმეულ ბულგარეთსა და ბათუმში. დღევანდელი "ინტურისტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ალექსანდრე ნეველის სახელობის სობორი იდგა, - აჭარაში ცარიზმის გამარჯვების სიმბოლო, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა.

აჭარაში ბევრი მეჩეთი აშენდა და ამას არ გამოუწვევია აღშფოთება, მაგრამ როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის გამარჯვების აღსანიშნავი ნაგებობა შენდება, ეს უკვე პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია და არა მხოლოდ რელიგიურ-კულტურული. ბოდიშს ვუხდი მაჰმადიანებს, მაგრამ ეს იგივეა, ლენინის ძეგლი დავაბრუნოთ თავისუფლების მოედანზე და ვთქვათ, ეს მონუმენტური ხელოვნების ნიმუშიაო. ჩვენ იმის წინააღმდეგი კი არა ვართ, ქართველ მაჰმადიანებს  რელიგიური ნაგებობის აგების უფლება არ მიეცეს, ჩვენთვის სხვა ქვეყნის გამარჯვების სიმბოლოა მიუღებელი.

- თურქეთთან ხელშეკრულების დადების მომხრეები ამბობენ, რომ აზიზიეს მეჩეთი, ისევე როგორც ახალციხეში აჰმედის მეჩეთი, კულტურული ცენტრები იქნება და არა რელიგიური ნაგებობები.

- რაც უნდა უწოდონ, მაგრამ რატომ უნდათ მაინცდამაინც აზიზიეს მეჩეთის აღდგენა, რომელიც არ ყოფილა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში და მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი. ააშენონ სხვა, ახალი.

საინტერესოა, როგორ შეიძლება რელიგიური თემატიკა იყოს საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოების ხელშეკრულების საგანი? როგორ შეიძლება ქართველი მაჰმადიანების პრობლემები განიხილებოდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან? როგორ შეიძლება დავუშვათ, რომ ქართველი მაჰმადიანების იდეოლოგიური და რელიგიური პოლიტიკური პატრონი თურქეთის სახელმწიფო იყოს? ფაქტობრივად, ეს ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლაა. ამით ვამბობთ, რომ აჭარელი მაჰმადიანი ქართველები არ არიან ერთიანი ქართული ცნობიერი სივრცის შემადგენელი ნაწილი. ამ ხელშეკრულებით სწორედ ეს საკითხი დგება საფრთხის ქვეშ. ერთიანი ქართული ცნობიერი სივრცის დარღვევა გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. თუ ცნობიერება ქართული გვექნება, დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებსაც, თუ არა და, გაგვიჭირდება არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ ქართული სახელმწიფოს აშენებაც.

ჩვენი ხელისუფლება მზად არის მოემსახუროს ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე. ამაზე თვალის დახუჭEვა ნიშნავს, რომ თანამონაწილენი გავხდეთ საქართველოს სულიერი, ცნობიერი და ფიზიკური დაშლა-დაქუცმაცებისა.

- კულტურის მინისტრი ამბობს, რომ თურქეთთან ხელშეკრულების დადება ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

- ეს განცხადება ქართველი ერის გამოწვევაა. 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო არხებზე სულისშემძვრელი სიუჟეტები გადიოდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ოშკი და ახლა აღმოვაჩინეთ, რომ თურმე თურქეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. რატომ არ დაეკითხნენ ქართველ ერს, როგორ გადავარჩინოთ ოშკი?

ოშკის გადარჩენის სხვა გზებიც არსებობს. თურქეთი ცივილიზებული მსოფლიოს წევრია და ის შეიძლება დაავალდებულონ, მოუაროს მის ტერიტორიაზე არსებულ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

საქართველომ ამ საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა იმუშაოს და არა სეპარატისტულ გარიგებებზე თურქეთთან.

