"ნუ იდარდებენ, "ნაციონალების" გარეშე საქართველო არ დაიღუპება" - კვირის პალიტრა

"ნუ იდარდებენ, "ნაციონალების" გარეშე საქართველო არ დაიღუპება"

"ოლიმპიურ კომიტეტში პატარკაციშვილთან ერთად რომ ვიყავი, იმიტომ დაიწყო დაპირისპირება ჩემსა და ხელისუფლებას შორის"

"რადგან "ნაციონალური მოძრაობის" მხარი არ დავიჭირე, მაიძულეს საქართველოდან წამოვსულიყავი"

"ოსი ვარ და ძნელია ვუმტკიცო ყველას, როგორ მიყვარს საქართველო. არადა, სულ ეს მქონდა სამტკიცებელი. ჩემი ყველა გამარჯვება საქართველოს სახელით არის მოპოვებული, მაგრამ ეს აღარავის ახსოვს. უსაფრთხოების გამო წამოვედი საქართველოდან და ძალიან მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება. გულწრფელად გეტყვით, გულნატკენი ვარ იმ ჭორებისა და ცილისწამების გამო, რაც ჩემზე ითქვა", - ეს სიტყვები "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ორი წლის წინ თქვა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელიც დღეს უკვე "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრია. ბატონ ლერის ვლადიკავკაზში დავუკავშირდით და წინანდელთან შედარებით იმედიანი განწყობა შევატყვეთ:

- დამირეკეს და შემომთავაზეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურს, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი იყოთო. შემდეგ ბატონი ბიძინაც მესაუბრა და ვუთხარი,  მხარში დაგიდგებით არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მოქმედებითაც-მეთქი.

ოლიმპიურ კომიტეტში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად რომ ვიყავი, იმიტომ დაიწყო დაპირისპირება ჩემსა და ხელისუფლებას შორის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, ბადრისთვის შეეტიათ და გაენადგურებინათ. გაკეთდა თუ არა პარლამენტში მისი საწინააღმდეგო განცხადებები, ერთ საათში ოლიმპიურ კომიტეტში მომადგნენ. მე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და, ფაქტობრივად, მე ვმართავდი ყველაფერს, ბადრი იშვიათად მოდიოდა. კაბინეტიც კი არ ჰქონდა. ნაციონალები, რომლებიც კაბინეტში შემომიცვივდნენ, დაგეშილები ჩანდნენ. მითხრეს, ბადრი უნდა გადავაყენოთო. როგორ უნდა გადააყენოთ, როდესაც ამის უფლებამოსილება არა გაქვთ. ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გადაყენება-მეთქი. შემომთავაზეს, ბადრის მოვხსნით და ორი წელი შენ იქნები ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიო. ის კაცი არ ვარ, ადამიანს ვუღალატო. არ მინდა ვინმემ ჩემს შვილებს წამოაყვედროს, მამაშენი უსინდისოდ მოიქცაო. დიდი შეურაცხყოფა მომაყენეს, როდესაც კაბინეტში შემომიცვივდნენ და მითხრეს, როგორც გეტყვით, ისე უნდა მოიქცეო. მართალი კაცი ასეთ დამოკიდებულებას ყოველთვის შეეწინააღმდეგება. ისინი უპირველესად მე მომექცნენ ცუდად და არა ბადრის. აი, ეს გახდა ამ ხელისუფლებასთან ჩემი ურთიერთობის გამწვავების მიზეზი.

- მახსოვს, მითხარით, აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროებისა და კაფე-ბარების მეწილე ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი თურქებს გადასცეს ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დარღვევით და ქონება წამართვესო. ქონების დაბრუნებისთვის სასამართლოში დავა ხომ არ დაგიწყიათ?

- ყველაფერი ძველებურადაა, არაფერი შეცვლილა. სასამართლოში წასვლას აზრიც არა აქვს, რადგან ამაში ხელისუფლებაა ჩარეული და სარჩელი რომც შევიტანო,  ვერაფერს მივაღწევ. რადგან სიმართლეს ვამბობდი და "ნაციონალური მოძრაობის" მხარი არ დავიჭირე, მაიძულეს, საქართველოდან წამოვსულიყავი.

- თქვენ არ ბრძანდებოდით საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაციაზე, რომ დაბრუნდეთ, პრობლემას შეგიქმნით ხელისუფლება?

