"ათიანში გავარტყი" - კვირის პალიტრა

"ათიანში გავარტყი"

"მიშა სხდომიდან კინაღამ ფსიქიატრიულში წაიყვანეს"

"შედით და ნახეთ, ვანო როგორი გაღლეტილიცაა"

"ვიცოდი, რომ მთავრობის მაღალჩინოსნების სასახლეების ფოტოების დანახვაზე სააკაშვილი ჭკუიდან გადადგებოდა და გადადგა კიდეც. ათიანში გავარტყი", - გვითხრა ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" მდივანმა გიორგი ცაგარეიშვილმა, რომელმაც პრეზიდენტს პარლამენტში სტუმრობისას მისი მთავრობის წევრების სახლების ფოტოები გადასცა.

- სააკაშვილი მისივე ხერხით ამხილეთ?

- არ გაამართლა თუ... სხდომიდან კინაღამ ფსიქიატრიულში წაიყვანეს. წარმოგიდგენიათ, ნორმალური პრეზიდენტი პარლამენტის სხდომიდან წამოხტეს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს? მერე უკან შემოვარდა და ფოტოების აქეთ-იქით სროლა დაიწყო. ასეთი ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესია, რომელიც ოპოზიციას მკვდარს და ცოცხალს აგინებს და თან ემუქრება, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, სამოქალაქო ომს დავიწყებო... სააკაშვილს უნდა ფიდელ კასტროსავით მთელი სიცოცხლე ხელისუფლებაში იყოს, ჩვენ კი - ცხვრებივით თავდახრილები.

- მხოლოდ კეზერაშვილის, კუბლაშვილისა და მერაბიშვილის სახლების ფოტოები გქონდათ?

- კიდევ უამრავი ფოტო იყო, რომელიც  მოძრაობა "არამ" გადმომცა.  მშენებლობაზე მომუშავეთა და მეზობლების მტკიცებით ეს სახლები ამ მაღალჩინოსნებს ეკუთვნის.

- სააკაშვილმა გიპასუხათ, ვანო მერაბიშვილი ისეთივე გაღლეტილია, როგორიც ხელისუფლებაში მოსვლამდე იყოო.

- ჟურნალისტებმა მერაბიშვილის ქონებრივი დეკლარაცია წარმოადგინეს (მერაბიშვილის ანგარიშზე "ქართუში" - 140 ათას 38 ლარი, "საქართველოს ბანკში" კი 33 ათას 153 აშშ დოლარი ირიცხება). შედით და ნახეთ, როგორი გაღლეტილიცაა.

- მისი თანაპარტიელები ირწმუნებიან, ოროთახიან ბინაში ცხოვრობს, საბურთალოს ქუჩაზეო.

- საწყალი. ადეიშვილი კი ისე დაქცეულია, რომ თურმე მისი ოჯახი ქოხში ცხოვრობს. ეს იმ ადამიანების დემაგოგიაა, მომსხდრები რომ არიან ამ ქვეყანას, მონოპოლიები გააპარპაშეს და საქართველო გამოხრეს. ყველაფერი მაგათია, ხორცის დისტრიბუციაში თუ სარეკლამო ბაზარზე. სულს ხდიან ბიზნესმენებს. შეხედეთ, რა დღეშია სამშენებლო ბიზნესი. არჩევნების წინ კიდევ ერთხელ ჩამოატყავებენ ცხვრებივით.

ბევრი მეუბნება, როგორ არ შეგეშინდაო. გიორგი პირველივით "უშიში ვითარცა უხორცო" არა ვარ, მაგრამ ამათი არ მეშინია. რაც გამიკეთეს, იმაზე მეტი რა უნდა მიქნან? არ დამხვედრიან, არ დავურბევივარ, არ დაუტერორებიათ ჩემი ოჯახი, მანქანა არ აუფეთქებიათ, შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ თუ რა?!

იმ საღამოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი "ნაციონალური მოძრაობის" ანარეკლი იყო. ლანძღვისა და კივილ-წივილის ნიაღვარი მოდიოდა. ქალბატონმა გოგორიშვილმა იმდენი ურტყა მაგიდას ხელი, ან ნაღრძობი ექნება, ან მოტეხილი. მერვე წელია პარლამენტში ვარ და ასეთი ისტერია და ბაკქანალია არ მინახავს.

ყველა აბრახუნებდა ხელს მაგიდაზე. ამ ავზნიანი ადამიანების ყიამყრალობაზე რა რეაქცია უნდა მქონოდა? მერაბიშვილის ზურგს ამოფარებული რომ მუშტებს მიღერებ, ეგ რა ვაჟკაცობაა?! გამოვიდნენ, ხალხს დაელაპარაკონ. თუ ჰგონიათ, ისევ ძველებურად გადაუვლიან და გადმოუვლიან ხალხს, ცდებიან, ეს დამთავრებულია. ხალხმა ამათ იმდენი დანაშაული აპატია, მორჩა, ამას წერტილი დაესვა. მიხეილ სააკაშვილს ხომ არ ჰგონია, კიდევ დახოცავს ხალხს, მაღაზიების სახურავებზე შემოაწყობს და თავის ნებაზე იპარპაშებს?

- პრეზიდენტმა თქვა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვოსო.

- ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებს. არც "ქართულ ოცნებაში" აქვთ ილუზია სააკაშვილზე. ამ კაცს უკან დასახევი არა აქვს და ამიტომაც არის სახიფათო. ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ და ქვეყანა არჩევნებამდე მივიყვანოთ.

- როდესაც გარდაცვლილ პატიმრებზე ლაპარაკობდით, სასჯელაღსრულების მინისტრი კალმახელიძე იღიმებოდა.

- როგორც ქართველ კაცს, ყველაზე მეტად გული ამაზე დამწყდა. როგორ შეიძლება ქალი ასე იცინოდეს მიცვალებულებზე ლაპარაკისას?! მით უმეტეს, როდესაც მისი გამოისობით დაიღუპნენ? ამათ სადისტური ბუნება აქვთ და ხათუნა კალმახელიძეც კარგად ეწერება ამ სადისტების ჯგუფში. თუ სადისტი და ახალაიების ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელი არა ხარ, ისე პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელად არავინ დაგნიშნავს.

- სააკაშვილმა გითხრათ, რისკზე ვერ მიდიხართ და ამიტომაც ვერ იმარჯვებთო.

- რისკი, რომლის ფასი ამ ქვეყნის დაღუპვაა, სააკაშვილის ხელობაა. უნდა, ჩვენ წავიდეთ ასეთ რისკზე, რომ მერე ფიზიკურად მოგვსპოს და ეს სახელმწიფო გადატრიალებად შეფუთოს. ამაზე ოცნებობს, რომ სძინავს, ეს ესიზმრება. ჩვენ ისეთ რისკს გავწევთ, რაც ამ ქვეყანას არ დააზარალებს და სააკაშვილის გუნდს პოლიტიკურ სიცოცხლეს მოუსწრაფებს. სააკაშვილს უნდა წონასწორობა დაგვაკარგვინოს, რომ გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ, მაგრამ მოლოდინს არ გავუმართლებთ... ესენი კაცთმოძულეები არიან. საცოდავია კაცი, არგუმენტების შემოლევის გამო რომ მუშტი-კრივზე გადადის. ამათი მთავარი არგუმენტი უხეში ძალაა. სააკაშვილი პოლიტიკურად, ადამიანურად და ფსიქოლოგიურად უმძიმეს მდგომარეობაშია. მის ყელზე მარყუჟი თანდათან ვიწროვდება, პოლიტიკური მოქმედებისა და ლავირების ასპარეზი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ეკვეცება. ეტყობა, გადაწყვეტილი აქვს უფსკრულში გადავარდეს და ყველა გადაიყოლოს, ვინც მის ნავში ზის.

გოგორიშვილი და მაჭავარიანი მისი ნავიდან რომ ვერ გადმოხტებიან, გასაგებია, მაგრამ სხვები რატომ მიჰყვებიან უფსკრულში? როდესაც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ყველას ადგილი იქნება ამ ქვეყანაში, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი. დამნაშავენი სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგებიან და ის გადაწყვეტს მათი პასუხისმგებლობის საკითხს. ხელისუფლების პოლიტიკური სხეული მძიმედ დაავადებულია, მას ავთვისებიანი, განუკურნებელი სიმსივნე სჭირს. სააკაშვილს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა... ორმა დეპუტატმა მთლიანად აუჭრა სიტუაცია მიშას, რომელსაც ეგონა, რომ პარლამენტში ყველაფერი დავარცხნილი ჰქონდა.

- თქვენი გამოსვლის შემდგომ პრეზიდენტმა განაცხადა, ეს ადამიანები ვერ ეღირსებიან რუსული ოცნების ასრულებას საქართველოშიო.

- ამას ამბობს კაცი, რომელიც ყველა საზღვარს უხსნის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, შემოვიდნენ, შემოზიდონ აქ რუსული სახელმწიფო კაპიტალიო, რასაც, ცხადია, თან ეფ-ეს-ბეს ინტერესებიც მოჰყვება. შეიძლება ამ კაცს ვინმემ სერიოზულად მოუსმინოს? მე მეუბნება, რუსული ოცნების ახდენას არ დავუშვებო და მერე მთელ რუსეთს ქართულ ბიზნესში ეპატიჟება. ქართულ ბიზნესში ფულს ვერავინ დებს, თუ ჩოჩელივით და კეზერაშვილივით მიხეილ სააკაშვილის ძმაკაცი არ არის. გამოდის, ამ მონოპოლისტებმა უნდა დააბანდონ ქართულ ბიზნესში ფული, თუ დარჩა კიდევ დასაბანდებელი - რუსებმა და დანარჩენები სად წავიდეთ? მე მეუბნება სააკაშვილი, რუსული ოცნება გაქვსო, როდესაც რუსეთს აუხდენელი ოცნება აუსრულა, ქსნისა და ლიახვის ხეობები და კოდორი ჩააბარა. ვინ მოიყვანა რუსები თბილისთან 30 კილომეტრში და ვინ აუხდინა რუსებს როგორც ეკონომიკურ-ფინანსური ინტერესები თავისი "ლუკოილებით", თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანიით, მადნეულით, გარდაბნისა და ხრამჰესებით, ისედაც ნათელია. რუსულ ოცნებას დღეს სწორედ სააკაშვილი ასრულებს.