პანკისის ხეობა ისევ საფრთხეშია? - კვირის პალიტრა

პანკისის ხეობა ისევ საფრთხეშია?

"გელაევმა მითხრა, მაშინ ჩეჩნებმა და პირადად მე დიდი შეცდომა ჩავიდინეთო"

"პიტერ შოუს გათავისუფლება ბევრი დამთხვევის წყალობაა"

პანკისის ხეობაზე ბოლო დროს შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს ოფიციალური მოსკოვი. ამას წინათ კი საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ხეობაში რუსული პასპორტების დარიგებას აპირებს, ყვარელთან კი (საქართველო-რუსეთის საზღვართან) რუსული ტანკებია მომდგარი. პანკისის ხეობაში დღეს არსებულ ვითარებასა და 2002 წელს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე "ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერი ირაკლი ალასანია "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა:

- 2002 წელს კონტრტერორისტული და ანტიკრიმინალური ღონისძიებების გატარების შედეგად პანკისის ხეობაზე კონტროლი აღდგა. მანამდე ხეობას ჩეჩნეთიდან გადმოსული სამხედრო შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, რომლებიც  დევნილთა ნაკადს შემოჰყვნენ.

საფრთხეს, რომ რუსეთის ფედერაცია ხელოვნურ პასპორტიზაციას დაიწყებს, ვერ ვხედავ, მაგრამ საფრთხის შემცველია ის განცხადებები, რომელთაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური აკეთებს. თითქოს პანკისის ხეობა "ალ-ქაიდასა" და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ბუდეა და აქედან ხდება მათი წევრების გადასროლა რუსეთში. ბუნებრივია, ამ განცხადებებს ვერ ჩავთვლი უმნიშვნელო რამედ. ეს არის საინფორმაციო შემზადება სპეციალური აქტიური ქმედებისათვის, ამიტომაც არის მისაღები პრევენციული ზომები. თავის დროზე, როდესაც კონტრტერორისტული და სამართალდაცვითი ოპერაცია ჩავატარეთ, დიპკორპუსს, უცხოური ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მივეცით  საშუალება, ადგილზე გასცნობოდნენ ვითარებას. ანალოგიური რამ დღესაც საჭიროა. ამით უნდა გავაქარწყლოთ ოფიციალური მოსკოვის მტკიცება, რომ თითქოს არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მათ განცხადებებს.

- იქნებ გაიხსენოთ  2002 წლის ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდით.

- დასამალი არ არის, რომ 1999-დან 2001 წლამდე პანკისის ხეობა კრიმინალური ანკლავი იყო. ქვეყნის იურისდიქცია ამ რეგიონზე არ ვრცელდებოდა. რადგანაც მძიმე სოციალური პირობები იყო, უცხოეთიდან, კერძოდ, არაბული ქვეყნებიდან პანკისის ხეობაში კეთდებოდა ფინანსური ინიექციები, რაც იქ მყოფთ განსაზღვრულ მოთხოვნებს უკმაყოფილებდა. ინტენსიურად შენდებოდა მეჩეთები. როდესაც აშშ-ის თაოსნობით შედგა ანტიტერორისტული კოალიცია, გადაწყდა, დაგვეწყო ანტიტერორისტული პრევენციული ოპერაცია, რათა პანკისის ხეობა არ გადაქცეულიყო ტერორისტ\ული ორგანიზაციების დასაყრდენად. მაშინ მე, როგორც  უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილეს, ამ საქმის ხელმძღვანელობა დამევალა. მხარში ამოგვიდგნენ აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურები. სათანამშრომლო არეალი შევთავაზეთ რუსეთის ფედერაციასაც, რათა მისი დესტრუქციული ჩარევა პროცესებში მინიმუმამდე დაგვეყვანა. მაშინ პირველად შედგა სამმხრივი შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებში სათანამშრომლოდ. აშშ-ის, საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ახალი თანამშრომლობის ფორმატი შევქმენით. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარი ამოცანა იყო, პანკისის ხეობა გაგვეწმინდა უცხო ქვეყნებიდან შემოსული სამხედრო დაჯგუფებებისაგან, მათ შორის ჩეჩნური რაზმებისაგან.

