არ მომწონს - კვირის პალიტრა

არ მომწონს

არ მომწონს, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს, რომელსაც მისი საწინააღმდეგო აზრი აქვს, უხამსობით პასუხობს. არ მომწონს, როდესაც ერთი ადამიანის უხამსობას მეორე იწონებს და მის გავრცელებას ცდილობს. არ მომწონს, როდესაც მას, ვინც უხამსობა მოიწონა და გაავრცელა, ემუქრებიან (რითი, სულაც არ არის გადამწყვეტი). იმიტომ, რომ ეს მხოლოდ მისი ზნეობის საკითხია და არავისი სხვისი.

არ მომწონს, როდესაც ის, ვინც უხამსობა მოიწონა და გაავრცელა, თავის საქციელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს. თავისუფლება პირდაპირპროპორციულად პასუხისმგებლობის ტვირთსაც გულისხმობს (რაც მეტია თავისუფლების ხარისხი, მით მეტია პასუხისმგებლობა).

არ მომწონს, როდესაც ის, ვინც მიიჩნევს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია და ამბობს, - პატრიარქი ღმერთი არ არის, რომ მისი კრიტიკა არ შეიძლებოდესო. თვითონ კი ფიქრობს, რომ პატრიარქს პრეზიდენტის კრიტიკის უფლება არა აქვს და ყველა, ვინც პრეზიდენტს აგვისტოს ომის გამო აკრიტიკებს, რუსეთის აგენტია (შეგახსენებთ, რომ პატრიარქს იმ გამოსვლაში, რომელმაც ყოფილი კმარელი თუთბერიძე გააღიზიანა, არსად უხსენებია, ომი საქართველომ დაიწყოო. მხოლოდ თქვა, ჭკვიან კაპიტანს უნდა შეეძლოს გემი კლდეებს არ შეახეთქოსო).

არ მომწონს, როდესაც ხალხისთვის საყვარელი და პატივსაცემი მსახიობი, სხვაზე, ვისი საქციელიც მიუღებლად მიაჩნია, ასეთ რამეს ამბობს: - ამ ქალს თუ ქუჩაში სადმე წავაწყდი, თმით ვითრევ, ეს როგორ გაბედა. ღორივით უნდა წააცალო თავი ასეთი საქციელის გამოო".

არ მომწონს, როდესაც ერთი პოეტი (ერთ დროს რომ საქართველოს კომკავშირს ასეთ ლექსებს უძღვნიდა: "გულზე ბრდღვიალა მზე ფათქუნებს მიმინოსავით, და ვკოცნი შენი დროშის კალთას შენი მგოსანი!.."" ახლა ასეთივე აღტყინებით ლექსებს საქართველოს პატრიარქზე წერს და მთელ ერს მოძღვრავს: "ამ კლიპის შემდეგ მთელი საქართველო გარეთ რომ არ გამოვიდა, თუთბერიძეს რომ ყრანტალი შეარჩინა, ეს ერია?"

არ მომწონს, როდესაც ხელისუფლებაც ამ ფერხულში ებმება და ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით, თავისი "მეგობარი" არასამთავრობო ორგანიზაციებისგან დისტანცირებას ცდილობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ასეთ განცხადებას ავრცელებს: "ჩვენ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ საშუალებას მივმართავთ, რათა... არავის მივცეთ თავისუფლების პრინციპების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა" (ნეტა როგორ? თუთბერიძეს დაიჭერენ, თუ ეთიკის მასწავლებელს დაუქირავებენ?)".

გაგიკვირდებათ და არ მომწონს, როდესაც ჩემ ირგვლივ უფრო მეტია ისეთი, ვინც მზადაა თუთბერიძე წიხლქვეშ გაიგდოს, ვიდრე თუნდაც შეუნდოს.

არ მომწონს, როდესაც ლიბერალური ღირებულებების (შეიძლება ბოლომდე არც იციან, რას ნიშნავს ეს) დამცველები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან: თუთბერიძეს წამებულად მხოლოდ იმიტომ წარმოგვიდგენენ და გამოხატვის უფლების დარღვევაზე მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მას ყველა ლანძღავს.

ეჰ, ამ ქვეყანაში მე კიდევ ბევრი რამ არ მომწონს (იდეა რედაქტორს: ხომ არ შევთავაზოთ მკითხველს ახალი რუბრიკა სახელწოდებით - "რა არ მოგწონთ"?).

პ.ს. კვირის ბოლოს,  გადაცემა "კვირის რეპორტაჟის" პროდიუსერმა (ეს ის გადაცემაა, სადაც ფართო საზოგადოებას პირველად გააცნეს თუთბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლები) თამარ რუხაძემ მესიჯი მომწერა: ისეთი ამბავი ატყდა,  ეჭვი მაქვს, ბოლოს თუთბერიძე ისევ ჩემი დასაცავი გახდებაო.