- პრობლემების არ მეშინია. როდესაც პროცესები საბრძოლო ფაზაში შევა და საქართველოში ჩემი ყოფნა იქნება საჭირო, აუცილებლად ჩამოვალ.

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მეც მოხიბლული ვიყავი, მაგრამ სააკაშვილმა ყველა აიგდო, ყველა პრინციპს უღალატა. გაიხსენეთ, რას ჰპირდებოდა ხალხს და რა გააკეთა. მისი საქციელი - ფარისევლობაა, პოლიტიკა - მოჩვენებითი დემოკრატია. ვის ატყუებს? სააკაშვილის ხელისუფლება ერთი კაცის ხელისუფლებაა და მას ემსახურება მთელი მთავრობა.

ერგნეთის ბაზრობა, სადაც ქართველ და ოს ხალხს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ამ ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით მოსპო, ვითომ სამხრეთ ოსეთის მთავრობას შემოსავლის წყარო გადაუკეტა.  ამ ბაზრობაზე ხომ ქართველი და ოსი ერთად წყვეტდა თავის ეკონომიკურ  პრობლემას. თამარაშენის გზაც ამ ხელისუფლებამ გადაკეტა. ვის შეუზღუდეს მიმოსვლა - ქართველებსა და ოსებს ხომ? 2004 წელს ცხინვალში პირველი ომი ვინ დაიწყო? - მიხეილ სააკაშვილმა. ცხინვალის ომით აღება უნდოდა, რაც დიდი შეცდომა იყო. ამ საკითხზე ბევრი მისაუბრია და ყველა ჩემს გამოსვლაში ვამბობდი, როდესაც ადამიანი იარაღდება, იმას სადღაც გამოიყენებს-მეთქი. 2004 წელს რომ ვერ აიღო ცხინვალი, იფიქრა, უფრო მეტ იარაღს შევიძენ და ადვილად გადავწყვეტ ამ საკითხსო. არ შეიძლება ამ საკითხის ომით გადაწყვეტა.

- როდესაც "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფში დაგასახელეს, ითქვა, ლერი ხაბელოვი თავის დროზე "ადამონ ნიხასის" წევრი იყოო.

- ვინც ეს თქვა, ისიც გაიხსენოს, როდის შეიქმნა ეს პარტია, - ზვიად გამსახურდიას დროს, როდესაც აქტიური სპორტსმენი ვიყავი და პოლიტიკაში არ ვერეოდი. არც დღეს ჩავერეოდი, მაგრამ არ მაცალეს ჩემი საქმის გაკეთება. შემოცვივდნენ და მითხრეს, ჩვენ უკეთ გავაკეთებთო და არანაირი განმარტებები  არ მომცეს.

ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია დღეს ხელისუფლება შეცვალოს, ბიძინა ივანიშვილია. გაიხსენეთ, რა მდგომარეობა იყო 4-5 თვის წინ, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა. ფაქტობრივად, მკვდარი იყო პოლიტიკური პროცესი. ბატონმა ბიძინამ პოლიტიკური პროცესი გამოაცოცხლა. ამ ბრძოლაში იმიტომ ჩავერთე, რომ ჩემი საქმე მაქვს დაუმთავრებელი. ბოლოს და ბოლოს, სამართალმა ხომ უნდა გაიმარჯვოს. მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით სამართალი გაიმარჯვებს და ამიტომაც ვდგავარ მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ.

- დაუმთავრებელ საქმეში რა იგულისხმეთ?

- ბოროტმა ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს თავისი მოღვაწეობა. მათ ჯერ უმცირესობაში გადავიყვანთ და შემდეგ შინ გავუშვებთ. ეს ხელისუფლება როგორ უნდა ელაპარაკოს აფხაზებსა და ოსებს, როდესაც ყველა რესურსი ამოწურა? თავმოყვარე კაცი არ დაელაპარაკება ამ მთავრობას. ბატონ ბიძინას კი რესურსი აქვს. ის ყველას დაელაპარაკება. სააკაშვილი უნდა მიხვდეს, რომ მისი დრო დამთავრდა. სხვებს მისცეს საქართველოს აშენების საშუალება. ქვეყანაზე ნუ იდარდებენ, "ნაციონალების" გარეშე საქართველო არ დაიღუპება.

(სპეციალურად საიტისთვის)