- რამდენადაც ცნობილია, ამ დროს პანკისში იყო რუსლან გელაევიც.

- სხვა დაჯგუფებების ხელმძღვანელებიც იყვნენ, მაგრამ ჩეჩნებს შორის გელაევი ლიდერობდა. უნდა ითქვას, რომ ჩეჩნები საქართველოში ბრძოლით არ შემოჭრილან. გელაევისა და სხვათა რაზმებს რუსეთის ფედერაციის საჯარისო შენაერთებმა მიზანმიმართულად მოუჭრეს გზა, რომ საქართველოში გადმოეყვანათ. გარდა უცხო ქვეყნის სამხედრო დაჯგუფებებისაგან პანკისის გათავისუფლებისა, იყო სხვა ამოცანაც, - პანკისის ხეობაში პრობლემას ქმნიდნენ კრიმინალური დაჯგუფებები. იქ იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და ემისრები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში გადასვლასაც ცდილობდნენ და ხეობაში ფინანსური ნაკადის მობილიზებას ახდენდნენ.

მაშინ კარგად ვთანამშრომლობდით უშიშროების, შს საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები. ამ გზით მოხდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების განეიტრალება და შეწყდა ის არალეგალური ფინანსური ნაკადები, რომელიც პანკისის ხეობაში მოდიოდა. დემონტაჟი გაუკეთდა მათ საინფორმაციო ცენტრებს, რომლებიც პანკისის ხეობაში შექმნეს. როდესაც ამ საინფორმაციო ცენტრებში შეღწევა მოვახერხეთ, გავოცდით,  - ჩვენ არ გაგვაჩნდა ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, როგორიც ზოგიერთ დაჯგუფებას ჰქონდა. ეს იყო უახლესი სატელიტური, კომპიუტერული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო მოწყობილობები.

ეს იყო რთული და ხანგრძლივი ოპერაცია. რუსეთის ფედერაცია, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობდა ზოგიერთ ღონისძიებაში, გადაფრენებითა და დაბომბვებით გამუდმებით ცდილობდა ხელის შეშლას. ამ დაბომბვებმა შეიწირა ოტიაშვილების ოჯახი ილტოს ხეობაში. სპეცოპერაციის შემდეგ პანკისში შეიცვალა კრიმინალური ვითარება. გათავისუფლდა უცხოელი ბიზნესმენი პიტერ შოუ, ასევე ესპანელი ბიზნესმენები.

- სხვადასხვა ვერსიაა პიტერ შოუს გათავისუფლებაზე. თქვენ შეგვპირდით ამ საკითხზე რამდენიმე დეტალის გახსენებას.

- პიტერ შოუს გათავისუფლება ბევრი დამთხვევის წყალობაა. მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა ინფორმაცია, მის გატაცებაში პანკისის დაჯგუფება მონაწილეობდა, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ დავადგინეთ გატაცებულის ადგილსამყოფელი. არ დაგიმალავთ, საგანგებოდ გავავრცელეთ ინფორმაცია, თითქოს ვიცოდით მისი ადგილსამყოფელი და ვაპირებდით გამტაცებელთა ჯგუფის აყვანას. ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ გადავწყვიტეთ, დავკვირვებოდით, სად რა გადაადგილებები ხდებოდა. ამ მეთოდმა გაამართლა. ჩვენ ვვარაუდობდით, რომ პიტერ შოუ პანკისში ჰყავდათ. სინამდვილეში სხვაგან ჰყოლიათ და ამის შემდეგ გადაწყვიტეს მისი პანკისში შეყვანა, რომ უფრო დაცულად ეგრძნოთ თავი. აქვე მოხდა ის დამთხვევა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ: რადგანაც აყვანას ვუპირებდით, ჩრდილოკავკასიელთა ერთი ჯგუფი პანკისის დატოვებას ცდილობდა. ეს ჯგუფი და გამტაცებლები ერთმანეთს ერთ ბილიკზე (არადა პანკისში შესასვლელი და გამოსასვლელი ათასი ბილიკი არსებობს) შეხვდნენ. ორივეს ერთმანეთი სამართალდამცავები ეგონათ და ორმხრივი სროლა ატყდა. ორივე მხარეს იყვნენ დაჭრილები. პიტერ შოუმ, რომლისთვისაც იმ დროს არავის ეცალა, ისარგებლა და გაიქცა.