KvirisPalitra.Geაღდგენილი მანდატი და შელახული რეპუტაცია

ხელისუფლებასთან ფლირტში, თავის დროზე, დიდ კონსტანტინე გამსახურდიასაც ადანაშაულებდნენ. აქაოდა, ერთ დროს საქართველოს დამოუკიდებლობის გულმხურვალე მხარდამჭერი, ახლა კომუნისტებს გუნდრუკს უკმევს და მათთან თანამშრომლობსო. 37-ში აბა, როგორ გადარჩაო და ა. შ. მერე მასზე ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: გამსახურდია იმ კაცს ჰგავს, ძაღლი რომ მოსდევს, ის კი, რომ არ უკბინოს, ძაღლს დროდადრო პურის ნატეხებს უგდებსო. ახლა არავინ იცის ზუსტად ამ "პურის ნატეხებში" რა იგულისხმებოდა, მხოლოდ "ვაზის ყავავილობა" თუ სხვა რამეებიც. მე კი დიდი კოწია უმცროსმა კონსტანტინემ და მისმა საქციელმა გამახსენა.

მთლად იმას ვერ ვიტყვი, კვიცი გვარზე ხტის-მეთქი. განსხვავება ძალზე დიდია (როგორც იტყვიან, მაშინ სხვა დრო იყო და სხვა საფრთხე არსებობდა), მაგრამ პატარა კოწიამაც ხელისუფლებასთან ფლირტი რომ წამოიწყო, ფაქტია. ახლა რაც უნდა იძახოს, პოლიტიკოსმა ტაქტიკა უნდა შეცვალოსო, იქ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებას გამოვიძიებო, არ შეიძლება სულ რევოლუციების ქვეყნად ვიქცეთო, ფაქტი ფაქტად რჩება: გამსახურდია დახეული მანდატის აღდგენას დათანხმდა. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ან დახევა რა იყო, ან აღდგენა რაღაა? პოლიტიკაში მე მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტად თანამიმდევრულობა ფასობს. თუ პარლამენტს გარეთ ყოფნა რევოლუციისკენ მიდრეკილებას ნიშნავს, მაშინ, როცა მანდატს ჭრიდით და 9 აპრილს აქციაზე მიდიოდით, არ ფიქრობდით, რომ რევოლუციების ქვეყნად არ უნდა ვიქცეთ? არადა, მეც მიმაჩნია, რომ არ უნდა ვიქცეთ, მაგრამ მე მაშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც თქვენ მანდატს ხევდით და მაშინაც, როდესაც 9 აპრილის აქციაზე მჭახე ლოზუნგებით გამოდიოდით. როდესაც გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი თვით ადრე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტში პირველი პრეზიდენტის  გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისია შეიქმნება და ამ საბაბით კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტში შევაო და მერე მართლაც ასე ხდება, ეს ხომ თავისთავად მეტყველებს ბევრ რამეზე? აღარ გავაგრძელებ!

ბოლოს, ისევ დიდ კოწიას გავიხსენებ. მართალია, კომუნისტებს დაუტკბა, მაგრამ შვილის სახით ისეთი ნაღმი დაუტოვა, რომელიც ხელში აუფეთქდათ. ჰოდა, ვნახოთ, იქნებ პატარა კოწიასაც აქვს რამე ჩაფიქრებული?

KvirisPalitra.Geგიხაროდენ, გადაწყვეტილი ამბავია! ანუ This is my grandmother

ქუვეითი: საქართველოს პრეზიდენტი ქუვეითის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ალ მუჰამედის გვერდით დგას და როგორც პროტოკოლი ითვალისწინებს, მას ქართული დელეგაციის წევრებს აცნობს: ეს  ეკონომიკის მინისტრია, ეს ჩემი ადმინისტრაციის უფროსი, ეს დედაქალაქის მერი, ეს ენერგეტიკის მინისტრი, ეს ბებიაჩემი (This is my grandmother)... შეიხს ახლა შენ ასწავლი ზრდილობას და ბებიების პატივისცემას?! ისიც პრეზიდენტის ბებიას განსაკუთრებული სითბოთი უღიმის.

საქართველო, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისი: - ნახე, ეს მიშა როგორ გათავხედდა? ახლა ბებიაც კი დაჰყავს ვიზიტებზე. ვიზიტის ძირითადი მიზანი ინვესტიციების მოზიდვაა! ეკონომიკის მინისტრი გასაგებია, ენერგეტიკისაც, ჯანდაბას ქალაქის მერიც, მაგრამ ბებია?! ბებიამაც ინვესტიციები უნდა მოიზიდოს?!

ქუვეითი: შეიხ ალ მუჰამედის გულში სიბრაზის ცეცხლი ტრიალებს. საკუთარ თავზე ბრაზობს. ეს როგორ ვერ მოიფიქრა! ვიზიტებზე ვინ არ წაუყვანია: მეოთხე ცოლის მეხუთე და, მეორე ცოლის სამი ბიძაშვილი, პირველი ცოლის ექვსი და, მაგრამ ნახე, საქართველოს პრეზიდენტმა როგორ აჯობა, ბებია წამოიყვანა! მას კი ეგონა, ოჯახის წევრების პატივისცემა ყველაზე უკეთ ქუვეითში იცოდნენ. თურმე ცდებოდა. საქართველოში უკეთ სცოდნიათ. ეს რა საინტერესო ქვეყანა ყოფილა! ასეთ ქვეყანას კი უნდა დაეხმაროს. ასეთ ქვეყანაში ნამდვილად ღირს ინვესტიციების ჩადება.

გიხაროდენ! გადაწყვეტილი ამბავია!