- გარიგებას, რომელსაც თქვენ სეპარატისტული უწოდეთ, ალბათ, ისეთი დატვირთვა აქვს, რაც ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია.

- ეს არის საქართველოს ხელისუფლების სურვილი, მიიღოს პოლიტიკური და ფინანსური დახმარება თურქეთისგან, რათა გავლენა და ძალაუფლება შეინარჩუნოს. ყურადღებას ამახვილებენ თურქულ ინვესტიციებსა და პოლიტიკურ დახმარებაზე.

გაიხსენეთ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების ამბავი, - თურქეთმა სააკაშვილს საშუალება მისცა ეს პიარისთვის გამოეყენებინა. არადა, ფული თურქეთმა გადაიხადა, დაფნის გვირგვინი კი სააკაშვილმა დაიდგა. დიდი ალბათობით ეს გარიგება იყო.

აზიზიეს მეჩეთის აშენების მიჩუმათებულმა თემამ ამ ფაქტის შემდგომ კვლავ წამოიწია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა, - შეიძლება დავთანხმდეთ მეჩეთის აშენებას ბათუმში, თუ ლაზეთში, საქართველოს ისტორიულ მხარეში ამოქმედდება ერთი მართლმადიდებლური ეკლესია მაინცო. მეტი კომპრომისი და კონსტრუქციულობა შეუძლებელია, მაგრამ ეს წინადადება საქართველოს ხელისუფლებამ ან შეგნებულად არ მიიტანა თურქულ მხარემდე, ან თურქული მხარე მიიჩნევს, სააკაშვილი ჩვენთან იმდენად ვალშია, ამ საკითხის განხილვა არც ღირსო.

- საქართველოს საპატრიარქომ გულისტკივილი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებაში არ ჩართეს.

- სააკაშვილი არაფრად აგდებს ქართველ ხალხსა და საქართველოს ეკლესიას, რომელიც მთავარ მტრად მიაჩნია.

წლების განმავლობაში საპატრიარქოს არაერთხელ განუცხადებია, რომ მოლაპარაკების დროს მაქსიმალურად გათვალისწინებულიყო საქართველოს ინტერესები, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს არ გაითვალისწინა. ნებისმიერი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილის შემდეგ მოვა, ამ საკითხს ხელახლა დაუბრუნდება და აზიზიეს მეჩეთი თუნდაც აშენებული იყოს, აუცილებლად მიიღებს ზომებს. სააკაშვილმა, როგორც მაოხრებელმა გზირმა, არა მარტო დღეს გააფუჭა საქმე, სამომავლოდაც აფუჭებს, როდესაც ქართველი ხალხის ნების გარეშე აძლევს პირობას თურქეთს, განხეთქილებას თესავს ორ ერს შორის და საფუძველს უქმნის საქართველოში რელიგიურ დაპირისპირებას. ეს პრობლემა დღეს თუ არა, ხვალ იჩენს თავს. ჩვენ ვერ ავუხსნით ყველა მაჰმადიანს, რომ ჩვენი პროტესტი მათი რწმენის საწინააღმდეგო კი არ არის, საქართველოს ინტერესების დაცვას ემსახურება.

დააკვირდით, როგორი ლოზუნგით გამოდის სახელისუფლებო მედია "გადამწყვეტი ბრძოლა ოშკისთვის". ვის ებრძვიან, ვინ ეწინააღმდეგება ოშკის გადარჩენას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მორწმუნეები? ეს ამ ხელისუფლების ბოლშევიკური აზროვნების და ცხოვრების წესის გამოხატულებაა, უნდათ ერი გახლიჩონ. შეგნებულად მიდიან დაპირისპირებაზე, ცდილობენ, ბრძოლა საქართველოსა და ქართველ ხალხს მოუგონ. უბედურება ის არის, კაპიტულაციას აცხადებენ იქ, სადაც ქვეყნის ინტერესების დასაცავად გამოსვლაა საჭირო.

ეს საკითხი ქართველი ერის ღირსების საქმეა.