- ითქვა, რომ პიტერ შოუ  შს სამინისტროს თანამშრომლებმა იპოვეს, მაგრამ ეს წარმატება თქვენ მოგეთვალათ, რადგან გატაცებული თქვენს მანქანაში აღმოჩნდა.

- დუისის რაიგანყოფილებაში სამწუხაროდ არ აღმოჩნდა ინგლისურად მოლაპარაკე. რათა იქვე ვიყავი, მივედი. დავრწმუნდი, რომ ნამდვილად პიტერ შოუ იყო და წამოვიყვანე, რათა ოპერატიულად საყურადღებო ინფორმაცია გზაში მიმეღო მისგან და დრო არ დაგვეკარგა. პიტერ შოუ უშიშროებისა და შს სამინისტროს თანამშრომლებს გადავეცი, რომლებიც თბილისის შემოსასვლელში მელოდნენ.

- გელაევმა როგორ დატოვა საქართველო?

- გელაევის რაზმს ისეთი პირობები შევუქმენით, რომ საქართველოში აღარ დაედგომებოდათ. არ მინდა ვინმემ საქართველო დაადანაშაულოს იმაში, რომ გელაევის რაზმი გადაიყვანა რუსეთის ფედერაციის მხარეს. ახლა შემიძლია განვაცხადო, რომ თვითონ რუსეთის საზღვრის დაცვითი სტრუქტურები იყვნენ ჩართული ამ გადაყვანა-გადმოყვანაში და როგორც ვიცი, ამ დაჯგუფებამ მათი დახმარებით მოახერხა უკან გადასვლა.

- გელაევის ჯგუფი მანამდეც იყო საქართველოში და მაშინ სვანეთის გავლით დატოვა საქართველო. ხომ არ იცით, რა მოხდა მაშინ?

- ეს იყო 2001 წლის ზაფხულში, ანუ ერთი წლით ადრე, სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდი.  დამაინტერესა და პირადად ვესაუბრე ამ ამბავზე გელაევს. ვკითხე, სვანეთში რატომ აღმოჩნდი-მეთქი. მითხრა, ჩეჩნეთში დაბრუნება და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა მომცეს შესაძლებლობა, კოდორით გადავსულიყავი ყაბარდოზე. ასევე   მინდოდა, მივხმარებოდი ქართულ მხარეს აფხაზეთზე კონტროლის აღდგენაშიო. თავიდან ასეთი ჩანაფიქრით წავიდა გელაევის რაზმი კოდორისკენ, მაგრამ...

გელაევთან ძალიან მძიმე საუბარი მქონდა იმის გამო, რომ 1993 წელს აფხაზეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა. მითხრა, მაშინ ჩეჩნებმა და პირადად მე დიდი შეცდომა დავუშვით. როდესაც დავინახე, რომ ჩეჩნები გრუ-ს ხელში  ქართველების წინააღმდეგ იარაღით აღმოვჩნდით და გავერკვიეთ, რაშიც იყო საქმე, 21 დღეზე მეტხანს აფხაზეთში არ გავჩერებულვარ, ჩეჩნეთში დავბრუნდიო. მოკლედ, გასახსენებელი ბევრია, მაგრამ ბევრი რამ ოპერატიული ღირებულებისაა, რისი თქმის უფლებაც არა მაქვს.