"მიშას გაქცევამ ბავშვი მომაგონა, რომელსაც გალახავენ, ის კი საშველად მამიკოს დაუძახებს" - კვირის პალიტრა

"მიშას გაქცევამ ბავშვი მომაგონა, რომელსაც გალახავენ, ის კი საშველად მამიკოს დაუძახებს"

"სააკაშვილის გაქცევა აღიარებითი ჩვენება იყო"

"ბასის ხათრით, ძლივს დააბრუნეს პრეზიდენტი დარბაზში"

პარლამენტში მისული პრეზიდენტისგან ჯონდი ბაღათურიამ განსაკუთრებული "დაპირება" მიიღო: "აქვეა ბალნეოლოგიური, მამაჩემს დავურეკავ და ვთხოვ, ტალახი მოამზადონ. მანდატურებიც წამოვლენ, რომ კარგად დაგზილონ და ამის მერე ყველა ფანტაზია გაგივლის". ამის მერე სოციალურ ქსელში ნაცნობმა მომწერა, პარლამენტის სხდომის მერე ჯონდის ისეთი "ჩაუტარეს", კარგა ხანს ხმას ვერ ამოიღებსო. ცხადია, ამ თემით დავიწყეთ საუბარი ჯონდი ბაღათურიასთან:

- რა თქვეს, ჯონდის ჩაუტარესო? ვაი, მაგის მთქმელის პატრონს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კანკალებდნენ, რა ექნათ, არ იცოდნენ.  შეშინდნენ, რომ პრეზიდენტი ასე აღელდა. ეშინიათ მისი და დარბაზში დაძაბული იყო ყველა.

- პრეზიდენტი რომ მანდატურების დახმარებით დაზელას დაგპირდათ, რა იფიქრეთ?

- პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, უზრდელია-მეთქი. სააკაშვილი ძალზე უსუსური ჩანდა. ჩემს ნათქვამზე მისმა რეაქციამ დაადასტურა, რომ სიმართლე ვუთხარი. Mმისმა გაქცევამ პატარა ბავშვი მომაგონა, რომელსაც გალახავენ, ის კი საშველად მამიკოს დაუძახებს. სწორედ ასე ეძახდა საშველად მანდატურებს.

სააკაშვილი დარბაზიდან ყვირილით გაიქცა და ისეთი ბრახუნი გაისმა, ეტყობა, გასასვლელში კისერი კინაღამ მოიტეხა. უკან დაცვა და მთავრობის წევრები გაეკიდნენ და ძლივს დააბრუნეს. მითხრეს, რომ კატეგორიულად უარს ამბობდა დარბაზში შემოსვლაზე, სანამ ტრიბუნასთან ვიყავი. ბასის ხათრით ძლივს შემოუბრუნებიათ, რომელიც იმ დროს დარბაზში იყო.

თურმე სააკაშვილს ეუბნებოდნენ, აჯობებს, ბაღათურიას სიტყვის დასრულებამდე მოასწროთ დარბაზში დაბრუნებაო. შემობრუნდა, მაგრამ გაქცევის მერე მის მობრუნებას ფასი აღარ ჰქონდა. მისთვის სამარცხვინოდ და ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მეორე დღეს ყველა დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტის მაგიდაზე იდო ეს ინფორმაცია. სირცხვილია, პრეზიდენტი თავს რომ ვერ იკავებს პარლამენტის წევრთან. ჯერ უზრდელად მოიქცა და შემდეგ დამემუქრა. ეტყობა, რომ ვერ შემაშინა, ამიტომ გაიქცა. დარბაზში ამ დროს რაც ხდებოდა, უკვე ტრადიციად იქცა ჩემი გამოსვლისას, - მაგიდაზე ხელების ბრახუნი, ფეხების ბაკუნი, რეპლიკები და შეძახილები. "ნაციონალები" განერვიულებული და შეშინებული იყვნენ, პრეზიდენტს რომ არ ესაყვედურა, 150 კაცთან ერთი ბაღათურია რამდენს ბედავსო. როდესაც პრეზიდენტი პარლამენტში ძველი ბიჭივით იქცევა და მერე გარბის, ელდარ კვერნაძეს რაღა უნდა მოვთხოვო.

- პრეზიდენტმა არ მიიღო თქვენი ბრალდებები მისი ოჯახის წევრებზე.

- მე ყველა ბრალდებაზე დოკუმენტებს ვაჩვენებდი. ეს ამბავი ასე არ დამთავრდება. მიმდინარე კვირას დიპკორპუსსა და სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდებით პარლამენტში და გავაცნობთ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომ შეიქმნას ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და გარემოცვის კორუფციულ ბიზნესსაქმიანობას.

- გგონიათ, რომ პარლამენტში ეს ინიციატივა გავა?

- მთელ დიპკორპუსს ამ ინიციატივასთან ერთად დოკუმენტურ მტკიცებულებებს გადავცემ, რაც ადასტურებს პრეზიდენტის მონაწილეობას კორუფციასა და კანონდარღვევებში. ბრალდებების ერთი ნაწილი ეხება პრეზიდენტის განკარგულებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება პირდაპირ გადადიოდა პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა საკუთრებაში. პრეზიდენტმა ანტიკორუფციული კომისიის შექმნაზე თუ უარი თქვა, მისი დანაშაული გამოაშკარავდება. თუ მართალია, რატომ არ უნდა დათანხმდეს კომისიის შექმნას?

სააკაშვილს დეკლარაციაში მილიონი ლარი შემოსავალი აქვს დამალული. დოკუმენტი მაქვს, რომ  მილიონი მიიღო და არ ასახა დეკლარაციაში. არადა, 1.000 ლარზე მეტი თანხის საჩუქრად აღების უფლება არა აქვს.

სააკაშვილის გაქცევა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება იყო.

- სააკაშვილმა ისიც თქვა, ხელისუფლების შემცვლელი ჯონდები ვერ იქნებიანო.

- ეს ხელისუფლება შეიცვლება და ვინც იქნება მისი შემცვლელი, ვნახავთ. ჩვენ უკან დახევისა და შეჩერების რესურსი არა გვაქვს. ბოლომდე უნდა გავიდეთ და ეს გრენლანდია გავიტანოთ.

სააკაშვილი ორჯერ უკვე გაიქცა და მესამედაც გაიქცევა. იმედია, მესამე გაქცევა ბოლო იქნება.

- თქვენმა ოპონენტებმა განაცხადეს, ჯონდიმ კასტინგი გაიარა და ახლა ნამდვილად მიიღებენ ნარიყალას შუშის სასახლეშიო.

- როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში არ იყო, მაშინაც ასეთი რამ ხდებოდა პარლამენტში ჩემს გამოსვლაზე. კასტინგსა და პოდიუმზე სიარულს ეგენი თვითონ არიან დაჩვეული.

- როგორც ვიცი, ბატონ ბიძინასთან შეხვედრას აპირებთ.

- დიახ, ველოდები, რომ შეხვედრის დრო და ადგილი დათქვას. ბიძინა ივანიშვილი იმიტომ მომწონს, რომ ყველაფერი აქვს, მაგრამ ქვეყანას რომ არგოს, თავი აიტკივა და ამ მგლებს დაეჯახა. ჩვენი თანამშრომლობა რა ფორმით შედგება, ჯერ არ ვიცი. "ქართული დასის" მიზანი დიდი ოპოზიციური ერთობაა. ერთი ბულდოზერი უნდა ჩამოყალიბდეს, რომ გაასუფთაოს პოლიტიკური მოედანი "ნაციონალური მოძრაობისაგან".