"საქართველოში პოლიტიკას არა მარტო გონება, არამედ ვნებებიც წარმართავს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში პოლიტიკას არა მარტო გონება, არამედ ვნებებიც წარმართავს"

ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიის ელჩთან საქართველოში

იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი ჩვენსა და იტალიურ სამზარეულოებს შორის ბევრ საერთოს ხედავს, უყვარს რუსთაველი, ქართული ბალეტი, ხინკალი და ხაჭაპური. იგი მოხიბლულია ქართული სტუმართმოყვარეობით და ამბობს, რომ ქართული სუფრა არა მხოლოდ გასტრონომიაა, არამედ კულტურული გამოცდილებაც. უფრო დაწვრილებით ამ ყველაფრის შესახებ მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ?

- მოვიხიბლე ამ ქვეყნის სილამაზით. თავი მაშინვე საკუთარ სახლში ვიგრძენი. მგონია, რომ სლოგანი "თბილისი - ქალაქი, რომელსაც უყვარხარ",” ნამდვილად შეესაბამება საქართველოს დედაქალაქს.

მონუსხული ვარ ქართველების სტუმართმოყვარეობით. მსმენოდა ამ თვისების შესახებ, მაგრამ ასეთ მეგობრულ და კომფორტულ ატმოსფეროს ნამდვილად არ მოველოდი. შემიძლია გითხრათ, რომ ამის შეგრძნება ძალიან დიდი შვებაა ადამიანისთვის, რომელიც უცხო ქვეყანაში მუშაობს. ბევრი მსგავსება დავინახე იტალიელებთან. ჩვენ გვაერთიანებს კულტურისადმი, მუსიკისადმი, გემრიელი კერძებისადმი, კარგი ღვინოებისა და ოჯახისადმი სიყვარული, რაც ასე გვიადვილებს ცხოვრებას.

- ე.ი. ქართული სამზარეულო მოგწონთ?

- შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს ქართული სუფრა, რომელიც არა მარტო გასტრონომიული, არამედ დიდი კულტურული გამოცდილებაცაა. სუფრაზე ჯდომისას თითქოს ევროპის უძველეს ტრადიციებში მოგზაურობ. მე ქართულ სამზარეულოს უფრო დიდი - ხმელთაშუაზღვისპირეთის ოჯახის ნაწილად აღვიქვამ: გარდა ზეითუნის ზეთის გამოყენებისა, სხვა ბევრი მსგავსებაცაა იტალიურ სამზარეულოსთან: ხინკალი და რავიოლი, ხაჭაპური და პიცა, ბადრიჯანი და პარმიჯანი. აი, უკვე მომშივდა...

- ქართული კულტურა ახსენეთ. რა ნახეთ ისეთი ორიგინალური?

- ახალჩამოსული ადამიანი, რომელმაც თქვენი ენა არ იცის, მაშინვე ექცევა ქართული მუსიკისა და ბალეტის ტყვეობაში. რამდენიმე გამოჩენილი იტალიელისგან მსმენია, რომ ძნელად მოიძებნება მსოფლიოში სხვა რომელიმე ერი, რომელსაც ამდენი ცნობილი და გამორჩეული მუსიკოსი, მომღერალი თუ მოცეკვავე ჰყავს. შემიძლია დავადასტურო, რომ იმ შემსრულებელთა კლასი, რომელთაც ვიცნობ, მართლაც უმაღლესია. ეს ეხება, რა თქმა უნდა, ქართულ ნაციონალურ ბალეტსაც.

- მწერლობა, პოეზია, ლიტერატურა... იცნობთ ქართულ მწერლობას? მუსიკას? ან იქნებ უკვე ფავორიტიც გყავთ? დაასახელებთ ვინმეს?

- ჩემთვის ცოტა ნაადრევია მათი დასახელება, თუ გავითვალისწინებთ თქვენს უსაზღვრო ნიჭიერებას, მაგრამ წმიდათაწმიდაა, რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველი. შესაძლოა, რუსთაველის გვერდით მისი ხსენება გაგიკვირდეთ, მაგრამ არ შემიძლია, არ ვახსენო ახალგაზრდა და უკვე ცნობილი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ  ჩვენი საელჩოს სტიპენდია აიღო და იტალიაში მიღებული განათლების მერე მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. მან შესანიშნავად შეასრულა  კარმენის როლი 2009 წელს მილანში, ლა სკალას სეზონის გახსნაზე. მე მიყვარს ამ მაგალითის გახსენება, რადგან ის ცხადყოფს, როგორი პერსპექტივა აქვს ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობებს და ეს მართლაც ჩვენი პრიორიტეტია.

- მოდი, ცოტათი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებასაც შევეხოთ... რა სუსტ და ძლიერ მხარეებს ხედავთ ქართულ პოლიტიკაში?

- სამზარეულოს მსგავსად, ქართული პოლიტიკური კულტურაც ხმელთაშუაზღვისპირეთს მაგონებს. იოლი შესამჩნევია, რომ აქ პოლიტიკას არა მარტო გონება, არამედ ვნებებიც წარმართავს. ეს დადებითია იმ შემთხვევაში, თუკი თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკური ძალები ეჯიბრებიან ერთმანეთს და კანონი კანონობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები ხშირად ხისტები არიან; ჩვენთან ასე არის, საკმარისია საჯარო დებატები. მჯერა, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების როლის ზრდასთან ერთად გამოსწორდება.

- თქვენ ეცნობით ადგილობრივ პრესას. აქაურ მასმედიაზე რას ფიქრობთ?

- ეს ის დარგია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და კერძოდ, ევროსაბჭო, განუწყვეტლივ აკვირდება. საიდუმლო არ არის, რომ პლურალიზმის ასამაღლებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ზოგჯერ საქმე გვაქვს არასაკმარის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობასთან. რა თქმა უნდა, სასურველი მედიაგარემო მომავალი არჩევნების დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- ჩვენი სასამართლო სისტემა მოგწონთ?

- მედიის მსგავსად, საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მხრივ მეტი ინფორმაცია მოეპოვებათ. საქართველოს შეუძლია, იტალიის იმედი ჰქონდეს - ამ სფეროში ჩვენს გამოცდილებას მომავალშიც გაგიზიარებთ.

მაკა ლომაძე